წლევანდელი წელი ხომ რაგბისა იყო. ამ ომებსა და უბედურებაში, სამყაროს ალმოდებულ ალაგებში რომ ყოველდღიურობად იქცა, ტერორსა და ურჩხულთა გამოღვიძებაში, რაგბის მსოფლიო თასმა ისეთი დღესასწაული შექმნა, რომელიც, ალბათ, ბევრისთვის იყო სულის მოსაბრუნებელი და გასახარელი ამბავი.
ამ საქმეში საქართველოს რაგბის ნაკრებიც გაერია და თავისი უკეთესობით და წინსვლით კიდევ ერთხელ შეახსენა თავის ქვეყანას, რომ შეუძლია ხალხისა და ქვეყნისთვის მყარ და სამუდამო საყრდენად იქცეს, არა მხოლოდ როგორც სპორტი და სანახაობა, არამედ, როგორც ცხოვრების სტილი, ერთგვარი ადათი და აღზრდის ერთ-ერთი საქვეყნოდ მიღებული საშუალება.
რაგბი, ალბათ, ერთადერთი თამაშია დედამიწის ზურგზე, სადაც წაგება მაინცდამაინც წაგებას არ ნიშნავს და სადაც დამარცხებულის უნარებსა და ღირსებას ისეთივე ინტერესით გაჩხრეკენ, როგორც გამარჯვებულისას და თავად დამარცხებულიც, დამარცხებულისთვის თანამდევი ჩვეული განცდებით კი არ ტოვებს მინდორს, არამედ დახარჯული, ვალმოხდილი და მომავლის იმედით სავსე.
შეჯიბრებისთვის მოულოდნელი ამგვარი თვისება რაგბის მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ გუნდურ თამაშთაგან ის ერთადერთია, რომელშიც ერთობის გარეშე არაფერი გამოვა.
ნამდვილ ბრძოლაშიც კი, ომსა და ბათქაბუთქში, არც თუ პატიოსნებით შეპყრობილ ჯარისკაცს შეუძლია თავი შეინახოს, ისე იბრძოლოს, რომ ხიფათს მოერიდოს და გამარჯვების თანამონაწილედაც ისე იგრძნოს თავი, როგორც სხვებმა, თავდადებულებმა. და მეტიც, ჯილდოც კი დაიმსახუროს.
რაგბიში კი ამგვარი რამ არ გამოვა, რადგან ამ თამაშის აუცილებელი პირობა ერთობაა. ისეთ რთულ თამაშებშიც კი, როგორიც ფეხბურთია, მოთამაშეს შეუძლია ამგვარი ჯარისკაცივით მოიქცეს, ან კიდევ უბრალოდ ითქვას, რომ მას „თამაში არ წაუვიდა“, გუნდმა კი მაინც მიაღწიოს თავისას, გაიმარჯვოს.
რაგბიში ეს ამბავი, ალბათ, პირიქითაა. ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს, შევიდეს ხშირად წინასწარ ცხადად წასაგებ ბრძოლაში და სახელი და დიდებაც ამით დაიგდოს. გაიმარჯვებს თუ დამარცხდება რაგბის მოთამაშე, ის ერთი განწყობით შედის თამაშში. ეს არის ერთიანობის, უპირობო ურთიერთდახმარების, ერთმანეთის გატანის სული. თუ ეს სული არ არის, რაგბიც არ არის.
კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ ეს ყველაფერი რაგბიში ისე ცხადად ჩანს, მაყურებელს ხშირად უფრო გაიტაცებს ხოლმე, ვიდრე თავად თამაში. ალბათ, რაგბი საუკეთესო სკოლაა ახალგაზრდებისთვის. შესაძლოა, სპორტის სხვა სახეობებს მეტი არტისტიზმი ჰქონდეს, მეტად აჩვენებდეს მოზარდის ნიჭს, მასში ჩართულმა ბავშვმა მეტი სიმსუბუქე, წარმოსახვა, იმპროვიზაცია გამოავლინოს, მეტადაც გაერთოს მასში ჩაბმული ბიჭი, ან გოგო, მაგრამ არც ერთი ამ სპორტთაგანი ისე მკვეთრად არ გააღვიძებს, არ ჩამოქნის და სამუდამოდ არ დატოვებს ყმაწვილის გულსა და გონებაში ძმობის, ერთობის, თანადგომის შესაშურ თვისებებს, როგორც რაგბი.
