ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ თენგიზ სიმაშვილთან:
შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, “საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნების რიცხვში არ არის”. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის კი შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რათა ქვეყანას თავიდან ააცილონ მოსალოდნელი საფრთხე. თქვენ როგორ აფასებთ რისკებს საქართველოსთან მიმართებაში?
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ცივილიზაციათა გამყოფ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ისლამური და ქრისტიანული ცივილიზაციის შეხების წერტილი სწორედ აქ არის და ბუნებრივია, რომ ისლამის რადიკალიზაციის თანმდევი პროცესები საქართველოზეც აისახება. ჩვენს ქვეყანაში არის ტერორიზმის საშიშროება. ქართულ სახელმწიფოს ადრევე უნდა დაეწყო მუშაობა ისლამის რადიკალიზაციის პრევენციაზე. ახლა, როდესაც ტერორიზმმა გასულ თვეებში თავი სასტიკი ტერაქტებით შეგვახსენა, უცილებელია შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ამ მიზნით მაინც თუ არ გაერთიანდა როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური სპექტრი, მაშინ მოვლენები ძალიან ცუდად შეიძლება წარიმართოს.
რას ფიქრობთ ბოლოს გავრცელებულ ვიდეოზე? რამდენად სარისკოა აქ გამოთქმული მუქარა?
რაც შეეხება ბოლო ვიდეოს, თუ გავაანალიზებთ ამ ადამიანების ბიოგრაფიას და შევიქმნით წარმოდგენას, ნათლად გამოჩნდება, რომ ისინი სოციალურად საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენლები არიან.
ერთი შეხედვითვე ჩანს, ისინი ISIS-ის ზედა რგოლის წევრები არ არიან და არც ეს განცხადება გაკეთებულა მათი დავალებით.
პრესაში გავრცელებული ქართველი ISIS-ის წევრების ცხოვრების ეპიზოდების გაცნობიდან და ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეთნიკურად ქართველ მუსლიმ მოსახლეობაში მეორდება ისლამური ტერორიზმის ჩასახვა-განვითარების ის ისტორია, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში გასული საუკუნის ბოლოს განვითარდა. ადამიანი, ვისაც არ აქვს მიღებული შესაბამისი საერო განათლება, არ არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, იღებს მხოლოდ სასულიერო განათლებას, მატერიალურად გაჭირვებულია, ის იდეოლოგიური დამუშავებისთვის ძალიან ადვილი სამიზნე და მსხვერპლია.
როგორ მუშაობს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრი? რა რეფორმებს ატარებს და რამდენად ადეკვატურად აფასებთ მათ ქმედებებს?
ანტიტერორისტული სამსახურები ძალისმიერ სტრუქტურებშია თავმოყრილი და განსხვავებული სპეციფიკა აქვთ/ ისინი ძირითადად არ ასაჯაროებენ საკუთარ ქმედებებს, კონტრზომებს და ა.შ. შესაბამისად, მე არ ვიცი მათი საქმიანობის სტრატეგია, მეთოდები და ხერხები. წესით რიგითმა მოქალაქებმა ეს არ უნდა ვიცოდეთ - ეს საიდუმლო ინფორმაციაა, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და არც უნდა იყოს.
არის თუ არა ქვეყანის უსაფრთხოების სისტემა მზად რისკების პრევენციისათვის?
ვთვლი, რომ პრევენციის გატარება დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს ხელეწიფება. ამისათვის, აუცილებელია გადაიხედოს და შემუშავდეს ახალი სტრატეგია ადგილობრივი მუსლიმების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
რა შეიძლება იყოს ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი, როგორ ხდებიან ადამიანები ტერორისტები და რა რეფორმების გატარებით შეიძლება საქართველოში ამის რისკების შემცირება?
70 წლის მანძილზე საქართველოში ქადაგებდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს. 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხალხი საშინელ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა. ხალხმა დაკარგა თავის გადარჩენის ცივილური საშუალება. ამას დაერთო სულიერი კრიზისი, იმიტომ, რომ იდეოლოგია გაქრა, დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ყველა ღირებულება, რაზეც სახელმწიფო იდგა, იყო მცდარი. ამას მოსდევს სულიერი შიმშილი. ამ მოთხოვნილებას რელიგიით იკმაყოფილებენ. ჩრდილოეთ კავკასიის მსგავსად პანკისშიც იხსნება სკოლები, პანსიონები, სადაც უფასოდ ასწავლიან არაბულს. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ახალგაზრდები არაბულ ენაზე სწავლობენ ლოცვების კითხვას. ხდება მათი რელიგიით დაინტერესება და ბოლოს ცდილობენ მათ იდეოლოგიურად დამუშავებას, მისგან ტერორისტის შექმნას.
ერთ-ერთ უმთავრესი ღონისძიება ქისტი და საერთოდ, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი არაქართველი ახალგაზრდობისათვის ქართული უმაღლესი სასწავლებლების კარების ფართოდ გაღება იქნება. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, შევიმუშაოთ მუსლიმი სტუდენტების ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირების სწორი პროგრამები. ასევე საჭიროა, რომ შევისწავლოთ და გამოვიყენოთ მუსლიმი და ქართველი მოსახლეობის თანაცხოვრების ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის წესების, ურთიერთობის ფორმების, ტრადიციების ის ნორმები, რომლებიც ხელს უწყობდა მათ მშვიდობიან თანაარსებობას.
გაჩნდა მოსაზრება, რომ საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ორგანიზებულად მუშაობა და საზოგადოების დაცვა. უნდა ყოფილიყო თუ არა charlie hebdo-ს ტრაგედია ქვეყანაში ზომების გამკაცრების საბაბი და რა გავლენა იქონია ამ ტერაქტმა საფრანგეთის ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიაში? რჩება თუ არა საფრთხე სამომავლოდ?
