Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიღარიბე - რეალობა და ფანტომი

18 თებერვალი 2012

 

საქართველოში სიღარიბე თან რეალობაა და თან ფანტომი. ხელისუფლება სიღარიბის დაძლევაზე საუბრობს, მაგრამ სიღარიბის არსებობას არ აღიარებს. მოსახლეობის შედარებით პატარა საშუალო ფენა კი ისე შეეჩვია მის არსებობას, რომ სიღარიბეს ვეღარც ხედავს. ქართული მედია სიღარიბეზე ბევრს არ საუბრობს. ხანდახან  წავაწყდებით ისტორიებს იმის შესახებ, რომ აქ და აქ მავანსა და მავანს უჭირს, მავანი ქუჩაში იყინება, მავანი შიმშილით გარდაიცვალა, მავანმა კი თავი დაიწვა სამინისტროს წინ. შემდეგ ვინმე მორიგი 'პოლიტიკური მოღვაწე' თვითმკვლელზე გაბრაზდება და გვკითხავს - ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვაო.

 

ჩვენც აღვშფოთდებით და შევწუხდებით; მაგრამ საწუხარი იმდენი გვაქვს და მავანთა ისტორიებიც ისე მრავლადაა, რომ მათი დავიწყება არ ჭირს. სამწუხაროდ, სიღარიბეზე, როგორც სისტემურ პრობლემაზე, მის მასშტაბსა და სიღრმეზე არ ვსაუბრობთ - შეიძლება ითქვას,  ვერ ვსაუბრობთ.

გარდა იმისა, რომ სიღარიბის პრობლემა უნდა 'მოგვარდეს' უპირველესად, საჭიროა სიღარიბე 'ვაღიაროთ'. იმისთვის რომ ვაღიაროთ, სიღარიბეზე მეტი  უნდა ვიცოდეთ და ვისაუბროთ. სიღარიბეზე 'ვერ საუბრის' ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მონაცემთა სიმწირე და სანდოობის ნაკლებობაა.  საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნებისმიერ მკვლევარს თავგზას აუბნევს.

როგორც რეზონანსის ჟურნალისტი გვამცნობს: "საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა", - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, მის მიერ დასახელებული ეს მონაცემი არათუ ექსპერტულ გათვლებს, არამედ ოფიციალურ სტატისტიკასაც არ ემთხვევა".

ჩვენთვის დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოკლე აღწერა ამგვარია: საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველოში სიღარიბე 17% ზე ნაკლებია; საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო თვლის, რომ მოსახლეობის 36.5 % არის ღარიბი, მსოფლიოს ბანკის მონაცემთა ბაზა  2007 წლის ინფორმაციაზე დაყრდნობით  23% -ს აფიქსირებს. სართაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ უკანასკნელ კვლევებში მონაცემი 25 %-ია.  ზოგიერთი ექსპერტი ექსპერტულ გათვლებზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ეს მაჩვენებელი 50% -ზე მეტია.

სიღარიბე ფარდობითი ცნებაა და სიღარიბის მაჩვენებლებს ცვალებადობა დამოკიდებულია  იმ დეფინიციებზე და კვლევის მეთოდებზე, რასაც სხვადასხვა სააგენტობი იყენებენ. მე არ ვიცი ჩამოთვლილთაგან რომელი მონაცემის სანდოობას შეიძლება დავეყრდნოთ. არც არსებულ მონაცემთა ინტერპრეტაცია შემიძლია. ამ სტატიაში გთავაზობთ ფარდობითი კუთხით შევხედოთ სიღარიბეს. ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტია ღარიბი არამედ:

  • გაიზარდა თუ არა სიღარიბე საქართველოში ბოლო ოცწლეულის მანძილზე?
  • დიდია თუ არა საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი მეზობელი ქვეყნების სიღარიბის მაჩვენებლებთან შედარებით?
  • რატომ არის სიღარიბე პრობლემა? რატომ უნდა ვწუხდეთ სიღარიბის გამო?

სიღარიბე როგორც ფარდობითი ცნება

სიღარიბის დროსა და სივრცეში შედარება რთული ამოცანაა. ერთი, რომ საქართველოში სიღარიბის ეროვნული დეფინიცია და საარსებო მინიმუმის ზღვარი მუდმივად (და არბიტრარულად) იცვლება. მეორეც - რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს სიღარიბის საკუთარი დეფინიციები აქვთ.

როგორც ამბობენ, ციხე შიგნიდან ტყდებაო. შედარებისათვის გამოსადეგი ინფორმაციის მოპოვება იმავე მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი, რომელიც საქართველოს სიღარიბის მაჩვენებლად 23 % -ს აღიარებს და ამასთანავე, სიღარიბის დაძლევის ქართულ პროგრამას მსოფლიოში არსებულ მსგავს პროექტთაგან ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პროგრამად მოიაზრებს.