ეს თამაში, სკოლაა. ეს აუცილებელი სასკოლო თამაშია. არც ერთი სხვა თამაში არ არის ამგვარი ხარისხის სკოლა. კი, ყველას აქვს თავისი, ყველა, ასე თუ ისე, ზემოქმედებს ხასიათსა და აღზრდაზე, მაგრამ ასე მკვეთრად, ასე სამუდამოდ, ასე საინტერესოდ - არც ერთი. ვისაც თუნდაც შორიახლოს გაუვლია სარაგბო თემთან, ეს კარგად იცის.
იმ დროიდანაც კი, როცა რაგბი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ამ თემის თამაში იყო და რაღაც ახირებულ გატაცებად აღიქმებოდა, რომელშიც ახალგაზრდებს, თითქოსდა სიამოვნებთ ტალახში გორაობა და ერთმანეთის თავ-პირის ლეწვა. დედათა მხრიდან დღესაც ხშირად გაისმის, რომ ბავშვს დასალეწად არ გაიმეტებენ, თუმცა ეს მაინც უკვე საბოლოოდ ჩავლილი ამბავია.
რაგბი საქართველოში საქვეყნო თამაშად იქცა და ის ამ ქვეყნის ერთ-ერთი სახეა. ალბათ, ყველაზე ცნობადი სახეც. როგორ მოახერხა ამ თამაშმა ის, რომ ხალხის გულებში აფრთხიალდა, საიდუმლო არ არის და წინ, ალბათ, მეტი და მეტი იქნება. მთელ ამ მომაბეზრებელ თხრობას რომ შევეშვათ, არ ვიცი, როგორ და რა ხერხებით, მაგრამ გადასარევი იქნებოდა, რაგბის სკოლის კარი შეეღო, მეტიც, ჩვენი დავიწროებული და გარაჟებადქცეული ეზოებიც შეევსო.
სახელმწიფო პროგრამა ჰქვია ამას, თუ რაც ჰქვია, დიდებული კი იქნებოდა, სკოლაში მათემატიკასთან ერთად რაგბიც გაგვევლო. უმეტესად ასეა იქ, სადაც რაგბი დიადი და ეროვნული თამაშია და ჩვენთან რაგბის ეტყობა, რომ დიადი და ნამდვილი ეროვნული თამაში უნდა გახდეს მყარად და სამუდამოდ, ხოლო ოვალურმა ბურთმა სრულიად მოულოდნელ ადგილებში გაიფრინოს ჩვენს თვალწინ.
ჰოდა, ასე მგონია, რომ რაგბი სასკოლო თამაში უნდა გახდეს.
ალბათ, ხარჯიანი საქმეა და ძნელიც. ამ ქალაქში ფეხის ჩასადგმელი ადგილიც არ დატოვეს, მაგრამ საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და მინდორიც და ლაღი ადგილიც ბევრგანაა. ხარჯიანი, თუმცა შედეგი დიდებული იქნება. მაინცდამაინც სპორტული კი არა, საქვეყნო, იმიტომ, რომ რაგბი თავადაა სკოლა. ჰოდა, მოგვეტანა ეს სკოლა სკოლაში.
რა ვიცი. საშვილიშვილო ამბავი იქნებოდა.
რაგბი არის ღონიერი კაცების თამაში. ამ კაცებს ბურთი ხელში უჭირავთ. უკან კი იმდენი რამე დგას, რომ იმაზე თვალის არიდება, დიდი ფუფუნება იქნებოდა.