ჭიათურა, საქართველოს ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიული ცენტრი, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის პირასაა. დაბინძურებულია ატმოსფერული ჰაერი, მიწისქვეშა და სასმელი წყლები. მოსახლეობაში იმატა დაავადებებმა.
საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, სექსუალური სისტემის დაქვეითება - ეს ჭიათურაში ჩატარებული კვლევის შედეგებია, რომელსაც ეკოლოგიური მდგომარეობის ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემური ჯაჭვი იწვევს.
თუმცა შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მთავარი მომპოვებელი კომპანიაა, ჯერჯერობით, ვერ ხედავს ამ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკს და მდიდარი მადნის მოპოვებას, გარემოზე ზემოქმედების ხარჯზე, უფრო ინტენსიურად განაგრძობს. სახელმწიფოც დუმს.
ქალაქზე ბევრს გვიყვება მისი შენობები, საცხოვრებელი სახლები, სატრანსპორტო საშუალებები - რატომ დასახლდა აქ ხალხი, რით ცხოვრობენ, რა პრობლემები აქვთ. ჭიათურაში ეს ფაქტორები განსაკუთრებულად კარგადაა გამოხატული მის იერსახეში. ქალაქში შესვლისთანავე თვალში რუხი ფერის, მტვრისა და დაბინძურებისგან გაშავებული კორპუსები ქალაქის უფერულ კონტურებს ქმნის. ცაში გამოკიდებული საბაგიროები და მადნის გადამზიდავი ვაგონები მელანქოლიურად მიიზლაზნებიან ხან ქვემოდან ზემოთ, ხან -პირიქით. მაღაროში მორიგეობაზე მიმავალი მუშებით სავსე ძველი ჟანგიანი ავტობუსი ქუჩის მტვერში ეხვევა.
დაცარიელებული, გაშავებული კორპუსები და შენობები გადმოჰყურებენ მტვერში გახვეულ ქალაქს. წლების განმავლობაში სახეშეცვლილი ყვირილაც მორჩილად თავის კალაპოტს მიუყვება.
2007 წლიდან აქ მანგანუმს შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მოიპოვებს. პარალელურად, ქალაქში 40-მდე პატარა ე.წ. კოოპერატივი მუშაობს, რომელთაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავისი სალიცენზიო ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდა.
ამ დროისთვის ჭიათურაში დაახლოებით ოცი მანგანუმის საბადოა, მათგან ცხრა - მაღარო, თერთმეტი კი - ღია კარიერი. მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. „ჯორჯიან მანგანეზი“ და სხვა პატარ-პატარა კომპანიები სულ უფრო მეტად აფართოებენ მადნის მოპოვების სივრცეს. ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება მათ გაცილებით ნაკლები უჯდებათ. ფულადი რესურსის დაზოგვის პარალელურად კი, ატმოსფერული ჰაერი დღითი დღე ბინძურდება.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კომპანიების მხრიდან სრულიად უგულებელყოფილია ის სტანდარტები, რომლითაც მადნის ამოღების პარალელურად, ადგილობრივი ეკოსისტემისა და გარემოს დაცვა უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, რეკულტივაციის პროცესი, რომელიც მიწისა და ეკოსისტემის დაცვას გულისხმობს, თითქმის არც ერთ კარიერზე არ ხდება:
„რეკულტივაცია არის საკმაოდ რთული პროცესი - მადნის ამოღებამდე ამ ტერიტორიიდან უნდა ამოიღონ ჯერ ჰუმუსი (ნიადაგის ორგანული ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად). სასარგებლო და ფუჭი მიწა უნდა დასაწყობდეს და შემდეგ დაიწყოს მანგანუმის მოპოვება, საბოლოოდ კი, ერთმანეთის მიყოლებით ამოღებულ ადგილზე უნდა დაყარონ ჯერ ფუჭი მიწა, შემდეგ ჰუმუსი, შემოიღობოს ტერიტორია და დაირგოს მცენარეები. რა თქმა უნდა, ეს იაფი პროცედურა არაა, მაგრამ არ მგონია, კომპანიების მოგება ამას ვერ გასწვდეს, იმხელა სიმდიდრეს იღებენ ჭიათურის მიწიდან“, - ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.
მიწის დეგრადაციისა პარალელურად, მადნის ღია კარიერული წესით მოპოვება ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს. აფეთქების დროს ჰაერში მანგანუმის ორჟანგი განიბნევა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, მანგანუმი ჰაერში ნედლი მადნით დატვირთული მანქანების გადაადგილების პარალელურადაც ხდება, თუ არ ჩავთვლით გადაადგილების დროს წარმოქმნილ მტვერს.