გამოკვლეული და გაანალიზებულია, რომ ტერორისტული აქტის ჩადენა ხასიათდება პერმანენტულობით გარკვეული დროის შუალედის დაცვით. თუ ის სისტემატურ, ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს, კარგავს დამაშინებელ ეფექტს, რადგან მას ადამიანის გონება ეჩვევა. აუცილებელია დროის გარკვეული პერიოდის გასვლა, რომ სამიზნედ შერჩეულ ჯგუფზე, მაგალითად, პოლიციაზე, ანდა ჩვენს შემთხვევაში მთლიანად საზოგადოებაზე ჰქონდეს დამთრგუნველი ეფექტი. ISIS-ის მიერ საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს შორის იმხელა შუალედია, რომ მისი დამგეგმავები და ორგანიზატორები აშკარად ცდილობენ, მუდმივ დაძაბულობაში ამყოფონ საფრანგეთის მოსახლეობა.
საერთოდ ტერორისტული აქტი მოწინააღმდეგის დაშინებისა და მომხრეების ,,აგზნება-გააქტიურებაზე“ გათვლილი აქციაა. შესაბამისად რადიკალური ისლამური ორგანიზაციები და კონკრეტულად ISIS საფრანგეთში მუსლიმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას ცდილობს, რათა შემდგომში ქვეყნის შიგნით უმართავი პროცესები განვითარდეს. საჭიროა ტერორისტული აქტების განხორციელების წინასწარი პრევენცია, რადგან ტერაქტების რაოდენობრივი ზრდა აუცილებლად იმოქმედებს მათ თვისებრივ ზრდაზეც. საქმე ის გახლავთ, რომ თუ დღეს ასე თუ ისე შესაძლებელია მუსლიმური რელიგიის მაღიარებელი მოსახლეობის ,,დაცვა“ ადგილობრივი მოსახლეობის აგრესიისაგან, მომავალში სავარაუდოდ, ეს შეუძლებელი გახდება.
საჭიროა თუ არა, რომ გადაიხედოს ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია?
ტერორიზმი ემყარება გარკვეულ იდეოლოგიას, ამის გარეშე ტერორიზმი და ტერორისტი არ არსებობს და არც არსებულა. შესაბამისად, ტერორიზმთან ბრძოლა მის საფუძველთან ბრძოლით იწყება. ჰეროსტატე, რომელმაც არტემიდას ტაძარი დაწვა, არ იყო ტერორისტი. ასევე, სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც ბანკს ძარცვავს, არ არის ტერორისტი, მაგრამ თუ მძარცველს ამ ფულით იარაღის ყიდვა და გარკვეული იდეოლოგიის გავლენის გამო ტერორისტული აქტის ჩადენა სურს, ის ტერორისტია.
ჩვენ სწორედ იდეოლოგიას, მისი გავრცელების გზებსა და მოსახლეობისგან მისი იოლად მიღების მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. დღევანდელ დღეს აშკარად ჩანს, რომ რადიკალური ისლამის გავრცელებას მხოლოდ რელიგიური ფაქტორები არ განაპირობებს. დიდ როლს თამაშობს სოციალური პროტესტი გრძნობაც. სწორედ ამ სოციალურ ფენებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მათ საზოგადოებასთან ინტეგირირებას შევუწყოთ ხელი. ტერორისტული აქტის პრევენცია და მასზე სწრაფი რეაგირება სპეცსამსახურების საქმეა. სპეცსამსახურები არ შეისწავლიან, არ იკვლევენ რადიკალური იდეოლოგიების წარმოშობის, განვითარების და მოსახლეობისგან მისი მიღების სპეციფიკას. მათ სხვა დანიშნულება აქვთ. როცა იცი, ესე იგი გაფრთხილებული, შეიარაღებული ხარ.
შესაძლებელია, თუ არა სწრაფი რეაგირებით ამ პრობლემის გადაჭრა, თუ საჭიროა, რომ ტერორიზმის გამომწვევ მიზეზებს ვებრძოლოთ?
სახელმწიფოს მიერ რელიგიური და ეთნიკური პრობლემების მოგვარების მიზნით მხოლოდ პოლიციური ტიპის ღონისძიებების გამოყენება, ვერ გადაჭრის მათ. ასეთი ვითარება კი ხელსაყრელ პირობებს უქმნის არსებულ ნაციონალისტური ტიპის პარტიებს, არა მარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც იოლად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ დროს კი სახელმწიფო ნაციონალისტურად განწყობილი პარტიების გავლენით აქცენტს იღებს პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრაზე და ქვეყანაში სტაბილურობაზე ლაპარაკიც უკვე ზედმეტი ხდება. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით იდეოლოგიას, ანუ მოსახელობის მუსლიმანი ნაწილის რადიკალიზაციას ვერავინ მოერევა.
დემოკრატიული საზოგადოებისთვის თავისუფალი მასმედია მის აქილევსის ქუსლადაც იქცა. ტერორისტები ირჩევენ ძალადობის ისეთ აქტს, რომელიც დიდ ხმაურს იწვევს. ერთ ადგილზე მომხდარი ტერორისტული აქტი შესაძლებელია პირდაპირ ეთერშიც კი გვაყურებინონ. თუნდაც ქართულ რეალობაში ყველანაირი ანალიზის გარეშე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მუსლიმების სახელით მუქარას გამოთქვამენ. ეს არასწორია. არა მარტო სპეცსამსახურებმა, არამედ ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაბამისი განათლება და მზადყოფნა.