Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წიგნიერების ევოლუცია

13 იანვარი 2016

ლიტერატურა თავისთავად დიდი და მაღალი ღირებულებაა და დამატებითი ახსნა, თუ რას იძლევა, რას გვჩუქნის ის, თითქოს არ სჭირდება, თუმცა ლიტერატურის ავტორიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბავშვები და მოზარდები სვამენ, მათი აზრით, სამართლიან შეკითხვებს-რატომ უნდა წავიკითხოთ? რა იქნება, თუ არ წავიკითხავთ? ბავშვები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ რესურსს, ძვირფას დროს, რომელიც უშურველად შეიძლება დახარჯონ კომპიუტერულ თამაშებზე, სხვა გასართობზე, ოღონდ არა კითხვაზე. მათ გაუჩნდათ შეკითხვა, უფროსები კი მზად არ აღმოჩდნენ პასუხის გასაცემად.

პასუხი - წაიკითხე წიგნები და წარმატებული იქნები, ფარისევლობის ელემენტებს ატარებს, იმიტომ რომ საქართველოში არაერთმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას (დღევანდელი გაგებით)  ისე, რომ არაფერი წაუკითხავს. ზოგიერთი ამით ტრაბახობდა კიდეც. ეს ტრაბახი ჩვენთვის ჯერ კიდევ კლასიკური ქართული ლიტერატურიდანაა ცნობილი. ლუარსაბი ამბობდა: “მე თუ წიგნი არ წამიკითხავს, ფერი მაკლია თუ ხორცი?!”, “წიგნი რა კაცის საქმეა” და ა.შ.

მოკლედ, დადგა დრო, როდესაც შეკითხვებს-რაში გვჭირდება ლიტერატურა და რას იძლევა ის-აღმოაჩნდა საფუძველი და მას პასუხი სჭირდება.

ყოველთვის არსებობდა ხალხი, რომელიც კითხულობდა და პირიქით, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს კითხულობდნენ. ამ უკანასკნელებს, მათ შორის სტუდენტებსა და პროფესორებსაც კი, რომლებმაც ფაქტობრივად არაფერი იციან, დღესაც შეხვდებით.

ნორმალურ ვითარებაში უწიგნური კაცი იოლად ცხოვრობს. უწიგნური კაცის ქვეყანას განვითარებული ქვეყანა ჰქვია. ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. დიახ, ადამიანი შეიძლება უწიგნური იყოს ამერიკის რომელიმე შტატში, იმიტომ რომ იქ შრომის მაღალი კულტურაა, რითაც ამის კომპენსირებას მოახერხებს. თუმცა გაუნათლებელი ადამიანი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.

მხატვრული ლიტერატურა იძლევა სპეციფიკურ განათლებას, არა მარტო ესთეტიკურს, არამედ შემოქმედებით განათლებასაც, ანუ გვაძლევს წარმოსახვის საშუალებას. წარმოსახვას ვერცერთი სხვა დარგი ისე მძაფრად ვერ ავითარებს, როგორც ლიტერატურა. მხატვრული, გამოგონილი სამყარო, გაცილებით უფრო ნამდვილია, ვიდრე ცხოვრება. ეს ჯერ კიდევ არისტოტელემ აღმოაჩინა, რომელმაც თქვა, რომ ლიტერატურაში მოვლენები ხდება აუცილებლობით ან მაღალი ალბათობით, ხოლო ცხოვრებაში კი-შემთხვევითობით. თუკი ცხოვრებას აღწერ ისეთს, როგორიც არის, დამაჯერებელი არ იქნება. ცხოვრება არ არის დამაჯერებელი, ცხოვრებით ვერავინ ვერაფერს სწავლობს. ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, დიდად დაბრძენებულები უნდა ვიყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამის ნიშნები მაინცდამაინც არ გვეტყობა.

ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უწიგნურია, ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. პირდაპირ მნიშვნელობაში ვგულისხმობ, რომ წიგნი ხელში არ უჭირავს, ირიბ მნიშვნელობაში კი ფაქტს-საკმაოდ ღრმად არიან დარწმუნებული, რომ იციან, ვინ არის მტყუანი, ვინ დამნაშავე... როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს იცის, ნათელია-იგი გაუნათლებელი, ბნელია. შეუძლებელია განათლებულმა და მხატვრულ ლიტერატურაზე გაზრდილმა ადამიანმა ზუსტად იცოდეს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მას უნდა ჰქონდეს მთავარი ინტელექტუალური ღირებულება-ეჭვი, სკეფსისი, კითხვები. ხოლო, როცა კაცმა მყარად იცის, რომ A არის A და B არის B, ჩვენ წინაშეა მასტოდონტი, გარკვეული გაგებით ურჩხული, დრაკონი. მან იცის, რომ ადამიანი უნდა იყოს ქართველი-არ შეიძლება ადამიანი იყოს სომეხი; ქართველი ადამიანი უნდა იყოს მართლმადიდებელი-არ შეიძლება ქართველი ადამიანი იყოს კათოლიკე, კრიშნაიტი ხომ საერთოდ! იმაზე არაფერს ვიტყვით, რომ “სწორი” ორიენტაცია უნდა ჰქონდეს. აუცილებლად უნდა იყოს მეოჯახე, მისთვის დაუოჯახებლობაც კი სერიოზული ცოდვაა, უშვილობაზე დიდი უბედურება კი არ არსებობს. მოკლედ გამოდის, რომ გალაკტიონმა, ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ბარათაშვილმა და შესაძლოა შოთა რუსთაველმაც ტყუილად გააცდინეს დრო დედამიწაზე.

ისეთი ხალხიც ვიცი, რომელიც კითხულობს, თუმცა აზრი არ ან ვერ გამოაქვს. ეს ადამიანები იბნევიან, როგორც კი ცხოვრებაში პირობითობას წააწყდებიან. თუ გახსოვთ, მარტინ იდენი იმის გამო ღელავდა, რომ ოპერაში ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებს შეხვდა, არა ისეთებს, როგორებიც “უნდა” ყოფილიყვნენ.

რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურის გარეშე შეიძლება ცხოვრება, წარმატების მიღწევაც, მაგრამ მხატვრული ლიტერატურის საფუძვლის გარეშე თითოეული წარუმატებლობა ადამიანისთვის კრახის ტოლფასია.

ჩვეულებრივ, ადამიანისთვის წარუმატებლობა დაახლოებით იმას ჰგავს, გამარჯვება და დამარცხება და-ძმანი რომ არიან-ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები. უწიგნური ადამიანისთვის, მხატვრულად უვარჯიშებელი გონებისთვის, პირველივე წაფორხილება უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს, მან შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სამყარო თავზე დაექცა.

საკმაოდ ხშირად ლიტერატურას მომხმარებლის კუთხიდან ვუდგებით, ანუ ვცდილობთ, რომ ის ცოტა, რაც წაგვიკითხავს, რაც შეიძლება ძვირად გავასაღოთ. ასეთ ადამიანებს იოლად იცნობთ, ისინი მუდმივად ციტირებენ. მათ ჰგონიათ, რომ ლიტერატურაში მთავარია “დაასტუკო”, ანუ ადგილზე მიხვიდე და თქვა-მე აქ ვიყავიო. ეს ის ხალხია, რომელიც ათენში აკროპოლისზე წარწერის გაკეთებას შეეცდება, რომ პირობითად- “აქ იყო ვანო”. ბერძნები ასეთ რამეს არ გაგაკეთებინებენ, თუმცა ბაგრატზე ან სხვაგან ისინი ამას აკეთებენ.

“მე აქ ვიყავი” ლიტერატურაში საკმარისი არ არის, თუმცა პირველი ნაბიჯია. ჩვენ ვიცით მისი დამათრობელი ძალა. ფაქტია, რომ ლიტერატურაზე “შეჯდომაც” ხდება და გარკვეული გაგებით იგი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი, კეთილი ნარკოტიკი, რომელიც ცდილობს გაგანათლოს და გასწავლოს უპირველეს ყოვლისა ის, რომ ყოველთვის მართალი არ ხარ, რომ სხვაც ადამიანია.

ზოგიერთებს უჭირთ წარმოიდგინონ, რომ რომელიმე კულტურაში ვიღაცას ჩვენსავით უყვარს შვილი. ლიტერატურა გვეხმარება გავიგოთ, როგორია ის სხვა. ლიტერატურა გვეხმარება გავიგოთ, რომ პურს ჭამ თუ ბრინჯს, მაინც ერთ მოდგმას ეკუთვნი. რად გინდათ მსოფლიოს მოვლა, ყველაფერი აქააო, გვითხრა ლაო ძიმ. ეს ის კაცია, რომელმაც თქვა, რომ ათასი ლის მანძილი ერთი ნაბიჯით იწყება. ლიტერატურა სწორი მიმართულებით გადადგმული სწორედ ეს ერთი ნაბიჯია.

ლიტერატურის ძალა ის გახლავთ, რომ მხოლოდ სიტყვებში არსებულ უამრავ პერსონაჟს ადამიანი გულში უშვებს და მათ მატერიალიზებას ახდენს. ჩვენ ვამთავრებთ ლიტერატურას, კულტურის იმ სახეობას, რომელიც მზა ფორმით არ არსებობს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყველაფერი, რასაც ვკითხულობთ. სწორედ ადამიანები ვქმნით ხელოვნურ, ვირტუალურ სამყაროს, რომელიც გაცილებით მყარი, გაცილებით ნამდვილია, ვიდრე, ე.წ. რეალისტური სამყარო. მაგალითად, როდესაც კაფკა წერს, რომ იოსეფ კ. დააპატიმრეს და ნაწარმოების მიხედვით ვერ ვიგებთ, რას ერჩოდნენ, რას ემართლებოდნენ, რისთვის მოკლეს-ეს უფრო ნამდვილი და შემზარავი ამბავია, ვიდრე გაზეთში გამოქვეყნებული ქრონიკა, სადაც ახსნილია ვინ, როდის და რატომ მოკლეს.

არაფერს აქვს განმანათლებლობის ისეთი უნარი, როგორიც ლიტერატურას. დარწმუნებული ვარ, ვერასდროს ვერავინ მოშლიდა ფრანგებში გილიოტინას, რომ არა ალბერ კამიუ, ადამიანი, რომელმაც დაწერა “ამბოხებული კაცი”, “უცხო” და მთელი ცხოვრება მხატვრული სახეებით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. ეს იმ ფონზე, რომ სამარცხვინოდ გვიან, რეფერენდუმზე, საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტმა მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის აკრძალვას დაუჭირა მხარი. 

დღესდღეობით ევროპის კონტინენტის 48 ქვეყნიდან არცერთში არ არის სიკვდილით დასჯა. ამ ყველაფრის სათავე და საფუძველი კი ლიტერატურაა. ეს ამბავი ვიქტორ ჰიუგომ წამოიწყო, რომელმაც დაწერა “სიკვდილმისჯილის ერთი დღე”. შემდეგ სტენდალმა “წითელი და შავით” სიკვდილით დასჯაზე  მსოფლიო სერიოზულად დააფიქრა, როცა გამოავლინა მექანიზმები, ვინ, რისთვის და ვის კლავს. ეს მექანიზმები ლიტერატურული იდეალის პიკზე აიყვანა კამიუმ. მის “უცხოში” ადამიანს კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ისე არ დაიტირა, როგორც საზოგადოებას მოეწონებოდა. მკვდარი დედის პატრონი საყვარელ ქალთან ერთად ზღვაშიც შევიდა, ფილმსაც უყურა. ხომ წარმოგიდგენიათ საზოგადოება როგორ გაღიზიანდა?! ამის შემდეგ არავინ იხსენებს, რატომ მოხდა მკვლელობა, მოწმეებადაც ის ადამიანები გამოიძახეს, რომლებიც კიცხავდნენ-კუბო არ გადაახდევინა, მკვდარ დედას არ დახედა და ემოციები ისე არ გამოხატა, როგორც საჭირო იყოო. კამიუმ გვითხრა, რომ ჩვენ განსხვავებულებს ვერჩით, ამ განსხვავებულობის მთავარი იდეა კი ქრისტეა. იგივე აზრი მანამდე დოსტოევსკიმ “დიდ ინკვიზიტორში” გამოთქვა. მისმა პერსონაჟმა, ივანე კარამაზოვმა დაწერა პოემა, სადაც გვითხრა, რომ თუკი დედამიწაზე ქრისტე გამოჩნდება თავისი არსით-სიკეთით, სიკვდილის დამარცხებით და სხვა, დედამიწა იზრუნებს იმაზე, რომ იგი კოცონზე დაწვას და საერთოდაც, მას ჩვენთან არაფერი ესაქმება.

