მოარული ჭორის თანახმად, ბათუმის ბრიტანელმა გუბერნატორმა, ჯეიმს კუკ-კოლისმა ჯარისკაცული პირდაპირობით ჰკითხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს -დამფუძნებელი კრების დეპუტატ მუხრან ხოჭოლავას: თქვენ მენშევიკები და ბოლშევიკები ხომ ორივე სოციალისტები ხართ და გამაგებინეთ, რა განსხვავებაა თქვენს შორის? ხოჭოლავამ სხარტად გადაწყვიტა, რომ სამხედროსთან პოლიტიკურ იდეებზე მოკლედ საუბარი არ გამოვიდოდა და უპასუხა: როგორც მუსიკაშია ორი ჰანგი -ჰარმონია და კაკაფონია ისეთივე -ჩვენ ჰარმონია ვართო.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოჩენილი გამარჯვებული მხარის -ბრიტანული არმიის სარდლობისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პირველი კონტაქტი და კომუნიკაცია რთული და ხისტი იყო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ურთიერთობა ცივილურ და დიპლომატიურ რელსებზე გადაეწყო.
თბილისში ბრიტანული არმიის ბინადრობა დიდხანს არ დარჩენილა ქალაქის მეხსიერებაში; შოტლანდიელი „კაბიანი ჯარისკაცებით“, მათი გუდასტვირით, ჩალმიანი სიპაებით გაკვირვება, ინგლისელი ოფიცრების მექალთანეობა და დემონსტრაციული ქედმაღლობა ქალაქური ლაზღანდარობის სიუჟეტებში დაილექა და იშვიათად თუ გადაიქცა მხატვრული ნაწარმოებების სიუჟეტების ნაწილად და ისიც, როგორც უცნაური და მძიმე დროების სიმბოლოდ:
ვიღაცას ლანდი
ვიღაცას ლანდს
გულმოსული ებაასება:
საქმე ის არი,
რომ სასახლეში,
სადაც ახლა
პროფსაბჭო არის,
სადაც მუშისგან
მუშებისთვის
წყდება კითხვები,
უცერემონიოდ
გადმოეფინათ
ინგლისელებს
სველი ნიფხვები.
ალბათ, ამას
დემონსტრაციის
სახე თუ ჰქონდა,
თორემ ცივ ზამთარში,
ისიც შუაღამისას,
სოველ ნიფხვებს
რა გააშრობდა?
შემდგომ წლებში საბჭოთა პროპაგანდა გამუდმებით ცდილობდა საქართველოში ბრიტანული მისიის და არმიის მოქმედება მუქ ფერებში დაეხატა: მათი სახით პირსისხლიანი და ხარბი იმპერიალისტი ინტერვენტები წარმოედგინა, რომლებიც დაუკითხავად პარპაშებდნენ ქვეყანაში და თავიანთ ნებაზე ატრიალებდნენ „მენშევიკების“ უსუსურ, უპრინციპო და მოლაქუცე მთავრობას.
თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისში ბრიტანული არმიის და დიპლომატიური წარმომადგენლობის გამოჩენისა და განთავსების პროცესზე დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ კომუნიკაციის ორივე მხარეს ცივილიზებული სახელმწიფოები იდგნენ, რომლებიც პირველ რიგში კანონს და სამართალს აფასებდნენ, ძალების პროპორციის მიუხედავად.
ბრიტანული არმიის დაზვერვის შტაბი ამიერკავკასიაში. ( ეროვნული არქივი).
დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ 1919 წლის აპრილიდან დაიწყო შესაბამისი შენობის შერჩევა თბილისში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასურველი სახლების სია გადაუგზავნა, თუმცა ყველა მათგანზე დასაბუთებული უარი მიიღო; ამ დროისათვის ქალაქში საბინაო კრიზისი მძვინვარებდა და როგორც იტყოდნენ „ხალხი პირდაპირ ქუჩაში ეყარა“, ყოფილი მეფის რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში კი დამოუკიდებელი რესპუბლიკის უწყებები ასხდნენ ერთმანეთს. მოთხოვნილი შენობებიდან პეტრე დიდის ქუჩის #14-ში უკვე საერობო ბიურო იყო შესახლებული, ამავე ქუჩის #8 სახლში, სადაც თავადვე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო განთავსებული, სასურველ მე-4 სართულზე განათლების სამინისტრო იყო შეხიზნული, პასკევიჩის ქუჩის #1-ში კი ყოფილი საგუბერნიო სამმართველოს ლიკვიდაცია მიმდინარეობდა. ბრიტანეთის მისიის გამუდმებულმა შეხსენებებმა გაჭრა და ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა, სამინისტრო პასკევიჩის (ამჟამინდელი ქიქოძის) #1 სახლის გადაცემაზე დაჰყაბულდა, თუმცა მისიას საკუთარი საბარგო ავტომობილის ამუშავება მოუწია, რომ შენობიდან საგუბერნიო სამმართველოს არქივი დროულად გადაეტანათ და ფართი გამოეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, მაისიდან, ბრიტანელები შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუმეზობლდნენ, თუმცა მასთან უფრო ახლოს სამინისტროს უშიშროების სამსახური - საგანგებო რაზმი დასახლდა, რომელიც ქალაქში უსაფრთხოების გარანტიც იყო და ფხიზელი თვალიც უცხო სახელმწიფოს სამხედრო კორპუსის გარშემო.
ბრიტანული 27-ე დივიზიის შტაბი და სარდალიც სოლოლაკიდან შორს არ წასულან და, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის შესაბამისად, რტიშჩევის (ამჟამინდელი იაშვილის) ქუჩის #7 სახლში თავად არღუთინსკი-დოლგორუკოვის მდგმურები გახდნენ.
ბრიტანულმა არმიის სამხედრო პოლიციამ სასტუმრო მაჟესტიკის პირველი სართული შეარჩია სამოქმედოდ. არმიის შტაბის დაზვერვის სამსახური ბედის ირონიით, საპასუხოდ, სერგის ქუჩის (ამჟამინდელი მაჩაბლის) #9 სახლში განთავსდა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს -ნოე რამიშვილს გაუმეზობლდა.
ბრიტანული არმიის სამხედრო პოლიცია ყოფილ სასტუმრო მაჟესტიკში. ( ეროვნული არქივი).
ინგლისელების თბილისური „არდადეგების“ ყველაზე უცნაური კვალი, რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, მათი მთავარი მოძულეების -ბოლშევიკების წყალობით შენარჩუნდა თბილისში. 18-წლიანი ლანძღვის შემდეგ, 1938 წლისათვის, როდესაც მსოფლიო მომავალი კატასტროფისა და ძალთა გადაჯგუფების მოლოდინში იყო, საბჭოთა კავშირმა ევროპული ანტიფაშისტური ბანაკის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიური მანევრების ფარგლებში მათი „ვალების გასტუმრება“ -მათ შორის, რეკვიზირებული საკუთრების საკითხებზე მოლაპარაკება და კომპენსაციის გადაცემა დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში თბილისის ქალაქის აღმასკომმა არსენალის ხევის გაღმა, ყოფილი სომხური სემინარიის უკან, ბრიტანული არმიის ჯარისკაცების საძმო სასაფლაო მოძებნა და კაპიტალურად გაამაგრა.
დროთა განმავლობაში სასაფლაო დასახლებამ შეავიწროვა. საბჭოთა კონსტრუქციებიც მოინჯღრა და კვალი წაიშალა, თუმცა მომიჯნავე ოჯახმა უკვე საკუთარ ეზოში მოქცეული ნაკვეთი მაინც ხელუხლებლად შეინარჩუნა.
2000 წლისათვის ოჯახმა ბრიტანეთის საელჩოს სასაფლაოს არსებობა შეახსენა და ბრიტანეთის სამხედრო სასაფლაოების კომისიამ საირმის ქუჩის #7-ის ეზოში მემორიალი განაახლა.
ყოველწლიურად, 11 ნოემბრის უახლოეს კვირადღეს, თბილისში, დავით მჭედლიშვილის ეზოში ბრიტანული არმიის, სამეფო ფლოტისა და ინდოეთის არმიის უცნობ ჯარისკაცებს იხსენებენ, რომლებიც პირველი, არნახულად სასტიკი ომის ქარცეცხლმა თბილისში გამორიყა და სამუდამოდ აქ დაასახლა.