Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ტკბილი” სკოლა დაუვიწყარი ტუალეტით

28 დეკემბერი 2015
დათა ფირცხალავას პიესა „დიდი შესვენება“ სამეფო უბნის თეატრში

და აი, მოაწია ჟამმა, როცა ევროპული მოდერნ-პოსტმოდერნით მოპირკეთებულ სამეფო უბნის თეატრს, უფრო სწორად, მის რეპერტუარს ახალი ქართული პიესა შეემატა. ვისაც მშობლიური დრამატურგია აღელვებს და ეძვირფასება, შეუძლია მომავალი წლის განმავლობაში 6 ახალი ქართული პიესა(!) იხილოს. საქმე ისაა, რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნოში წახალისებულ-დაფრთიანებული ახალგაზრდა დრამატურგები - მაკა კუკულავა, დათა ფირცხალავა და ალექს ჩიღვინაძე სწორედ სამეფო უბნის თეატრში აპირებენ, მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. მოკლედ და საქმიანად რომ ვთქვათ, თეატრში 2016 წელი „ქართული სეზონის“ წელი იქნება.

პირველი მკაფიო სოციალური სიგნალი ამის შესახებ უკვე დეკემბრის მიწურულს გაისმა, როდესაც რეჟისორმა გიორგი ქათამაძემ დათა ფირცხალავას პიესა „დიდი შესვენება“ დადგა. თეატრალებს ალბათ ემახსოვრებათ, რომ ჯერ კიდეც რამდენიმე წლის წინ, 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალ „არდიფესტზე“ (რომელიც სხვათა შორის, სამეფო უბნის თეატრში იმართებოდა), უცნობმა ავტორმა და რეჟისორმა დათა ფირცხალავამ პიესისთვის „ტკბილი სახლი“ საუკეთესო დრამატურგის პრიზი დაიმსახურა.

აბაზანაში ჩაწოლილი ორი ძმის სრულიად უჩვეულო, მომწამლავი სარკაზმითა და ტკივილიანი იუმორით გაჟღენთილი დიალოგი მაშინ  მკვეთრად გამომწვევ და რევოლუციურ ხასიათს ატარებდა. იმდენად, რომ ზოგიერთმა კრიტიკოსმა პიესაში ადგილობრივი ახალგაზრდა ბერტოლუჩიც კი დალანდა...

დათა ფირცხალავა ერთდროულად კინორეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგია. წელს ის ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა: რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სახელწოდებით  Pardi di domani საუკეთესოდ დაასახელეს. არანაკლებ წარმატებული გამოდგა  თანამშრომლობა რეჟისორ ლევან თუთბერიძესთან. ფილმი „მოირა“, რომლის სცენარიც დავით ფირცხლავამ დაწერა, კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია. სწორედ „მოირა“ წარადგენდა წელს საქართველოს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი  ფილმის ნომინაციაში.

...თუმცა დავუბრუნდეთ პიესას. მოქმედება საკლასო ოთახში ხდება, სადაც უკვე დაკაცებული კლასელები 15 წლის შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს: ბანკში მომუშავე გუგა (გაგა შიშინაშვილი), საკუთარი წარუმატებლობით დაკომპლექსებული კუკულაძე (სოსო ხვედელიძე), უცნაური თავშეყრის ინიციატორი და ლამის კლასის „ვალოდია ჯინჭარაძე“, ფოჩხუა (გიორგი ყორღანაშვილი), გალოთებული ცინიკოსი, მაგრამ მაინც ნაივური გულორდავა (გიორგი შარვაშიძე) და ერაყში დასახიჩრებული, ინვალიდის სავარძელში მჯდომი ვოვა (თორნიკე გოგრიჭიანი)... მათ შეხვედრას მოგვიანებით გაგას მეუღლე, მარიკაც (ანა წერეთელი) შეუერთდება.

სცენური სივრცე მერხებითა და სკამებითაა გაძეძგილი, ატმოსფერო კი ჩახუთული და ჰერმეტულია. აყრილი პარკეტი, დაჯღაბნილი მერხები, ძველი დაფა, საკლასო ოთახის მკრთალი განათება (მხატვარი და სცენოგრაფი შოთა ბაგალიშვილი, გოგი-ალექსი მესხიშვილის დიზაინის სკოლის წარმომადგენელი) 90-იანი წლების დეპრესიულ ატმოსფეროს უფრო გაგონებთ, ვიდრე რეფორმირებული სკოლის კარგად აღჭურვილ საკლასო ოთახს. ხილული სისასტიკე და სოციალური ჯებირები უკვე იმდენად მკვეთრია, რომ კლასელთა დიდი ხნით გაციებულ ურთიერთობებში ვერაფერს ცვლის. ვერაფერს ცვლის გუგას მოტანილი, ძვირადღირებული ვისკიც.

კარგი იქნებოდა რეჟისორ გიორგი ქათამაძეს მეტი გაბედულება გამოეჩინა და მკვეთრ აქტიორულ ნამუშევრებთან ერთად, მკვეთრი რეჟისორული მიზანსცენებიცა და მონასმებიც გვენახა. მისახედია მსახიობთა მეტყველებაც, რადგან იქვე, სცენაზე მჯდომ მაყურებელს ზოგჯერ არაფერი ესმის.

თითქმის ერთი საათის განმავლობაში პერსონაჟებს ბავშვობის დროინდელი ტრავმები და მოგონებები ასაზრდოებთ. თავიდანვე ცხადია, რომ სპექტაკლის უმთავრესი კონფლიქტი გუგასა და ვოვას შორის ოდესღაც ტუალეტში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც დაუვიწყარ, კოშმარულ მოგონებად აღიბეჭდა ორივეს მეხსიერებაში. მაგრამ მთავარი საშინელება მაინც ისაა, რომ ვოვა, სინამდვილეში, სკოლის ჭუჭყიან ტუალეტში არამხოლოდ გუგამ, არამედ დანარჩენებმაც სცემეს.

ფინალური სცენის მთავარი გასაღები სწორედ თორნიკე გიოგრიჭიანისა და გაგა შიშინაშვილის პერსონაჟების უცნაური ფსიქოლოგიური დუელია, რომელშიც ლამის ფიზიკურად იგრძნობა ლოგიკური დაძაბულობა, უცნაური ეროტიზმი თუ კონკურენცია. ასე რომ, „ქალების თეატრში“ (როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე სამეფო უბნის თეატრს) ნამდვილი მამაკაცური სპექტაკლი დაიბადა, რომელშიც მსახიობები ცდილობენ ტექსტი ბუნებრივად მოირგონ და ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

თუ ზომაზე მეტად ჩავუღმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ყველა ჩვენგანს მეხსიერებაში საგანგებოდ გამოკეტილი „ტუალეტი“ აქვს, რომელიც არამხოლოდ საამოდ მოსაგონებელ სასკოლო შარდის სუნად ყარს. სინამდვილეში, ეს ხილული თუ უხილავი ძალადობით, ათასგვარი სახეობის შიშით, პერვერსიებით, მასტურბაციით, პირველი სიგარეტის კვამლითა და ნაირგვარი ფანტაზიით შეზავებული სივრცეა; სამყარო, რომლის გასაგებად და დასამარცხებლად ძალიან დიდი შესვენებაც არ არის საკმარისი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^