Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანთიმოზის ხიდი

04 დეკემბერი 2015

ო, მეგობარო, იყიდე ეს ყვავილი, რომ წინ ეკალი არ დაგხვდეს-დაახლოებით ასე მითარგმნეს ერთი რუმინელი ბოშას სიტყვები, რომელიც სადღაც მიმავალთ წინ გადაგვეღობა. ბოშა ჩვეულებრივი იყო, ისეთი, როგორიც მისი ათასობით საოცარი თანატომელი, სიტყვები-არა, გარდა წყევლანარევი დაძალებისა, მერე, როცა დავფიქრდი, ისეთი მეტაფორა ამოვიკითხე-მთლიანად რუმინეთს რომ დაიტევს. პარადოქსების ქვეყანაა, უფრო უკეთ-გაორებული ქვეყანა-კვაზისოციალიტურ წარსულად და ევროპულ მისწრაფებებად გახლეჩილი. ეს არის მისი ეკალი და ვარდი. ზოგი მოუსმენს ბოშას და ვარდს იყიდის, ზოგსაც ფული დაენანება-მერე რა, რომ წინ ეკალია.

ხოლო ქვეყნები, ქალაქები, გნებავთ სოფლები, სადაც კი ფეხი ჩამიცდა, სულ რამდენიმე სახედ მრჩება. ეს სახეები მერე მხოლოდ მათ ეკუთვნით, სადაც არ უნდა გადამეყარონ და რაოდენ უფრო დიდი მასშტაბითაც. ბუქარესტი ასე წამომყვა-სახლები, სასაფლაოები, ბოშები, ჩაუშესკუ.

ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ-თითქოს მატარებლიც ამას იმეორებს, რელსებზე უნდა დააჭყლიტოს, მაგრამ ამაოდ. და გაისმის-ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ... მოურჩენელი წყევლაა. გამვლელებს რომ ჩაეკითხოთ, თავს გადააქნევენ კეთილი ღიმილით და გეტყვიან, რომ რცხვენიათ დიქტატორისა და მისი მეუღლის დემონსტრაციული დახვრეტის გამო. და ეს მიუხედავად იმისა, თუ რაც დამართა მან ხალხს. „ეჰ, ნიკოლაე, ძაღლივით მოკლეს” ამბობენ ადამიანზე, რომელიც ათიათასობით მოქალაქეს აშიმშილებდა. ესეც ერთგვარი ორმაგობაა, მაგრამ აქ სიცხადეა მეტი-როცა „იმ საშინელ დღეს” იხსენებენ, როგორც წესი, პირჯვარს გადაისახავენ ხოლმე. სწორედ რელიგია „აიძულებთ” ჩაუშესკუს შებრალებას. სიტყვამ მოიტანა და რუმინეთში მართლმადიდებლური კონფესიის ნამდვილი რენესანსია. დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით ტაძარს, მოქმედს ან მშენებარეს. ადამიანებს, სალოცავად რომ მიიჩქარიან, ხელში სკვნილი უჭირავთ და ბუტბუტებენ. იქვე ბოშა ბიჭი აეკიდება, ცდილობს, რამე აწაპნოს, თუ ვერ მოახერხა, მათხოვრად იქცევა: ერთი ლეი მომეცით, ლამაზო ძია.

ბარემ ესეც ვთქვათ, აქ ჰიბრიდების ისეთი წყებაა, პოსტმოდერნულ დასავლეთსაც რომ ძნელად დაესიზმრება-SEX SHOP, რაღაც კომუნისტურ ემბლემაშემორჩენილი სადარბაზო, კედელზე სოციალისტური ჩუქურთმებით და საეკლესიო მაღაზია ერთ რიგზე შემოგხვდებათ.

არქიტექტურაზე ხმამაღლა უნდა გითხრათ: შესანიშნავია, ჩათვალეთ, რომ ცერა თითიც ავწიეთ. თვით ჩაუშესკუს აშენებული სასახლე, ამჟამინდელი პარლამენტის შენობა-ბაბილონის გოდოლის რეინკარნაცია-ჰიპერპომპეზურობის მიუხედავად, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სახლები-ბუქარესტის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთს ტოლს არ უდებს, უცნაური სიფართოვით, სხვადასხვაგვარი ნიუანსით გაწყობილი ერთიანი ანსამბლი. თუმცა საკუთარი, არქიტექტურული გლდანი და ნახალოვკა ყველა ამ ყაიდის ქალაქს აქვს, ამას ვერ გავექცევით. ხოლო „კარგ ადგილებს” ერთი შესამჩნევი და ჩემთვის მომხიბვლელი თვისება შევნიშნე-ნაძალადევი მოდერნიზაცია, ხელოვნური სიჭრელე არ ეტყობა-ძველი იერით და ზოგანტანქერცლილი შენობები სრულიად სხვაგვარ განწყობას ქმნის, მით უფრო ოდნავ მბჟუტავი, იქაური საფირმო ლამპიონების ფონზე. ჰო, ელექტროგადამცემი მავთულები ბუქარესტის სისუსტეა, მისი ცა მათითაა დაძარღვული-ზოგან ათიათასობით ელ-სადინარი დაგიბნელებთ მზეს.

ამბობენ, რომ კორუფცია, პროტექცია და ძმანი მისნი ძველი ძლევამოსილებით მძვინვარებს. არის ბაცაცობაც და მთელი ამბავი. თუმცა აქვე ველოსიპედებისთვის საგანგებო ბილიკებიცაა და წითელზე გადამსვლელთა საზოგადოებაც-ნაკლები. არის ტოლერანტობაც და მტრობაც (განსაკუთრებით რუმინელთა და ბოშათა ქიშპობა ყოველ ნაბიჯზე).

გარდა სახეებისა, ხმებიც მომყვება ხოლმე-გნებავთ, ნაღდადმოსმენილი, გნებავთ, ჩემგან შეთხზული. ორივე გამომყვა-მატარებელს „ჩაუშესკუ” მე დავაბრალე და ის, მეორე, ბოშას მოძახილი--ო, მეგობარო, იყიდე ეს ყვავილი, რომ წინ ეკალი არ დაგხვდეს.

ვფიქრობ, როცა ჩახვალთ, „ვარდებიც” უნდა იყიდოთ და არც „ეკლიან” გზას მოერიდოთ, ბუქარესტის ხიბლიც ესაა.

რაც შეეხება მესამე შთაბეჭდილებას: ეროვნული ან პროფესიული ნიშნით-იტალიელების სასაფლაო, თურქების სასაფლაო, მეომართა სასაფლაო და ვინ მოთვლის-უზარმაზარი ჭიშკრები აქვთ-გეგონება იმქვეყნიურ სამყაროში შედიოდე. თვითონ სამარეებმა, ქართულ ამბებსაც გადააჭარბეს, იყო ერთი სასაფლაო, კიბეებით უნდა ჩასულიყავი მიწაში და იქ შეგეძლო პატარა კამპანიაც გაგემართა. მოკლედ, ეს ჩვენებურ საქმესავით.

მაგრამ კავშირი ამაზე უფრო დიდი და ძველია. იყო ერთი კაცი, მეჩვიდმეტე საუკუნეში. ჩვენსას. როგორც იმ დროის წესი გახლდათ, გაიტაცეს და მონად გაყიდეს. ვლახეთში. მერე შესანიშნავი, თუმცა დრამატული ბიოგრაფია განვითარდა – თანამედროვე ავტორები გარდაუვალ ბესტსელერებს გამოაცხობდნენ. ეგრე დაემთხვა, რომ ვლახეთს კულტურული რენესანსის ხანა იდგა. ბრინკოვიანუს ეპოქა. ხოლო ჩვენს გმირს, ანთიმოზს შესაბამისი ნიჭი უხვად აღმოაჩნდა. ბევრი შრომისა და ცოტა გამართლების შედეგად უპირველეს მესტამბედ იქცა. პარალელურად რუმინული ენის სადარაჯოზე დადგა და იმდროინდელი რეფორმები და საძირკვლის გამყარების საქმეები დიდწილად ამ კაცის სახელს უნდა მივაწეროთ. რუმინეთი იქით იყოს და თუ ვინმეს ეკუთვნის საქართველოს საუკეთესო, ჰა, სია გავაფართოოთ და ოცეულში ადგილი – ეს ანთიმოზ ივერიელია. სწორედ მისმა გაწვრთნილმა კაცმა, მიხაილ იშტვანოვიჩმა გამართა თბილისის სტამბა. პარალელურად კი ანთიმოზი რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეუდგა. ოსმალეთი მაშინ ჯერ კიდევ ძლიერი მოჩანდა. ადგილობრივ მთავარზეც, სულ მცირე, ირიბი გავლენა ჰქონდა. ამიტომაც, როგორც დიდი კაცების ხვედრია, ანთიმოზს სასულიერო ღირსება აჰყარეს და მერე გააძევეს. მოკლეს იგი 1716 წელს, სინას მთისკენ მიმავალი. შერაცხულია წმინდანად.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გარდა მისი სახელობის ელექტრონული ბიბლიოთეკისა (ახლა რომ ეცხოვრა, უთუოდ პირველი აიტაცებდა ციფრულ ტექნოლოგიებს), უმნიშვნელოვანესი გამოცემების ციფრული ვერსიები ინახება.

 მაგალითად: 66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა (1691) ფსალმუნი წინასწარ მეტყველისა და მეფისა დავითისა (1700) ბიბლია (1703) მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა (1710) ძველ ბერძენ მასწავლებელთა გამოთქმები, ყველაზე უფრო მოხდენილი და სასარგებლო, რომლებიც დახმარებას აღმოუჩენენ ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეში (1715) და სხვანი: სულ 40 გამოცემა.

თუმცა ეს გადამწყვეტი საქმე როდია. არსებობენ ადამიანი-ხიდები. ასეთ ადამიანებს არა კონკრეტულ დროში კარგი საქმეების კეთება, არამედ ქვეყნების სამუდამო კავშირის შენარჩუნება შეუძლიათ. მსგავსი კაცია – დავით გურამიშვილი, ანთიმოზ ივერიელი. მაგრამ მივიწყებული ხიდი შეიძლება გაიბზაროს და ჩაინგრეს. ამიტომაც სულ უნდა გვახსოვდეს, სულ უნდა გავამაგროთ. პათეტიკური მოწოდებაა? შეიძლება, მაგრამ ეს ის ველია, სადაც პათეტიკის ნაღმებმა არ უნდა შეგვაშინოს. კარგია, რომ ანთიმოზის თასი არსებობს, უფრო უკეთესი იქნება, თუ საქართველოსა და რუმინეთის რაგბის გუნდების გამო, ხუთი ერის ტურნირი შვიდი ერის პირველობად გადაიქცევა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს – ის, რომ ახლა თქვენ ამ ბეჭდურ გამოცემას კითხულობთ, ამ კაცის დამსახურებაა. ამ ქართველ-რუმინელი კაცის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^