საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის შემდეგ სულ უფრო ხშირად გამოიყენება არასაპატიმრო სასჯელები. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მოწყვლადი ჯგუფისთვის, როგორიც შშმ პირებია, ასევე ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვის დედებისთვის ალტერნატიული სასჯელები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათთან მიმართებაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება კანონით აკრძალულია. საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციამ დისკრიმინაციულად მიიჩნია ეს საკანონმდებლო ნორმა და შესაბამისი კანონპროექტი მოამზადა.
ქართული კანონმდებლობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას ნიშნავს. მას სასამართლო 40-დან 800 საათამდე ვადით ნიშნავს. თუმცა დღის განმავლობაში სამუშაო საათების რაოდენობა 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს. შრომის სახესა და ადგილს კი პრობაციის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ეს შეიძლება იყოს მუშაობა დასუფთავების სამსახურში, გამწვანებაზე, მშენებლობაზე და ა.შ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებისთვის დამსაქმებელსა და პრობაციის ეროვნულ ბიუროს შორის იდება ხელშეკრულება. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს თავად პრობაციის ბიურო აკონტროლებს.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა პირს როგორც დამატებით, ისე ძირითად სასჯელად შეიძლება დაეკისროს. კანონით, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 5 დღეს უდრის.
ბოლო პერიოდში სასჯელის სახედ იზრდება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების შემთხვევები. სასჯელაღსრულების სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა - 2012 წელს 72 პირს, 2013 წელს - 260-ს, 2014 წელს - 272-ს, 2015 წლის ივლისამდე - 332-ს.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, როგორც არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლი არეგულირებს. მისი მეოთხე ნაწილი კი იმ პირთა სიას ადგენს, რომელთათვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება არ შეიძლება. მათ შორის არიან ორსული ქალები; ქალები, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები (ასეთია საკანონმდებლო ჩანაწერი) და სამხედრო მოსამსახურე.
აღნიშნულ ნორმას საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაცია დისკრიმინაციულს უწოდებს. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა კანჯარაძე „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, ამის გამოსასწორებლად უკვე შექმნეს შესაბამისი კანონპროექტი და პარლამენტსაც წარუდგინეს.
საკანონმდებლო ცვლილება, გარდა სამხედრო მოსამსახურისა, ყველას მიმართ ითვალისწინებს შეზღუდვის მოხსნას. კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ორსულებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დედებისთვის, მათი მდგომარეობისა და შვილების მიმართ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა დაწესებულებაში მათთვის ცალკე საცხოვრებელი და ჩვეულებრივი მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებია, დედებს შვილებთან დაშორება მაინც უწევთ - როცა ბავშვი 3 წლის ხდება, მას სახლში უშვებენ. რამდენიმეწლიანი განშორება კი დედისა და შვილების ურთიერთობებში აჩენს გაუცხოებას. მათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა იმ პერიოდში უწევთ, როცა ეს ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მცირეწლოვანი ბავშვები და მათი დედები ერთმანეთის მიმართ უპირობო მიჯაჭვულობას განიცდიან.
„ჩვენი ორგანიზაცია მსჯავრდებულ ქალებთან მუშაობს. ძირითადი მიმართულება ოჯახებთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ხელშეწყობაა. წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ოჯახთან კავშირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავიდან ოჯახის მხარდაჭერაც რომ ჰქონდეთ, გაწყვეტილი კონტაქტის ახლიდან აწყობა ძალიან რთულია. გაუცხოების მომენტია, ბავშვი გაზრდილია. ყველაფერი თავიდან იწყება და კავშირები წყდება. რესოციალიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს კავშირები არ გაწყდება“,- ამბობს ანა კანჯარაძე.
საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, გამოკითხული 141 ქალი მსჯავრდებულიდან 64%-ს შვილი ჰყავს, მათგან 33%-ს არასრულწლოვანი.
