ქუჩაში მიტოვებული ფისოების, სადარბაზოებსა თუ კიბის საფეხურების ქვეშ შეყუჟული კნუტების, ადამიანებისგან და ცხოველებისგან დაშავებული კატების გადარჩენა და მოვლა თავის თავზე რამდენიმე ადამიანმა აიღო. საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მიტოვებულ კატებზე ზრუნავს. ექვსი თვის განმავლობაში კლუბის წევრებმა 90-ამდე კატა შეიფარეს.
კართან ვიკი გვეგებება, უკანა ფეხები დაშავებული აქვს, ნახევარი ტანით მოწყვეტილს სიარული უჭირს. რამდენიმე თვის წინ ძაღლებმა დაკბინეს. გამვლელმა თავშესაფარში მოიყვანა. უმკურნალეს და მოუარეს. მიუხედავად ტრავმისა, ის თავშესაფრის ყველაზე მხიარული ბინადარია. ვიკის არც სანდრო ჩამორჩება. შავ-თეთრი ბეწვი აქვს. დაცქვეტილი ყურებით გვაკვირდება, მერე კი ადგილს ერთ-ერთი მომვლელის კალთაში იკავებს. სანდრო ქუჩაში ბავშვებმა სცემეს. მიუ ყველაზე გოროზია, ოთახში მედიდურად დააბიჯებს. ლეიბზე ერთმანეთზე მიწყობილი რამდენიმე ფისო ნებივრობს, დანარჩენები სკამებსა და მაგიდებზე თამაშობენ. თავშესაფარში, ერთ დიდ ოთახში, ოცამდე ფისო ცხოვრობს.
კატების სიყვარულმა რამდენიმე ადამიანი ჯერ ვირტუალურად გააერთიანა. სოციალური ქსელის დახმარებით ქუჩაში მიტოვებული ფისოების ამბები შეაგროვეს, რამდენიმე კნუტის მკურნალობა, გადარჩენა და გაჩუქება მოახერხეს. შემდეგ უფრო მეტის კეთება გადაწყვიტეს - შეიკრიბნენ და ორგანიზაციის შექმნის იდეაც გაჩნდა. ზაფხულში საქმიანობა უკვე ოფიციალურად დაიწყეს. თუმცა საერთო მიზნის - ქუჩის ფისოების გადარჩენის - გარდა, პირველ ეტაპზე არაფერი გააჩნდათ. კატებს გაჩუქებამდე მოვლა და პატრონობა სჭირდებოდათ, ამისთვის კი თავშესაფარი უნდა მოეძებნათ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მოულოდნელად მათ ოთახი დაუთმო, უფასოდ, მაგრამ დროებით. მეპატრონეს ოთახის გაქირავება უნდა, ამიტომ ადრე თუ გვიან ამ ადგილის დატოვება მოუწევთ. ამის წარმოდგენის ძალიან ეშინიათ, ამდენ კატასთან ერთად ვერსად წავლენ.
ნინი, ინგა და ბელა ფისომოყვარულთა კლუბის ერთგული წევრები არიან. თავშესაფარში კატებს ისინი უვლიან. ცარიელი ოთახი სახლებიდან მოტანილი ლეიბებით, ჭურჭლით, საჭირო ავეჯით და ფისოებისთვის დასაგები თბილი ნაჭრებით შეავსეს. თვენახევარი კარანტირი ჰქონდათ, ამიტომ ვერც ახალი ფისოები მიიღეს და ვერც ძველები გააჩუქეს.
ნინი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ტრავმირებულ, პაწაწინა და სამკურნალო ფისოებს ეხმარებიან, რადგან ქუჩაში მათი გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.
ფისომოყვარულთა კლუბი ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ადამიანის შემოწირულობების იმედად არსებობს. მედიკამენტებს, ფისოების საკვებს, ვეტერინარის მომსახურებას კლუბის წევრები საკუთარი ხარჯებით უმკლავდებიან.
„ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ფართი არ გვაქვს. იმ კარგ ადამიანს, რომელმაც ოთახი დაგვითმო, ხვალ ან ზეგ შეიძლება ის დასჭირდეს და გვითხრას - დაცალეთო. პირველ ეტაპზე ესაა ჩვენ ძირითადი პრობლემა. თუ თავშესაფარი არ გვექნება ამ ორგანიზაციის არსებობასაც აზრი ეკარგება. ფისოს გადარჩენას, მკურნალობას, გაშვილებას დროებით სადგომი სჭირდება, სადაც ის რეაბილიტაციას გაივლის“, - ამბობს ნინი რთველიაშვილი.
ბელა და ნინი ყოველდღე აქ არიან. სხვა საქმეები მიატოვეს. თავშესაფარში კატების მოვლა ბევრ დროს მოითხოვდა. ორი თვის განმავლობაში სანამ კატები პატარები იყვნენ, ღამეც აქ რჩებოდნენ. კნუტებს საწოვარათი კვებავდნენ.
რამდენიმე დღის წინ ცხოველების უფლებების დამცველები, მათ შორის ფისომოყვარულთა კლუბის წევრებიც, პროკურატურასთან შეიკრიბნენ. სისხლის სამართლის 259 მუხლის ამოქმედებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვით ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ჯარიმით ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაო ვადით ისჯება. როგორც კლუბის წევრები ამბობენ, ეს აქცია იყო გამოხმაურება რუსთავში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც სასტიკად ნაწამები და მოკლული კატა იპოვეს.
ნინი ამბობს, რომ ეს მუხლი ზოგადია და სამართალდამცველები მას არასდროს იყენებენ, შესაბამისად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევაზე ჯერ არავინ დასჯილა.
კლუბის წევრები კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას - ეს არის კატების სტერილიზაცია. ამბობენ, რომ ამაზე პასუხისმგებელი ცხოველთა მონიტორინგის სამსახური უნდა იყოს.
„ოციოდე ადამიანის იმედად ვართ, რომლებიც არასოდეს გვტოვებენ გაჭირვებაში. რაც მეტი შემოწირულობა იქნება, მით მეტი კატის სტერლიზაცია-კასტრაციას შევძლებთ, უფრო მეტი შეფარებული და გადარჩენილი ფისო გვეყოლება. ბევრი გვწერს, რომ რომელიღაც ფისოს დახმარება სჭირდება, მაგრამ ყველას ვერ ვეხმარებით, ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ გვაქვს“.
საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის დაარსების ინიციატორი კახა ფხაკაძეა. კლუბი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ახალი წევრებისთვის სხვადასხვა სასაჩუქრე ბარათები და აქციები აქვთ. კლუბის პარტნიორია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია. ყველა ინფორმაციას წევრების, გასაჩუქებელი კატების თუ ღონისძიებების შესახებ კლუბის ვებ-გვერდი www.catsclub.org გვაწვდის. ისევ აქტიურია ფისომოყვარულთა ჯგუფი და გვერდი Facebook-ზე.
კლუბის წევრები არიან ნიკო და მიშოც, რომლებიც თავშესაფარში კატების ზრუნვაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ, ოთახს ალაგებენ და ფისოებს უვლიან.
კლუბის წევრები ამბობენ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანებს კატების მოვლის და მათი ჯანმრთელობის შესახებ; გააგებინონ, რომ კატის ჯიშებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ გაამახვილებენ და მეტისებიც აიყვანონ.
„ჯიშის შესახებ მითები გვინდა დავანგრიოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშისაა კატა, ერთნაირად თბილი და საყვარელია ყველა ფისო. მოდით და აიყვანეთ თავშესაფრიდან, ნუ იყიდი - აიყვანე!“
ბელა მაღრაძე იხსენებს, რომ ერთხელ სპარსული ჯიშის კატა ნანგრევებში მხოლოდ იმიტომ მიატოვეს, რომ კანქვეშა ტკიპა აღმოაჩნდა, რისი განკურნებაც შესაძლებელია.
„როგორც კი დაავადების გამო პრობლემას აწყდებიან, ადამიანები ცხოველს მაშინვე სახლიდან აგდებენ, საშინელებაა. სპარსული კატა მისმა პატრონმა ასე უგულოდ მიატოვა. მანამდე ის მისი ოჯახის წევრი იყო. მაგრამ მთელი პრობლემაც ეს არის, რომ ადამიანები ცხოველებს ნივთად აღიქვამენ და გასართობად უნდათ. როგორც კი ამ კატის შესახებ გავიგეთ, მოვძებნეთ და თავშესაფარში მოვიყვანეთ. ვუმკურნალეთ და გამოჯანმრთელდა“, - ამბობს ბელა.
სულ ახლახან მწერალთა სახლში მწერალი ვასო გულეური ბავშვებს ხვდებოდა. იქ კატებიც წაიყვანეს. ბავშვებმა საინტერესო ისტორიები მოისმინეს ცხოველებზე, თავშესაფრის კატები გაიცნეს. კლუბის წევრები ამბობენ, რომ ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ, რომ კატების მოფერების საშუალება მიეცათ, რადგან, როგორც წესი, მშობლები ამას უშლიან ხოლმე.
გოგოები ამბობენ, რომ მათი კატებისადმი ზრუნვა სწორედ სახლში გაზრდილი ფისოების სიყვარულით დაიწყო. ნინი იხსენებს, როგორ აჭმევდა ეზოს კატებს და სახლშიც რამდენიმე ჰყავდა.
ინგა სოხაძეს ადრე ძაღლები უყვარდა. ერთხელაც ეზოში კნუტი იპოვა. სახლში უთხრეს გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ პაწაწინა, აბუზული კნუტი სიცივეში ქუჩაში დასატოვებლად ვერ გაიმეტა. პაკო დაარქვა. ამის შემდეგ კატები განსაკუთრებით შეუყვარდა. ერთი კატა სამსახურშიც ჰყავს შეკედლებული.
წინასაახალწლოდ, 26 დეკემბერს, თავშესაფარში აქციაა დაგეგმილი, სადაც თავშესაფრის დასახმარებლად მხატვრების, ფოტოგრაფების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, გაჩუქდება ფისოებიც.
კლუბის წევრებს იმედი აქვთ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება, ორგანიზაციას წევრებიც შეემატება და მოხალისეებიც გამოჩნდებიან.
საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბს შემოწირულობების მისაღებად საბანკო ანგარიშიც აქვს გახსნილი. თავშესაფრის დახმარების მსურველებს შეუძლიათ სასურველი თანხა მითითებულ ანგარიშზე გადარიცხონ - მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი ს/კ: 400150322 საქართველოს ბანკი ბანკის კოდი -BAGAGE22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE60BG0000000786573700 /GEL emoney- 384 031 379