როგორ აშუქებს ქართული მედია განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და რამდენად პრიორიტეტულია განათლებაა ქართული მედიისთვის?
ნაწილობრივ ამ შეკითხვებს პასუხობს კვლევები, რომლებშიც საქართველოში მედიის მიერ განათლების საკითხების გაშუქების საკითხია შესწავლილი.
ერთ-ერთი უახლესი კვლევა 2015 წელს ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა ჩაატარა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა. ინტერვიუები სხვადასხვა მედიასაშუალებებში გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან აიღეს. გამოკითხულთა შორის იყვნენ როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ მედიაში მომუშავე ადამიანები. კვლევაში განათლების სექტორის არასახელისუფლო წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
საგულისხმოა, რომ კვლევის ყველა მონაწილის აზრით, განათლება მედიისთვის პრიორიტეტული არაა.
მედია ძირითადად აშუქებს გამოცდების (სასერთიფიკაციო, სასკოლო დამამთავრებელი, ეროვნული გამოცდები) მიმდინარეობის პროცესს, მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. ასევე ნიუსის ფორმატში განიხილავს ოფიციალური ინსტიტუციების აქტივობებს. აქტიურად შუქდება სკანდალური ხასიათის ფაქტები. ეს რეაქციები მედიის მხრიდან, როგორც წესი, ფრაგმენტულია, ერთჯერადი და არ არის ორიენტირებული საკითხის სიღრმისეულ შესწავლაზე.
“თუ განათლებასთან დაკავშირებული საკითხი არ ატარებს ერთმნიშვნელოვნად სკანდალურ ხასიათს, ის თითქმის ვერასოდეს ხვდება საინფორმაციო გამოშვებების პირველ ან მეორე ბლოკში”, - ვკითხულობთ კვლევაში.
განათლების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული ტენდენციები მედიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით 2012 წელს ჟურნალისტმა მაკა ჯაიანმაც შეისწავლა.
კვლევის ფარგლებში 6 ტელევიზია და 5 გაზეთის მასალები გაანალიზდა.
2012 წლის კვლევის შედეგები 2015 წლის კვლევის შედეგებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, მათი მიგნებები თითქმის იდენტურია. (2012 წლის კვლევა რაოდენობრივია, 2015 წლის კი - თვისებრივი.) 2012 წლის კვლევის მიხედვით, ქართული მედია განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს საშუალო სიხშირით აშუქებდა და ძირითადად სფეროში მომხდარი ახალი ამბებით შემოიფარგლებოდა. იშვიათობას წარმოადგენდა სრულფასოვანი მოკვლევითი ხასიათის ნამუშევრები.
რა უშლის ხელს ქართულ მედიაში განათლებასთან დაკავშირებული საკითხების ჯეროვან გაშუქებას? რატომ არაა მედიისთვის საინტერესო განათლების ხარისხთან და რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები?
ერთ-ერთი მიზეზი, კვლევაში მონაწილე რესპოდენტების თქმით, განათლების სამინისტროს პასიურობაა, რომელიც ვერ ახერხებს განათლების პრიორიტეტულ ღირებულად წარმოჩენას.
მეტიც - კვლევის მონაწილეთა აზრით, განათლების სამინისტროს ზოგჯერ ისიც კი არ შეუძლია, განათლების სფეროში განვითარებული ცვლილებების დროს თავი ანგარიშგასაწევ და კომპეტენტურ მხარედ წარმოაჩინოს.
კვლევის რამდენიმე მონაწილემ მაგალითად საგან “მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებული პროცესი მოიტანა, როდესაც საპატრიარქოს გავლენით საგნის სტანდარტში ცვლილებები შევიდა.
“სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების აზრით, ამ დისკურსში განათლების სამინისტრო ფაქტობრივად არ ჩანდა და რა დოზითაც ჩანდა, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იყო ქვეყნის ძირითადი რელიგიური ერთობის მორჩილი და ორიენტირებული იყო არ შესულიყო საპატრიარქოსთან პოლემიკაში, რაც მის ნაკლებ პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაზე მეტყველებს”, - ვკითხულობთ კვლევაში.
