69 წლის სანან ჯაბბაროვა ბორბლებიანი ურიკით წყლის მოსატანად მიდის. ამბობს, რომ უწყლობა მის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ყოფას ძალიან ამძიმებს.
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ქალების უმეტესობა წყლის მოსატანად დღეში რამდენჯერმე მიდის - ამ სოფლიდან მამაკაცების დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.
„უწყლო სოფელში რა უნდა გააკეთო? ახალგაზრდები სოფლიდან გარბიან. მე სახლში ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს, რძალი ფეხმძიმედაა. იძულებული ვარ, სახლისთვის საჭირო წყალი მარტომ ვზიდო. წლების განმავლობაში ასე ცხოვრება შეიძლება?” - ამბობს სანანი.
ყარაჯალაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სოფელს წყალი საბჭოთა პერიოდშიც არ ჰქონდა. ოთხი წლის წინ ყარაჯალელები წყალს მეზობელი ქართული სოფლებიდან ეზიდებოდნენ. ახლა ადგილობრივმა თვითმართველობამ სოფელში რამდენიმე ადგილზე წყლის ავზები დაამონტაჟა და ხალხსაც წყალი იქედან მოაქვს.
სახალხო მოძრაობა „ღირსების“ თავმჯდომარე ალიბალა ასგაროვი აცხადებს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების უმეტესობას ცხოვრების რთული პირობები აქვს. მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის საკითხს კი საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული გულგრილობით ეკიდება. ასგაროვი ამბობს, რომ სოფლების სარწყავი და სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ყველაზე პრიმიტიული ფორმით ჭრიან.
„უწყლობა მთელ ქვეყანას აწუხებს, მაგრამ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების გასაჭირის მოგვარებას უფრო სერიოზულად ეკიდებიან, აზერბაიჯანელების პრობლემები კი გულთან ახლოს არავის მიაქვს. მაგალითად, ყარაჯალამდე წყლის ავზები ჯერ ქართულ სოფლებში დაამონტაჟეს და აზერბაიჯანელებიც წყალს იქიდან ეზიდებოდნენ. ახლა ქართული სოფლების უმეტესობაში წყალი შეიყვანეს და მათი ავზები ყარაჯალაში გადმოიტანეს“.
ყარაჯალას მკვიდრი ნურნისა ალაბბასოვა ამბობს, რომ წყლის მოზიდვაში ოჯახიდან ვერავინ ეხმარება. მარტო მისი მოტანილი წყალი კი საჭმლის გასაკეთებლად და ხელ-პირის დასაბანად ჰყოფნით.
„დღეში სულ მცირე ხუთჯერ მივდივარ წყლის მოსატანად. უწყლობის გამო ხან 10 დღეში ერთხელ ვბანაობთ?! რა ვქნათ, წყალი არ გვყოფნის“.
ყარაჯალას მოსახლეობის დიდ ნაწილს ეკონომიკურად სულაც არ უჭირს. ამ სოფელში მცხოვრები მამაკაცების უმეტესობა სამუშაოდ ძირითადად რუსეთში ან ყაზახეთშია წასული. ჯაფარ ნოვრუზოვი ამბობს, რომ სოფელში წყალს თუ გაიყვანენ, სახლში მილს საკუთარი სახსრებით შეიყვანს.
”არაერთხელ მივწერეთ წერილი თვითმმართველობას, რამდენჯერმე ისედაც შევხვდით, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდეს. ჩვენ ქვემოთ, ქართულ სოფლებში წყლის ხაზი წლებია არსებობს, მაგრამ ჩვენთან არ გამოჰყავთ. 34 წელია აქ ვცხოვრობ, რამდენჯერ მივმართეთ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობას. არ მახსოვს, რომელიმე მიმართვა ან საჩივარი ჩვენს სასარგებლოდ დაეკმაყოფილებინოთ. საქართველოს მთავრობა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ უსმენს“.
ყარაჯალას გამგებლის მოადგილე, რუსლან აშუროვი ამბობს, რომ სოფელში სასმელი წყლის შეყვანა მათ შესაძლებლობებს აღემატება: „წყლის ავზები სოფელში რამდენიმე ადგილას დავაყენეთ, რომ ხალხს წყლის მოსატანად ძალიან შორს არ მოუხდეს წასვლა. ასე რომ, ხალხი მთლად უწყლოდ არ არის. სახლებში წყლის შეყვანა მომავლის საკითხია“.
თელავის რაიონში ყარაჯალას ჩათვლით 13 სოფელია. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წყლის შეყვანის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა წარადგინონ. თუ მუნიციპალიტეტი პროექტს დაამტკიცებს და ბიუჯეტში საჭირო თანხა იქნება, ამ შემთხვევაში ის განხორციელდება კიდეც. თელავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყარაჯალაში წყლის შეყვანის საშუალებას არ იძლევა.
დემოკრატიული კავშირის - „მტრედი“ - თავმჯდომარე საბინა თალიბოვა ამბობს, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მოსახლეობა არ აქტიურობს.
„საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად სოფლების განვითარებისთვის თანხას გამოყოფს. ეს სახსრები რისთვის უნდა დაიხარჯოს, ეს თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ეთნიკური აზერბაიჯანელები არც ინიციატივას იჩენენ და არც არაფერს ითხოვენ. ბევრი პრობლემის გადაჭრის მიზნით თანამშრომლობა არაერთხელ შევთავაზე, მაგრამ უშედეგოდ. საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებენ. მარტო ჩივილითა და პრეტენზიებით საქმე არ კეთდება“.
სანან ჯაბბაროვა წყლით დატვირთული ურიკით სოფლის ქვა-ღორღიან გზაზე ძლივს მიდის. ჩივის, რომ ცუდ გზაზე ბორბლები ხშირად ფუჭდება. დამსკდარ ხელებს გვიჩვენებს და სევდიანი ღიმილით გვეკითხება: „ეს რკინის ნაწილი თუ ვერ უძლებს ამ გზას და სიარულს, მე როგორ უნდა გავუძლო?“
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.