სამაგიეროდ მსოფლიო ბანკი პერიოდულად გვაწვდის მონაცემებს მსოფლიოში არსებული სიღარიბის და სიღატაკის შესახებ  დღიური შემოსავალი 1.25 და 2 დოლარი სიღარიბის ზღვრის მიხედვით. ეს მონაცემები მსოფლიო ბანკის საკუთარ გათვლებზეა დამყარებული, დეფინიცია და მეთოდებიც ქვეყნებს შორის არ განსხვავდება. კვლევისას გათვალისწინებულია თითოეული ქვეყნის ეკონომიური მაჩვენებლები, მოსახლეობის მსყიდველობითი ძალა და სხვა ინდიკატორები. შესაბამისად, შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების შედარება, რაც რა თქმა უნდა, გამორიცხული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ პირდაპირი გაგებით 1 ან 2 დოლარის შემოსავლის მქონე ოჯახთა დაიანგარიშებდნენ .[pagebreak]

მსოფლოს ბანკის მონაცემთა ანალიზი შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს:

პირველი: დანამდვილებით შეიძლება იქთვას, რომ საქართველოში ბოლო ოცლეულის მანძილზე სიღარიბე იზრდება.

 

 

 

მეორე:  არც ერთ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა არ არის ისეთი ღრმა და ფართოდ გავრცელებული, როგორც საქართველოში.

შედარებისთვის ავირჩიე ის ქვეყნები, რომელთაც საქართველოს მსგავსად რთული ტრანფორმაციის პერიოდი გაიარეს და კვლავ სოციალურ-ეკონომიური პრობლემების წინაშე დგანან. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან რომ შეგვედარებინა, სურათი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა.

2010 წლისათვის აღარ არის დარჩენილი არც ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, სადაც სიღარიბის  ყველაზე უფრო დაბალი ზღვრის(1.25 დოლარი) ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 2 პროცენტზე მეტი. ამასობაში საქართველოს მაჩვენებელი  15 პროცენტია.

 

 

 

საქართველოს მოქალაქეთა 32 პროცენტი სიღარიბის 2 დოლარიანი ზღვრის ქვეშ ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გაცილებით ნაკლებია. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მსგავსი სიღარიბე 2005 წლის შემდგომ აღარ ფიქსირდება, რუსეთსა და უკრაინაში კი ძალიან დაბალია. საქართველოსთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაბალია ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

 

 

 

ანალიზში მოყვანილ ყველა ქვეყანაში დროთა განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი რომელიც 1.25 ან 2 დოლარის ზღვრის ქვეშ ცხოვრობს, მცირდება. ანუ თუ მოლდოვაში 2000 წლამდე  40%-ზე მეტი იყო ღარიბი, 2010 წლისთვის ეს რიცხვი 2 % მდეა დასული. დროთა განმავლობაში ღარიბთა რიცხვი მხოლოდ საქართველოში იზრდება.

ეს, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას,  რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სიღარიბის პრობლემა მოგვარებულია. ამ ქვეყნებში ეროვნული სიღარიბის ზღვრის ქვემოთ კვლავ უამრავი ადამიანი ცხოვრობს. უბრალოდ სიღარიბის ზღვარი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ბანკის ერთ ან ორ დოლარიანი ზღვარი. [pagebreak]

 

რა მნიშვნელობა აქვს რიცხვებს, რატომ არის სიღარიბე პრობლემა?

ლიბერალური ეკონომიური თეორიისთვის სიღარიბის და უთანასწორობის არსებობა მისაღებია. ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს არც ერთ განვითარებული ქვეყანა, სადაც სიღარიბე არ არსებობს. თუმცა, განვითარებული ქვეყნებში არსებული ვითარება ბევრად განსხვავდება საქართველოსგან. იქ სიღარიბის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. მეორეც -სიღარიბის ზღვარი არის მაღალი (ანუ გერმანელი ღარიბი არ არის ისეთი ღარიბი როგორც ქართველი). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღარიბები ადეკვატური სოციალური დახმარებით არიან უზრუნველყოფილნი. საქართველოში სიღარიბე არა მხოლოდ რესუსთა რელატიური ნაკლებობაა, არამედ სასიცოცხლო საფრთხე. ქვეყანაში,  სადაც 15 პროცენტი დღეში 1.25 დოლარზე ნაკლები, ხოლო 32 პროცენტი  2 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ მოსახლეობის 8.7 პროცენტს ფარავს.

რატომ უნდა წუხდეს ნებისმიერი მოქალაქე ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე?

ერთი საკითხია უბრალო ადამიანური სოლიდარობა და მორალური წუხილი მსგავსი სიდიდის და სიღმის სიღარიბეზე. მეორე კი  ისაა,  რომ მსგავს სოციალურ პირობებში მყოფი მოსახლეობა არა მარტო სოციალურად, არამედ მორალურად და ფსიქოლოგიურადაც ინგრევა.

