Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალები წინწყაროდან

13 იანვარი 2016

მარნეულიდან რამდენიმე წუთის სავალზე სოფელი წინწყაროა. აზერბაიჯანელები, ქართველები, ბერძნები, ეკომიგრანტები აჭარიდან და სვანეთიდან, დევნილები ზემო აფხაზეთიდან - სოფელში 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მთავარი ქუჩა, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს, ცარიელია. დიდი ხნის შემდეგ პირველი შემოდგომაა, როცა ამ გზაზე ავი ძაღლების თანხლებით საძოვრებიდან ცხვრებს არ მოერეკებიან.

სოფლის ცენტრში სათემო ფონდ „კოდორის“ ოფისია. წინათ აქ მაღაზია იყო, მერე ადგილობრივებს ჩაიხანის გახსნა უნდოდათ, მაგრამ საბოლოოდ შენობის რამდენიმე ოთახი სოფლის ქალებმა იყიდეს, ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა მოაწყვეს. თვითონაც აქვე იკრიბებიან, წერენ პროექტებს, განცხადებებს, გეგმავენ შეხვედრებს, ეძებენ პრობლემების გადაჭრის გზებს, ეხმარებიან სკოლას, საბავშვო ბაღს და აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სოფლისთვის შეუძლიათ.

სათემო ფონდს ნორა გურჩიანი და ნელი ანსიანი ხელმძღვანელობენ. უკვე სამი წელია, ფონდი სოფელ წინწყაროში მცხოვრებ რამდენიმე ქალს და ახალგაზრდების ჯგუფს აერთიანებს.

„მივხვდით, რომ, თუკი ჩვენ არ ამოვიღებდით ხმას, არ გავაგებინებდით სხვებს ჩვენს შესახებ, ისე არაფერი შეიცვლებოდა. ვხედავდით, რომ პრობლემა, რაც ჩვენს ოჯახებს აწუხებდა, საერთო იყო სოფლისთვის, იგივე აწუხებდა დევნილ, აზერბაიჯანელ თუ ეკომიგრანტ ოჯახს. ამიტომ საერთო პრობლემების მოგვარებით დავიწყეთ“, _ ამბობს ნორა გურჩიანი.

მანამდე იყო ომი. ნორა დევნილია. 2008 წელს, კოდორის დაბომბვის შემდეგ ზემო აფხაზეთიდან ათეულობით ოჯახი გამოიქცა. მათ შორის იყო ნორას ოჯახიც. რამდენიმე თვე დევნილებისთვის გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში გაატარეს, შემდეგ წინწყაროში დასახლება შესთავაზეს. ფიქრობდნენ, რომ სოფლის მეურნეობისთვის ეს უკეთესი ადგილი იყო, უმუშევრობისას ოჯახისთვის სამყოფ საკვებს მაინც მოიწევდნენ. თავდაპირველად სოფელში 29 ოჯახი ჩაასახლეს, შემდეგ კიდევ რამდენიმე. კოდორიდან დევნილია ნელი ანსიანიც.

სახლები, სადაც ცხოვრობენ, ოდესღაც ბერძნებს ეკუთვნოდათ. სოფელი ოცი წლის წინ დატოვეს. ახლა ეს სახლები დევნილთა სამინისტროს საკუთრებაა.

სოფლის მცხოვრებლებს საწუხარი არ აკლდათ. სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობა. გაზი, რომელიც წლებია, დაპირებების ნუსხაშია. ცხვრის ფარა გზაზე და მისგან მთელ სოფელს მოდებული ანტისანიტარია. სკოლა, სადაც ბავშვებს არც გათბობა აქვთ და არც სველი წერტილები. დაუკანონებელი სახლები, რის გამოც დევნილებს სხვადასხვა სირთულე ექმნებათ.

ერთ დღესაც ნელი მორიგ განცხადებას წერდა, როცა ფონდ „ტასოს“ მისამართს გადააწყდა. ნახა, რომ ფონდი სოფლებში, დევნილთა დასახლებებში აქტიურად მუშაობდა. დაუკავშირდა. მას შემდეგ ფოდი "ტასო" და "გაეროს ქალთა ორგანიზაცია" თემის მუდმივი გულშემატკივრები გახდნენ. მათგან ბევრი რამ ისწავლეს. თავდაპირველად რამდენიმე საინიციატივო და თვითდახმარების ჯგუფი ჩამოაყალიბეს, სადაც ქალებთან ერთად ახალგაზრდებიც გაერთიანდნენ. ახლა ამბობენ, რომ დიდი მოთმინების და შრომის ფასად ყველაფერს გაუმკლავდნენ, პროექტების წერაც ისწავლეს და სოფელში გამოკითხვების ჩატარებაც.

„პირველ რიგში, აქ რომ ვცხოვრობთ, ეს უნდა დაგვეტყო სოფლისთვის. დასუფთავების აქციები მოვაწყვეთ. თითქმის მთელი სოფელი გამოვიდა. ქუჩები, მთავარი გზა, სკოლის და ეკლესიის მიდამოები დავასუფთავეთ“, _ ამბობს ნორა გურჩიანი.

მერე სოფელი ჩამოიარეს, ოჯახები გამოკითხეს და პირველადი პრობლემები გამოყვეს.

გზა ცხვრებისთვის _ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სოფელს განსაკუთრებით აწუხებდა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ორ-ორი თვე ყოველდღიურად საძოვარზე მიმავალი ასიათასობით ცხვარი სოფელზე გადიოდა. მთავარ ქუჩაზე, სადაც საბავშვო ბაღიცაა და სახლებს შორის მოქცეული გზა - არც ისე ფართო, ცხვრების გასაფანტი ადგილი არ რჩებოდა, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანას თუ, უბრალოდ, სოფლის „მარშუტკას“ საათობით უნდა ეცადა, სანამ ფარა სოფელს ჩაივლიდა. უკან კი მტვერი და ძაღლებისგან დაკბენილი ადამიანები რჩებოდნენ. სოფელში კარგად ესმოდათ, რომ მწყემსებიც ცუდ დღეში იყვნენ, შემოვლითი გზა არ არსებობდა, ამიტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ალტერნატიული გზის გაკეთებას სთხოვდნენ.

„ვერ დავიბრალებთ, რომ ის გზა ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ, ვასახელებდით სხვა პრობლემებთან ერთად. ეს საკითხი ძალიან გვაწუხებდა. განცხადებები შევიტანეთ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში. საბოლოოდ, ორგანიზაცია „მერსი ქორფისა“ და რაიონის თანადაფინანსებით, ალტერნატიული გზა გაკეთდა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემოდგომას ცხვრის ფარას არ ჩამოუვლია. არავის სჯეროდა, რომ ეს გაკეთდებოდა, ეგონათ, სულ ასე უნდა ევლო ამ ცხვარს. ჩვენ კი ვერ შევეგუეთ, არ ვიჯერებდით, რომ ამის შეცვლა შეუძლებელი იყო“, - ამბობს ნორა გურჩიანი.

სოფლის სკოლაში ოთხასამდე ბავშვი სწავლობს. ავარიულ შენობას რეაბილიტაცია სჭირდება. სველი წერტილები მოშორებით, ეზოს ბოლოში დგას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლაში სიარული განსაკუთრებით უჭირთ, მით უმეტეს - ზამთარში. ქალები წუხან, სკოლის ამბავს ყველგან ჰყვებიან. განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ სკოლის რემონტი 2016 წელსაა ჩანიშნული. ამის იმედად ვერ იქნებიან. უკვე ზამთარია, ამიტომ ცდილობენ, საკუთარი სახსრებით და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სკოლაში გათბობის პრობლემა მაინც მოაგვარონ.

