„ისლამური სახელმწიფო“ საერთაშორისო, მულტიკულტურული ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც იკავებს სირიის მესამედსა და ერაყის მეოთხედს და აერთიანებს ტერორისტ მებრძოლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მათ შორის, ნორვეგიიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, მაროკოდან, თურქეთიდან, ისე როგორც საქართველოდან. სტატისტიკური გათვლის თანახმად, „სახელმწიფოს“ სამსახურში ყოველთვიურად დაახლოებით 1000 ადამიანი დგება. დღევანდელი მონაცემებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ საერთო ჯამში 40 000-დან 50 000-მდე მებრძოლი ჰყავს. „ისლამური სახელმწიფო“ არსებითად ტრანსეროვნული პროექტია, რომლისთვისაც ამოსავალი პრინციპი რელიგიაა, იდეალური პოლიტიკური ფორმა კი არა ერი-სახელმწიფო ან ერთა ლიგა, არამედ - სახალიფო, ანუ იმპერია.
„ისლამური სახელმწიფო“ საკმაოდ მოუხელთებელი ფენომენია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ განსხვავებული ფორმებისა და პრეცედენტების ეკლექტური ერთობაა, რომელიც მარტივად არ აიხსნება უკვე არსებული ფორმულებით. შესაძლებელია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვაგვარად აღქმა: „სახელმწიფო“ როგორც ტერორისტული დაჯგუფება, რადიკალური პოლიტიკური გაერთიანება, აპოკალიპტური სექტა ან რევოლუციური მოძრაობა. ამათგან „ისლამური სახელმწიფო“ ყველას ჩამოჰგავს, თუმცა ექსკლუზიურად არც ერთი არ არის.
„ისლამური სახელმწიფო“ არის სასტიკი დამნაშავეობით გამორჩეული სამხედრო დაჯგუფება, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, მათ შორის რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო და რომელმაც ფორმალურად აღადგინა მონობა. ის განლაგებულია საერთაშორისო აღიარების მქონე ორი სუვერენული სახელმწიფოს, ერაყისა და სირიის ტერიტორიათა ნაწილებზე. საკუთრივ იმ ტერიტორიებს, რომელზედაც დაჯგუფება დე ფაქტო კონტროლს ახორციელებს, არავინ ცნობს როგორც „სახელმწიფოს“, ან როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“. „ისლამურ სახელმწიფოს“ არ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ლეგალური საფუძველი, რომელიც აღიარებული იქნება საერთაშორისო ნორმებით, თუმცა „ისლამური სახელმწიფო“ არაერთი მიმართულებით ჩამოჰგავს სახელმწიფოს. მეტიც, სახელმწიფოს ცნების ვებერიანული განმარტების მიხედვით, რომლის თანახმად, სახელმწიფო არის „ადამიანთა თემი, რომელიც წარმატებულად აცხადებს პრეტენზიას მოცემულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობის ლეგიტიმურად გამოყენების მონოპოლიაზე“, „ისლამური სახელმწიფოსათვის“ სახელმწიფოს წოდება სრულიად შესაძლებელია. ტერორისტული დაჯგუფება ამ ფორმალურ განსაზღვრებას უდავოდ აკმაყოფილებს, რადგან ის სირიის სუვერენული ტერიტორიის მესამედსა და ერაყის სუვერენული ტერიტორიის მეოთხედზე ფლობს და აღასრულებს მონოპოლიას „ფიზიკური ძალადობის ლეგიტიმურად გამოყენებაზე“. დაჯგუფება დაპყრობილ ტერიტორიაზე მყისიერად ამყარებს ძალისმიერ მმართველობას და სრული სიმკაცრით ახორციელებს შარიათის კანონებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაჯგუფებას აქვს სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი მისწრაფებები და არსებითად სახელმწიფოსეული ფსიქოლოგია. სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით, ის არ იმალება გამოქვაბულებსა თუ მთებში. ამის ნაცვლად, აღასრულებს სამართალს საკუთარ ტერიტორიაზე, აშენებს სკოლებსა და საავადმყოფოებს, აკონტროლებს საგზაო მოძრაობას, კრეფს გადასახადებს და მართავს სოციალურ ღონისძიებებს, მაგალითად ნაყინის წვეულებებს. „ისლამური სახელმწიფოს“ პრეტენზია, დაიპყროს, მართოს და გაფართოვდეს, სწორედ არსებითად სახელმწიფოსეული ფსიქოლოგიის არსებობაზე მეტყველებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ არსებობის ყველაზე აქტიური ფაზა 2014 წელს დაიწყო, თუმცა მისი საწყისები უფრო ადრინდელ დროს განეკუთვნება. რეალურად ამბავი 2003 წელს იწყება, ამერიკის ერაყში შეჭრითა და სუნიტ დიქტატორ სადამ ჰუსეინის დამხობით. მართალია, აშშ-მ წარმატებით დაამხო ულმობელი დიქტატორი, მაგრამ დასავლეთმა ამ პროცესში ჰუსეინის სახით ის ფიგურაც დაამხო, რომელიც ერაყის სუნიტურ და ბაათისტურ ენერგიებს, სწორედ იმ ენერგიებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს საფრთხეს უქმნიან, საკუთარი კონტროლის ქვეშ ამყოფებდა. ერაყში ჰუსეინის დასასრული სუნიტური დომინაციის დასასრულიც გახდა, რასაც მოჰყვა შიიტთა მმართველობის პერიოდი და სუნიტთა ჩაგვრა და გაწბილება. შესაბამისად, ამ პროცესმა ბუნებრივად წარმოშვა არაერთი სუნიტური ამბოხებული დაჯგუფება.
სწორედ ამ კონტექსტში, სცენაზე ხელახლა გამოჩნდა ჩრდილო ერაყში უკვე ცნობილი აბუ მუსაბ ალ-ზარქავი. სწორედ ალ-ზარქავიმ გააერთიანა რამდენიმე სუნიტური ამბოხებული დაჯგუფება, რომელთა ახალ ერთობასაც ეწოდა „ალ-ქაიდა ერაყში“. ალ-ზარქავი 2006 წელს მოკლეს, ამერიკის საჰაერო თავდასხმისას. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, ალ-ზარქავის პოლიტიკური და სამხედრო ინიციატივა ამ თავდასხმამ სავსებით ვერ მოსპო. მეტიც, მისი მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „ალ-ყაიდა ერაყში“ რამდენიმე სხვა დაჯგუფებას შეუერთდა. ახალ დაჯგუფებას სახელად ეწოდა „ისლამური სახელმწიფო ერაყში“, შემდგომში კი _ „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“.
მიუხედავად მეამბოხეთა მოულოდნელი გადარჩენისა და კონსოლიდაციისა, ამ დროს მათ მაინც არავინ არ უქადდა წარმატებულ მომავალს. მათზე განხორციელებული სამხედრო იერიშების შედეგად, ისინი წარმოადგენდნენ დასუსტებულ ენერგიას, თუმცა 2010 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ ერაყში“ ჰპოვა ახალი გავლენიანი ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელმაც ახლებურ სამხედრო მზადებასა და ორგანიზაციის რეფორმაციას მიჰყო ხელი, რაც საბოლოოდ წარმატებული აღმოჩნდა.
იმავდროულად, სუნიტური მეამბოხეების გაძლიერებას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა გარემოებებმაც. ერაყის შიიტმა პრემიერმა, ნური ალ-მალიქიმ ხელიდან გაუშვა მის წინაშე არსებული შესაძლებლობა, შიიტურ ადმინისტრაციასთან შემოერიგებინა ისეთი სუნიტური ძალები, როგორიცაა „ერაყის შვილები“. ამის სანაცვლოდ, პრემიერმა აგრესიული და დამყოფი პოლიტიკა არჩია. მისმა ადმინისტრაციამ ხელი მიჰყო სუნიტების ჩაგვრასა და ხოცვას. სუნიტი „ერაყის შვილების“ ერაყის არმიაში ინტეგრაციის ნაცვლად, ალ-მალიქიმ არმიის რიგები საერთოდაც გაწმინდა პოლიტიკური ოპონენტებისაგან.
ალ-მალიქის არაეფექტიანი, ეგოისტური და შიიტებისადმი აშკარად მიკერძოებული პოლიტიკის წყალობით, ერაყი რელიგიურ ნიადაგზე კიდევ უფრო მეტად დაიყო. მისი აგრესიული და სექტარიანული პოლიტიკის წყალობით, ერაყის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თემთაშორისი თანამშრომლობის პერსპექტივა განადგურდა, რაც ერაყს მორალურადაც უფრო გაამტკიცებდა და მის სამხედრო პოტენციალსაც უდავოდ გაზრდიდა. შიიტი პრემიერით გაწბილებული სუნიტი მებრძოლები „ისლამურ სახელმწიფოს“ შეურთდნენ, რაც ერაყის არმიისათვის სავალალო დანაკლისი აღმოჩნდა.
ამ ფონზე, აშშ-ის მებრძოლთა რაოდენობის ეტაპობრივი შემცირების პროცესი 2011 წელს ერაყის სრული დატოვებით დაგვირგვინდა, რამაც მეამბოხე ძალებს ახალი გასაქანი მისცა. 2011 წელსვე მეზობელ სირიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რითაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ წარმატებულად ისარგებლა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიწებზე გაბატონდა. 2013 წელს, სირიის სამოქალაქო ომის მსვლელობის ფონზე, ისლამისტებმა დაიპყრეს სირიის ქალაქი რაქა, რომელიც შორეულ წარსულში აბასიდთა სახალიფოს დედაქალაქიც იყო და ამდენად სახალიფოს მოსურნე „ისლამური სახელმწიფოსთვის“ სრულიად სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.
ერაყის არმიის რეალური სისუსტე 2014 წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ 800-მა მებრძოლმა, 35 000 ერაყელ მებრძოლს სძლია და ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, მოსული აიღო, შემდეგ დღესვე კი ტიკრიტიც დაიკავა. სირიასა და ერაყში არსებული არასტაბილური ვითარების წყალობით გაძლიერებულმა ალ-ბაღდადიმ, რომლის ლეგიტიმურობა საგრძნობლად გაზარდა საკმარისი მოცულობის ტერიტორიის, უპირველეს ყოვლისა კი რაქის, ერთ წელზე მეტი ხნით შენარჩუნებამ, 2014 წელს საბოლოოდ გამოაცხადა სახალიფო.
ბევრი მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არა თანამედროვე დროის პირმშო და მისი ადეკვატური ფენომენი, არამედ შორეული წარსულის გადმონაშთია, თუმცა ამგვარი მიდგომა ფაქტობრივადაც არასწორია და სტრატეგიულადაც წამგებიანი. სინამდვილეში, „ისლამური სახელმწიფო“ სხვადასხვა ისტორიული დროის ნაზავია; ის ერთდროულად ძალიან ძველი და ძალიან ახალია. ერთი მხრივ, „ისლამური სახელმწიფოს“ გაცხადებული მიზანია სახალიფოს დამყარება, რომელიც, როგორც პოლიტიკური ფორმა, ყველაზე მეტად ადრეულ შუა საუკუნეებთან ასოცირდება. ამის გარდა, „ისლამური სახელმწიფო“ დაპყრობილ ტერიტორიაზე შარიათის კანონების დამყარებით ამკვიდრებს ადრეული შუა საუკუნეების სოციალურ ღირებულებებს. თეოლოგიური თვალსაზრისითაც, „ისლამური სახელმწიფოს“ იდეალური წარსული დრო, რომლის კვლავწარმოებასაც ის ცდილობს, ასევე ადრეული შუა საუკუნეების ისტორიული დროა — სახელდობრ, ისტორიული პერიოდი 632 და 661 წლებს შორის, როდესაც ზეობდა პირველი ოთხი ხალიფი.
