Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავლის ფული - ეკონომიკა სახელმწიფოს გარეშე

10 დეკემბერი 2015
ფული ინფლაციისა და სახელმწიფო კონტროლის გარეშე. ანონიმური ვალუტა, რომელიც რეალურ სივრცესა და რეალურ ეკონომიკაში არ არსებობს. 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი და დაურეგულირებელი სამართლებრივი გარემო. ვაჭრობა სახელმწიფოს გვერდის ავლით. ბიტკოინის გზა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ონლაინ შავ ბაზრამდე მივყავართ.

Bitfury საქართველოში უკვე მეორე მეგასერვერის მშენებლობას იწყებს და ქართულ ბაზარზე 100-მილიონიანი ინვესტიციით შემოდის. ბიტკოინის საპროცესინგო მონაცემთა ცენტრს კომპანია ამჯერად თბილისში, გლდანში, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან შეძენილ 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გააშენებს.

ამ ეტაპზე მსოფლიოში Bitfury-ის ორი ცენტრი მოქმედებს: ისლანდიასა და საქართველოში, გორში.

კითხვაზე, თუ რით გახდა Bitfury-სთვის საქართველო ამდენად მიმზიდველი, სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს. დავიდ ხოსროშვილის, Potters-ის დამფუძნებლის განმარტებით, ელექტროენერგია მაინინგის პროცესში ყველაზე ძვირადღირებულია. საქართველოში ეს რესურსი შედარებით იაფია. სწორედ ამით შეიძლება იყოს განპირობებული Bitfury-სადმი ინტერესი.

განსხვავებული ხედვა აქვს ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს:

„ვფიქრობ, ეს სფერო საერთოდ არარეგულირებადია საქართველოში და არ არის გამორიცხული, ზუსტად ეს ფაქტორი იზიდავდეს Bitfury-ის. ჩემთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან. ეს რთული, სრულიად ახალი სფეროა. საქართველოსადმი კომპანიის ინტერესს ორი ფაქტორი განაპირობებს: ერთი, რომ გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავთ აქ და მეორე,  არ არსებობს კანონმდებლობის არც ერთი მუხლი, რომელიც ამ სფეროსთან შეხებაში მოდის. რაკი რეგულირებადი არაა, არც კანონსაწინააღმდეგო შეიძლება იყოს რამე. უცნობ გარემოში Bitfury არ შემოვიდოდა“.

Bitfury-ის გავლენიან მხარდამჭერად შეიძლება მივიჩნიოთ თანაინვესტირების ფონდი, ანუ საქართველოს მთავრობა, რომელმაც გორში  ბიტკოინის ცენტრის მშენებლობისთვის კომპანიას 10 მილიონი დოლარი გამოუყო.

არსებობენ ქვეყნები, სადაც ბიტკოინი სამართლებრივად აღიარებულია, რიგ სახელმწიფოებში კი _ აკრძალული. მაგალითად, კანადაში კრიპტოგრაფიული ვალუტა ფულის გათეთრების საშუალებად არის მიჩნეული, ბანგლადეშში ვირტუალური ფულის გამოყენებისთვის ადამიანებს ციხე ემუქრებათ. ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით: „ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეძლებს, დაუშალოს ქვეყნის მოქალაქეებს ბიტკოინით ვაჭრობა."

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიტკოინი, როგორც ვირტუალური ვალუტა, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ ექცევა.

რეგულაციების შემუშავებას ეროვნული ბანკი მაშინ გეგმავს, როდესაც ქვეყანაში ბიტკოინის მოცულობა გავლენას მოახდენს მონეტარულ პოლიტიკაზე. მათი თქმით, სტრუქტურაში აკვირდებიან ბიტკოინთან დაკავშირებულ მსოფლიო ტენდენციებს და სხვა მარეგულირებლების დისკუსიას მის მონიტორინგთან დაკავშირებით.

სისტემის ანონიმურობიდან გამომდინარე, ხშირად ვირტუალურ ფულს უკავშირებენ სხვადასხვა სახის არალეგალურ ქმედებას: ბავშვთა პორნოგრაფიით, იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობას და სხვა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბიტკოინის, როგორც ვალუტის სამართლებრივად დარეგულირება მნიშვნელოვანია, თუმცა შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა Bitfury-სთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.

