Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეუძლია თუ არა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დემოკრატიზაციის პროცესში წვლილის შეტანა?

20 იანვარი 2016

"ლიბერალი" "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან" თანამშრომლობით გთავაზობთ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ქართულენოვან  ვერსიას. დოკუმენტის პრეზენტაცია შაბათს, 15 იანვარს, ევროპის სახლში გაიმართა.
"ლიბერალი" და "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი" აგრძელებენ პარტნიორობას და დოკუმენტებს მომავალშიც წარმოგიდგენთ.

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. პოლიტიკის დოკუმენტი / 2015 წლის იანვარი

მოკლე შინაარსი

საქართველო  ევროკავშირში შესვლას და ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. თუმცა, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვა. აღნიშნული პროცესი იოლი არ არის - რეფორმები აიძულებს საზოგადოებას გადააფასოს საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული შეხედულებები და ტრადიციები. რეფორმები ხშირად საჯარო კამათის საგნად იქცევა, სადაც, როგორც წესი, ძალაუფლების მქონე ჯგუფები ცდილობენ კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ზეგავლენა. ამ ჯგუფებს შორის ერთ-ერთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (სმე). სმე-მ, რომელიც, უკვე წლებია, ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს და რომელმაც დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რეფორმებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას გავლენა რამდენჯერმე უკვე იქონია. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სწორად მოქმედების შემთხვევაში, ეკლესიამ დადებითი როლი ითამაშოს  დემოკრატიზაციის პროცესში, რადგანაც მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზეც. წარმოდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებები დემოკრატიზაციის კონტექსტში და ასევე მისი ღირებულებები და ქმედებები. აგრეთვე განხილულია პოტენციური გზები, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს ეკლესია როგორც რეფორმების პროცესში, ასევე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საჯარო და პოლიტიკურ დებატებში.

შესავალი: სმე- ძალაუფლება და გავლენა

2015 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონოდა. ამ ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს,  მხარი დაუჭირა როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის რამდენიმე წევრმა. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მეორე ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ეს იდეა. საპატრიარქომ მეორე დღესვე  უკან დაიხია განცხადებით, რომ ილია მეორეს სიტყვები საკანონმდებლო ინიციატივად არ იყო განზრახული. თუმცა, რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირის მზადყოფნამ, ემოქმედათ პატრიარქის მითითების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისგან მიჯნავს, საქართველოში პოლიტიკასა და რელიგიას შორის არსებული ზღვარის ბუნდოვანება კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა დემოკრატიული მმართველობის ძირითადი ელემენტია. საქართველოსთვის ესაა მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა მიაღწიოს საგარეო პოლიტიკის საჯაროდ გაცხადებულ მიზანს - გაწევრიანდეს ევროკავშირში და შეასრულოს ასოცირების შეთახმების ყველა პირობა.            

რადგანაც საქართველოში ასეთი მყიფეა ზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში გავლენიან  მართლმადიდებელ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. სმე-ს არა მხოლოდ შეუძლია საკუთარი მოსაზრებები საზოგადოების სხვადასხვა ფენებში გაავრცელოს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ დღის წესრიგზეც.

მართლმადიდებელი ეკლესიის ძალაუფლება ქართული საზოგადოების მზარდ რელიგიურობას ეფუძნება. „კავკასიის ბარომეტრის“ უკანასკნელი, 2013 წლის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 81% საკუთარ თავს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს, ქვეყანა კი მსოფლიოში ხუთი ყველაზე რელიგიური ერიდან ერთ-ერთია.

მათ შორის, ვინც  საკუთარ თავს სმე-ს წევრად აღიქვამს, 95%-ს მიაჩნია, რომ რელიგია მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უფრო საყურადღებო და  მრავლისმთქმელი კი ისაა, რომ 18-35 წლის ახალგაზრდები, უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც 35 წელზე უფროსია (გრაფიკი).

მართლმადიდებელი ეკლესიის  განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს კონსტიტუციაში მის როლს კიდევ უფრო აძლიერებს. 2002 წელს, კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც კონკორდატის სახელითაა ცნობილი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი პრივილეგია მიენიჭა, მათ შორი - გათავისუფლდა გადასახადებისგან. შეთანხმება შეეხო განათლების და კულტურის სფეროებსაც და გულისხმობდა იმასაც, რომ სახელმწიფოსა და  ეკლესიას „ერთობლივად ეზრუნათ“ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამას გარდა, თუ სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები  მართლმადიდებლობის სწავლებას გადაწყვეტენ, სასწავლო გეგმების განსაზღვრა და მასწავლებლების არჩევა სმე-ს პრეროგატივაა. ეკლესიამ, საკონსტიტუციო შეთანხმებით განსაზღვრული უფლებების განსახორციელებლად მოგვიანებით ასევე გააფორმა ხელშეკრულებები განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

სმე: დემოკრატიზაციის ხელშეწყობის და შეფერხების ძალაუფლება

ქართულ ეკლესიას, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტის გამო, პოტენციურად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიზაციის და შესაბამისად, ევროპეიზაციის პროცესში, თუმცა ამავდროულად შესწევს საკმარისი გავლენა, რომ ეს პროცესი, სულაც, შეაფერხოს. თუმცა, დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ეკლესიას წინააღმდეგობრივი პოზიცია უკავია.

ის, ერთი მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართულ კანონმდებლობაში ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების შეტანას. 2011 წელს, პატრიარქმა ილია მეორემ პროტესტი გამოთქვა სამოქალაქო კოდექსში იმ ცვლილების შეტანაზე, რომელიც რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს უფლებამოსილებას აძლევდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირებულიყვნენ. ეკლესიამ გააკრიტიკა კანონი და განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგებოდა როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.

ცვლილებებს წინ უძღვოდა საპროტესტო აქციები, რომელიც ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული  და რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა შიშს, რომ ეს კანონი შეასუსტებდა სმე-ს პოზიციას რამდენიმე სადავო ეკლესიის მფლობელობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებით იმ ტაძრებთან მიმართებაში, რომლებზეც სომხური ეკლესია დავობს. კიდევ ერთი  მაგალითია 2014 წელს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომელსაც სმე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. სასულიერო პირები პირადადაც ესწრებოდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს იმ არგუმენტით, რომ თანაბარი უფლებები სექსუალური უმცირესობებისათვის და გენდერული თანასწორობა მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ორივე შემთხვევაში მიიღო და საბოლოოდ კანონები დამტკიცდა. თუმცა, ანტიდისკრიმინაციული კანონის ბოლო ვერსია მიღებამდე მნიშვნელოვანწილად შეიცვალა. საბოლოო დოკუმენტი  აღარ ითვალისწინებს ინსპექტორის ოფისის შექმნის იდეას, ხოლო დისკრიმინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება, თუკი არ ეწინააღმდეგება სახალხო მორალს და სმე-სთან გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას. სამოქალაქო საზოგადოება შეურაცხყოფილი დარჩა ამ ცვლილებებით, რადგან აღმოჩნდა, რომ პარლამენტმა ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარჯზე  ეკლესიას ასიამოვნა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს უკავშირდებოდა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით იყო გათვალისწინებული.

ამავდროულად, საეკლესიო წრეების თვალთახედვით,  ეს ცვლილებები ქართულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის – ისინი დასავლეთის “არაწმინდა ღირებულებებად”  და იმ დიდი გეგმის ნაწილად მიიჩნევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების დამცავის საკრალური როლი უნდა დაათმობინონ.  მაგალითად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას, ევროკომისარ შტეფან ფულეს მოუწია განემარტა, რომ  ევროკავშირის წევრობა ქართულ ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება  და საფრთხეს არ უქმნის.