ადრეულ ისტორიულ სახალიფოთა შორის იყო უმაიადთა (მე-7 და მე-8 საუკუნეებში), ისე როგორც აბასიდთა სახალიფოები (მე-9-მე-13 საუკუნეებში). ბოლო აღიარებული სახალიფო იყო ოტომანთა იმპერია, თუმცა მისი დაფუძნების ვნება მუსლიმთა კონკრეტულ ჯგუფებში არც იმპერიის დაშლის შემდეგ განელებულა. სხვადასხვა დროს, სახალიფოს გამგრძელებლად მიიჩნეოდნენ აბდულჰამიდი, ენვერ ფაშა, გარკვეული დროის განმავლობაში თვით სეკულარისტი ათათიურქიც, მექას შერიფი, ისე როგორც ეგვიპტის სამეფო ოჯახი.
თუმცა სახალიფო არსებითად იმპერიალისტური პროექტია, იმ დროის გადმონაშთი, როდესაც იმპერიალისტური ლეგალო-ტერიტორიული მოწყობა შესაძლებელიც იყო და მაშინდელ ადამიანთათვის უკეთ ცნობილიც. ჩვენს თანამედროვე სამყაროში კი სახალიფოს იდეა სხვა არაფერია, თუ არა წარსულის მოყვარულ და ილუზიებით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფის ინფანტილური სურვილი, აღადგინოს ის, რისი აღდგენაც ფორმალურადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელია. და მაინც, სახალიფო პოლიტიკური იდეაა, მისი გამოცხადება კი _ პოლიტიკური მესიჯი, რომელიც ასეთად არის გამიზნული და ასეთად უნდა იქნას აღქმული. სახალიფო იმ დროს გამოიხმობს, რომელიც კარგი და წმინდა დროა, განსაკუთრებულად კი სალაფისტებისათვის, რომლებიც იმდროინდელ სამხედრო, კულტურულ და საყოფაცხოვრებო პრაქტიკას იდეალურად აღიქვამენ და მათი ხელახლა გაცოცხლება სურთ.
მიუხედავად ამისა, „ისლამური სახელმწიფო“ სავსებით არ არის „ძველი დროის“ გადმონაშთი. პირიქით, „ისლამური სახელმწიფო“ ყოველმხრივ თანამედროვე ფენომენია. ის იყენებს ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკებსა და აღჭურვილობას, რომელთა ნაწილი მოსულის აღებისას ერაყის არმიას მოჰპარა. „ისლამური სახელმწიფო“ არანაკლებ ეფექტიანად იყენებს სოციალურ მედიას. 2014 წლის ბოლოს მის სამსახურში იდგა 45 000 მოქმედი ანგარიში ფაცებოოკ-სა და ტვიტერზე. მის სამსახურში დგას, ასევე, სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად, გავრცელებული ვებგვერდები.
დროის პოლიტიკის მნიშვნელობა „ისლამურ სახელმწიფოს“ კარგად ესმის. სწორედ ამას მოწმობს ისტორიის არასასურველი მონაკვეთების წინააღმდეგ მათეული ბრძოლა, ისე როგორც ისტორიის სასურველი მონაკვეთების ხელახლა განხორციელების შეგნებული მცდელობანი. ამის მაგალითებია ანტიკურ დროსთან ბრძოლა და ამ დროის კულტურულ პროდუქტთა დემონსტრაციულად განადგურება, რის საპირწონედაც დაჯგუფება მის მიერ მართულ ტერიტორიებზე ხელახლა აცოცხლებს შუა საუკუნეებს. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ანტიკური მემკვიდრეობის განადგურების გადაწყვეტილების მიღმა იდგა არა იმდენად ესთეტიკური უკმაყოფილება, რამდენადაც იმ დროის სრული უარყოფის სურვილი, რომელიც წინ უსწრებს მუსლიმურ დროსა და ისტორიას. „ისლამური სახელმწიფოსათვის“, „პრემუსლიმური“ დრო დაბინძურებული დროა, რომელიც უნდა წაიშალოს, მისი ყველა კულტურული გამოხატულების მოსპობის, მახსოვრობისა და ისტორიის წაშლის გზით. ეს იმავდროულად ისლამური „სუფთა დროის“ აღდგენის აქტიცაა, რომელიც მეშვიდე საუკუნის ისტორიული დრო და სოციოპოლიტიკური და ლეგალური გარემოა.
იმავე პროცესის ნაწილია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ე. წ. „საიკს-პიკოს“ საზღვრის დემონსტრაციული მოშლაც. „საიკს-პიკოს“ შეთანხმებას 1916 წელს მიაღწიეს, ბრიტანელ მარკ საიკსსა და ფრანგ ფრანსუა ჟორჟ პიკოს შორის გამართულ არაფორმალურ მოლაპარაკებათა შემდეგ, როდესაც ლონდონისა და პარიზის კაბინეტებიდან „ახლო აღმოსავლეთი“ ხელოვნურად დაიყო გავლენის სფეროებად. არაფორმალურმა შეთანხმებამ ფორმალური სახე ჰპოვა 1920 წლის სან რემოს შეთანხმების სახით. სწორედ ამ დროს დადგინდა რუკა, რომელმაც მკაფიო ეროვნული საზღვრები დააწესა, თუმცა ამ პროცესში რელიგიური, ტომობრივი, ეთნიკური და ლინგვისტური კუთვნილობები სრულად უგულებელყო.
ამ პროცესში, „საიკს-პიკოს“ საზღვარმა უხეშად გახლიჩა ისტორიულად განპირობებული სოციოპოლიტიკური ქსოვილი, რამაც, დროთა განმავლობაში, ბუნებრივად გამოიწვია ადგილობრივი წესრიგისა და სტაბილურობის რღვევა. ლამის ზუსტად ერთი საუკუნის თავზე, „ისლამურმა სახელმწიფომ“ დემონსტრაციულად მოარღვია საიკს-პიკოს ხაზი და არანაკლებ დემონსტრაციულად გააერთიანა გახლეჩილი ტომები. ეს აქტი მსოფლიოს წარედგინა თანამედროვე პროპაგანდის ტრადიციებში მომზადებულ მინიფილმად, სახელად „საიკს-პიკოს დასასრული“. იმავდროულად, ფილმის არაბულ ეკვივალენტად გავრცელდა „საზღვართა ნგრევა“, პარალელურად კი განხორციელდა ფოტოკამპანია სახელად „საიკს-პიკოს მოსპობა“ და შეიქმნა თწიტტერ-ის ჰეშტეგი `საიკს-პიკო~. შესაძლოა ყველაზე მეტად სწორედ ამ აქტით, ისლამურმა სახელმწიფომ პრეტენზია განაცხადა ერთდროულად ძველი წესრიგის აღდგენასა და ახალი წესრიგის დამყარებაზე, რომელიც სახალიფოს გამოცხადებაში გამოიხატება და იმავდროულად საბოლოო წესრიგი უნდა იყოს, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ბოლო ჟამის არმიაა, რომლის ნარატივიც განუყოფლად ეფუძნება დროის დასასრულის აპოკალიპტურ ამბავს.
აღსანიშნავია, რომ აპოკალიპტურად შთაგონებული ლიდერების მიერ პოლიტიკური ფორმის შექმნა, სახელმწიფოს გამოცხადება თუ უბრალოდ რადიკალური პოლიტიკის გატარება, ქრისტიანული დასავლეთის ისტორიისთვის არანაკლებ კარგადაა ცნობილი. მაგალითად, მე-15 საუკუნის ბოლოს, როდესაც ათასწლეული ახლოვდებოდა, წარმოშობით ფერარელმა ბერმა, ჯიროლამო სავონაროლამ, რომელიც ფლორენციის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერი იყო, ხელი მიჰყო ქადაგებას ბოლო ჟამის მოახლოებისა და მორალური რეფორმაციის აუცილებლობის თაობაზე, რასაც პარალელურად ზურგს უმაგრებდა ბერის დაქვემდებარებაში მყოფი ხულიგნური ბანდფორმირებების მიერ ფლორენციელთა დატერორება, ადამიანთა სიკვდილით დასჯა, რენესანსის ხელოვნების ნიმუშების განადგურება, წიგნების დაწვა, ისე როგორც კერძო საკუთრების კონფისკაცია და განადგურება.
