შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო გეგმის მიხედვით, 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირებისთვის უნდა მომხდარიყო სამუშაო ჯგუფის ფორმირება, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით სიტუაციურ ანალიზს მოამზადებდა; შეიმუშავებდა რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების ახალ მოდელზე გადასვლის მომდევნო ეტაპის ღონისძიებების განსახორციელებლად.
ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობა იყო სოციალურ მოდელზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც. 2015 – 2016 წლებში კი სოციალური მოდელის პილოტირება და მისი დანერგვა უნდა დაიწყოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირებისთვის სამუშაო ჯგუფის ფორმირება არ მომხდარა. ის ახლა მიმდინარეობს. ოფიციალური უწყების ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების, სტატუსის დადგენის სოციალური მოდელის საბოლოო ფორმირებისა და პილოტირების მიზნით სამუშაო ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხზე, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირთან ერთად შეხვედრა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს შედგა. დაისახა შემდგომი ეტაპისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ სამთავრობო გეგმის მიხედვით, სოციალურ მოდელზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობა იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მხოლოდ სამუშაო ვერსია, მათ შორის ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ა) „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“;
ბ) „დაავადებების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომლებიც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენენ“;
გ) „დაავადებების, ანატომიური ან გონებრივი დეფექტების ნუსხა, რომელთა არსებობის შემთხვევაში დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალურ პირობებში შრომა“;
დ) ,,პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის წესის” დამტკიცების თაობაზე.
როგორც სამინისტროს პასუხებიდან იკვეთება შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ სამუშაოები გეგმით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეასრულა. სამუშაო ჯგუფის ფორმირება ახლა დაიწყო. მზად არის ცვლილებების კანონპროექტის მხოლოდ სამუშაო ვერსია და უცნობია როდის მოხდება მისი ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში.
რაც შეეხება სოციალური შეფასების მოდელის შექმნისა და პილოტირების პროცესს, რომლისთვისაც გეგმით 2015-2016 წლებია განსაზღვრული, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ “შეზღუდული შესაძლებლობის დამდგენი ექსპერტიზის სისტემის სრულყოფისათვის, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იყო განსაზღვრული, ბიო-ფსიქო-სოციალური ფუნქციონალური (ფსკ) მიდგომის საფუძველზე თავდაპირველად შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ისა და ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ წარმომადგენლები. მათი მხარდაჭერით შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს რეალობასთან მისადაგებული შეფასების ახალი მოდელის ჩამოყალიბების მიზნით, დაიქირავეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი ექსპერტი - ქალბატონი ილენ ზაიტცერი, რომელიც რამდენიმეჯერ იმყოფებოდა საქართველოში. ის გაეცნო არსებულ მდგომარეობას და გამართა საქმიანი შეხვედრები ყველა დაინტერესებულ პირთან. მუშაობის შედეგად წარმოადგინა რეკომენდაციები ფუნქციონალური სტატუსის შეფასების ინსტრუმენტების შესახებ. სამწუხაროდ, დაქირავებული ექსპერტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი არ აღმოჩნდა საკმარისი აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის, ვერ პასუხობდა ქვეყანაში არსებულ რეალობას და გათვლილი იყო მხოლოდ საწარმოო ტრავმის, პროფესიული დაავადებისა და შრომითი დასახიჩრების მიზეზით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდა მუშაობა: შემდეგ მათ შემოგვთავაზეს ბრიტანელი ექსპერტი დოქტორი პოლ კლიფორდი, რომელმაც წარმოადგინა ნაშრომი „ახალი მიმართულებები ინვალიდობის სფეროში საქართველოსთვის". იმისთვის, რომ უფრო სრულყოფილი გამხდარიყო შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის ექსპერტიზის სისტემა, მუშაობა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის 2013–2016 წლების სამთავრობო გეგმის“ ფარგლებშიც გაგრძელდება, რაც გულისხმობს, რომ შემუშავდება სტატუსის განსაზღვრის მოდელი, დამტკიცდება ფსკ-ზე დაფუძნებული მოდელის დანერგვის გეგმა და, შესაბამისად, განხორციელდება პილოტირებაც”. -
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის თქმით, ახალი მოდელის დანერგვის პროცესის საწყისი ფაზის დასრულების ნაცვლად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახლა დაიწყო სამუშაო პროცესი რეფორმის ხედვის მომზადებისათვის, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა დაგვიანებულია.
“ეს საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, რაც სახელმწიფომ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით უნდა გასწიოს. სოციალურ მოდელზე მუშაობის გამოცდილება კი ძალიან ცოტას თუ აქვს, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გამოყენების საჭიროებასაც გულისხმობს. პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს სოციალური მოდელის სათანადო ხედვის შემუშავებას, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს კვალიფიციური პირების მონაწილეობით, ინტენსიური პროცესის ორგანიზებას და მის შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას. რეფორმის დაგვიანების პირობებში, სახელმწიფოს წინაშე ასევე მისი გონივრულად მოკლე დროში განხორციელების გამოწვევა დგას,“ - ამბობს ლინა ღვინიანიძე
მისივე თქმით, სოციალური მოდელის დანერგვა ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია და ამგვარი სისტემის არარსებობა ნიშნავს, რომ დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეფასება, მათი საჭიროებების გამოვლენა არ ხდება ინდივიდუალური მიდგომის მიხედვით და შედეგად, სერვისები, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ვერ პასუხობს მათ რეალურ საჭიროებებს.
ანა არგანაშვილი ყურადღებას რეფორმის არსის სწორ გაგებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში დანერგვა.
“მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2015 წელს ქართულ კანონმდებლობაში უკვე გაჩნდა მავალდებულებელი რეგულაციები ქმედუნარიანობის ახალი სისტემის შესახებ, რომელიც პრაქტიკაში სწორედ სოციალური მოდელის დანერგვას გულისხმობს. თუმცა რა მივიღეთ რეალობაში? ძალიან ბევრი სპეციალისტი ჯერ ისევ რჩება სამედიცინო მოდელის სფეროში და ახალ საკანონმდებლო ნორმებს, სამედიცინო მიდგომით ახორციელებს. მე ვეხები ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის ინსტიტუტს, სადაც ჯერ ისევ შეინიშნება დიაგნოზზე დაფუძნებული მიდგომა და არ არის განხორციელებული პრაქტიკაში ის, რისთვისაც ახალი კანონმდებლობა დაიწერა.
მაშასადამე, სოციალურ მოდელზე გადასვლას ახლავს სერიოზული რისკი იმისა, რომ შეიცვლება ტერმინები, კანონები, სახელები - თუმცა შინაარსი დარჩება იგივე. ეს რომ არ მოხდეს, სამოქალაქო სექტორი, მათ შორის ჩემი ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან. გაუზიაროს 10 წლის განმავლობაში ამ სექტორში დაგროვილი ცოდნა და გაინაწილოს პასუხისმგებლობა ახალი, სოციალური მოდელის პრაქტიკაში განსახორციელებლად. სწორედ ამის გაკეთებას ვგეგმავთ უახლოეს თვეებში”, - განუცხადა “ლიბერალს” ანა არგანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილიდან.