„2014 - მოკლული ქალების ხმა, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ“ - დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ლიგამუსში“ გაიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფილმში მოკლული ქალების ოჯახის წევრები საუბრობენ. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით 2014 წელს სულ 34 ქალი მოკლეს. ფილმთან ერთად საიას პროექტის ფარგლებში კვლევაც მომზადდა, რომელიც ფემიციდთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობას აფასებს. კვლევის შედეგებს საზოგადოება სულ მალე გაეცნობა.
სოფო, მადონა, სალომე - ფილმში სულ სამი ქალის ამბავია. ოჯახის წევრები იხსენებენ როგორ გახდნენ მათი შვილები და დები ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. მადონას ძმა წუხს, რომ როდესაც მისმა მშობლებმა მადონას ზურგჩანთა ჩამოხსნეს და სკოლიდან გაათხოვეს, მაშინ უნდა ამოეღო ხმა, მერე უკვე გვიანი იყო. მადონა 23 წლის იყო. ქმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მან თავი მოიკლა.
სოფო ყოფილმა ქმარმა მოკლა. მუდმივი ძალადობის და მუქარის შემდეგ, ერთ დღესაც სამსახურიდან დაბრუნებულს დახვდა და ესროლა. სოფო ერთ-ერთ ჭიშკარში შევარდა, ფეხი რკინას წამოსდო და დაეცა. ქმარი მივიდა და წაქცეულს რამდენიმე ტყვია დაახალა - ფილმში ამის შესახებ სოფოს დედა გვიყვება. ამბობს, რომ სოფოს უფრო მეტად უნდა დასდგომოდნენ გვერდით, დროულად უნდა დახმარებოდნენ: „დედებმა ხმა უნდა აიმაღლონ იმ წუთშივე, როცა გაიგებენ, რომ თავიანთ შვილებს არ ულხინთ იმ ოჯახში სადაც გათხოვილი არიან“.
სალომე სკოლიდან მოიტაცეს. მისი ქმარი პოლიციელი იყო. ქმრის ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომემ მაინც შეძლო, სკოლა დაამთავრა და სწავლა გააგრძელა. სალომეს დედა ჰყვება, რომ გაშორების შემდეგ სალომეს ყოფილი ქმარი მასზე ძალადობას არ წყვეტდა, მათთან სახლში ხშირად მოდიოდა და სალომეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ, როგორც დედა ამბობს, პოლიციელებმა სალომეს არც კი მოუსმინეს. პოლიციელმა ქმარმა სალომე პარკში მოკლა.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ლიანა ჯაყელია. ფილმი „StudioMobile - Accent on Action“-მა („სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“) ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გადაიღო. რეჟისორი ამბობს, რომ ძალიან რთული იყო ამ ოჯახებში შესვლა, და რომ ამაში ხელი მედიის მიერ ამ მკვლელობების სკანდალურმა გაშუქებამაც შეუშალათ.
„ფილმში ამ ქალების სახელით მათი ოჯახის წევრები საუბრობენ. ხშირად ხდება, რომ გადაღებების წინა პერიოდში ოჯახის წევრებს პრობლემებისადმი დამოკიდებულება ეცვლებათ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მადონას ძმა იყო. მიღწევად მიმაჩნია, რომ ფილმის გმირები საუბრის დროს ამ პრობლემებზე ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ასეთი მძიმეა, ისინი ჭირისუფლები არიან“, - ამბობს ფილმის რეჟისორი ლიანა ჯაყელი.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია მოეწყო, სადაც შეხვედრაზე დამსწრეებს ფილმის რეჟისორთან და საიას იურისტ თამარ დეკანოსიძესთან კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ. თამარ დეკანოსიძის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმადაა აღიარებული, თუმცა ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ამას მსგავსი აღიარება ჯერ არ ჰქონია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” ფარგლებში კვლევაც მომზადდა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღეში მოეწყობა.