აქ ღირს გავიხსენოთ პოლანის ანალიზი სახელმწიფოსა და ბაზარზე. პოლანი ჯერ კიდევ მეორე მსოფიო ომის შემდგომ ამბობდა, რომ ეკონომიკის მარკეტიზაცია დამანგრეველია საზოგადოებისთვის და სახელმწიფოს ვალია, რესურსებიბაზრის თამაშებში 'წაგებულთა' სასარგებლოდ გადაანაწილოს. პოლანი მოვლენების  ისტორიულ ანალიზს  გვთავაზობს და აღწერს, რომ მარკეტიზაციას    საწინააღმდეგო პროცესები აუცილებლად (counter movement)  მოყვება.  ბაზრის საწინააღმდეგო, ბაზრის შეგედგთა გამანეიტრალებელ პროცესად შეგვიძლია  ის სოციალური უზრუნველყოფა აღვიქვათ, რაც ევროპის (და არამარტო) ქვეყნებში მეოცე საუკინის დასაწყისში ჩამოყალიბდა. რაც უფრო მეტად ეყრდნობა ეკონომიკა ბაზარს, სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ სფეროში მით უფრო საჭირო ხდება.

ეს სიმართლეა საქართველოსთვისაც. რაც უფრო მეტად მოხდა ეკონომიკის ლიბერალიზაცია, მით უფრო გაღრმავდა სიღარიბე, თუმცა, სახელმწიფომაც უფრო მეტად აირიდა სოციალური პასუხისმგებლობები. სწორედ ამ პროცესების შედეგია ის სამწუხარო მგდომარეობა, რაც ზემოთ მოყვანილ მონაცემთა ანალიზით ხდება ცხადი. პოლანი უფრო დრამატული სცენარების შესახებაც გვაფრთხილებს. საბაზრო ეკონომიკის, იგივე მარკეტიზაციის პროცესს ყოველთვის თან ახლავს საწინააღმდეგო პროცესები. საწინააღმდეგო პროცესთა ზეწოლამ, ერთი მხრივ შეიძლება პოლიტიკური ძალები აიძულოს, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრას მეტი რესურსები დაუთმონ. მეორე მხრივ, შესაძლებელია ეს პროცესები გადაიზარდოს მოსახლეობის მიერ რადიკალური იდეოლოგიების, მაგალითად ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიების მხარდაჭერაში. პოლანის აზრით, ნაციზმის წარმოშობა 30-იანი წლების გერმანიაში ისევე ბაზრის საწინააღმდეგო პროცესთა შედეგია, როგორც სოციალური დაცვის შემოღება სხვა შემთხვევებში.

ღარიბი და სასოწარკვეთილი მოსახლეობა მზადაა რადიკალური და საშიში იდეოლოგიების მხარდასაჭერადაც. მნიშვნელოვანია,  თუ რა სახის პოლიტიკური ძალა მოახერხებს მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას.

სიღარიბის გაღმავება და გამწვავება პატარა ქვეყნებში შეკრულ წრეს ქმნის. ღატაკი მოსახლეობას სამოქალაქო აქტივიზმისთვის არ ცალია და არც რესურსები გააჩნია. აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის შემთხვევაში დემოკრატიული მმართველობა ვერ მყარდება, როდესაც ქვეყანა ავტორიტარიანულია, მმართველი ფენა ადვილად ახერხებს სოციალური პრობლემების გვერდით გადადებას, მიჩქმალვას და ვიწრო საშუალო/ მაღალი ფენის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ეს პროცესი თავის მხრივ  აფერხებს რედისტრიბუციას ღარიბი ფენების სასარგებლოდ და სიღარიბე დროთა განმავლობაში იზრდება და მწვავდება. გარდა ამისა, ღარიბი მოსახლეობის პროდუქტიულობა   განათლების დონის დადაბლების გზით მცირდება და შესაბამისად, ეკონომიკაც ძნელად ვითარდება (რაღა თქმა უნდა, თუ არ ვსაუბრობთ რესუსრებით მდიდარ ქვეყნებზე სადაც ეკონომიკის ზრდა შრომით პროდუქტიულობაზე არ არის დამყარებული).

შესაბამისად, ფართოდ გავრცელებული სიღარიბე არა მარტო მორალური ან სოციალური პრობლემაა არამედ რეალური შემაფერხებელი გარემოება ქვეყნის ეკონომიური და დემოკრატიული განვითარებისათვის.

შეკრული წრე სადმე უნდა გაირღვეს. ამ წრის გარღვევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ქვეყნის პატარა საშუალო ფენა გააცნობიერებს სიღარიბის პრობლემატურობას და ხელისუფლებას სოციალური პრობლემების გადაჭრას მთავარ პრიორიტეტად დაუსახავს. დღევანდელმა საშუალო ფენამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიღარიბე აქვეა - არადემოკრატიულ ქვეყანაში დაცული არავინაა .  თორემ მალე, შეიძლება, თავის დაწვა მოგვინდეს და ბენზინის ფულიც კი ვეღარ ვიშოვოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^