Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ აღარ არის მარიამ გერსამია ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

07 დეკემბერი 2015

2 დეკემბრიდან პროფესორი მარიამ გერსამია თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის. გადაწყვეტილება დეპარტამენტის საბჭომ მიიღო.  1 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე საბჭომ ახალ ხელმძღვანელად ასისტენტ-პროფესორი ნინო ჭალაგანიძე აირჩია. 

რატომ აღარ არის მარიამ გერსამია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რამდენად გამჭირვალედ მოხდა ახალი ხელმძღვანელის შერჩევა/დანიშვნა ?

სხდომის ოქმში, რომელზეც პროფესორებმა ახალი  ხელმძღვანელის არჩევაზე იმსჯელეს, ნათქვამია, რომ - არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მარიამ გერსამიასთან კოორდინაციის არასებობამ გამოიწვია, “რაც გადაულახავ პრობლემებს ჰქმნის პროგრამული აკრედიტაციის წინ ".

ნინო ჭალაგანიძე, მიმართულების ახალი ხელმძღვანელი, “ლიბერალთან” იმ შეხვედრას იხსენებს, სადაც პროფესორებსა და მარიამ გერსამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ნინო ჭალაგანიძის თქმით, ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით სამი კვირის წინ,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური მიმართულების აკადემიურ პერსონალს შეხვდა, რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის დეკანიც ესწრებოდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრიატის პროგრამის აკრედიტაცია ახლოვდებოდა, მაგრამ ვინაიდან პროგრამა არარენტაბელური იყო, არსებული ფორმით აკრედიტაციას ვერ გაივლიდა.

"გვითხრეს, რომ პროგრამაში ბევრი ხარვეზია. მიმართულებაზე ბევრი მოწვეული პროფესორია, არის ბევრი ახალი საგანი, სილაბუსების დიდი ნაწილი გაბნეული აღმოჩნდა. საჭირო იყო ამ ყველაფრის უმოკლეს დროში მოწესრიგება, ახალ სტანდარტზე გადაყვანა და 4 დეკემბერს ხარისხის სამსახურისთვის ჩაბარება", - ამბობს ნინო ჭალაგანიძე.

ჭალაგანიძის თქმით, შეხვედრისას პროფესორებმა დასვეს შეკითხვები - ვინ იყვნენ მოწვეული პროფესორები, რომელთა უმეტეს ნაწილსაც არ იცნობდნენ? რა ახალი საგნები დაემატა პროგრამას, რომლის შესახებაც ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია? ჭალაგანიძის თქმით,  შეხვედრისას პროფესორები შეთანხმდნენ, რომ  შეკრებილიყვნენ და გაევლოთ პროგრამის გაუმჯობესებასთან/დახვეწასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც მხოლოდ თსუ-ის აკადემიური პერსონალი დაესწრებოდა, მოწვეული ლექტორების გარეშე. თუმცა შეხვედრაზე მისულებს აუდიტორიაში მოწვეული ლექტორებიც დახვდნენ.

ჭალაგანიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე პროფესორებმა აღნიშნული საკითხების გარდა მარიამ გერსამიას მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებაც დაუსვეს კითხვები, თუ ვის გულისხმობდა როცა წერდა, რომ "თსუ სუს-მა შეჭამა".

“ბუნებრივია, რომ სტატუსმა პროფესურის გაღიზიანება გამოიწვია. როცა აკადემიური საბჭოს წევრი ამბობს, რომ "თსუ სუს-მა შეჭამა", სულ მცირე ისიც უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს მასში.  არც მე მინდა ისეთ ორგანიზაციაში მუშაობა, რომელსაც სუს-ი მართავს. მე არც ასეთ თანამშრომლებთან მინდა ურთიერთობა, რომელიც ვინმეს მიერ მართულია. მარიამ გერსამია ამ საუბარს ძალიან მძიმედ შეხვდა. შეურაცხყოფაზე გადავიდა, აბსოლუტურად დაიკარგა კომუნიკაციის ძაფი", - ამბობს ნინო ჭალაგანიძე.

ჭალაგანიძე ამბობს, რომ საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე, მოწვევის მიუხედავად, მარიამ გერსამია არ მივიდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო პროგრამაზე მუშაობის დროულად დასრულება. ამიტომ პროფესორებმა არჩევნების ჩატარება და მიმართულების ახალი ხელმძღვანელის არჩევა გადაწყვიტეს. "მარიამ გერსამიას გადაეგზავნა წერილი არჩევნების ჩატარების შესახებ. სურვილის შემთხვევაში მას არჩევნებში მონაწილეობა შეეძლო".