ოფიციალური სტრუქტურების პასიურობის გარდა, ხელისშემშლელ ბარიერებს შორისაა კვალიფიციური ჟურნალისტების დეფიციტი, ისეთების, რომლებიც შეძლებენ განათლების საკითხების სიღრმისეულ შესწავლას და სწორი აქცენტების დასმას.
“ქართული მედიის მესვეურებს კი ასეთი კადრების გაზრდაში რესურსის ჩადება, ამ ეტაპზე, არარენტაბელურად და ნაკლებ აქტუალურად მიაჩნიათ, რადგანაც არსებული მეინსტრიმი - პოლიტიკა, კრიმინალი, ლარის კურსი და ა.შ. მათი არხების რეიტინგულობას ისედაც უზრუნველყოფს”, - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, განათლების საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის ჟურნალისტთა მომზადებაზე უმაღლესი განათლების დაწესებულებებმაც უნდა იზრუნონ.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, მომავალი ჟურნალისტები სასწავლო პროცესში იღებდნენ ამა თუ იმ დარგის ჯეროვანი გაშუქებისთვის საჭირო ინფორმაციას და ეუფლებოდნენ შესაბამის უნარებს.
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემა თავად იმ ჯგუფების სიმწირეა, რომლებიც განათლების საკითხებზე მუშაობენ და რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი განათლების საკითხების პრიორიტეტად წარმოჩენა უნდა იყოს.
“ფაქტობრივად კვლევის ყველა რესპონდენტი აყალიბებდა იდენტურ აზრს - წარმოუდგენელია საზოგადოებას დავაბრალოთ პასიურობა. საზოგადოება აპრიორი დაინტერესებულია იმით, რომ განთლების სფერო იყოს პრიორიტეტული და შესაბამისად აქტუალურიც ქართული მედიისთვის. საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის დაინტერესებული მხარე, მოსწავლე, სტუდენტი, მშობელი, მასწავლებელი, ლექტორი და ა.შ. პროცესში ჩართული თითოეული სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ/გასცენ ისეთი განათლება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. საზოგადოების გააქტიურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ის თემები, ჯგუფები, ორგანიზაციები, რომლებიც განათლების სფეროზე მუშაობენ ”, - ნათქვამია კვლევაში.
ჟურნალისტი ია ანთაძის აზრი ქართულ მედიაში განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით ემთხვევა კვლევის შედეგებს - ის ფიქრობთ, რომ ქართული მედია ზედაპირულად აშუქებს არა მხოლოდ განათლების სფეროს საკითხებს, არამედ სხვა საკითხებსაც, რომლებსაც სპეციალური ცოდნა სჭირდება.
“განათლების სისტემა მრავალსეგმენტიანია და იმისთვის, რომ ჟურნალისტმა სიღრმისეულად გააშუქოს სასკოლო ან საუნივერსიტეტო განათლების საკითხები, მას ექსპერტული ცოდნის შეძენა მოუწევს. ეს კი სერიოზულ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული მედია ფინანსური რესურსის სიმწირეს არ უჩივის, ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი იდება ექსპერტული ცოდნის შეძენაში“, - ამბობს ია ანთაძე. მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან „ყვითელ“, ზედაპირულ გაშუქებაზე მეტი მოთხოვნაა, ვიდრე სიღრმისეულ მასალებზე. ამიტომ, „ყვითელი“ პროდუქტის შემქმნელი ჟურნალისტები დღეს ბევრად წარმატებული არიან, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც სიღრმისეულ ჟურნალისტიკას ჰქმნიან.
“წარმატების დასტურად, როგორც წესი, რეიტინგების მონაცემები მოჰყავთ. თუმცა, რეიტინგის გარდა, პროფესიულ მედიას კიდევ ბევრი სხვა ინტერესი უნდა ჰქონდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების, მათ შორის, განათლების სფეროს პრობლემების გაშუქება მედიის ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი მედია თავისთავად გააჩენს ნამდვილ კონკურენციას და, შესაბამისად, ინტერესს სიღრმისეული გაშუქების მიმართ“, - ამბობს ია ანთაძე.
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ მედია განათლების საკითხებით არ ინტერესდება, რადგან ამ მიმართულებით არც აღმასრულებელი ხელისუფლება, არც პარტიები არ აქტიურობენ. ასევე ფიქრობს, რომ მედიაში იშვიათია ადამიანი, ვინც მიზანმიმართულად მუშაობს განათლების საკითხებზე.
“შესაბამისად, ნებისმიერი გადაცემა თუ სიუჟეტი გაკეთებულია დილეტანტების მიერ, მომზადების გარეშე. ამ სფეროში არც ჟურნალისტებს და არც რედაქტორებს საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნიათ. მედიას ორმაგი როლი აქვს. ერთი, მას შეუძლია განათლების პრობლემებისა და შესაძლო გამოსავლების განხილვა და, მეორე, მას შეუძლია თავად ჰქონდეს საგანმანათლებლო როლი. სამწუხაროდ, პრობლემა ორივე მიმართულებით გვაქვს”, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში მედია პოლარიზებული და უკიდურესად პოლიტიზირებულია.
“მედიამ უნდა აუხსნას მოსახლეობას რომ განათლების კუთხით არსებული პრობელმები ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილია. რომ განათლებაა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.” - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
“წესით ქვეყანაში, სადაც 560 000 მოსწავლე, 100000 სტუდენტი, მათი მშობლები, 60 0000 მასწავლებელი და 10 000-მდე პროფესორ-მასწავლებელია, განათლების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მიმზიდველი უნდა იყოს. თუმცა, როგორც ჩანს, განათლების საკითხებზე ან საგანმანათლებლო პროდუქტებზე დაბალი მოთხოვნა და მიწოდებაც შესაბამისია “, - ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე.
შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ მედიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში განათლების რეფორმის საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ზოგჯერ, მედიის მიერ არასწორად გაშუქებამ და საზოგადოებრივი აზრის შექმნამ, განათლების რეფორმა შესაძლოა დააზარალოს კიდეც.
“ამის მაგალითად სულ მახსენდება დირექტორების არჩევნები და ყბადაღებული „ლოტოტრონი", რომლის არასიღრმისეულმა გაშუქებამ გამოიწვია ამ რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი აზრის მთლიანად ნეგატიურად ფორმირება.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ კარგი იქნება, თუ მედიაში განათლებას დიდი ადგილი დაეთმობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პროფესიონალი, ამ სფეროზე ორიენტირებული და განსწავლული ჟურნალისტების მიერ, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, რეალურად შეაფასოს ამა თუ იმ რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
2014 წლის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით (NDI )
სამ მნიშვნელოვან რეფორმას შორის, რომელიც ქვეყანაში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ხალხი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების რეფორმებს ასახელებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების გარეშეც ცხადია, რომ განათლება ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ათასწლეულის განვითარების კორპორაციისგან საშუალო და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის 140-მილიონიანი გრანტი მიიღო.
საქართველოს მთავრობასთან 140-მილიონდოლარიანი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებისას, როგორც გრანტის გამცემმა, ისე მიმღებმა მხარეებმა განცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძირითად დაბრკოლებას ადამიანური კაპიტალის ხარისხი წარმოადგენს და რომ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები ქვეყნის შემდგომი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
თუმცა გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, როგორც ჩანს, ვერც ხელისუფლებისთვის და ვერც მედიისთვის განათლების რეფორმა პრიორიტეტული მაინც ვერ გახდა.
p.s
კვლევა განახორციელა კომპანია ეი-სი-თიმ კოალიციის განათლება ყველასათვის - საქართველო დაკვეთით, კამპანიის "აირჩიე განათლება" ფარგლებში.
კოალიციამ განათლება ყველასათვის - საქართველო 2015 წლის გაზაფხულზე წამოიწყო კამპანია "აირჩიე განათლება", რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მხრიდან განათლების აღიარებას ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ დარგად, აღიარებული პრიორიტეტის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას და განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას.