მომავალი წლიდან თბილისში სი-ენ-ჯი გაზზე მომუშავე 150 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გასულ კვირას მერიაში გამართულ “მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის” პრეზენტაციაზე განაცხადა. მერმა ასევე აღნიშნა, რომ მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით მომავალ წელს ორი პროექტი განხორციელდება, და რომ ერთ-ერთ პროექტს მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარება წარმოადგენს. დავით ნარმანიას განცხადებით, უკვე დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებები და დედაქალაქს 30 მილიონი ევრო გამოეყო. თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ავტობუსების შემოყვანა ქალაქში ტრანსპორტის საკითხებს ნაწილობრივ მოაგვარებს. თუმცა თბილისში ტრანსპორტის სფეროში არსებული ვითარება ასეთი დასკვნების საშუალებას არ იძლება, რადგან უკვე დიდი ხანია, გადაადგილება ყველასთვის, არაკომფორტული, უსიამოვნო და სახიფათოა. ტრანსპორტი მოქალაქეების ნაწილისთვის, განსაკუთრებით, საღამოს საათებში ხელმისაწვდომი არ არის. უფრო მეტიც, ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილება და გზის, პარკინგის სივრცის გაყოფა ხშირად მოქალაქეების დაპირისპირებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. ტრანსპორტს უკავშირდება ასევე გარეუბნების ურბანული განვითარების პრობლემა, როცა აღნიშნული უბნები ნაკლებად მიმზიდველია საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად და აუთვისებელი რჩება. თბილისის უბნებს შორის სუსტი სატრანსპორტო კავშირებია, რის გამოც გადაადგილება მოუხერხებელთან ერთად ბევრი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომიც არ არის. თბილისში სუნთქვა საფრთხედ იქცა, რისი მიზეზიც ძირითადად დამაბინძურებელი ტრანსპორტია. ჰაერის დაბინძურება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი რაოდენობა და საწვავზე დამოკიდებულების ზრდა ქალაქზე ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედების ფაქტორი გახდა. მერიის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დედაქალაქში ტრანსპორტის მართვის პოლიტიკა ან გაწერილი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და გადაწყვეტილებების მიღებისას ძველი საკანონმდებლო ნორმებით ხელმძღვანელობენ. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. ისინი დღევანდელ მოთხოვნებს, ბუნებრივია, არ პასუხობენ და მათი გამოყენება ქალაქს მეტი პრობლემის წინაშე აყენებს. ამავდროულად, საგზაო და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე მერიის ორგანიზაციებს შორის სუსტი კოორდინაციაა ან ის საერთოდ არ არსებობს.
ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ქალაქის საზოგადოებრივი და საქმიანი აქტივობების კონცენტრირების მრავალპოლარული სისტემის განვითარებაა და ამ მიმართულებით თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს რამდენიმე მსხვილი სატრანსპორტო ცენტრის შექმნას, რომლის ირგვლივ განხორციელდება სხვადასხვა ურბანული პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში დაიწყოს მოძრაობაზე ორიენტირებული განვითარების კონცეფციის რეალიზება და ამისთვის შეიქმნას და დამტკიცდეს საკანონმდებლო ბაზა. ამჟამად ქალაქის მხოლოდ ცენტრი ვითარდება, ხოლო მერიას არ გააჩნია პოლიტიკა, როგორ მოახდინოს ქალაქის დეცენტრალიზაცია.
საქართველოში ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანური რესურსის დეფიციტია. საუბარია ადმიანების იმ ჯგუფზე, რომელიც ყოველდღიურად მონიტორინგს და ანალიზს გაუწევს ტრანსპორტის სფეროში არსებული საკითხების აღრიცხვას და წარმოშობილი პრობლემების მოწესრიგებას. აქედან გამომდინარე, ქალაქს არ აქვს სატრანსპორტო ქსელის განვითარების სტრატეგია და მისი მოქალაქეების მობილობის გეგმა. საზოგადოებაში, ექსპერტებში, ბიზნესის წარმომადგენლებში სერიოზულად არ განიხილება სატრანსპორტო ქსელისა და ტრანსპორტის საშუალებების განვითარების პერსპექტივები. ამჟამად, არ ხორციელდება არცერთი ინოვაციური საპილოტე პროექტი ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარებისთვის. მიზანშეწონილია, თბილისში შეიქმნას ტრანსპორტის დაგეგმარების დამოუკიდებელი ცენტრი, რომელიც აღნიშნული საკითხების დამუშავებით დაკავდება.
რა უნდა გაკეთდეს?
