განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თბილისის #130 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაასრულა.
დეპარტამენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, სკოლას წერილობითი გაფრთხილება მიეცეს.
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს #130-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ მის შვილს თანაკლასელმა გაკვეთილზე კანის ფერის გამო შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია. მომდევნო დღესვე სამინისტროს შიდა აუდიტმა ფაქტის მოკვლევა დაიწყო.
დასკვნის თანახმად, უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე პირების ახსნა-განმარტებების შეჯერებით ირკვევა, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი და სიტყვიერი დაპირისპირება გაკვეთილზე დაიწყო, რითაც დაირღვა სკოლის მოქმედი შინაგანაწესის 33-ე მუხლი, რაც დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს. მასწავლებელმა დაპირისპირებული მოსწავლეები კლასიდან გააძევა. ამგვარად ისინი ყოველგვარი მეთვალყურის გარეშე დერეფანში აღმოჩნდნენ, რასაც შესაძლოა კონფლიქტის გაგრძელება და კიდევ უფრო გამწვავება გამოეწვია.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნულით დარღვეულია "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.
გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სკოლის შინაგანაწესიც, რომლის თანახმადაც მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტი უნდა ეცნობოს მანდატურს და დირექტორის მოადგილეს, რათა მოსწავლე არ დარჩეს მეთვალყურეობის გარეშე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ სიტყვიერი დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე მშობელს, რუსა ამირეჯიბსა, და იმ მოსწავლეს შორის გაგრძელდა, რომელსაც ამირეჯიბის შვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ სკოლის შიდაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების ჯეროვნად დაცვის შემთხვევაში, აღნიშნული დაპირისპირება თავიდან იქნებოდა აცილებული. კერძოდ, სკოლის მოქმედი შინაგანაწესით სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დირექციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია სკოლის შენობაში გარეშე პირთა შესვლა. მოსწავლეების მშობლების მიღების დღე პარასკევია. სხვა დღეებში მშობლებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, დირექციასთან შეთანხმების გარეშე სკოლის შენობაში თავისუფალი გადაადგილება ეზღუდებათ.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსწავლის მშობელი სკოლაში 2015 წლის 9 ნოემბერს, ორშაბათ დღეს იმყოფებოდა. მისი სკოლაში ყოფნა არ იყო შეთანხმებული სკოლის დირექციასთან. სკოლის დღის დარაჯმა დაადასტურა, რომ მშობელი სკოლაში მისი თანხმობით, სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე შევიდა.
შიდა აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საკითხის გარკვევა და მასზე რეაგირება სკოლის შინაგანაწესის დისციპლინური დევნისთვის დადგენილი პროცედურების დაცვით უნდა მომხდარიყო და არა მოსწავლესა და მასთან დაპირისპირებაში მყოფი სხვა მოსწავლის მშობელს შორის ვითარების ზეპირად გარკვევით.
დასკვნაში ნათქვამია, რომ სკოლას უნდა დაევალოს მითითებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში შიდა აუდიტის დეპარტამენტში ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მოსწავლეს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება.
შესაბამისად, აუდიტის დასკვნით, სკოლას უნდა დაევალოს დამატებითი ღონისძიებების გატარება და მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციისა და რასიზმის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ასევე, სკოლის თანამშრომლების ინფორმირება სავარაუდო დისკრიმინაციის/რასიზმის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობის შესახებ.
სკოლაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო. როგორც "ლიბერალს" აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს, მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა.