საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ქალი და ბავშვი სხვადასხვა ტიპის კვების დეფიციტს განიცდის. გაეროს ბავშვთა ფონდი პრობლემის გადაჭრის ეფექტურ საშუალებად ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირებას (გამდიდრებას) მოიაზრებს. უკვე მზადაა კანონპროექტი, რომელიც ხორბლის ფქვილში ვიტამინების დამატებას ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პარლამენტში ჯერ არ მომხდარა.
ცვლილება "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" კანონში უნდა შევიდეს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში არაფორტიფიცირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტირება და წარმოება აიკრძალება.
საქართველოს მოსახლეობის ნუტრიციული სტატუსის შესაფასებლად კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა 2009 წელს ჩაატარა. კვლევისას სამიზნე ჯგუფს რეპროდუქციული ასაკის ქალები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები შეადგენდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 5 წლამდე ბავშვების ოცდასამ, ხოლო ორსული ქალების 25%-ს რკინადეფიციტური ანემია აღენიშნება. არაორსული ქალების 36.6% კი ფოლიუმის დეფიციტს განიცდის.
თამარ უგულავას თქმით, აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა განსაკუთრებით სახიფათო ბავშვებისა და ორსულებისთვისაა. ის იწვევს პათოლოგიებს, გონებრივ და ფიზიკურ ჩამორჩენას.
უგულავას განმარტებით, ფოლიუმის ნაკლებობა ორსულებში ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის მანკების წარმოშობას განაპირობებს. კვლევებით დასტურდება, რომ ფოლიუმის მჟავის სათანადო რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი 50-70%-ით მცირდება. სწორედ ამიტომ, უგულავას თქმით მნიშვნელოვანია ფოლიუმის მიღება ჩასახვის წინა და ორსულობის პერიოდში.
მისივე თქმით, ნერვული მილის აღნიშნული დეფექტები ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ქალმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ორსულადაა: "გამოდის, რომ მან ხელიდან გაუშვა ძალიან ხელსაყრელი დრო ფოლიუმის მისაღებად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობა მიიღოს. რადგან ორსულობის შემდგომ პერიოდში მიღებული ვიტამინი ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც ჩასახვამდე მიღებული".
მიუხედავად ამისა, უგულავას თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ არცერთი რეპროდუქციული ასაკის ქალი პრეპარატს არ იღებს, მანამდე, სანამ არ გაიგებს, რომ ორსულადაა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მოსახლეობას ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტები მიაწოდოს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს იმის რისკს, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით რეპროდუქციული ასაკის ქალებს, აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი ჰქონდეთ.
ფოლიუმის მჟავა, წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლმბადი და ნერვული სისტემისათვის. ადამიანი მას ისეთი საკვებით იღებს, როგორიცაა ღვიძლი, ხორცი, სოკო, ისპანახი, მწვანე სალათი, ბარდისებრთა ოჯახის მცენარეები, ახალი ხილი და ბოსტნეული, საფუარი, რძე. მისი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღება. ფოლიუმის მჟავაზე მოთხოვნილება მოზრდილებში საშუალოდ 200-400 მიკროგრამს შეადგენს, ორსულობისას კი მოთხოვნილება იზრდება.
"როგორც კვლევამ აჩვენა, მოსახლეობა ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილს მოიხმარს, რომლის ვიტამინებით გამდიდრება ტექნიკურად შეუძლებელია. რიგით მეორე მასობრივად მოხმარებადი პროდუქტი კი ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პურია", - ამბობს თამარ უგულავა.
უგულავას განმარტებით, ვიტამინები ხორბალს დაფქვისას იმდენად მცირე დოზით ერევა, რომ ორსულობის პერიოდში დამატებით მიღებული ფოლიუმის მჟავა, დოზის გადამეტებას არ იწვევს.
ხორბლის ფქვილის ვიტამინებით გამდიდრებას მხარს უჭერს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია. ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგაძის თქმით, წისქვილები ფქვილის ფორტიფიცირებისთვის ტექნიკურად გამართულია.
სილაგაძის თქმით, ხორბლის ფქვილის ვიტამინებით გამდიდრება პურის გაძვირებას არ გამოიწვევს. წინასწარი დაანგარიშებით 100 პურზე დაახლოებით 5 თეთრის მომატებას ვარაუდობენ.
სილაგაძის თქმით, იმისათვის, რომ ბიზნესი თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ფორტიციფირებული იმპორტირებული ფქვილი შემოვიდეს. მისი თქმით ამისთვის საჭიროა ტექნიკურ რეგლამენტში იმპორტირებული ფქვილის სავალდებულო ფორტიფიცირება გაიწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სილაგაძის განმარტებით, ერთი მხრივ, ეს ბიზნესს დააზარალებს. მეორე მხრივ, ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ვინაიდან მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ვერ დაფარავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რობიზონ წიკლაურის თქმით, მნიშვნელოვანია ფორტიფიცირების სტრატეგიაშივე ინდივიდუალური მიდგომის საჭიროება გაიწეროს. მისი განმარტებით, ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებისათვის შესაძლოა ფორტიფიცირებული პურის მიღება სასურველი არ იყოს. კანონში გაწერილი ინდივიდუალური გამონაკლისები კი ლავირების საშუალებას მისცემს ექიმს, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტს არაფორტიფიცირებული პური გამოუწეროს. ვინაიდან ფორტიფიცირებისას საუბარია მხოლოდ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე, შესაბამისად პაციენტი უპრობლემოდ შეძლებს სხვა ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური შეძენას.
2005 წელს მარილის უნივერსალური ფორტიფიცირება - იოდით გამდიდრება მოხდა. რასაც წინ უძღოდა კვლევები, რომლებმაც ქვეყნის მოსახელობაში იოდის დეფიციტი დაადასტურა. მას შემდეგ ქვეყანაში მოსახლეობა იოდირებულ მარილს მოიხმარს: "როდესაც ჩვენ განვახორციელეთ მარილის იოდირება, ჩვენ კანონში მსგავსი გამონაკლისი დავუშვით. იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც მავნებელია დამატებით იოდის მიღება არსებობს გამონაკლისები, რაც ასახულია კანონმდებლობაში. ამ შემთხვევაში პაციენტს აფთიაქში არაიოდირებული მარილის შეძენა შეუძლია. ამდენად, შესაძლებელია ისე ლავირება, რომ არც ინდივიდუალურ დონეზე დაზარალდეს პაციენტი და არც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დარჩეს საჭირო ვიტამინების გარეშე".
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტმა დაამუშავა, თუმცა კანონპროექტის განხილვამდე კომიტეტმა დამატებით ახალი კვლევის ჩატარება მოითხოვა. ხუნდაძის განმარტებით, კვლევა, რომელიც 2009 წელს ჩატარდა, უკვე მოძველებულია, მით უმეტეს, რომ კვლევის ხარისხთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა აქვს. "სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი კვლევის ჩატარება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რომელი მიკროელემენტების დეფიციტია მოსახლეობაში. მხოლოდ არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების შემდგომ უკვე შეიძლება საკომიტეტო დონეზე კანონპროექტის ინიცირება და საპარლამენტო განხილვების დაწყება",- ამბობს ხუნდაძე.
თამარ უგულავას თქმით, დარგის სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ 2009 წელთან შედარებით სიტუაცია არ შეცვლილა და დიდი ალბათობით 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები (ეკონომიკური) მოსახლეობის ნუტრიციულ სტატუსზე გავლენას ვერ მოახდენდა.