სოფელში ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებლის დაკანონების საკითხი აწუხებთ. სახლები, სადაც ცხოვრობენ, მათი არ არის. ამის გამო გაზის შეყვანასაც ვერ ახერხებენ. სოფელში გაზიფიცირება გაჭიანურდა. ბუნებრივი აირი სოფლის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. დანარჩენები შეშით თბებიან. ნელი ანსიანი ოთხი წელია, გამგეობასა და სახელმწიფო უწყებებში განცხადებებს გზავნის, მაგრამ, როგორც ამბობს, პასუხი ვერ მიიღო.

„ლიბერალი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ წინწყაროში ჩასახლებულ დევნილებს სახლები წლის ბოლომდე დაუკანონდებათ.

2013 წელს ქალებმა სათემო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. ნორასთან და ნელისთან ერთად ფონდში კიდევ ორი ქალი მუშაობს.

წინწყაროს სათემო ფონდში ამბობენ, რომ სოფელში არსებულ თითქმის ყველა პრობლემას ეხებიან, ნაწილის მოგვარებას ახერხებენ, ნაწილისას ვერა, თუმცა ძალისხმევას არ იშურებენ.

სოფლის საბავშვო ბაღისთვის, სადაც არც ისე ცოტა ბავშვი დადის, ორი ოთახი საკმარისი არ იყო, ბავშვებს თამაშისთვის სივრცე არ ჰყოფნიდათ. ქალებმა მოახერხეს, სათამაშოებსა და ინვენტართან ერთად ბაღისთვის დამატებით ერთი ოთახიც იყიდეს.

მერე სოფლის ამბულატორიაშიც შეიარეს და იკითხეს, რა სჭირდებოდათ. მცირე თანხა მის მოწყობაზეც გამოყვეს. მეზობელი სოფლის ახალგაზრდების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის საკრავები და ინტრუმენტები შეიძინეს. ამჟამად სოფელში სკვერის მოწყობაზე მუშაობენ.

წიგნის წასაღებად თუ კომპიუტერთან სამუშაოდ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ხშირად ფონდის ოფისში დადიან. ერთი ოთახი შეხვედრების დარბაზს უჭირავს, სადაც ახალგაზრდები და სოფლის მცხოვრებლები იკრიბებიან. ფონდში ახალგაზრდულ ჯგუფს ნანა სტეფლიანი ხელმძღვანელობს. ოფისი ფონდ „ტასოს“ და „საქართველოს კარიტასის“ დახმარებით იყიდეს. ამბობენ, რომ ახლა ეს ადგილი საგანმანათლებლო ცენტრად იქცა. ეთნიკური უმცირესობების ადა ეკომიგრანტებისთვის კომპიუტერის შემსწავლელი კურსებისა და ქართული ენის წრის გახსნასაც აპირებენ. ქალები აქ თითქმის ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, პარტნიორებთან კონტაქტს ინარჩუნებენ. ოფისისთვის სამზარეულოსთან ერთად რამდენიმე ლეიბიც შეიძინეს. ამბობენ, რომ სოფელში თუ ვინმეს დასჭირდება, ფონდს მათი შეფარებაც შეუძლია.

ნორას, ნელის და სხვა ქალების ძალისხმევით, ერთ პატარა სოფელში, რომლის სახელიც დანარჩენ ქვეყანას მხოლოდ სიმღერას ახსენებს, სადაც, ათეული წლის განმავლობაში უცვლელ სოფლის ცხოვრებას, თავისი გადაუჭრელი პრობლემებით თითქოს ყველა შეეგუა, ქალები სახლებიდან გამოვიდნენ. გააცნობიერეს, რომ მათ დასახმარებლად არავინ გამოჩნდებოდა, თვითონ უნდა მიეწვდინათ ხმა სხვებისთვის, თავიანთი, შვილების, ქმრების, მეზობლების ცხოვრების შესაცვლელად.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^