Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღმოსავლური პასეანსი

24 დეკემბერი 2015

„ტერორისტების არმიის“ თავდასხმა - ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, თანამემამულეებისადმი ერთ-ერთ პირველ სატელევიზიო მიმართვაში 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტები. თავდასხმების სერია „სიყვარულის ქალაქში“, ტერაქტი ლიბანის დედაქალაქში და რუსული სამგზავრო ლაინერის აფეთქება ეგვიპტეში - სამივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავის თავზე სირიასა და ერაყში მოქმედმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ექსტრემისტები ტაქტიკას ცვლიან. ამის თქმა ჯერ ნაადრევია. უცნობია, კონკრეტულად სად დაიგეგმა თავდასხმები, ჰქონდათ თუ არა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბოროტმოქმედებს მუდმივი კავშირი სირიაში მყოფ თანამებრძოლებთან? იყო თუ არა ტერაქტები დაჯგუფების ლიდერებთან შეთანხმებული? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა ის, რომ ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ და უფრო მძაფრად აჩენს კითხვის ნიშნებს უსაფრთხოების მოქმედი სისტემის მდგრადობასა და ეფექტიან ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების დროს ცხადად გამოჩნდა.

საფრანგეთში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ აშკარა გახდა ისიც, რომ ევროპას საფრთხეს არა მხოლოდ სირიელი და ერაყელი ექსტრემისტები, არამედ მათი მხარდამჭერი ევროკავშირის მოქალაქეებიც უქმნიან. როგორც აღმოჩნდა, პარიზის ტერაქტების შემსრულებელთა უმეტესობას ევროპული პასპორტი ჰქონდა. ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასაც „ისლამური სახელმწიფო“ ეგვიპტელი მომხრეების გარეშე, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდა.

„ევროპის პასუხი“

2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც ტერორისტებმა აშშ-ში მასშტაბური თავდასხმები მოაწყვეს, ვაშინგტონმა ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლის ამოქმედება მოითხოვა, რაც კოლექტიური თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას გულისხმობს. შედეგად, ავღანეთში მოქმედ „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ოპერაციაში აშშ-თან ერთად ევროპელი მოკავშირეებიც ჩაერთვნენ, რაც საბოლოოდ ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების გაგზავნით დასრულდა. 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ, საფრანგეთის ლიდერის ემოციურ სატელევიზიო გამოსვლას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც მან „ისლამური სახელმწიფო“ საფრანგეთისთვის ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა, ბევრი ელოდებოდა, რომ ოლანდი ასევე მოითხოვდა მოკავშირეებისგან დახმარებას.

ეს კი თავისთავად არ გამორიცხავდა სირიასა და ერაყში მოქმედ ექსტრემისტებთან საბრძოლველად NAთO-ს, და მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების, ჩართვის შესაძლებლობას. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ავღანეთისა და ერაყის წარსულის გათვალისწინებით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას, ამ ეტაპზე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. NAთO-ს გამოჩენა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც უკვე მოქმედებს რუსეთი, სირიაში ვითარებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავდა. საბოლოოდ პარიზმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად სამხედრო დახმარება ევროკავშირს სთხოვა. ორგანიზაციის სადამფუძნებლო შეთანხმების მუხლი - 42.7 ისტორიაში პირველად ამოქმედდა, თუმცა, რადგან ევროკავშირს ერთობლივი სამხედრო დანაყოფები არ ჰყავს, პარიზმა სამხედრო დახმარება ორგანიზაციის წევრებთან ორმხივი შეთანხმების საფუძველზე მიიღო.

საფრანგეთი ევროპელი კოლეგებისგან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც მოითხოვს. ევროკომისიაში ასევე ალაპარკდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ევროპული ანალოგის შექმნაზეც, თუმცა ამ იდეას ორგანიზაციის წევრების ნაწილი, და მათ შორის გერმანიაც, სკეპტიციზმით შეხვდა. ბებერ კონტინენტზე ტერორისტების შემოსვლის აღსაკვეთად ევროპაში ასევე შეთანხმდნენ „შენგენის ზონის“ წევრი სახელმწიფოების საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე.

„შეუმდგარი კოალიცია“

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი, ფართო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით, საფრანგეთის ლიდერი ერთი კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შეხვდა, თუმცა ოლანდის „დიპლომატიური მარათონი“ კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. მართალია, სიმბოლური, მაგრამ პრაქტიკული დახმარება პარიზმა მხოლოდ გერმანიისგან მიიღო. ბერლინი სირიაში მზვერავ თვითმფრინავებს, ერთ სამხედრო გემს და 1200 ჯარისკაცს გაგზავნის, რომლებიც მისიის კომპონენტების კოორდინირებულ მოქმედებას უზრუნველყოფენ. ასევე ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ მყოფ ფრანგ სამხედროებს საშუალება ექნებათ, გერმანული თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაციით ისარგებლონ. პარიზს სირიაში ექსტრემისტების პოზიციებზე ავიაიერიშების დაწყებას დაჰპირდნენ ლონდონში. ამისთვის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას პარლამენტში ხანგრძლივი დებატების გამართვა მოუწია, თუმცა საბოლოოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ბრიტანული ავიაცია მაინც ჩაერთო. ჯერ საუბარია სულ 10 ბრიტანულ მოიერიშეზე. ვაშინგტონში ჩასულ ოლანდს კი ანტიტერორისტული კოალიციის ნაცვლად, რუსეთ-თურქეთის დავის შესახებ მოუწია საუბარი. თურქული ავიაციის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდება ბარაკ ობამასთან შეხვედრის მთავარი თემა გახდა. რაც შეეხება მოსკოვს, პუტინი და ოლანდი შეთანხმდნენ, რომ რუსული ავიაცია მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებსა და ინფრასტრუქტურას დაბომბავს. პარიზმა და მოსკოვმა სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ხშირად გაცვლაზეც მოილაპარაკეს, თუმცა, როგორც კრემლში პრესკონფერენციაზე გაირკვა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომავალ ბედზე მხარეები კვლავ ვერ თანხმდებიან.

პუტინი ანტიტერორისტულ ოპერაციაში მთავარ მოკავშირედ კვლავ სირიის მოქმედ ლიდერს განიხილავს. მოულოდნელი აღმოჩნდა ოლანდის ტურნეს დასასრულს პარიზში გაკეთებული ზოგიერთი შეფასებაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სირიასა და ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საშუალება არ აქვთ, ამიტომ „დაეშის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის პარიზი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიასთან თანამშრომლობას განიხილავს. საფრანგეთის მიერ დიპლომატიურ ასპარეზზე წარმოებულ სამუშაოსაც ბოლომდე წარმატებულს ვერ უწოდებ. მართალია, 20 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალი ტერორისტული საფრთხის „თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად“ „ნებისმიერი საჭირო ზომის“ მიღებას ითვალისწინებს, მაგრამ დოკუმენტში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ინტერვენციის ნებართვა ნახსენები არ არის.

ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თხოვნა საფრანგეთს არც თავად სირიისგან მიუღია. ამას გარდა, იქნება თუ არა სასურველი შედეგის მომტანი მხოლოდ სამხედრო საჰაერო ოპერაციის გაძლიერება რთული სათქმელია. 2014 წლის ივნისიდან ტერორისტების პოზიციებზე, სირიასა და ერაყში, დაახლოებით 8000 ავიაიერიში მიიტანეს. რამდენიმე ქალაქის გათავისუფლებაც მოხერხდა, თუმცა ექსტრემისტები შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებას სწრაფადვე ახერხებენ. მათ შეამცირეს მებრძოლთა ქვედანყოფების გადაადგილება, სარგებლობენ არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ტრანსპორტით და პოზიციებს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებთან ახლოს ამაგრებენ. სამხედრო ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თითქმის წარმოუდგენელია. საბრძოლო ოპერაციას კი 150 ათასი ჯარისკაცი მაინც დასჭირდება.

„ბრძოლის ველი - სირია“

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ეფექტიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად სანდო და ძლიერი პარტნიორის პოვნა უშუალოდ ბრძოლის ველზეც არ არის იოლი. ამჟამად სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების გარდა, რამდენიმე ძალა მოქმედებს, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. მათ შორის არიან პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები - ე.წ. ამბოხებულები. მხოლოდ „თავისუფალი სირიის არმია“ დაახლოებით 70 ათასზე მეტ მეომარს ითვლის. მათი მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის დამხობაა. ამიტომ საფრანგეთისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის თხოვნით ალიანსი სირიის პრეზიდენტის არმიასთან, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს იბრძვიან ქურთ მებრძოლთა ქვედაყოფებიც, თუმცა მათი იარაღით მომარაგების წინააღმდეგ გამოდის თურქეთი. ანკარაში შიშობენ, რომ სირიაში წარმატებული ოპერაციის შემთხვევაში, ქურთები სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, სირიისა და ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მოქმედებენ შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები. ლატაკიის პროვინციასა და საპორტო ქალაქ ტარტუსში კი რუსული ბაზებია გახსნილი. ბრიტანული „თაიმსის“ ცნობით, უახლოეს ხანში კრემლი კიდევ ერთი ავიაბაზის მოწყობას გეგმავს ჰომსის პროვინციაშიც. საგულისხმოა ისიც, რომ სირიის ლიდერ ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო, რუსეთს თავდასხმებით არა მხოლოდ ექსტრემისტები, არამედ ე.წ. მეამბოხეების ნაწილიც დაემუქრა. თავის მხრივ, პენტაგონი ერაყში სპეციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნას აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ მათ გარკვეული ოპერაციების წარმოება სირიის ტერიტორიაზეც მოუწიოთ. რადიკალურად განსახვავებული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების სიმრავლე, კონფლიქტში ჩართული მხარეების მიზნები და პოლიტიკური თუ სამხედრო ალიანსები სრულფასოვანი სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

