Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაც დედებს უნდათ

17 დეკემბერი 2015
ლაშა ბუღაძის „ლისისტარტე“ რუსთაველის თეატრში

„ლისისტრატემ შეიძლება დიდხანს ითმინოს, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ამოიღებს ხმას; ის შეიძლება დიდხანს ეცადოს, გაარკვიოს რა არის კაცის არაადეკვატურობისა და სისასტიკის მიზეზი; დაუთმოს, აპატიოს, ბევრჯერ აპატიოს, ათასჯერ აპატიოს, ასი ათასჯერ შეუნდოს - ისევე, როგორც ჩვენი დღევანდელობის ტრაგიკულმა გმირმა, უნივერსიტეტის დერეფანში მოკლულმა ლექტორმა უთხრა უარი პოლიციელებს მოძალადე ქმრის დაკავების ორდერის გამოწერაზე, რადგან უკანასკნელ წუთსაც კი შანსი მისცა და დასაჭერად არ გაიმეტა, - მაგრამ ეს უსასრულოდ აღარ გაგრძელდება…“

ლაშა ბუღაძის პუბლიცისტური ტექსტის ეს ფრაგმენტი ერთი შეხედვით რუსთაველის თეატრში დადგმული მისი ახალი კომედიის, „ლისისტრატეს“  წინასიტყვაობას ჰგავს. თუმცა სცენაზე ხმამაღლა გამოთქმული და ირონიით შეზავებული პროტესტი ქალთა ძალადობის მიმართ, გაცილებით ზუსტი და მიზანმიმართულია. ჯერ კიდევ გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია წამოიწყო. „ძლიერი სქესი“ - რაგბის მოთამაშეებით დაწყებული, ახალგაზრდა დრამატურგებით დამთავრებული - ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში ლამის ჯგუფურად ჩაება და საზოგადოებას გენდერული თანასწორობის დაცვისკენ მოუწოდა.

მოკლედ, გაეროს პროექტით წახალისებულმა და არისტოფანეს ცნობილი კომედიით ინსპირირებულმა დრამატურგმა, კიდევ ერთი სახალისო, ირონიული და საჭირვარამო ტექსტი შეთხზა.

არისტოფანეს კომედია ათენელი ქალის, ლისისტრატეს ამბავს მოგვითხრობდა, რომელმაც გაჭიანურებული ომების გამო ქალები შეკრიბა და ქალაქში  მშვიდობის დამყარების ერთობ უცნაური გზა აირჩია: ქალები აკროპოლში გამოკეტა და კაცებთან ურთიერთობა საერთოდ აუკრძალა. საბოლოოდ ეს პატარა „გენდერული ამბოხი” წარმატებით დაგვირგვინდა - ომი დასრულდა და ქალებს აღარ ეშინოდათ არც კაცებისა და არც მშვიდობის!

ლაშა ბუღაძის პიესაში ამ მოვლენებიდან უკვე 25 წელი გავიდა. ლისისტრატემ და მისმა თანამებრძოლმა ქალებმა მშვიდობა დაამყარეს და განვითარებული, პროგრესული ქალაქ-სახელმწიფო შექმნეს. იქ არავინ არავის ჩაგრავს, ქალებზე არავინ ძალადობს. ოღონდ გალავნის გადაღმა, საზღვრისპირა ქალაქებში ისევ ძველი პრობლემებია და კაცებიც კვლავ ომებით და ნადირობით არიან დაკავებულნი. ლისისტრატეს თანამებრძოლ ქალს ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა კაცი შეუყვარდება. ვაჟის დედა ლისისტრატეს ოპოზიციის წევრია. დედები თვლიან, რომ ოჯახში კაცი უნდა იყოს მთავარი, ქალი კი მას უნდა ემორჩილებოდეს...

პიესა ერთმოქმედებიან, ელეგანტურ სპექტაკლად რეჟისორმა დავით საყვარელიძემ აქცია, რომელთანაც ლაშა ბუღაძეს დიდი ხნის შრომით-მეგობრულ-არტისტული ურთიერთობა აკავშირებს. კარგა ხნის პაუზის შემდეგ (ვისაც ხანოხ ლევინის პიესის მიხედვით დადგმული „პირდაღებული“ ახსოვთ, განსაკუთრებით მათ გასამხნევებლად ვამბობ), „სუყო“ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა და  თეატრის გახევებულ რეპერტუარს დროული, აქტუალური, ცოტათი „ენჯეოშნიკური“, მაგრამ მოხდენილი კომედია შეჰმატა.

დავით საყვარელიძე „რუსთაველში“ ცხადი, გასაგები და რაღაცნაირი, სიმსუყეგამოცლილი და არაფერწერულად მსუბუქი რეჟისურით დაბრუნდა. უფრო ზუსტად, მკრთალი, აკვარელური მონასმებით; ელექტრონული მუსიკისა და მოცარტის შემარიგებელი ჰარმონიით; ოდნავ საგრძნობი, მაგრამ მაინც საკმარისად დატვირთული რეჟისორული ჟესტებით, რომელშიც სიმარტივით ნაკარნახევი დახვეწილობა უფრო იკითხება, ვიდრე პიესაში კოდირებული პაროდიულ-პუბლიცისტური პათოსი. თუმცა სცენაზე ქალების მიერ დანთებული მხიარული გენდერული ბრძოლის კოცონი სრულიად საკმარისია მაგალითად, საბანკო ოპერაციებით გადაღლილი მამაკაცების გულების გასალღობად ან ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების უნებელიეთ მოსანადირებლად.

ტექსტის, რეჟისურის, სცენოგრაფიის (მხატვარი და სცენოგრაფი ირაკლი ავალიანი) და კოსტიუმების (პოლინა რუდჩიკი) მთლიანობაში აღქმა არც ისე რთულია, რომ თუნდაც გამოკვეთილ ქალთმოძულეებს რამემ ხელი შეუშალოთ. მით უმეტეს, მსახიობთა თამაშმა, რომელთა შორის განსაკუთრებული ელვარებით მაინც ნინო კასრაძე გამოირჩევა. ის ლისისტრატეს თანამებრძოლ, ემანსიპირებულ, განათლებულ, დახვეწილ და სასაცილოდ თავგანწირულ დედას თამაშობს, რომელსაც ძვირად დაუჯდა თავისუფლების მოპოვება.

ასევე უნდა აღინიშნოს ია სუხიტაშვილის სახასიათო, ოდნავ გროტესკული და უკვე ასაკოვანი ლისისტრატე, რომელიც ცდილობს ახალგაზრდა შეყვარებულებს - კინესიასს (ლაშა ჯუხარაშვილი) და კლეონიკეს (რუსუდან მაყაშვილი) მოსალოდნელი სოციალურ-პოლიტიკური უსიამოვნებანი თავიდან ააცილოს. რაც მთავარია, ახალგაზრდებს შთააგონებს, სიყვარული და თავისუფლება არაფერზე გაცვალონ...

მაგრამ გადის დრო და კინესიასი ცოლს ფიზიკურად უსწორდება. პირველად 25 წლის შემდეგ ქალაქში ლისისტრატეს კანონები ირღვევა და  კაცი ქალს ცემს! მოკლედ, სწორედ  ის მოხდება, რისიც ასე ეშინოდათ ათენის ლიბერალ ქალებს და რაც ასე სწყუროდათ კონსერვატორულ, რეაქციულ დედებს. ეს კი შესაძლოა დიდი კატასტროფის დასაწყისი აღმოჩნდეს, რადგან მცირე ოჯახური კონფლიქტი, მცირე ძალადობა მომავალში აუცილებლად წარმოშობს დიდ ძალადობას.

სპექტაკლის ფინალში გაოგნებული და დაბნეული  ლისისტრატე ამბობს: „ნუთუ შევცდი“? და სიმსუბუქით ნაკვები, ძლივს მიღწეული ჰარმონია თვალსა და ხელს შუა ირღვევა... ნუთუ მართლა ის დრო დგება, რაც დედებს უნდოდათ და უნდათ?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^