Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ იქნება მმართველი?

09 დეკემბერი 2015

-  შენ რა გქვია?

-  ლალი, შენ?

-  რეზო ან ძია რეზიკო, სულ ერთია.

-   ჩემს ძმასაც რეზიკო ჰქვია,

-  მართლა? მოკითხვა გადაეცი.

-  ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარაა. დედიკომ და მამიკოს უნივერმაღში მიყიდეს.
                                                            (დიალოგი ფილმიდან „თოჯინები იცინიან“)

იყო დრო, როდესაც ნაყიდი ძამიკოს თემა ცხოვრებიდან კინოში გადავიდა. ახლა გაქრა, მაგრამ დიდი ალბათობით, თავიდან შემოიჭრება ჩვენ ცხოვრებაში სახეცვლილი ვარიანტით.  მაგალითად, თუ ეს ადრე ბავშვებისთვის მოგონილი ტყუილი იყო, ახლა ბავშვებისთვის ძნელად გასაგები რეალობა გახდება;  თუ ადრე ყიდვის ადგილს უნივერმაღი წარმოადგენდა, ახლა ვაჭრობა ლაბორატორიაში გადაინაცვლებს.

გენური ინჟინერია საკმაოდ განვითარდა ბოლო  წლების განმავლობაში, რაც თავისთავად სასიხარულო ამბავია, რადგანაც შედეგად, გენეტიკური დაავადებების მკურნალობა და, შესაძლებელია, გაქრობაც კი  მივიღოთ. მაგრამ ერთ-ერთი, რაზეც მეცნიერები და ბიოეთიკოსები ღელავენ,  ის საკითხია, რომ ტექნიკის დახვეწა შესაძლებელს გახდის შევცვალოთ არამარტო ის გენები, რომელიც დაავადებას იწვევს, არამედ ისინიც, რომლებიც ჩვენს გემოვნებაში არ ჯდება.

შესაძლებელია, მშობლების ამოცანა  გახდეს ის, რომ საკუთარ შვილს მისცეს ცხოვრების დასაწყებად საუკეთესო მონაცემთა ნაკრები, რადგან მემკვიდრეობა აღარ იქნება შემთხვევითი, ის დაემორჩილება მეცნიერებას. ხოლო ეს უკანასკნელი მთლიანად ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.

შესაძლებელია თუ არა, რომ  ამან ადამიანთა ორი სხვადასხვა სახეობის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს. ერთნი ისინი იქნებიან, ვინც ბედის ანაბარა დარჩნენ, ხოლო მეორენი - მეცნიერების შვილები, ხელოვნურად, კოლბაში დაპროგრამებულნი. საინტერესოა, სადამდე  შეიძლება მივიდეს  ადამიანის მოდელირება, როგორი იქნება ჩვენივე შექმნილი მომავლის ადამიანი? და, ზოგადად, დავუშვებთ თუ არა ამ ყველაფერს. იქნება არ გადავიდეთ ზღვარს.  ჩვენ ხომ შევძელით ეს კლონირების შემთხვევაში. ის, რომ დღეს ჩვენ გარშემო ჩვენივე კლონები არ დადიან, იმის შედეგია, რომ არჩევანი იყო, არ შეგვექმნა ისინი.

მიუხედავად იმისა, რომ გენების რედაქტირების სხვადასხვა მეთოდი  არსებობს,  და ისინი „გუშინ“ ნამდვილად არ შეუქმნიათ, ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა, რადგან ახალი სისტემა - CRISPR/Cas9, რომელიც პირველად გენების გარდაქმნისთვის 2012 წელს გამოიყენეს, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  მისი მექანიზმი მარტივია და  ის სხვა მეთოდებთან შედარებით იაფი ჯდება. შედარებისთვის თუ სხვა ტექნოლოგიის  (Zinc Finger Nuclease Technology) გამოყენება 5 000 ამერიკულ დოლართან არის დაკავშირებული, Cas9-ის გამოსაყენებლად 30 დოლარიც საკმარისია.  ამიტომ  რისკი იმისა, რომ  იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანები გადავწყვეტთ გენების ცვლილება მხოლოდ  დაავადებებთან ბრძოლის მიზნით გამოვიყენოთ, შესაძლოა გაჩნდეს არალეგალური ლაბორატორიები, სადაც წარმატებით შექმნიან სასურველ  მოდელირებულ ადამიანს.

გენურ ინჟინერიაში CRISPR/Cas9 სისტემის  გამოყენება იმ ქმედებაზეა დაფუძნებული, რომელსაც  ბაქტერია  ვირუსული ინფექციებისგან  თავის დასაცავად იყენებს.  მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს კვლევები ადამიანის ქსოვილებსა და ცხოველების ემბრიონზე, მაგრამ მიმდინარე წლის გაზაფხულამდე არ ყოფილა ცნობები ადამიანის ემბრიონის უჯრედებში მისი გამოყენების შესახებ.

მიმდინარე წლის აპრილში ჩინელმა მეცნიერებმა ქალაქ გუანჯოუს  სუნ იატსენის უნივერსიტეტიდან მსოფლიოს CRISPR/Cas9-ის მეშვეობით ადამიანის ემბრიონის გენის შეცვლის შესახებ ამცნეს. კვლევის  გამოქვეყნებაზე უარი თქვეს სამეცნიერო ჟურნალებმა - Nature  და Science. მიზეზი, როგორც კვლევის ხელმძღვანელი Junjiu Huang ამბობს, ეთიკური მოსაზრებები იყო.

აღსანიშნავია, რომ თუკი ადამიანის გენებს შეცვლით, ცვლილება არ გადაეცემა შემდეგ თაობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩარევა ხდება სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის უჯრედებზე,  ცვლილება მემკვიდრეობითობას იძენს და შემდგომ თაობებს გადაეცემა.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც ხელს უშლიან, თუ უწყობენ გენური ინჟინერიის დანერგვასა და განვითარებას, ერთ-ერთი ეკოსისტემის თემაა. მეცნიერები და ბიოეთიკოსები წუხან, რომ ადამიანის სახეცვლილმა გენეტიკურმა ინფორმაციამ, შესაძლოა ეკოსისტემა დააზიანოს.  თუმცა ასევე საუბარია იმაზეც, რომ ეს უკანასკნელი, შესაძლოა სპეციალურად „დააზიანოს“ ადამიანმა, რათა გააუმჯობესოს იგი. მაგალითად, გააქროს მალარია, კოღოების გენეტიკური ინფორმაციის შეცვლის გზით.

გენური რედაქტირების CRISPR/Cas9 მეთოდი დღითიდღე იხვეწება და იმ შემთხვევაშიც კი,  თუ ამ მეთოდის სრულყოფას წინ დაბრკოლება დახვდება, გენური ინჟინერიის განვითარების ტემპები უახლოეს მომავალში მაინც დაგვაყენებს გადაწყვეტილებების მიღების წინაშე. საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს  ადამიანის არსი. შედეგად შესაძლოა, გადაფასდეს ღირებულებები და ადამიანმა შეიძინოს ახალი, განსხვავებული, ფასეულობები ან, უბრალოდ, მათ გარეშე დარჩეს. ამიტომ გენების რედაქტირებას მეცნიერები და ბიოეთიკოსები ძალიან ფრთხილად უდგებიან.

3 დეკემბერს  ამერიკაში,  ვაშინგტონში,  სამდღიანი სამიტი  შედგა, რომელსაც ოთხი მასპინძელი - აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემია, აშშ-ის ადამიანის გენების რედაქტირების სამედიცინო ინიციატივის ეროვნული აკადემია,  ჩინეთის  მეცნიერებათა აკადემია  და  გაერთიანებული სამეფოს სამეფო საზოგადოება ჰყავდა.  სამიტზე მოწვეული იყვნენ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან, რათა ემსჯელათ ადამიანის გენების მოდიფიცირების სამეცნიერო და ეთიკურ საკითხებზე.

სამიტის შედეგად მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იმაზეც შეთანხმდნენ, რომ  თუკი CRISPR/Cas9  სისტემის კვლევებში გამოყენებული იქნება ადამიანის სპერმა, კვერცხუჯრედი ან ემბრიონი, დაუშვებელია კვლევის მასალის გამოყენება ორსულობისთვის და ახალი სიცოცხლის დაბადებისათვის. ეს გამორიცხავს სახეცვლილი გენეტიკური ინფორმაციის მომდევნო თაობებისთვის გადაცემას.

დღეს ჩვენ გენეტიკა გვმართავს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი, შემობრუნდება თუ არა სიტუაცია. შევძლებთ და ავირჩევთ თუ არა ადამიანები, ვმართოთ გენეტიკა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^