2013 წელს ათწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონი აშშ დოლარის საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებას - მეორე კომპაქტს. კომპაქტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.
„ათწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, პროექტი საქართველოში STEM განათლების ხარისხის განვითარებას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ STEM საგნებში სწავლა-სწავლების ხარისხთან მიმართებით საქართველოში მრავალი გამოწვევა არსებობს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს შედეგები „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში - პიზა 2009+“. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „პიზა 2009+“-ით 46 000 მოსწავლეზე მეტი შეფასდა. საქართველოს მოსწავლეების მიერ პიზას სამივე სფეროში - წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - მიღწეული შედეგები სტატისტიკურად OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. უფრო კონკრეტულად კი, მათემატიკაში საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულამ 379 შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საერთაშორისო საშუალოზე. საერთაშორისო საშუალო ქულა 496 შეადგენს, ანუ საქართველოს მოსწავლეთა დაახლოებით 31% მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ მინიმალური ცოდნა და უნარები მათემატიკაში. საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველი მოსწავლეების საშუალო ქულა ამავე კვლევის მიხედვით 373 იყო, რაც სხვა სფეროების მსგავსად სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო ქულას (501). აქ მოსწავლეთა დაახლოებით 34%-მა გამოავლინა ის ელემენტარული საბაზო ცოდნა, რომელიც მინიმალურ ან მინიმალურზე დაბალ საფეხურს შეესაბამება.
გარდა ამისა, მაგდა მაღრაძის თქმით, მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდებმა აჩვენა, რომ გამოცდაზე გასულმა საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის მასწავლებლების უმეტესობას გაუჭირდა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება. დღეისათვის სისტემაში 46,000-მდე არასერტიფიცირებულ მასწავლებელთა შორის დაახლოებით 40% STEM (საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, ტექნოლოგიური დისციპლინების) მიმართულების მასწავლებელია. მისი თქმით, სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების დინამიკა წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა, მაგალითად, 2013 წელს 356 პედაგოგი ფიზიკაში აბარებდა სასერთიფიკაციო გამოცდას და აქედან ზღვრის გადალახვა 342-მა პედაგოგმა ვერ შეძლო.
მაღრაძის თქმით, კვლევებით ისიც დასტურდება, რომ დღეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ შრომის ბაზარზე არსებობს STEM დარგის პროფესიონალი კადრების მოთხოვნა, რაც ვერ კმაყოფილდება.
ზოგადი განათლების განვითარების პროექტის ბიუჯეტი 76.5 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას მოიცავს. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ათასწლეულის განვითარების ფონდი საქართველოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი ირინა აბულაძე განმარტავს, რომ მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის 2016-2019 წელს ტრენინგები ჩატარდება. რასაც პროექტისათვის გამოყოფილი მთლიანი თანხიდან, 14 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება. ტრენინგების მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაა. ტრენინგის მოდული სხვადასხვა ქვეკომპონენტისგან იქნება აგებული, როგორიც არის საკლასო შეფასება, მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლება, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, პროექტებზე მუშაობა და ა. შ. მოდულების დაწერა მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მოდულების ერთი ნაწილი ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას უზრუნველყოფს, მეორე ნაწილი საგნობრივ მეთოდიკას დაეთმობა.
აბულაძის თქმით, პარალელურად დაიწყება მუშაობა მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტებთან. მონიტორინგი უზრუნველყოფს იმის დადგენასაც, თუ რა შეიცვალა მასწავლებლის ქცევაში ტრენინგის შემდგომ: "ჩვენ ფოკუსირებულად ვამზადებთ მასწავლებლებს ამ სამი წლის განმავლობაში. რეალური შედეგი მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების დონეზე რამდენიმე წლის შემდეგ აისახება. მაგრამ არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც ავტომატურად იცვლება მაგალითად, უმჯობესდება თანამშრომლობა, სასკოლო გარემო უფრო ორიენტირებული ხდება მოსწავლეზე და ა. შ. მონიტორინგის მეშვეობით ამ ყველაფრის შეფასება პარალელურად მოხდება, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, განსაზღვროს, რა ტიპის პროფესიული განვითარების მოდელი შეიმუშაოს სამომავლოდ".
პროფესიული განვითარების ინტენსიურ კურსებს გაივლიან საჯარო სკოლების დირექტორებიც. აბულაძის განმარტებით, ცენტრი აქამდეც ახორციელებდა დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის მიმართულ გადამზადების კურსებსა თუ კონფერენციებს, თუმცა ახალი პროექტის თანახმად, დირექტორების პროფესიული განვითარება უფრო სისტემურად მოხდება. დაგეგმილია ორწლიანი ინტენსიური ტრენინგები, რაც დირექტორების საფეხურებრივ გადამზადებას ითვალისწინებს. თითოეულ საფეხურზე დირექტორები კონკრეტულ მოდულებს გაივლიან. მოდულები ორიენტირებული იქნება იმ უნარების განვითარებაზე, რაც აუცილებელია სკოლის მართვისთვის, მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვა, სწავლების პროცესის შეფასება: "აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენმა დირექტორებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ინკლუზიური განათლების, თანასწორობის პრინციპები, მოსწავლეთა მოტივირების ხერხები, რომ დანერგონ და ხელი შეუწყონ საკუთარ სკოლებში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელსაც და მოსწავლესაც შეეძლება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა".