დავიდ ხოსროშვილი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის რეგულაციები მაინინგის პროცესზე არ ვრცელდება. ეს მხოლოდ ბიტკოინის მომხმარებელს შეეხება და ნებისმიერ შემთხვევაში კომპანია საქმიანობას შეუფერხებლად შეძლებს. ასევე განმარტავს, რომ ბიტკოინის შავ ბაზართან დაკავშირება რაღაც კონტექსტში შეიძლება არარელევანტურიც იყოს:

„შავ ბაზარს უკავშირდება ქეშიც, რადგან ისიც ანონიმურია, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ქაღალდის ფული ხმარებიდან ამოვიღოთ. რა თქმა უნდა, ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ონლაინ შავ ბაზარზე, მაგრამ სარგებელი ამ სისტემას უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე უარყოფითი ფაქტორი. ვებრძოლოთ შავ ბაზარს, მაგრამ არა ვალუტას“.

Bitfury Georgia-ს წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი მეგასერვერის მშენებლობას საქართველოსთვის სასარგებლო პროცესად აღიქვამს:

„საქართველო ამ სიახლით 3 ძირითად სარგებელს მიიღებს - 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შემოსვლას ქვეყანაში და ადგილს ინოვაციური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე“.

თანაინვესტირების ფონდის მთავარი მიზანია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ამ ფონდის არსებობა მისი დამაარსებლების, ანუ საქართველოს მთავრობის, განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.

დემურ გიორხელიძისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვირტუალურმა ფულმა, რომელიც ეკონომიკის გარეთ დგას, ქვეყნის კაპიტალის ზრდას შეუწყოს ხელი:

„სასაცილო და უაზრობაა, თითქოს ეს კომპანია რამე სახის პროგრესს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. რას ნიშნავს მომგებიანი იქნება, როგორ? როგორ შეიძლება მომგებიანი იყოს ვირტუალური სფეროს რამე მასშტაბი, რომელიც რეალურ ეკონომიკაში არ აისახება? არ მჯერა ასეთი ზღაპრების“.

ბიტკოინი არ არის დაკავშირებული რეალურ აქტივებთან: რეალური ვალუტისაგან განსხვავებით, მის უკან არც რეალური ეკონომიკა დგას; ამდენად მისი გაცვლითი კურსი არა მარტო მოკლევადიანი, არამედ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივითაც მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. ბიტკოინების გადარიცხვა შეიძლება განხილული იყოს რეალური ეკონომიკისგან განცალკევებულ პარალელურ ფულად გზავნილად, შესაბამისად, სხვადასხვა სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკა ვერ ახდენს გავლენას ვირტუალურ ვალუტაზე, სახელმწიფოს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი:

„შენ  არ იცი, რა მოუვა შენს ფულს ჯიბეში. ბიტკოინის შემთხვევაში კი ეს საშიშროება არ გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ფული არამდგრადია და მონეტის ფასი წლის განმავლობაში 400%-ით შეიძლება  გაიზარდოს. როცა ბიტკოინის მომხმარებლის რაოდენობა გახდება სტაბილური, მაშინ შეწყვეტს ფასი მერყეობას“, _  ამბობს დავიდ ხოსროშვილი.

ანრი ლომია 19 წლის მუსიკოსი და ხმის ინჟინერია. მისი დიჯიტალ რეკორდ ლეიბლი ლონდონშია რეგისტრირებული. რელიზები ოცდაათზე მეტ ინტერნეტმაღაზიაში ვრცელდება. ანრი ამ საქმისთვის ანაზღაურებას ვირტუალური ვალუტით, ბიტკოინით იღებს.

„ბიტკოინით გადარიცხვა მოსახერხებელი და ყველაზე სწრაფია. 10 წუთში  შემიძლია მივიღო, დავაკონვერტირო, ვიშოპინგო, გადავიხადო გადასახადები და გავანაღდო ფული. რაც ჩემთვის მთავარია, ბიტკოინი სანდოა და დაბალი საკომისიო გადასახადი აქვს. ვალუტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ ბიტკოინი დამოუკიდებელი, დეცენტრალიზებული სისტემაა. ლარისა და სხვა ეროვნული ვალუტებისგან განსხვავებით, ბიტკოინის შემთხვევაში არ გვეშინია ინფლაციის“, - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რატომაც ანრი კრიპტოგრაფიულ ვალუტას ანიჭებს უპირატესობას.

ბიტკოინი 2008 წელს ანონიმურმა პროგრამისტმა, მეტსახელით, სატოში ნაკამოტომ შექმნა. მისი კვალი ვირტუალური სივრციდან 2010 წელს გაქრა და ვინაობა დღემდე უცნობია. ბიტკოინი კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ფუნქციონირებს.

ბიტკოინის მიღების ორი საშუალება არსებობს: მოპოვება (მინინგ) და ყიდვა. ორივე შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა საკუთარ კომპიუტერზე ბიტკოინის პროტოკოლთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და მომხმარებლის სახელის შექმნა.

