რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა პროგრამამ საზოგადოებაში არაეთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ყველაზე მეტი ყურადღება ამ ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტმა მიიქცია, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების საქართველოში შემოყვანის პროცესის რეგულირებას და მათ რეგისტრაციას ეხება. ზოგმა ის ადამიანის უფლებების შელახვად, ქვეყანაში ახალი ეკონომიკური პრობლემების წარმოშობის მიზეზად წარმოაჩინა და სხვა მოსაზრებებით შემოსა. ამ სტატიის მიზანია, საზოგადოებამ დაანახოს ის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კუთხით ელოდება, თუ დღეს არსებული ვითარება და ტრანსპორტის სფეროში არსებული პოლიტიკა არ შეიცვალა.
ზოგადად ტრანსპორტი და საგზაო უსაფრთხოება საქართველოში წლებია, სათანადო ყურადღებას ვერ იღებს ვერც საზოგადოების, ვერც პოლიტიკოსებისა და ბიზნესის მხრიდან. ერთი მხრივ, სახელმწიფო, ბიზნესი, პოლიტიკური პარტიები და ყველა ხედავს მის მნიშვნელობას დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა არავის სურს დაინახოს, რა ნეგატიური შედეგები მოჰყვება ტრანსპორტის ქაოსურ და დაუგეგმავ განვითარებას. საშუალოდ წელიწადში 9 000 ადამიანი იღებს ტრავმას. საგზაო ავარიები, ოჯახური ტრაგედიების გარდა, სახელმწიფოს ასეულობით მილიონი ლარი უჯდება და ამ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ტრანსპორტი ჩვენს ქალაქებში ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელია. ის უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემად იქცა. პარკინგის პოლიტიკის არქონა, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბალი ხარისხი, ხმაური და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს მოგვარებას. უფრო მეტიც, მოუწესრიგებელი და დაუბალანსებელი ტრანსპორტი, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი, სულ უფრო ხდება ქვეყნის შემდგომი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს. მარჯვენასაჭიანი მანქანების საკითხი ამ პრობლემების ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც დროზე გადაწყვეტას მოითხოვს. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ 2014 წელს იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობამ ავტომანქანების იმპორტის საერთო რაოდენობის 40% შეადგინა და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად, მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობამ საქართველოში მანქანების საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს. თუ არაფერი შეიცვლება, 5 წლის შემდეგ 70%-ს მიაღწევს და მთავრობა იძულებული გახდება შეცვალოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა, ტექნიკური რეგლამენტები და დააკანონოს მარჯვენა საჭეზე გადასვლა, როგორც ეს სამოაში მოხდა 2009 წელს. ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მეორე შემთხვევა იქნება, როცა ქვეყანა ცვლის მოძრაობის მხარეს. რას მოუტანს საქართველოს ასეთი ცვლილება? ზოგადად, საქართველოში ვიზიტისას ნებისმიერ უცხოელს აცვიფრებს სხვადასხვასაჭიანი მანქანების ასეთი პროპორციის თანაარსებობა. და შეკითხვაზე - აქვს თუ არა სხვა ქვეყანას მსგავსი გამოცდილება, მათ უჭირთ პასუხის გაცემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი მეზობლები, ასევე, ევროკავშირის ქვეყნები, ყველა მარჯვენა მხარეს (მაცხენასაჭიანი) სისტემით მოძრაობს და თუ საქართველო იძულებული იქნება გადავიდეს მარჯვენასაჭიან მანქანებზე, ეს ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. რადგან საჭირო გახდება: 1. საგზაო ინფრასტრუქტურის გადაკეთება, რაც ათეულობით კი არა ასეულობით მილიონი ლარი დაჯდება; 2. ეს ცვლილება საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციასაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს.
მაგალითად, შვედეთმა, რომელიც მსოფლიოს 3 საუკეთესო ქვეყნას შორისაა, ინგლისთან და ჰოლანდიასთან ერთად ამ პრობლემის კიდევ უფრო რადიკალური გადაწყვეტა იპოვა. საქართველომ უნდა აირჩიოს ერთ მხარეს მოძრაობა, ეს საერთაშორისო სტანდარტი და საგზაო მოძრაობის ორგანიზების საბაზისო წესია. ქვეყნების მანქანების 90% მოძრაობს მარჯვენა მხარეს (მარცხენასაჭიანი მანქანები). წარმოიდგინეთ, რა პრობლემები შეექმნებათ უცხოელებს საქართველოში მოძრაობისას, თუ შევცვლით საგზაო მოძრაობის მხარეს. პრობლემები შეექმნებათ ქართველებსაც თურქეთში, აზერბაიჯანში ან სხვა ქვეყანაში გადაადგილებისას. სამოა მეზობლობს ისეთ ქვეყნებთან, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანები მოძრაობენ, ჩვენ კიდევ - პირიქით. აქ არ არის საუბარი მძღოლების კვალიფიკაციაზე, და ცნობილია, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლები უფრო ფრთხილად ატარებენ, თუმცა გზებზე არის უამრავი რისკი და მძღოლს უწევს ისეთი მანევრების გაკეთება, რაც მარჯვენასაჭიანი მანქანით საფრთხის შემცველია.
ასევე, საგზაო რისკფაქტორების შესამცირებლად, ყველა ქვეყანაში მკაცრად არის ორგანიზებული საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის სისტემა და დადგენილია ერთ მხარეს მოძრაობა. შესაბამისადაა ორგანიზებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ქსელიც. ამავეს ითხოვს ჟენევის 1948 წლის ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოც აწერს ხელს. უნდა თუ არა საქართველოს, ის არჩევნის წინაშე უკვე დადგა და ამ საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ გავლენას იქონიებს, როგორც უსაფრთხოებაზე, ისე ქვეყნის განვითარებაზე.
ავტორის შესახებ: გელა კვაშილავა არის ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი (http://safedrive.ge), ბრიტანული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეგიონალური კონსულტანტი (http://www.easst.co.uk), ევროკავშირის ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის ექსპერტი.