Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშობაო ბრინდიზი

22 დეკემბერი 2015
ნინო მაჩაიძის პირველი დიდი კონცერტი თბილისში

„სპექტაკლის შემდეგ ნინო მაჩაიძის თეატრიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია, რადგან შესასვლელთან მას უამრავი თაყვანისმცემელი ელოდება... არ არსებობს შეუცვლელი არტისტი, არსებობენ დაუვიწყარი არტისტები - ნინო მაჩაიძის დავიწყება შეუძლებელია. ბრწყინვალე ვოკალურ მონაცემებთან ერთად, მას არტისტიზმი და ის შეუდარებელი ქარიზმა აქვს, რაც მას უდავოდ ვარსკვლავად აქცევს", – „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ამგვარი შეფასება რომ მხოლოდ კარგად შეთხზული პიარი არ არის, მსმენელი თავად დარწმუნდებოდა თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული წინასაშობაო კონცერტით.  

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ-არტი“ (სცენარის ავტორი თეო  ჯორბენაძე, მხატვარი ვანო ჭელიძე, ინსტალაციის ავტორი ლევან კუხაშვილი) შეეცადნენ, რომ საშობაო კონცერტი აღიარებული ქართველი სოპრანოს მონაწილეობით მსმენელისთვის მსუბუქად საამო და მცირედ საგანმანათლებლოც ყოფილიყო. ამიტომ ცნობილ საოპერო არიებთან ერთად, რომელსაც ნინო მაჩაიძე ასრულებდა, დარბაზში მისულ მსმენელ-მაყურებელს დასავლური და ამერიკული პრესის ამონარიდებს აცნობდნენ. სცენის სიღრმეში დამონტაჟებულ ეკრანზე კი მომღერლის მონაწილეობით საოპერო სპექტაკლების ფრაგმენტებს უჩვენებდნენ.

ლამის კლიშედ ქცეული და ყველაზე ცნობილი მეტაფორა - „ოპერის ანჯელინა ჯოლი“ - ნინო მაჩაიძეს ავსტრიულმა პრესამ უწოდა. ეს 2008 წელს იყო, როდესაც ახალგაზრდა, ჯერ უცნობმა და საოცრად მომხიბლავმა მომღერალმა ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე, შარლ გუნოს ოპერაში „რომეო და ჯულიეტა“ მოდური და პოპულარული რუსი სოპრანო, ანა ნეტრებკო შეცვალა. სპექტაკლის რეჟისორმა, გერმანელმა იურგენ ფლიმმა კი მას ოცდამეერთე საუკუნის საოპერო ჯულიეტა უწოდა.

დღეს ნინო მაჩაიძე მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საოპერო სცენის სასურველია სტუმარია. მღერის ჯილდას ვერდის „რიგოლეტოში“, ადინას დონიცეტის „სიყვარულის ნექტარში“, ლაურეტას პუჩინის ოპერაში „ჯანი სკიკი“, მარის დონიცეტის „პოლკის ქალიშვილში“... მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებთან კონტაქტები უკვე რამდენიმე წლით ადრეა განსაზღვრული, ხოლო სტუდია „სონი კლასიკთან“ ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა.

თუმცა დავუბრუნდეთ თბილისურ კონცერტს, რომელიც ნინო მაჩაიძის თქმით, „ყველაზე საპასუხიმგებლო და ამავე დროს სასიამოვნო და ემოციური აღმოჩნდა“. კონცერტი ერთგვარი  მოთელვით დაიწყო: ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ოდნავ ფრთხილად და შენელებული ტემპით შეასრულა ფრაგმენტები ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მაკნატუნა“. ეკრანზე პროეცირებული დათოვლილი სახლები, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები, სანტა თავისი ირმებით, სწორედ რომ  საშობაო  განწყობას ქმნიდა. ამას მოჰყვა ჯულიეტას რომანსი გუნოს ოპერიდან, რომელიც ქართველი მომღერლისთვის ლამის სასცენო-სამარკო ნიშნად იქცა.