ბიტკოინზე დარეგისტრირებისას სისტემა მომხმარებელს უნიკალურ კოდს ანიჭებს. ამ ვირტუალური ფულით განხორციელებული ტრანზაქციები დაშიფრულია. ბიტკოინის გადარიცხვისას, საბანკო სისტემისგან განსხვავებით, არ არსებობს სანდო მესამე პირი. ტრანზაქციები ერთიანდება ბლოკებში, ბლოკები კი - ბლოკჩეინში, ბლოკჩეინები ქმნის ნოუდს. ნოუდი არის ყველა ტრანზაქციის ერთობლიობა, მათი ისტორია. ტრანზაქციების დროს ბიტკოინის მომხმარებლის „საფულე“ უკავშირდება ნოუდს, ამოწმებს ბიტკოინის რაოდენობას და ვალუტას რიცხავს მითითებულ მისამართზე.

ბიტკოინის ყიდვა შესაძლებელია როგორც სპეციალიზებულ ბიტკოინის სავაჭრო პლატფორმებზე, ასევე ბიტკოინის მქონე ნებისმიერი პირისაგან. საფასურის გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, ბარათით ან ელექტრონული ფულით.

მაინინგის, ანუ ბიტკოინის მოპოვების პროცესში მოწმდება კონკრეტულ პირებს შორის ტრანზაქციის ვალიდურობა, ხდება მომხმარებლის გასაღების დეშიფრაცია, მოწმდება ბლოკჩეინში მონაცემები და ისევ იშიფრება გასაღებები. მაინინგის 16%-ს კომპანია Bიტფურყ ახორციელებს.

„ეს ვირტუალური ვალუტა სრულიად ანონიმური და თვითრეგულირებადი სისტემაა, რომლიდანაც ადამიანის პირადი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. აქ კოდის გარდა სხვა ინფორმაცია არ ფიგურირებს. თუ ვინმემ მოახერხა ბიტკოინით პირის იდენტიფიცირება, ეს მომხმარებლის ბრალი იქნება და არა სისტემის. ბიტკოინის „საფულის“ შექმნა შეიძლება პირის იდენტიფიცირების გარეშე. რომც ჰქონდეს სახელმწიფოს ბიტკოინის ტრანზაქციის ავტორის იდენტიფიცირებს მცდელობა, მას მხოლოდ კოდების ერთობლიობის ნახვის შესაძლებლობა ექნება. და რას გაარკვევს ამით? თუ მომხმარებელმა არსად აჩვენა, რომ ბიტკოინის რომელიმე ანგარიშის მფლობელია, ვერავინ იპოვის,“ _ ამბობს დავიდ ხოსროშვილი.

დავიდი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის მაინინგის პროცესის გაშვება ყველას შეუძლია, თუნდაც საკუთარ ლეპტოპში, თუმცა არსებობს სპეციალური მოწყობილობებიც:

„დროთა განმავლობაში ძველდება ეს მოწყობილობა და ზოგჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას წვავს, ვიდრე ფულს გამოიმუშავებს. ხშირად სჭირდება განახლება იმიტომ, რომ მაინინგი უფრო და უფრო რთული ხდება, ვირტუალური ფულის მომხმარებლის რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება“.

საქართველოში ბიტკოინებით სარგებლობა ხელმისაწვდომი ელექტრონული საფულე emoney-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც პირველია, ვინც მომხმარებელს ეს სერვისი შესთავაზა. მას ბიტკოინის ყიდვა და გაყიდვა მომენტალურად შეუძლია, რაც შეეხება მის გარე მისამართზე გაგზავნას, ამ შემთხვევაში მოხმარებელი ვერიფიკაციის პროცესს გადის.

emoney-ში საუბრობენ ბიტკოინის უპირატესობებზე სხვა ვალუტებთან შედარებით:

„გადარიცხვის სისწრაფე არის საკმაოდ მაღალი; ტრანზაქციის დასრულებას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება (ტრანზაქციის პროცესი გულისხმობს, ბიტკოინის პროგრამაში ჩართული ყველა მომხმარებლის მიერ ამ ტრანზაქციის დადასტურებას, ზოგადად, ასეთი ტრანზაქციებისას მხოლოდ 5 დადასტურებას ელოდებიან); მესამე პირისგან დამოუკიდებლობა; გადარიცხვის დაბალი ხარჯი (სხვა საერთაშორისო ფულადი გზავნილის კომპანიებთან შედარებით)“.

კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აფინანსებს სფეროს, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებს სცდება. ბიტკოინს კი მსოფლიოს ნაწილი აღიქვამს, როგორც მომავლის ვალუტას, რომელიც არ ეფუძნება ოქროს, ბიტკოინი ეფუძნება მათემატიკას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^