საღამო. ნინოშვილის ქუჩა - ჭიათურის ცენტრალური ქუჩა. აქ მანქანები შეუსვენებლად მოძრაობენ.
ჭიათურის ცენტრიდან სოფელ ითხვისის ასასვლელამდე ფეხით დაახლოებით ნახევარი საათის სავალია. ამ ხნის განმავლობაში 40-მდე სატვირთო მანქანას ვითვლი, რომელიც ამ გზით გადაადგილდება. ზოგიერთ მათგანს სპეციალური საფარი არ აქვს გადაფარებული, ამიტომ ნედლი მადნის გარჩევა შესაძლებელია. რთულია ზუსტად იმის თქმა, ყველა ეს სატვირთო მანგანუმით არის თუ არა დატვირთული, რადგან ამ გზაზე ქვიშა და სხვა მასალაც გადააქვთ, თუმცა ქუჩაზე მტვრის ბუღი თვალშისაცემია.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი, ცენტრალურ ქუჩებში ნედლი მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობაა.
2015 წელს ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩაზე, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის ორჟანგის შემცველობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირმა“ შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ მანგანუმის ორჟანგის შემცველობა ჰაერში ზღვრულად დასაშვებ მაქსიმალურ ერთჯერად კონცენტრაციას 24-ჯერ აღემატებოდა, მაგალითად, თხელიძის ქუჩაზე კი - 37-ჯერ.
2015 წლის ზაფხულში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით, სოფელ რგანის გზა 7 თვე გადაკეტილი იყო და „ჯორჯიან მანგანეზს“ მადანი გარკვეული პერიოდით ვეღარ გადაჰქონდა. თუმცა ეს წესი არ მოქმედებდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე. ამ დროისთვის, ჭიათურის გამგებლის, სულხან მახათაძის ინფორმაციით, ნორმატიული აქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის შეთანხმება მოქმედებს და მანქანები გარკვეული გრაფიკით გადაადგილდებიან:
„დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე ნედლი მადნით დატვირთული ხუთი მანქანა უნდა მოძრაობდეს. საპატრულო პოლიციაც გვერდში გვიდგას და ამას აკონტროლებენ“, - ამბობს სულხან მახათაძე.
თუმცა შოთა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ მანქანების მოძრაობა ისევ ქაოსურია, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე სოფლის გზებზე.
„მოქალაქის ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლება ჩვენი კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი, ამიტომ ბიზნესის წარმოების პარალელურად, დაუშვებელია მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა. რეალურად, არის საშუალება, რომ კომპანიამ მადნის გადასაზიდად ალტერნატიული გზა გამონახოს, თუმცა ზედმეტი ხარჯის გაწევა არ სურთ”, - აღნიშნავს გაფრინდაშვილი.
ქალაქიდან ერთ-ერთ სამგზავრო საგაბიროს პერევისის დასახლებამდე მივყვები. ჩემთან ერთად ხანშიშესული ქალი, დალი ჯაჯანიძე შვილიშვილთან ერთად მგზავრობს:
„სასმელი წყალი ისეთი დაბინძურებულია, ხანდახან მანგანუმი მოსდევს და ჭურჭელში ილექება. სოფელში განსაკუთრებულად საშიშია მისი მოხმარება. ბავშვებისთვის ქალაქის წყაროებიდან ვეზიდებით. წვიმის დროს საერთოდ შავი წყალი მოდის, ამიტომ ახლა, რამდენიმე დღე, წვიმის გამო, კომპანიამ სასმელი წყალი გადაგვიკეტა“, - ამბობს ჯაჯანიძე.
ჭიათურის სოფლების წყალმომარაგების ქსელის 70% შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ ეკუთვნის. ქალაქში სხვა კერძო წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირი“ ატმოსფერული ჰაერის გარდა, ყოველწლიურად სასმელი და ზედაპირული წყლის ხარისხსაც იკვლევს. შოთა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დაზიანებულია წყალმომარაგების ქსელი, რომლის დროსაც წყალი შემკრები აუზებიდან სატუმბ სადგურებში გაედინება. მისივე ინფორმაციით, 10 წელზე მეტია, ეს სატუმბი სადგურები სანიტარულად არ დამუშავებულა, არ ხდება რეზერვუარების რეაბილიტაცია:
„კომპანია გვპირდება, რომ ახლო მომავალში წყლის აუზების რეაბილიტაციას დაიწყებს. ველოდებით“.
კვლევაში, რომელიც ჭიათურაში აშშ-ის ბუნების დაცვის სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით ჩატარდა, სასმელ წყალთან დაკავშირებით წერია, რომ შესწავლილი ხუთი წყალმომარაგების სისტემიდან წყალი არც ერთში სათანადოდ არ მუშავდება. სამი წყალსადენის სათავე ნაგებობების (ღრუდო, მონასტერი და ლეჟუბანი) სასმელი წყლის ნიმუშები დაბინძურებულია კოლიფორმული ბაქტერიებით.
წყალსადენის სასმელი წყლები, ეპიდემიური თვალსაზრისით, არაკეთილსაიმედოა; არ ხდება დაქლორვა, ჭისა და წყაროს წყლების ნიმუშების მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი ჭიათურის, ღრუდოს, ფასკნარისა და ლეჟუბნის წყალსადენების სასმელი წყლები მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაბინძურებულია, ეპიდემიური თვალსაზრისით – არაკეთილსაიმედოა. ჭიათურაში, გაგარინის ქუჩაზე არსებულ საერთო სარგებლობის ჭის წყალში აღინიშნა გახსნილი მანგანუმის, ნიკელისა და რკინის მომატებული შემცველობა, კერძოდ, წყალში გახსნილი მანგანუმი 1,2; 1,3 და 2,22-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ნიკელი - 1,47- ჯერ, ხოლო რკინა - 1,6-ჯერ აღემატება ამ მეტალის ჰიგიენურ ნორმას.
მდინარე ყვირილა და მასში ჩაშვებული მანგანუმის ნარეცხი წყალი - კიდევ ერთი პრობლემაა, თუმცა არა მხოლოდ ამ ქალაქისთვის. ყვირილა ზესტაფონში არსებული „ფეროშენადნობი ქარხნის“ ნარჩენების შედეგადაც ბინძურდება, უერთდება რიონს და საბოლოოდ, შავ ზღვაში ჩაედინება, თუმცა დაბინძურების წყარო ყველაზე უკეთ სწორედ ჭიათურაში ჩანს. აქაა მანგანუმის სარეცხი ქარხანა, საიდანაც კარგად ჩანს შავი წყალი როგორ უერთდება ყვირილას.
„20 წლის წინ აქ არსებობდა განარეცხი წყლის გამწმენდი და სალექავი სისტემა, თუმცა მოიშალა და ახლა შლამი პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. მარტო 2008 წელს მშრალი წონით ყვირილაში 375 961 ათასი ტონა შლამი ჩაუშვეს“, - ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.
მისივე ორგანიზაციის 2013 წლის კვლევაში ვკითხულობთ: „მდინარე ყვირილა ქალაქ ჭიათურის მიდამოებში და „ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის“ შემდეგ, წყალში მანგანუმის შემცველობის გადამეტების გამო, საგანგაშოდ დაბინძურებული წყლის ობიექტს მიეკუთვნება. წყალსა და ნიადაგში მანგანუმის მიგრაციის, ხსნადობის, ტრანსლოკაციისა და ცოცხალ ორგანიზმებში ბიოაკუმულაციის თვისებიდან გამომდინარე (ეკოლოგიური ჯაჭვი), ამ მიდამოებში მდინარის გამოყენება სასმელ-სამეურნეო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სარეკრეაციო მიზნებისთვის დაუშვებელია. შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმის მწვავე და ქრონიკული მოწამვლა და მოსახლეობის ინტოქსიკაცია“.
თამუნა სამუშაო დღეებს ქალაქის თავზე, ერთ პატარა რკინის კონსტრუქციაში ატარებს. მშვიდობის მაღაროს გამცილებელია. ამ ადგილიდან კარგად ჩანს, სმოგსა და მტვერში გახვეული ჭიათურა. ქმარი ამავე მაღაროს მუშაა. ახლა დასვენება აქვს და სოფელშია წასული.
თამუნა ყვება, რომ ორივეს სუნთქვის პრობლემები აქვთ, ქმარს კი ბოლო ორი წელია გამუდმებით ახველებს.
„ახლა იყო ზუსტად გამოკვლევაზე, ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად, რატომ აქვს ასეთი გახშირებული ხველება, მაგრამ გადახედეთ ქალაქს ზემოდან, ჩემზე უკეთ ვერავინ ხედავს ყოველდღე, რა ეკოლოგიური მდგომარეობაა ჭიათურაში”, - ამბობს თამუნა.
იქვე მორიგეობიდან დაბრუნებული მაღაროელები იკრიბებიან და საბაგიროს მოლოდინში ერთ-ერთი მათგანი, ვასო წერეთელი ამბობს:
„ამას წინათ ჩემი ერთი მეგობარი შემხვდა, ბაქრაძეა გვარად, კარგი კაცია. ონკოლოგიური საავადმყოფოდან მოვდივარო, გულის პრობლემები მაქვსო. პენსიაზე გადის ერთ წელიწადში. სულ კარგად იყოს, მაგრამ ერთმანეთს გავეხუმრეთ - ჰა, კაცი პენსიის ასაკს ეღირსე და ახლა კვდები-მეთქი. მან კი მიპასუხა, ჩემნაირი ჩივილებით გუშინ ონკოლოგიურში 14 ჭიათურელი დავტოვეო. ხუმრობა იქით იყოს და მართლა სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს არაა მხოლოდ მტვრისა და მანგანუმით დაბინძურებული ჰაერის ბრალი, ესაა სისტემური ეკოლოგიური ჯაჭვის შედეგი, რომელიც ქალაქში დღეს და გუშინ არ დაწყებულა“, - ამბობს ვასო წერეთელი.
2011 წლის კვლევაში, რომელშიც ჭიათურაში მანგანუმის სამთო წარმოებასთან დაკავშირებული მეტალებით დაბინძურების, ეკოლოგიური და ადამიანის ჯანმრთელობის რისკების შეფასება მოხდა, წერია, რომ ადამიანის ორგანიზმში მანგანუმი, ძირითადად, სასუნთქი გზებით ხვდება. მანგანუმისა და მისი შენაერთების ქრონიკული ინჰალაცია, ძირითადად, სუნთქვის ორგანოებს და რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს. პოპულაციული კვლევით დგინდება, რომ ზედა სასუნთქი სისტემის დაავადებების - ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, ასევე ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზის გავრცელება მაღალია ჭიათურაში, სადაც, ძირითადად, თავმოყრილია მანგანუმის საბადოები. ამ დაავადებათა გავრცელება თითქმის 2-ჯერ მაღალია ქალაქში, ვიდრე მიმდებარე სოფლებში. გამოვლინდა ქოშინის მრავალი შემთხვევა, რაც შესაძლოა მანგანოკანუზს უკავშირდება.
პოპულაციური კვლევის შედეგად დაფიქსირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი რიცხვიც, ქალაქში 2-ჯერ მეტი, ვიდრე მიმდებარე სოფლებში. ნერვული სისტემის პრობლემები მაღალია 15-დან 45 წლის ასაკში.
კვლევაში ასევე წერია, რომ მანგანუმის ხანგრძლივი ზემოქმედება მამაკაცებში დაკავშირებულია სქესობრივი ლტოლვის შესუსტებასთან, ჭიათურაში გამოკითხულთა 8%-მა აღნიშნა, რომ მას დაქვეითებული აქვს სექსუალური სისტემა.
„ამბობენ, რომ ჭიათურაში გამოვლენილი დაავადებების საკითხი სპეკულაციურია, რადგან პირდაპირი კავშირი მანგანუმის მოპოვებასთან არ არსებობს. ესაა სასაცილო. მეტი რა დასტური უნდა, კვლევებიც ამბობს და ისედაც ცხადია, რომ ამ ინდუსტრიულ ქალაქში მადნის მოპოვება წლებია, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ დაგვპირდა, რომ ჰაერის გამწმენდ ნაგებობას გააკეთებდნენ, თუმცა ჯერ ნაბიჯები არ გადადგმულა“, - ამბობს „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი.
მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს „ლიბერალთან“ ჭიათურის გამგებელი, სულხან მახათაძეც და გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:
„ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ჭიათურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის რეგულაციების დაწესების ბერკეტი არ აქვს. გარემოს დაცვის სამინისტრომ, ჩემი აზრით, რეგულაციები და მონიტორინგი უნდა გაამკაცროს, კომპანიას რეკულტივაციის გეგმის მიხედვით მუშაობა აიძულოს. მომრავლდა შემთხვევები, როდესაც აქ მომუშავე კომპანიები მადანს უსისტემოდ მოიპოვებენ, ახალ-ახალ ტერიტორიებს ითვისებენ და ამას არავინ აკონტროლებს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სხვა ტერიტორიაზე გადასვლის უფლება, ძველი კარიერების რეკულტივაციის გარეშე. ასეულობით ჰექტარია დეგრადირებული. მესმის, რომ ბიზნესის განვითარება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუშვებელია ეს ქალაქის და აქ მცხოვრები ადამიანების ხარჯზე მოხდეს“, - აღნიშნავს ქალაქის გამგებელი.
2014 წლის აპრილში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო პირობები შეამოწმა. მათ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის მოცულობა 358 მილიონი ლარით შეფასდა. საქმე ფინანსურ პოლიციაშია გადაგზავნილი, რაზეც დღესაც მიმდინარეობს გამოძიება. ამ მომენტისთვის არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
„ვფიქრობ, პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მარტივი გზა ზუსტად ჯარიმებზე დაფუძნებული სანქციებია. მთავარია, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე იმუშაოს კომპანიასთან და მხოლოდ ფულადი კომპენსაციის დაწესებით არ იყოს დაკავებული“, - აცხადებს „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი.
ამ აზრს ჭიათურის გამგებელიც იზიარებს და ამბობს, რომ მთავარია, სამინისტრომ კომპანიას ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს.
გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის ერთადერთი მაკონტროლებელი ორგანოა და ქვეყანაში, წყლის, ჰაერის, წიაღისეულისა და ნიადაგის შესწავლა ევალება.
ნელი კორკოტაძე, მთავარი ინსპექტორი ამბობს, რომ ამ დროისათვის შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ რვა ღია კარიერის რეკულტივაციის გეგმაზე მუშაობენ.
„ვეთანხმები, რომ მადნის ღია კარიერული წესით ამოღება კომპანიას უფრო იაფი უჯდება და ეს გარემოს ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ დიდი ხნის დაწყებული პროცესია და თუ კომპანია ამაზე ზრუნვას დაიწყებს, გარწმუნებთ, გარემოს დიდი ზიანი არ მიადგება“, - ამბობს ქვეყნის მთავარი ინსპექტორი.
მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, დეპარტამენტმა რამდენიმე ქუჩაზე ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის შემცველობა გაზომა, მაგრამ: „ნორმების გადამეტება არ დაფიქსირებულა, თუმცა პროცესი არ გაჩერებულა და ჩვენ კიდევ ვსწავლობთ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს“.
„ლიბერალის“ შეკითხვაზე, ქალაქში არსებული დამტვერიანება უქმნის თუ არა მოსახლეობას ზიანს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია გვპასუხობს, რომ მოსახლეობის მოსაზრება მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დამოუკიდებელი ანალიზების მიხედვით, დამტვერიანება დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს.
"ჩვენთვის საინტერესო იქნება, თუ ხელთ გაქვთ სხვა, უახლესი, კომპეტენტური კვლევების მონაცემები, რომ არ დავეყრდნოთ მხოლოდ სახალხო მოსაზრებებს“.
საქართველოს ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიული ქალაქი მტვრისა და გამონაბოლქვის გამო მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია
რაც შეეხება ზედაპირული წყლებისა და მდინარე ყვირილას დაბინძურების საკითხს, კომპანია ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ გერმანულ კომპანია „ოლმინერალსთან“ ერთად დაასრულა ახალ გამამდიდრებელ კომბინატზე საპროექტო სამუშაოები და მზადყოფნა გამოთქვა 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაზე აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად:
„ეს პროექტი მომავალში მთლიანად გამორიცხავს მდინარე ყვირილაში შლამის ჩადინებას და მის დაბინძურებას. ვიმედოვნებთ, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან დროულად მოგვეცემა შესაბამისი ნებართვები, ახალი საწარმოს სამშენებლო საქმიანობის დასაწყებად”.
თუმცა, კომპანია სასმელი წყლის პრობლემებს აღიარებს და აცხადებს, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში გაკეთდება ჭიათურის წყალმომარაგების ახალი პროექტი და 2016 წლის ბოლოს დაიწყება სამუშაოები. ხოლო მანამდე, 15 დეკემბერს, დაიგეგმა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც შეთანხმდება, სამუშაოების რა ნაწილი იწარმოებს მანამდე:
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის აღდგენაში. ამის მაგალითია საკუთარი ფინანსური და ტექნიკური რესურსებით რამდენიმე სოფელში აღდგენილი წყალმომარაგება (რაც არ წარმოადგენდა კომპანიის ვალდებულებას)“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
ჭიათურაში გრძელდება მადნის მოპოვება. ქალაქი ისევ ჩვეულ რეჟიმშია - ერთი შეხედვით აქტიური და მოძრავი, სამსახურებში მიმავალი ხალხით გადატვირთული ქუჩებით. ზემოთ კი, სოფლებში უჩვეულო სიჩუმეა. დაცარიელებული, გაშავებული კორპუსები მტვერში გახვეულ ქალაქს გადმოჰყურებს. წლების განმავლობაში სახეშეცვლილი ყვირილაც კალაპოტს მორჩილად მიუყვება.