მე-16 საუკუნეში, ანაბაპტისტმა იოჰანეს ლაიდენელმა მიუნსტერში აპოკალიპტურად შთაგონებული სახელმწიფო გამოაცხადა, სადაც ხდებოდა მასობრივი ნათლობები, სიკვდილით დასჯა და ქალაქიდან გაძევება. არანაკლებ საინტერესოა კალვინისა და ცვინგლის მიმდევრების მიერ ხელოვნების ნიმუშთა განადგურება, რომელიც პირდაპირ გვაგონებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პალმირას ანტიკური საუნჯის ულმობელ განადგურებას. „ისლამური სახელმწიფოს“ დროშით მოღვაწე ხულიგანთა მსგავსად, აპოკალიპტური ვნებებით შეპყრობილი ქრისტიანი რადიკალებიც წმინდა წიგნის პირდაპირი, ანუ ლიტერატურული, წაკითხვით იყვნენ შთაგონებული. ევროპის ისტორიის ადრეული მოდერნის ხანის ქრისტიანობისა და კულტურის მცოდნეს არაფრით არ ეუცხოვება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩატარებული თეოლოგიური და კულტურული რიტუალური „განწმენდის“ ღონისძიებები, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში არა მარტო ძეგლების ნგრევას, არამედ ათასობით უდანაშაულო ადამიანის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტასაც გულისხმობს.
ქრისტიანობის მსგავსად, ისლამშიც გვხვდება ძლიერი აპოკალიპტური განცდები, რომელიც ისლამის სუნიტურ განშტოებაში ისევე ფიგურირებს, როგორც შიიტურში. ტრადიციულად, სუნიტების ამგვარი ვნებები ნაკლებად იჩენდა თავს, ხოლო შიიტები ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ მას. თუმცა, ეს ტენდენცია შეიცვალა 2003 წელს აშშ-ის სამხედრო ჩარევის შემდეგ. ქრისტიანული დასავლეთის ისლამურ სამყაროში შეჭრის შემდეგ, აწმყოში მიმდინარე მოვლენები ბუნებრივად დაუკავშირდა აპოკალიპტურ ნარატივს, რომელმაც, თავის მხრივ, ახალი მნიშვნელობა და ძალა ჰპოვა.
როგორც სახალიფო, „ისლამური სახელმწიფო“ სწორედ ბოლოს ჟამის პოლიტიკური ფორმაა. დაჯგუფების დაარსებისას მისმა ერთ-ერთმა მთავარმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ჯგუფი შეიქმნა მაჰდის, ანუ მუსლიმი მხსნელის, მოლოდინში. „ისლამური სახელმწიფო“ პოლიტიკური ფორმაა, რომელიც სამყაროს ამზადებს ბოლო ჟამის დასადგომად, ხოლო მაჰდის მობრძანებისას, ურჯულოებთან ბრძოლაშიც გაუწევს დახმარებას. აპოკალიპტური ნარატივის მიხედვით, ურჯულოთა არმია სირიის ქალაქ დაბიქში დამარცხდება. სწორედ ამ მომენტში ჩაირთვება აპოკალიპტური წამზომი.
ზოგიერთი მუსლიმი სწავლულის თქმით, ისლამური წინასწარმეტყველების მიხედვით, აპოკალიფსამდე, რომელიც დაახლოებით 2067 წელს არის მოსალოდნელი, მსოფლიოს თორმეტი ხალიფი ეყოლება. მაგრამ, ხალიფობისათვის ადამიანი საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი, წარმოშობით ქურაიშის ტომიდან, რომელსაც აქვს ყველა კიდური. თვითგამოცხადებული „სახალიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რიგით მერვე ლეგიტიმური ხალიფა გამოდის. მისი ლიკვიდაცია იქნება ლეგიტიმურ ხალიფათა მწკრივის წყვეტა, ახალი ხალიფას მონახვა კი, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული პროცესი იქნება, ერთი მხრივ, შიდა კონფლიქტების გამო, მეორე მხრივ კი ისეთი პიროვნების გამონახვის თვალსაზრისით, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია სერიოზულ დარტყმას მიაყენებს „ისლამური სახელმწიფოს“ შემართებასა და ორგანიზაციულ სიმყარეს.
„ისლამურ სახელმწიფოს“ უდავოდ აქვს სოციალური სახელმწიფოს ხიბლი, თუმცა ეს აშკარად არ არის მთავარი ფაქტორი, რაც მის მიმზიდველობას განაპირობებს. ტერორისტული დაჯგუფების არაერთი მებრძოლი სოციალური დემოკრატიების მოქალაქეა, რომლებშიც ისინი ისედაც უკვე ცხოვრობდნენ სოციალური სიკეთეებით უზრუნველყოფილნი. მიმზიდველობის ეფექტიან ახსნას არც იმ სახელმწიფოთა პოლიტიკური მოდელი არ წარმოადგენს, რომლიდანაც მებრძოლები საბრძოლველად გაეშურნენ. ზოგი მათგანი სირიისაკენ ლიბერალური დემოკრატიებიდან გაეშურა (კანადა), ზოგი კონსტიტუციური მონარქიებიდან (მაროკო), ზოგი ავტოკრატიული დემოკრატიებიდან (თურქეთი) და ზოგიც სოციალური დემოკრატებიდან (ნორვეგია). აშკარაა, რომ „ისლამური სახელმწიფოს” უმთავრესი ხიბლი სწორედ მის აპოკალიპტურ ნარატივსა და რადიკალურ ფილოსოფიაშია, რასაც მხოლოდ ალტერნატიული იდეოლოგიური სისტემები თუ გაუწევს წინააღმდეგობას.
„ისლამურ სახელმწიფოს“, გარკვეულწილად, აქვს სახელმწიფოსეული ფსიქოლოგია, რომელიც გამოიხატება ტერიტორიის განკარგვის არსებულ პრაქტიკასა და სამომავლო გაფართოების ღიად დეკლარირებულ მიზანში. ამიტომ მისი დამარცხების განუყოფელი ნაწილია სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ფსიქოლოგიასა და პრაქტიკაზე თავდასხმა. განსხვავებით ალ-ქაიდასაგან, „ისლამური სახელმწიფო“ არ იმალება ქვაბულთა ჩახლართულ ქსელში. ის არსებობს ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა ფსევდოსახელმწიფოებრივი ინსტიტუციითა და პრაქტიკით, რომელსაც ის ყოველდღიურად აღასრულებს. ეს უდავოდ ზრდის საჰაერო იერიშების პოტენციური ეფექტიანობის ხარისხს, რომელმაც თანმიმდევრულად უნდა მოსპოს ფსევდოსახელმწიფოებრივი წესრიგი, რასაც ეყრდნობა ტერორისტული დაჯგუფების სახელმწიფოსეული ფსიქოლოგია. იმავდროულად, აუცილებელია, ადგილობრივი სახმელეთო ძალების გამოყენებით მაქსიმალურად მოისპოს ტერიტორიული ექსპანსიის ნებისმიერი შემდგომი მცდელობა, რაც არანაკლებ დაასუსტებს ფსევდოსახელმწიფოებრივ წესრიგს ამოფარებულ ტერორისტულ დაჯგუფებას.
დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუმცა „ისლამური სახელმწიფო“ სრულიად მსოფლიოს პრობლემაა, რომელიც სრულიად ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა გადაჭრას სამხედრო ჩარევით, მასზე და მსგავს ფენომენებზე ყველაზე რეალური გამარჯვების მოპოვება საბოლოოდ მხოლოდ ადგილობრივ ხალხებს ძალუძთ. ფართო პრობლემის გადაჭრა უპირველეს ყოვლისა სწორედ ადგილობრივი ხალხების ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და სამოქალაქო კონსოლიდაცია თუ იქნება, ისე, როგორც ადგილზე ალტერნატიული სოციალური და პოლიტიკური სივრცეებისა და სტაბილური თვითმმართველი სეკულარული პოლიტიკური ერთეულების გამოჩენა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ფსევდოსახელმწიფოებრივ წესრიგს ერთხელ და სამუდამოდ აღუსრულებს ესოდენ დაუკმაყოფილებელ აპოკალიპტურ ვნებას.