ანა კანჯარაძის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობისას მათ მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა განიხილეს, თუმცა მსგავსი შეზღუდვა, სომხეთისა და აზერბაიჯანის კანონმდებლობის გარდა, არსად შეხვედრიათ. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ კანონის ეს ნაწილი პოსტსაბჭოთა გადმონაშთია. მიზეზი კი ისაა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან ასოცირდებოდა. კანჯარაძის განმარტებით, იგივე არგუმენტი ჰქონდათ მათთან შეხვედრისას პრობაციის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებსაც.
„როცა ამ თემაზე დისკუსია გვქონდა, მათი იურისტის მხრიდან იყო ასეთი შეკითხვა - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ფეხმძიმე ქალი ფიზიკურად მუშაობდეს? მივდივართ იქითკენ, რომ მათ მეტი სამუშაო ადგილის მოპოვება დასჭირდებათ. ჩემი აზრია, რომ მათი ეს არგუმენტი სამუშაო ადგილების მოძიებასთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნავს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
თავად პრობაციის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა „ლიბერალთან“ საუბარზე უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ის მათ უნდა აღასრულონ და არ უნდათ, რომ სამუშაო პროცესში კითხვის ნიშანი გაჩნდეს. თუმცა მათი არგუმენტი მით უფრო გაუგებარია იმის ფონზე, რომ ამა თუ იმ უწყების ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებს ხშირად მოსამართლეები აფასებენ, თუმცა არავის უჩნდება განცდა, რომ მათი დამტკიცების შემთხვევაში მოსამართლეები მათ არ გამოიყენებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონში არსადაა ჩანაწერი, თუ რა სახის შრომა შეიძლება დაეკისროს მსჯავრდებულს, ცხადია, პრობაციის ეროვნულ ბიუროს შეუძლია, ორსულ ქალებსა და მცირეწლოვანი ბავშვის დედებს შესაბამისი სამუშაო მოუძებნოს, რომელშიც მათი შესაძლებლობები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მეტი არჩევანი ექნება და თავად გადაწყვეტს, რომელი სჯობს კონკრეტულ შემთხვევაში. ქალები კი მათთვის და მათი შვილებისთვის მნიშვნელოვან წლებს არა ციხეში, არამედ შვილების გვერდით გაატარებენ, თან ისე, რომ სასჯელსაც მოიხდიან.
ევროპული სტანდარტების მიხედვით, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო არ უნდა იყოს ღირსებისთვის დამამცირებელი. ის მსჯავრდებულის საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვაზე საუბრობს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ცირა ჭანტურიაც. მისი თქმით, ყოფილა პრეცედენტი, როცა მსჯავრდებულს ინტელექტუალური სამუშაოს შესრულება დაევალა და არა დასუფთავებაში მუშაობა, ამიტომ ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი შვილის მშობელი დედებისთვის ადეკვატური სამსახურის პოვნა სრულიად რეალურია.
„ამით პატიმრობის უარყოფითი მხარეები და მავნე შედეგები თავიდან იქნება აცილებული. ჩვენ ვიცით ბევრი ქალი, რომელიც სასჯელს იხდის და სასამართლოს მთელი რიგი გარემოებები არ გაუთვალისწინებია, მაშინ როცა შეიძლებოდა, რომ მოსამართლეს ქალების სამზრუნველო ვალდებულებები გაეთვალისწინებინა და თუნდაც გადაევადებინა სასჯელის მოხდა“.
რაც შეეხება შშმ პირებს, მათთვის ამ შეზღუდვის გაუქმებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ციხეები მათთვის თითქმის არაა ადაპტირებული. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები თავიანთ ანგარიშებში არაერთხელ აღნიშნავენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია. იქ არათუ შშმ მსჯავრდებულთა ხელშეწყობაზე არ ზრუნავენ, მათი ზუსტი რაოდენობაც კი არ იციან. შესაბამისად, შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სასჯელი მათთვის შესაფერისი საქმის კეთებით მოიხადონ და არა ციხეში, სადაც ისედაც შეზღუდული შესაძლებლობები არაადაპტირებული გარემოს გამო კიდევ უფრო ეზღუდებათ.