აუცილებელია საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებები, რათა მოხდეს ქალაქის ტრანსპორტის საკითხების ერთ სამსახურში თავმოყრა. არის შემთხვევები, როცა გაურკვეველია, ვის კომპეტენციაშია ამა თუ იმ შუქნიშნის დაყენება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ან კიდევ გზებზე არსებული წარმოშობილი ორმოების, ჭების ამოვსება და სხვა საკითხების მოგვარება. აუცილებელია ტრანსპორტის პოლიტიკის შექმნა და მისი ინტეგრირება მიწის გამოყენების, გარემოს, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა შემხებ პოლიტიკასთან, რათა ინტერესები დაბალანსებული, მოქალაქეების უფლებები კი დაცული იყოს. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, ტრანსპორტის, კეთილმოწყობისა და ჯანდაცვის სამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ტრანსპორტის დეპარტამენტის მოწინავე როლის ჩამოყალიბება, სადაც ასევე აქტიურად ჩაერთვებიან მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. აუცილებელია ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის და გაწერილი გეგმის შექმნა, რომელიც ქალაქში მობილობის საკითხებსაც შეისწავლის.
ყველა თანამედროვე ქალაქის მსგავსად, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქში უკვე დროა, დაინერეგოს გზების უსაფრთხოების აუდიტის სისტემა. ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს: სატრანსპორტო მოძრაობის დაგეგმვას, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნილების გაზრდას, საზოგადოებრივი სივრცის მიტაცების კანონით აკრძალვას, ავტოსადგურების გამართული სისტემას, ტაქსის მომსახურების სისტემის რეგულირებას, საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების შექმნასა და რეგულირებას. მიზანშეწონილია, ასევე თბილისის მერიის თანამონაწილეობით ქართველი ექსპერტებისა და სახელმწიფო მოხელეების მომზადების ცენტრის შექმნა და ტრანსპორტის სფეროში ინოვაციური პილოტური პროექტების წახალისებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა/თანაინვესტირების ფონდის შესაძლებლობების გამოყენება; კერძო ბიზნესის წახალისება, რათა მან ინვესტირება განახორციელოს მდგრად სატრანსპორტო პროექტებში, როგორებიცაა - გაუზიარე მანქანა, ველოსიპედი. ჩვენი მოსაზრებით ბიზნესს, მათ შორის ქართულსაც, თავისუფლად შეუძლია პირველ ეტაპზე დააფინანსოს საფეხმავლო, საველოსიპედო, ტრამვაის და სხვა ალტერნატიული ტრანსპორტის სქემების შექმნა და შემდეგ მოხდეს საპილოტე პროექტების რეალიზება თბილისის სხვადასხვა უბანში.
უკვე დროა თბილისის საკრებულო აქტიურად უნდა ჩაერთოს საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაში და მოხდეს საგზაო უსაფრთხოების აუდიტის სისტემის დაკანონება, რათა დაცული იქნას შშმ პირების, ქვეითების უფლებები. ქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მრავალსაფეხურიანი/ზონალური სისტემის შექმნა იქნება, სადაც ინტეგრირდება ავტობუსი, მეტრო, ტრავმაი, მატარებელი და ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობა. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია პარკ ენდ დრაივის, პარკ და ბაიკის სისტემების სქემების საპილოტე პროექტების რეალიზება.
ქალაქში ერთ-ერთი მწვავე საკითხია სატრანსპორტო საშუალებების პარკირება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს პროცესი ფაქტობრივად მოშლილია. თბილისში არ არსებობს პარკინგის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შეისწავლის პარკინგზე მოთხოვნილებას და დროებითი სადგომების, პარკინგის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე არსებული რესურსების ანალიზს. ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან უნდა შეიქმნას პროგრამა, რომელიც წაახალისებს დროებითი და მრავალადგილიანი სადგომების (მიწისპირა, მიწისქვეშა, მიწისზედა და კომბინირებული) დაგეგმვას და მშენებლობას, როგორც საკუთარი რესურსებით, ისე კერძო ინვესტიციებით. ამასთან, მნიშვნელოვანია პარალელურად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, კომბინირებული პარკინგის სისტემის შექმნა და პოპულარიზაცია. უნდა შეიქმნას თბილისის პარკინგის მართვის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, სადაც ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის პარკინგის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა. პარკინგიდან შემოსული თანხა ყველა დიდი ქალაქის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
რომ შევაჯამოთ, თბილისში ტრანსპორტი უკვე იქცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრობლემად. ქალაქზე მისი ნეგატიური გავლენის შესაჩერებლად აუცილებელია სწრაფი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ტრანსპორტის, როგორც ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად აღიარება.
ავტორის შესახებ: გელა კვაშილავა არის ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი (http://safedrive.ge), ბრიტანული ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის მრჩეველთა საბჭოს წევრი და რეგიონალური კონსულტანტი (http://www.easst.co.uk), ევროკავშირის ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტის ექსპერტი.