მარიამ გერსამია ამბობს, რომ მასსა და მიმართულების საბჭოს წევრებს შორის კოორდინაციის პრობლემა არ ყოფილა. მისი თქმით, ის სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში, როცა ნინო ჭალაგანიძისგან  ფოსტით ის შეტყობინება მიიღო, რომელიც სასწრაფოდ შეკრების, პროგრამაზე მსჯელობისა და გარკვეული ცვლილებების განხორციელების შესახებ იუწყებოდა. "ჩემგან დამოუკიდებლად ისინი შეიკრიბნენ, და დაიწყეს პროგრამაზე მუშაობა. რაც შეეხება იმ შეხვედრებს, რომლებიც ჩემი მხრიდან იყო ორგანიზებული, ყველა სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წევრები დესტრუქციულნი იყვნენ, მათი მიზანი სწორედ ამ გზით ჩემი ჩამოშორება იყო".

რაც შეეხება პროგრამის აკრედიტაციას, გერსამია ამბობს, რომ ესეც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, ვინაიდან უნივერსიტეტის პროგრამებს აკრედიტაცია 2016 წელს უწევთ, შესაბამისად არ არსებობდა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც პროფესორების მხრიდან სამ-ოთხ დღეში პროგრამაზე მუშაობის დასრულებას მოითხოვდა.

გერსამია ადასტურებს, რომ მას შეატყობინეს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ: "მე ტელეფონით ჩართვა მოვითხოვე. მითხრეს, რომ მიმართულების ხელმძღვანელის არჩევნები მიმდინარეობდა. ვუთხარი, რომ აუცილებელია არჩევნების საჯაროდ გამოცხადება.  გარდა ამისა, შემატყობინეს, რომ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრიატის პროგრამას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, უკვე დაენიშნა 8 თანახელმძღვანელი. მე ვუთხარი, რომ ამისათვის აკადემიური საბჭოსა და ხარისხის სამსახურის თანხმობა იყო საჭირო. მე პროგრამის მართვასთან დაკავშირებით სხვა ხედვა მაქვს, ამიტომ გავდექი განზე, პროგრამაზე მუშაობა მთლიანად მათ დავუთმე. ამის შესახებ რექტორსაც შევატყობინე".

მარიამ გერსამია მომხდარს პროფესორების მხრიდან დესტრუქციულ ქმედებად აფასებს, რაც მიზნად მის ჩამოშორებას ისახავდა. გერსამია ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობიდან ჩამოშორების რეალური მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებსა და ფაკულტეტზე რამდენიმე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის პრაქტიკოსი ჟურნალისტების ლექტორებად მოწვევას უკავშირდება. „ფაკულტეტზე არის მენეჯმენტის პრობლემები, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ გარკვეული პროფესორები, რომლებიც დეკანს არ მოსწონს და მისთვის მიუღებელია, მათი ჩამოშორება იგეგმება.  რეალურად, არაუფლებამოსილმა პირებმა, რომლებიც ერეოდნენ მართვის პროცესში, დანიშნეს არჩევნები, პროფესურას კი მისცეს ინსტრუქციები თუ როგორ ჩაეტარებინათ არჩევნები",- განმარტევს მარიამ გერსამია.

მარიამ გერსამია დეპარტემენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩევნების ჩატარების მომხრეა, თუმცა, მისი თქმით, არჩევნები გაუმჭვირვალედ, ეთიკისა და პროცედურული ნორმების დარღვევით ჩატარდა.

მიმდინარე მოვლენების სამართლებრივად შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, მარიამ გერსამიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

ამ ეტაპზე მარიამ გერსამია რჩება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად. აქვს თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსიც. 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას უჩივიან. ვითარებაში გარკვევის მიზნით სტუდენტები 2 დეკემბერს სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თამარ დოლბაიას შეხვდნენ.

თამარ დოლბაიამ შეხვედრაზე სტუდენტებს განუმარტა, რომ მან მიიღო ოფიციალური ოქმი, რომელშიც საბჭოს წევრების სხდომის პროცედურები და არჩევნების მსვლელობა იყო დაფიქსირებული. მისი თქმით, სხდომა დებულების შესაბამისად წარიმართა. საბჭოს 17 წევრიდან 12 წევრი ესწრებოდა. დოლბაიას თქმით, იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს 9 წევრის დასწრებაა საჭირო. საბჭოს 11 წევრმა ხმა თსუ-ის ასისტენტ პროფესორის ნინო ჭალაგანიძის კანდიდატურას მისცა. ოქმის დადგენილებით ნაწილში პროფესორები ითხოვდნენ, რომ დეკანს დაემტკიცებინა საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატი. მისი თქმით, მან მიმართულების პროფესორების თხოვნა დააკმაყოფილა.

"მე ვმოქმედებ დებულების შესაბამისად. მე არ მაქვს სამართლებრივი უფლება, რევიზია გავუწიო პროფესურის საბჭოს გადაწყვეტილებას. პროფესურამ არჩევნების გზით აირჩია ხელმძღვანელი. მე დავამტკიცე. რა ეჭვს უნდა იწვევდეს ჩემში  12 პროფესორის გადაწყვეტილება?" - უთხრა სტუდენტებს თამარ დოლბაიამ. 

დოლბაიას თქმით, უსაფუძვლოა და  სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი თითქოს, პროფესორთაგან ვინმე პრაქტიკოსი ლექტორების მოწვევას ეწინააღმდეგებოდეს.

საბჭოს სხდომას თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი ხათუნა მაისაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას მაისაშვილმა სტუდენტებს განუმარტა, რომ 2014 წელს უნივერსიტეტმა მიიღო ფაკულტეტის დებულება. დებულების  33-ემუხლში წერია, რომ ფაკულტეტის საბჭო ვალდებულია არჩევნების გზით აირჩიოს მიმართულების ხელმძღვანელი, ორი წლის ვადით, როტაციის წესით.  ერთსა და იმავე პროფესორს მხოლოდ ორჯერ შეუძლია თანამდებობის დაკავება.

დებულების მიღებამდე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრიატის პროგრამისა და მთლიანად მიმართულების ხელმძღვანელობას ერთი პირი ითავსებდა. დებულებით კი აკადემიურს ადმინისტრაციული ფუნქციები გამოეყო. დებულების 35-ე მუხლში განმარტებულია, რომ დეპარტამენტის ფარგლებში არსებობს საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის დეპარტამენტის უფროსი და სამეცნიერო პერსონალი. დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარეობს დეპარტამენტის უფროსი.  სწორედ დეპარტამენტის საბჭო განიხილავს და წყვეტს დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.

დებულების 33.2 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურას დეპარტამენტის საბჭო ირჩევს. შერჩეულ კანდიდატურას ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი.

35.5 მუხლის თანახმად კი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აქვს დეპარტამენტის უფროსს.

მაისაშვილის განმარტებით, აქამდე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩევნების პრეცენდენტი არ არსებობდა: "აქამდე დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია იყო არაფორმალური, ე.წ. დათქმული, და არა არჩევითი".

სხდომა 1 დეკემბერს 17 საათზე გაიმართა. სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ სხდომის მონაწილეებმა აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურები დაასახელეს. სულ დასახელდა ოთხი კანდიდატურა - თამაზ ჯოლოგუა, მარი წერეთელი, ნათია კუპრაშვილი და ნინო ჭალაგანიძე. თამაზ ჯოლოგუამ, ნათია კუპრაშვილმა და მარი წერეთელმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. საბჭომ კენჭი ნინო ჭალაგანიძის კანდიდატურას უყარა. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს  12-ვე წევრმა მიიღო. ამათგან 11-მა ხმა ნინო ჭალაგანიძეს მისცა, ერთმა - თავი შეიკავა.

ახალი მიმართულების ხელმძღვანელის არჩევის შესახებ სტუდენტებმა გვიან ღამით სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს. დეკანთან შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ, რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ხელმძღვანელის არჩევნების შესახებ.

დოლბაიამ სტუდენტებს უთხრა, რომ დებულება არ ითვალისწინებდა არჩევნების პროცესში სტუდენტების ჩართულობასა და ინფორმირებას.

დებულება არჩევნების ჩატარების ვადებს არ განსაზღვრავს. სტუდენტები დაინტერესდნენ - რატომ მოხდა დეპარტამენტის ხელმძღვანელის არჩევნების ჩატარება მაინცდამაინც 1 დეკემბერს, თუკი კონკრეტული ვადები დებულებით გაწერილი არ არის.

თამარ დოლბაიას განმარტებით, ეს პროცესი უნივერსიტეტში უკვე დაწყებული იყო. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება პირველი არ ყოფილა, სადაც ხელმძღვანელი აირჩიეს. მისი თქმით, პირველად მიმდინარე წლის ზაფხულში ინტერდისციპლინური დეპარტამენტის ხელმძღვანელად რევაზ ჯორბენაძე აირჩიეს. 

"ჩემთვის ყველაზე მიუღებელია, რომ ასისტენტ-პროფესორი ხელმძღვანელობდეს პროფესორებსა და ასოცირებულ პროფესორებს. ეს საუნივერსიტეტო სივრცეში უბრალოდ კურიოზია",- უთხრა "რუსთავი 2"-ს 3 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. მოგვიანებით, P.S-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი განმარტა, რომ  რეგულაცია არ კრძალავს იმას, რომ ასისტენტ-პროფესორი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდეს, მაგრამ ეს არაეთიკურია. მისი თქმით, საკითხს უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი და შიდა აუდიტი სწავლობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^