დირექტორები საკლასო შეფასების კომპონენტშიც გადამზადდებიან. მასწავლებლის პროფესიული სქემის თანახმად, დირექტორი სკოლაში შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელია. აბულაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შეთავაზებული აქტივობები დაეხმარება დირექტორებს, როგორც შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელებს. მათ მოუწევთ საკლასო ოთახებში შესვლა, რომ შეაფასონ მასწავლებლები და მისცენ განმავითარებელი შეფასებები: "საგანმანათლებლო სისტემის ის პერიოდი, როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო დონეზე, როცა დირექტორს მენეჯერობა მოეთხოვებოდა, დამთავრდა. დირექტორი სხვა ტიპის მენეჯერია. მისი საქმე მულტიფუნქციურია. ის მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვით არ შემოიფარგლება, მისი საქმე სასწავლო პროცესის მართვაცაა. დირექტორები უნდა იყვნენ ჩართული თავიანთი სკოლების სწავლა-სწავლების პროცესში. ამ კუთხით ეს პროგრამა ამაში კიდევ უფრო დაეხმარებათ".
ირინა აბულაძის განმარტებით პროექტი მაქსიმალურად იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული. მისი თქმით, შესაძლოა ის იმგვარად დაიგეგმოს, რომ რამდენიმესაათიანი ტრენინგის შემდგომ მასწავლებლებსა და დირექტორებს დრო მიეცეთ, რომ სკოლაში პრაქტიკაში გამოსცადონ ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნა. ტრენინგის შემდგომ ეტაპზე კი განიხილონ პრაქტიკაში აღმოჩენილი სირთულეები.
აბულაძის თქმით, ტრენინგმოდულები და საკითხავი მასალა უმცირესობების ენებზეც ითარგმნება. ასევე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ორენოვანი ტრენინგები.
ვინაიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინტენსიური ტრენინგები იგეგმება, ცენტრის სტრუქტურაში იქმნება მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა მოხდეს ტრენერის აყვანა, სერტიფიცირება, პროფესიული განვითარება და ხარისხობრივი კონტროლი. სერტიფიცირებული ტრენერები ტრენინგებს პროექტის ფარგლებში მასწავლებლებსა და დირექტორებს ჩაუტარებენ.
ჩამოყალიბდება ტრენინგის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. შემუშავდება მოდელი, სადაც სერტიფიკატს გამოცდილი ტრენერებიც მიიღებენ. სერტიფიცირების ეტაპი განსხავევებული იქნება გამოცდილი და ახალბედა ტრენერებისთვის. ის ტრენერები, რომლებსაც ცენტრთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, უფრო მოკლე და სწრაფ გზას გაივლის სერტიფიკატის მისაღებად, ვიდრე ახალბედა ტრენერები. აბულაძის თქმით, ზაფხულისთვის, როცა ტრენინგების პილოტირება უნდა დაიწყოს ტრენერები უკვე გადამზადებული და სერტიფიცირებულნი იქნებიან. ვინაიდან, გაზაფხულზე ცენტრი მასწავლებლის სქემის ფარგლებში ბევრ სხვა ტრენინგს გეგმავს. ტრენერების გადამზადება ამ პროცესის პარალელურად მოხდება.
ამ ეტაპზე პროგრამის შესახებ მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების ინფორმირება არ დაწყებულა. აქტიური საინფორმაციო კამპანია იანვრის ბოლოდან იგეგმება. აბულაძის თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხული პროექტის დაწყებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება მოხდება, რომ იმ დროისთვის, როცა ტრენინგებისთვის მოდულები დაიწერება და პილოტირება დაიწყება, პედაგოგებსა და დირექტორებს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ.
უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის კომპაქტის ფარგლებში 30 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. პროექტის მიზანია ქვეყანაში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ საქართველოში აშშ-ის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) საბაკალავრო პროგრამების დანერგვა. პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) - ქართველი სტუდენტებისთვის ინჟინერიასა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში ბაკალავრიატის საგანანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება დაიწყო. ამ პროგრამების კურსდამთავრებულები აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს თბილისში მიიღებენ. 2015 წელს სტუდენტების პირველმა ნაკადმა სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე უკვე დაიწყო.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ამ მიმართულებით 16 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი. საკონკურსო განაცხადის საფუძველზე პროფესიული სასწავლებლებისთვის გაიცემა გრანტები შრომითი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, არსებული პროგრამების განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.