Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის გამოწვევები

08 დეკემბერი 2015

ადრეული განვითარების პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რეფერალის სისტემის გაძლიერება, კვალიფიციური კადრის დეფიციტი, მშობლების ცნობიერების ამაღლება, დაფინანსება, ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობა - სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი კონფერენციაზე, რომელიც ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განხილვას დაეთმო.  

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის გამოწვევებსა და პერსპექტივაზე სასაუბროდ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველს“ მხარდაჭერით და ადრეული ინტერვენციის კოალიციის ორგანიზებით კონფერენცია მოეწყო.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების საგენტოს, საერთაშორისო და არასამათრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციაში, რომელიც 2015 წელს შეიქნა, 13 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. კონფერენცია კოალიციის თავჯდომარე მაია გაბუნიამ გახსნა. მოგვიანებით მან კოალიციის მიზნებზეც ისაუბრა. კოალიციამ მოამზადა ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მაია გაბუნიას თქმით,  საქართველოში ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიზნებია საზოგადოების ინფორმირება, ბავშვის განვითარებაზე  მეთვალყურეობისა და სკრინინგის, იდენტიფიკაციისა და ადრეული ინტერვენციის მომსახურებაში რეფერირების საყოველთაო, ეროვნული სისტემის შექმნა.

ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციამ კონფერენციაზე მოთხოვნაც გაავრცელა, რომელიც დღეს არსებული სახელმწიფო პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. კოალიციაში ამბობენ, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი ადრეული ინტერვენციის სისტემის შექმნა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს.

მაია გაბუნიას თქმით, ადრეული განვითარების პროგრამის ძირითადი პრინციპებია განვითარების შეფერხების პრევენცია, დროული ინტერვენცია, ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

კონფერენციას  მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ემილი ვარგას ბარონი ესწრებოდა. ის წლებია საქართველოში აქტიურად მუშაობს და ბავშვთა ადრეული განვითარების კუთხით რეკომედაციებიც აქვს შემუშავებული. ემილი ვარგას ბარონმა ბავშვთა ადრეული ინტერევნციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე კადრების გადამზადების სისტემაზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს და  ჩამოყალიბდეს საუნივერსიტეტო პროგრამები მეტი სპეციალისტის მომზადებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ბავშვთა ადრეული განვითარება  სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სახელმწიფო ქვეპროგრამა ყოველწლიურად მტკიცდება.

„ოთხი წლის წინ პროგრამაში სულ 89 ბავშვი იყო ჩართული,  წელს 600, ძალიან სწრაფი ზრდა გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში მაგრამ ამას დაფინანსების ზრდაც მოჰყვებოდა. სერვისის მომწოდებელი 2  ცენტრი იყო,  ახლა 11 გვაქვს. ცუდი სტატისტიკა ის არის, რომ 2015 წელს დაბადებული ბავშვებიდან არცერთი არ არის ჩართული სერვისში, რაც მიუთითებს იმაზე რომ რეფერალი  ძალიან დაბალია.

გვესაჭიროება გრძელვადიანი სიცოხლისუნარანი პროგრამა რომელიც მომავალ პროფესიონალებს ჩართავს სისტემაში, რომ არ იყოს მუდმივად იმაზე საუბრაი საიდან მოვიყვანოთ კვალიფიციური ადამიანები და სერვისპროვაიდერები, რომლებიც რეგიონებში გაუწევენ ამ ბავშვებს მომსახურებას. დაფინანსება არის პრობლემა, მაგრამ  გპირდებით რომ ორ წელში ეს პრობლემა მოგვარდება, „- ამბობს ნუცი ოდიშარია.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტს უკვე აქვს კანონპროექტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, სადაც მოცემულია ის ძირითადი დებულებები როგორ იმუშავებს ამ სექტორში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება. ნათია ჯოხაძე ამბობს, რომ სამინისტრო სწორედ ამ კანონის დამტკიცებას ელოდება.  

ბავშვთა ადრეული განვითარების  პროგრამა   0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს ემსახურება და  მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული,  თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს. 

ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და  ოჯახის სხვა წევრები.  მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს  საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში. 

კონფერენციაზე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მუშაობაზე თბილისის მაგალითზე, „პირველი ნაბიჯი  საქართველოს„ წარმომადგენელმა თამარ ნოზაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2015 წელს ასაკობრივი მაჩვენებელის მიხედვით 0-დან 3 წლამდე ბავშვთა 12% ჩაერთო პროგრამაში, 3-დან 5 წლამდე - 52%, 5-დან 7 წლამდე - 36%.
რაც შეეება პროგრამიდან გასვლის მიზეზებს, ბავშვთა 73%- ის შემთხვევაში მიზეზი ვაუჩერის შეწყვეტა იყო, 28% - ოჯახის ფინანსური პრობლემები,  22%- მომლოდინეთა სია, 10%- ის შემთხვევაში 7 წლის შესრულება, 10%-  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსება, 1% - ბავშვის გარდაცვალება.

როგორც თამარ ნოზაძემ აღნიშნა, ძირითადი გამოწვევები რაც პროგრამას ამ ეტაპზე გააჩნია, ეს არის  რეფერალის სისტემის გაძლიერება, მშობლების ცნობიერების ამაღლება, პროგრამაში ჩართვის და პროგრამის დატოვების კრიტერიუმი, პროფესიული კადრის დეფიციტი. პერსპექტივად კი ხედავს პროგრამის გაძლიერებაში სახელმიწიფო სტრუტურების მეტ ჩართულობას, ასევე, კოალიციის მიერ სპეციალისტთა გადამზადების კურსების დაგეგმვას.

სტატისტიკასა და ადრეული განვითარების პროგრამის გამოწვევებზე აჭარის  რეგიონში ბათუმის აბილიტაციის და განვითარების ცენტრის დირექტორმა ინგა ზარანდიამ ისაუბრა.

ბათუმში პროგრამით 2015 წელს 50 ბავშვმა ისარგებლა. ინგა ზარანდიას თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ 30 ბავშვის დაფინანსება დაიწყო.  სულ აჭარის რეგიონში პროგრამით 161 ბავშვი სარგებლობს.

აჭარის რეგიონის მაგალითზეც მთავარ გამოწვევად დასახელდა ადრეული განვითარების პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროგრამაში ჩარიცხვის და პროგრამიდან გასვლის კრიტერიუმების დახვეწა (ბავშვის განვითარებს მდგომარეობის შეფასება/გადაფასება), მონიტორინგის სისტემის დანერგვა, თანამშრომლობითი ქსელის გაძლიერება სხვადასხვა უწყებებთან  (სამედიცინო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო) და რეფერირების სიტემის განვითარება, სპეციალისტების მომზადება და არსებულის კვალიფიკაციის მუდმივი ზრდა.

ინგა ზარანდიას თქმით, ბათუმის მერია მომავალი წლიდან 60 ბავშვის დაფინანსებას აპირებს. აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ კი 100 ბავშვის დაფინანსების სურვილი გამოთქვა.

კონფერენციაზე ინკლუზიურ სკოლამდელ განათლებაზე  პორტიჯის ასოციაციის დირექტორმა ნინო ცინცაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კუთხით რამდენიმე პრობლემის გამოყოფა შეიძლება: ბავშვებთან მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის დაბალი დონე, სათამაშოების და სხვა განმავითარებელი რესურსების ღარიბი გარემო, დიდ ქალაქებში ბავშვების რაოდენობა საბავშვო ბაღის ჯგუფებში და ბაღებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა სოფლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^