პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე წლის წინ, „რესპუბლიკურ პარტიას“ ოფიციალურად მიმართა მანანა კობახიძემ, რომელიც იმ პერიოდში ნუგზარ ბოჭორიშვილის ინტერესებს იცავდა და პარტიას სთხოვა, მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ბოჭორიშვილის პარტიული აქტივობების შესახებ, თუმცა უსუფაშვილი განმარტავს, რომ პარტიას ბოჭრიშვილი პოლიტიკურ დევნილად არასდროს ჩაუთვლია და შესაბამისად, „რესპუბლიკელებს" არასდროს მოუთხოვნიათ მისი შეწყალება.
„ჩემი ხელმოწერით არის გაცემული ეს წერილი მაშინ, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე, საწევროს იხდიდა 2008 წლამდე, სხვა რამე განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ერთ-ერთ არჩევნებში ის ეხმარებოდა ერთ-ერთ შტაბს, მაგრამ ისეთ დონეზე, როგორც პარტიის ყველა სხვა წევრი“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლებაზე მუშაობდა, ბოჭორიშვილის გვარი შესაძლო პოლიტპატიმრების წინასწარ სიაში მოხვდა.
„მოხვდა სიაში იმ შესაძლო პოლიტპატიმრებისა, რომლებსაც შესაძლებელი იყო, შეხებოდა პარლამენტის გადაწყვეტილება. როდესაც ჩვენ, „რესპუბლიკურ პარტიას“, ამის თაობაზე გვკითხეს, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაფიო, რომ არც ერთ ეტაპზე არ განგვიხილავს ბოჭორიშვილი პოლიტპატიმრად და არ მიგვიჩნევია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომები სახელმწიფოს მხრიდან უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტიურობას. ამ ჩვენი პასუხის გამოც და ამ ჩვენი შეფასების გამოც, ის ამოიღეს სიის პირველადი ვერსიიდან და არ მოხვდა იმ პოლიტპატიმართა სიაში, რომლებიც შემდგომ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. ესაა პარტიის შეხება ამ კონკრეტულ საკითხებთან, ჩვენ ყველა ეტაპზე, ერთის მხრივ, ვადასტურებდით მის პარტიის წევრობას 2005-2008 წლებში, არც ერთ ეტაპზე არ მიგვიჩნევია ის პოლიტიკურ დევნილად, არ მოგვითხოვია მისი არც შეწყალება, არც პარლამენტის მიერ ამ სიაში შეყვანა. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია, საჯაროდ ვთქვა, იმ თემაზე, რაც საჯაროდაა ნათქვამი“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, როდესაც ნუგზარ ბოჭორიშვილის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, იგი „რესპუბლიკური პარიტის" წევრი იყო, რისი შესაბამისი დოკუმენტიც არსებობდა.
„მას, როგორც პარტიის წევრს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო, რაც მოხდა კიდეც, მაგრამ მისი გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა", - ამბობს კობახიძე.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი. ელისო კილაძის განცხადებით, დეპუტატებმა კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა ამ გზით პრობლების გადაუჭრელობის შემდეგ, დაიწყეს შეწყალების გზით გარიგების პირობების შესრულება.
როგორც კილაძე ამბობს, კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩასვეს პოლიტპატიმართა სიაში.
„მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძისა და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით, ყველა მათგანი ამოიღეს ამ სიიდან. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სწორს ამბობს, ნუგზარ ბოჭორიშვილს გადახდილი აქვს 200 ათასი დოლარი ბე-ს სახით და დანარჩენი თანხა მას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა“, - ელისო კილაძის განცხადებას „რუსთავი 2“ ავრცელებს.