რა თქმა უნდა, არსებობენ საზოგადოებები, რომლებიც არ კითხულობენ, თუმცა არსებობენ საზოგადოებები, რომლებიც აგვიანებენ განვითარებას. განვითარების დაგვიანება ნიშნავს, რომ ან ეკონომიკურად ხარ ჩამორჩენილი, ან სულიერად, ან უარესი-ეკონომიკურადაც ჩამორჩენილი ხარ და სულიერადაც. ასეთ დროს გეჩვენება, რომ შენ ხარ ყველაზე მაღალი სულიერების მქონე. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც “ვეფხისტყაოსანთან” ერთად “ქართველი ერის სულიერი მისია” აქვს დაწერილი. ეს იმ დროს, როდესაც ცოტა ხანში ერთმანეთი დავხოცეთ. რისი სულიერი მისია და რა მაგალითი მივეცით მსოფლიოს, ეს გასაგებია. იმის თქმა მინდა, რომ განათლების გარკვეული დეფიციტი ყოველთვის აჩენს საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობის განცდას და ეს ყველაზე საშიშია. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც წიგნებთან ახლოს არც კი გაუვლია, დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს სამყარო მოწყობილი, ვინ არის მართალი და ვინ-მტყუანი, ვის რა უნდა ეცვას, რას უნდა ფიქრობდეს, ვინ რომელ საათზე რომელ ლოცვას უნდა ამბობდეს. ამაში ისევე ღრმად არიან დარწმუნებული, როგორც მავანნი, რომ მათი ცოლები “დეკოლტეს” ვერ ჩაიცვამენ. მინდა ყველა გავაფრთხილო-ცოლს გააჩნია! შეიძლება ცოლი უკვე კითხულობს ლიტერატურას, და არაერთ ცოლს ჩაუთრევია ქმარი ამ საქმეში. ეს ოჯახის ერთ-ერთი ბრწყინვალე ფუნქციაა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გარკვეული პროგრამა უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში წიგნიერების მაჩვენებელი გაიზარდოს. ეს არ ნიშნავს კონკრეტული მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს ქართველი ხალხის გადარჩენას. წიგნების კითხვას ბედნიერება არ მოაქვს. წიგნების კითხვას მოაქვს საკუთარი თავის რწმენა და, როგორც წესი, მკითხველი კაცი თავს არ იკლავს, კრიტიკულ მომენტში ცდილობს იმოქმედოს. ესაა საბოლოო შედეგი.  განვითარებული, განათლებული კაცი ოდნავ უფრო უშიშარი ხდება და იგი მზადაა განსაცდელისთვის, განსაცდელი კი ყველასთან მიდის. ფოლკნერი ამბობდა, წიგნიერი კაცი გაუძლებს და არა მარტო გაუძლებს, არამედ გადარჩებაო. ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულაა და არ ვიცი დაუჯერებს თუ არა ქართველი ხალხი მას, მაგრამ რუსთაველს მაინც დაუჯეროს, მის სიბრძნეს: “სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად” და “შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა”. ეს ბრწყინვალე ფორმულები ლიტერატურამ გვაჩუქა. რუსთაველი გვიხსნის, რომ კი ბატონო, გეშინია, მაგრამ ამ შიშს აზრი არა აქვს! ლიტერატურა დაღრეჯილობის წამალი, სიცოცხლის ძირითადი საფუძველი და ამ სიცოცხლეში შიშის დაძლევის მთავარი იარაღია.

ფილოსოფიურად, ლიტერატურა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნების რომელიმე სხვა დარგი. თუმცა ხელოვნების თითოეული დარგი, რა თქმა უნდა, ადამიანის გაუმჯობესებას ემსახურება. ლიტერატურამ მოახერხა და დღესაც ახერხებს ადამიანში იმაზე მეტის პოვნას, ვიდრე თავად ადამიანია. ერთხელ პოლ ვალერიმ თქვა-ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთებს დამსგავსებოდა, უფრო ნაკლებია, ვიდრე ადამიანიო. აუცილებელი არ არის, ყველასგან ზეკაცი დადგეს, მაგრამ ადამიანი უნდა ცდილობდეს მასთან მიმსგავსებას და ამის ერთადერთი საშუალება ლიტერატურაა.

უწიგნური კაცი შორს ვერ ხედავს. ლაო ძის სიტყვებია-ვნებებისგან თავისუფალი და ვნებებით სავსე ადამიანი-ორივე ადამიანია. ვნებებისგან თავისუფალი ხედავს საგანს, არსს, ხოლო ვნებებით შეპყრობილი-მხოლოდ კონტურებს. ამ თავისუფლებას კი მხატვრული განათლება იძლევა. ილია ჭავჭავაძემ აღნიშნული აზრი ასე გამოთქვა-”უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა”.

ზოგჯერ ამბობენ, რომ-მოუმზადებლად კითხვაც არ ვარგაო; ძალიან ადრე დაიწყო ნიცშეს კითხვაო და სხვა. ეს ყველაფერი სისულელეა, წერა-კითხვის დრო ყოველთვის არის. მარტო მარსელ პრუსტის ამბავი რად ღირს?! ამიტომ ნურავინ მეტყვის, რომ კითხვა ან წერა დაგვიანებულია. გოეთეს 80 წლის ასაკისთვის რომ არ გადაებიჯებინა, ფაუსტის მეორე ნაწილი არ გვექნებოდა და ამ შემთხვევაში ვერც პირველი ნაწილის არსს გავიგებდით.

ლიტერატურაზე საუბრისას გამუდმებით უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიცოცხლის ფუნქციაა. ის ადამიანს მეტად შემწყნარებლად გახდომის შანსს აძლევს. არ ვამბობ, რომ ლიტერატურას წაიკითხავ და ლიბერალი გახდები. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ არ მჯერა, რომ უკიდურესად მემარჯვენე იდეოლოგიის ყველა ადამიანს შეუძლია ბავშვები გაზის კამერაში შეყაროს. არ მჯერა და ნამდვილად ვიცი, რომ ასე არაა, რადგან არსებობს სტატისტიკა-ჯალათებს უფრო ოპერა უყვარდათ.

მოგეხსენებათ, როდესაც ჰიტლერს რაინჰარდ ჰაიდრიხის მკვლელობის ამბავი ამცნეს, ფიურერი თავის საყვარელ ვაგნერს, კერძოდ, “ტრისტანისა და იზოლდას” ფინალს უსმენდა. წარმოიდგინეთ, ჰიტლერი განიცდის მელოდიას, ტირის და იმ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ჰაიდრიხის მკვლელობის გამო 1000 ჩეხი უნდა დაიხვრიტოს, ერთ ნულს ამატებს და ისე აწერს ხელს. მუსიკას არ აღმოაჩნდა ის ძალა, რაც ლიტერატურას აქვს, ლიტერატურა სხვაგვარადაა აგებული. ამბობენ, ჯალათებს ოპერა უყვართო, თუმცა გამონაკლისებიც არის-ამხანაგ სტალინს ლიტერატურა ერჩივნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^