სირიაში მიმდინარე დაპირისპირება დღითი დღე სულ უფრო მეტად ემსგავსება „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის, აშშ-ის თუ სხვა ძლიერი სახელმწიფოების ე.წ. „მარიონეტულ ომებს“. ისეთ კონფლიქტებს, რომელშიც გავლენიანი ქვეყნები უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, თუმცა ადგილობრივ შეიარაღებულ მებრძოლთა ჯგუფებს მფარველობდნენ. სირიის შემთხვევაში ძლიერი სახელმწიფოების გარდა, პირადი, ხშირად საკმაოდ ვიწრო ინტერესები თავად დაპირისპირებულ მხარეებსაც აქვთ. ეს კი სამოქალაქო ომის გაჭიანურებას იწვევს, რაც ყველაზე მეტად ექსტრემისტებს აწყობთ.

თურქული „გასაღები“

სირიის კონფლიქტის დასრულებასა და „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალი საფრთხის შემცირების მხრივ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება თურქეთს, რომელიც სირიასთან 900-კილომეტრიან საზღვარს იყოფს. თურქეთი უკვე დიდი ხანია იქცა ტერორისტებისათვის ე.წ. „სატრანზიტო ქვეყნად“. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთში, სირიასა და ერაყში მოქმედ ექსტრემისტებთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 2014 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ან ქვეყნიდან გააძევეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ათასზე მეტი უცხოელი. NAთO-მ და აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა ანკარას სირიასთან საზღვარზე კონტროლის გაძლიერებისკენ და ამ კუთხით დახმარებაც შესთავაზა. თავის მხრივ თურქეთი სირიაში ე.წ. ბუფერული არასაფრენი ზონის შექმნის იდეით გამოდიოდა, თუმცა 24 ნოემბერს თურქული ავიაციის მიერ საზღვრის დამრღვევი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ეს ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან რუსეთმა სირიაში თანამედროვე საზენიტო სარაკეტო სისტემები განალაგა.

„აღმოსავლური პასეანსი“

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პარიზში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები ახალგაზრდა მუსლიმების რადიკალიზაციაზე აქტიურად მსჯელობენ. მთავარ მიზეზად რელიგიურ მოტივთან ერთად, მძიმე სოციალურ ფონსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში გატარებულ პოლიტიკასაც ასახლებენ. 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის გარეშე ერაყი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა, რეალობა კი განსხვავებული აღმოჩნდა. ერაყში სამოქალაქო ომი დაიწყო. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები ეგვიპტეშიც, სადაც „არაბული გაზაფხულისა“ და ჰოსნი მუბარაქის გადაყენების შემდეგ არჩევნებში მოძრაობა „მუსლიმთა საძმომ“ გაიმარჯვა, თუმცა ეგვიპტის პირველმა დემოკრატიული გზით არჩეულმა პრეზიდენტმა ისლამური კონსტიტუციის მიღება განიზრახა, საპასუხოდ კი სახალხო მღელვარება და სამხედრო გადატრიალება მიიღო.

ქვეყნის ახალმა მმართველებმა „მუსლიმთა საძმო“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს და მისი წევრები დააპატიმრეს. „არაბული გაზაფხული“ ლიბიასა და იემენში სისხლისღვრით დასრულდა. ეს ყველაფერი მომგებიანი აღმოჩნდა რადიკალური ისლამის მიმდევრებისთვის, რომლებმაც დასავლეთის დაპირებული დემოკრატია ფუჭ ოცნებად მონათლეს და პოლიტიკური ცვლილებებით უკმაყოფილო ახალგაზრდებს მათ რიგებში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს. დღეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერების უმეტესობა სირიის პრეზიდენტის წასვლის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამჯერად ხისტი ნაბიჯებისგან თავს იკავებენ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება სირიაში ასადის წასვლის შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^