ნინო მაჩაიძეს მართლაც მსუბუქი, „მფრინავი“ და გამჭვირვალე ხმა აქვს; ძალდაუტანებლად ოპტიმისტური და ყველა რეგისტრში თანაბრად განაწილებული. ჯულიეტას არია (ალბათ, ჯილდას, ადინას და ლაურეტას არიებთან ერთად) მართლაც ყველაზე ზუსტად შეესაბამება მის ხასიათს, ხმის თავისებურებასა და შესაძლებლობებს. არანაკლებ ზუსტი აქცენტებით გამოირჩეოდა ლაურეტას ცნობილი არია - O, Mio Babbino Caro პუჩინის ოპერიდან „ჯანი სკიკი“, რომელიც სრულიად ლოგიკურად გადაიზარდა მიუზეტას ფრივოლურ-მოდარდიმანდო არიაში ოპერიდან „ბოჰემა“.

კონცერტს სრულიად სხვა დატვირთვა შესძინა ევროპაში უკვე მყარად ფეხადგმული ახალგაზრდა ქართველი მომღერლების - ოთარ ჯორჯიკიას (ტენორი), გოჩა აბულაძის (ბარიტონი) და მიხეილ ქირიას (ბარიტონი) მონაწილეობამ. ისინი საშობაო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისში, რათა საოპერო ვარსკვლავისთვის პარტნიორობა გაეწიათ. ოდნავ რთული, დამძიმებული, მაგრამ მაინც საინტერესო აღმოჩნდა იმპროვიზებული სცენა-დუეტი „ტრავიატადან“. 

სიმართლე ითქვას, ორივე დუეტი დონიცეტის „სიყვარულის ნექტარიდან“ - ოთარ ჯორჯიკიასათან (ნემორინო) და მიხეილ ქირიასთან (დულკამარა), ბევრად უფრო ეფექტურად და მომგებიანად ჟღერდა - მსუბუქად, ძალდაუტანებლად, ირონიულად... საერთოდ, ადინას პარტია ნინოს კარიერეაში ძალიან იღბლიანი გამოდგა, რაც სახელოვანმა პლასიდო დიმინგომაც არაერთხელ აღნიშნა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მომღერლების შესახებ. ოთარ ჯორჯიკიას ლირიკული, გულწრფელი ხმა და შესანიშნავი დიქცია იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი ქართველი ტენორი შეემატება ჩვენს ბედკრულ და სარემონტო სამუშაოებში „ჩაკარგულ“ საოპერო სცენას. არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მიხეილ ქირიამ მსუყე, სავსე და ძლიერი ხმითა და არტისტიზმით, რომელსაც „ბელ კანტოს“ რეპერტუარსა და როსინის ოპერებში შესანიშნავი პერსპექტივა აქვს. 

რაც შეეხება ბესის ცნობილ არიას Summertime გერშვინის ოპერიდან „პორგი და ბესი“, ეს უფრო კონცერტის მოხდენილ შოუელემენტს თუ პოპსამშვენისს ჰგავდა, ისევე როგორც, მარიასა და ტონის პოპულარული დუეტი - Tonight ბერნსტაინის ოპერიდან „ვესტსაიდური ამბავი“ (ტონის პარტიას ოთარ ჯორჯიკია მღეროდა). გრუბერის ძველისძველი, ცნობილი საშობაო საგალობელი, რომელიც ნინო მაჩაიძემ სტუდია „ანა-ბანას“ ბავშვთა შესანიშნავ გუნდთან ერთად შეასრულა, პუბლიკას წინასაშობაო განცდებს უსათუოდ გაუმძაფრებდა.

ფინალი მოსალოდნელად საზეიმო გამოდგა. „ბრინდიზი“ ვერდის „ტრავიატადან“ ნინო მაჩაიძემ მამაკაცთა ტრიოს თანაბრად გაუნაწილა. ამასობაში ნიკოლოზ რაჭველმა დირიჟორობას თავი ანება, სცენაზე აიჭრა და ვერდის თანხლებით დივასთან ვალსი იცეკვა....მოკლედ,  ყურისთვის საამო და თვალსასეირო ფინალი გამოცხვა. იმედია, ნინო მაჩაიძის პირველ დიდ კონცერტს თბილისში მალე მეორეც შეემატება. ახალი არიებითა და ნიჭიერი მომღერლებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^