მიუხედავად ზემოთაღნიშულისა, ეკლესია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირების  ღიად გაპროტესტებას მაინც ერიდება. როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გაცხადებას,  სმე-ს პოზიცია ამბივალენტურია. დასავლური ღირებულებების რაღაც ნაწილის საჯაროდ დაგმობის მიუხედავად, პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

სმე-ს ზოგჯერ გაურკვეველი და წინააღმდეგობრივი პოზიცია ეჭვქვეშ აყენებს  ეკლესიის როლს დემოკრატიზაციის პროცესში და იბადება შეკითხვა: რამდენად თავსებადია მისი იდეოლოგიური პოზიცია ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან? ასევე ჩნდება სხვა რამდენიმე კითხვაც: შეუძლია თუ არა სმე-ს საკუთარი  წვლილის შეტანა დემოკრატიზაციასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში თუ ამ პროცესს ის მხოლოდ შეაფერხებს? რამდენად შესაძლებელია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჰარმონიული ურთიერთობა? რა უნდა ვიღონოთ იმისათვის, რათა ეკლესია დადებითად ჩაერთოს ქვეყნის განვითარების პროცესში?

სმე- თავსებადობა ლიბერალურ დემოკრატიასთან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გავლენას ძირითადად ეროვნული იდენტობის დისკურსის საშუალებით ინარჩუნებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციებსა და ადათებს, რომლებსაც მართლმადიდებლური სარწმუნოების ჩარჩოებში აქცევს. მაგალითად, პატრიარქმა ილია მეორემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ცნობილი ქართველი მოღვაწისა და მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის მიერ განსაზღვრული ეროვნული ღირებულებები – “მამული, ენა, სარწმუნოება”  შემდეგი სახით ჩამოყალიბებულიყო: “ღმერთი, მამული, ადამიანი”, - ამით ნეიტრალური “რელიგია” პრომართლმადიდებლური ღმერთის იდეით ჩანაცვლდა. ასე რომ, სმე-ს მიერ შემოთავაზებული ეროვნული იდეოლოგია ექსკლუზიური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანები, მაგრამ ეთნიკური არაქართველები, მაინც ქართველებად ითვლებიან, “არაქრისტიანული ცხოვრების (ცხოვრების სტილის) მიმდევარი ქართველები არ შეიძლება იყვნენ ქართული  იდეის ნაწილნი.” ასე რომ, ეკლესიის მიხედვით “ქართველობა”  ორ სვეტზე დგას: სულიერებასა (ქრისტიანობა და ადათები) და ეროვნულ-კულტურულ ღირებულებებზე. 

ამასთანავე ეფუძნება რა მართლმადიდებლობის, როგორც უნიკალური და  გამორჩეული ცივილიზაციის იდეას, სმე რელიგიათა შორის   პრივილეგირებული სტატუსის მოპოვებას ცდილობს.  პატრიარქმა 1997 წელს განაცხადა, რომ “მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს ქრისტიანობის სწორ და თავდაპირველ სწავლებას.” მიუხედავად იმისა, რომ სმე  ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს, ის მაინც მხოლოდ ერთ რელიგიური უმრავლესობის ჯგუფს წარმოადგენს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის  (EMC) ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ მუსლიმებთან კონფლიქტების დროს, 2012 წლის შემოდგომაზე, ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, ეკლესიამ ჩარევის შედეგად არა მხოლოდ სიტუაციის მონოპოლიზირება მოახერხა, არამედ ის მოთხოვნები, რომლებიც სამღვდელოებამ წამოაყენა, რელიგიური უმცირესობების უფლებებს  არღვევდა.

ზოგადად სმე ამტკიცებს, რომ დემოკრატიის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუმცა, ლიბერალიზმის ცნებასა და დემოკრატიის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავს: პატრიარქის თქმით, “სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგიის გარეშე ლიბერალიზმი”  “ფსევდოდემოკრატიაა” და  ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს. სმე-ს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რამდენიმე პროდასავლელი პოლიტიკოსი ქართველი ერის უნიკალურობის წინააღმდეგ დემოკრატიის სახელით ილაშქრებს.  ამგვარად, სმე  რელიგიური ნაციონალიზმის აღზევებას უწყობს ხელს, რომელიც, მათი აზრით ქართველი ერის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ეს კი ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც ის მორალს დაეფუძნება. როგორც პატრიარქმა განაცხადა: “დღეს საქართველოში კანონის უზენაესობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც  მიღებული კანონები ხშირად განსაზღვრავს როგორც ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, ასევე, ადამიანების სულიერ მდგომარეობას. […] მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმინდა კანონებს“.

ზოგადად, ლიბერალიზმის იდეას ეკლესია უაღრესად კრიტიკულად უყურებს. ის ერთგვარ პოსტმოდერნიზმად არის აღქმული,  სმე ამ კონცეფციას განმარტავს, როგორც სრულ თავისუფლებას, როცა  ნებისმიერი ქმედება დაშვებულია, ასეთი ხედვა კი ქრისტიანობისთვის მიუღებელია. პატრიარქი ხშირად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ეს ორი მოსაზრება არსებითად ერთმანეთს ეწინააღმდეგება: “არჩევანის თავისუფლება ფსევდოლიბერალიზმში გულისხმობს იმას, რომ ყველა ღირებულება თანაბრად კარგია. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ არჩევანი, ის აგრეთვე გვასწავლის განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის, მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, მაგრამ არა ნებისმიერ არჩევანს. ქრისტიანობაში ყველაფერი ნებადართულია, თუმცა, ყველაფერი კარგი არ არის”.

სწორედ ეს პოზიცია უდევს საფუძვლად სმე-ს დამოკიდებულებებს და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეკლესია ქადაგებს. მათ შორისაა შეუწყნარებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ და გენდერული თანასწორობის მიუღებლობა. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი ორმოცდაათი აქტივისტის საწინააღმდეგოდ მიმართულ აქციას და ფიზიკურ დაპირისპირებას, სამღვდელოება მიუძღვოდა წინ ერისა და რელიგიურობის დაცვის მიზნით. ფიზიკური დაპირისპირება ყველამ დაგმო, მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ სანაცვლოდ ეს დღე “ოჯახის სიძლიერისა და მშობლების პატივისცემის დღედ” გამოაცხადა. მნიშვნელოვანია რომ, ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი უმცირესობების უფლებებს საფრთხედ აღიქვამს: 2014 წელს პატრიარქმა ხმამაღლა ისაუბრა ამ შიშზე, როდესაც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას, ვინ დაიცავს ქართველ ხალხს?“

სმე საკუთარ როლს სრულიად საქართველოს დამცველად ხედავს მართლმადიდებლური ქრისტიანობის ქოლგის ქვეშ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქო პრიორიტეტს ანიჭებს სრულიად საზოგადოებაზე პასუხისმგებლობას ინდივიდუალური გადარჩენის იდეის ხარჯზე.  ამის ნათელი მაგალითია ეკლესიის იერარქების ქადაგებებში კოლექტიური ცნებების ხშირი ხსენება. მაგალითად, მოსაზრება, რომ ოჯახის ცნება ქართველი ერის საფუძველია, იმასაც ნიშნავს, რომ ისეთი იდეები, როგორიცაა გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები სექსუალური უმცირესობებისთვის, ის საფრთხეა, რომელსაც ერის განადგურება შეუძლია. აღსანიშნავია რომ, ქართველმა ხალხმა ეკლესიას ბევრჯერ დაუდასტურა  ნდობის მაღალი ხარისხი, რაც აძლიერებს ეკლესიის ნარატივს, როგორც ინსტიტუტისას, რომელსაც შეუძლია  საზოგადოებას მორალური სტანდარტები და ქცევის წესები უკარნახოს. სმე-ს ხალხის მობილიზების უნარი კარგად გამოჩნდა 2011 და 2013 წლებში სამღვდელოების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების დროს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ის, რომ პატრიარქის მოწოდება სიმშვიდისკენ საკმარისი აღმოჩნდა გამპროტესტებლებისთვის შინ დასაბრუნებლად.  ასევე საყურადღებოა რომ, სოციალური კონფლიქტების დროს ქართველი ხალხი ეკლესიის მხარეს დგება.  2011 წლის პროტესტების შემდეგ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღოლობით გამართული დემონსტრაციების შემდეგ, მოსახლეობის 80%-მა მხარი დაუჭირა  მოსაზრებას, რომ პარლამენტს კანონის მიღებამდე საპატრიარქოსათვის   უნდა ეკითხა რჩევა. ეს ვითარება გვიჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების აზრი წინააღმდეგობრივია და იხლიჩება ურთიერთდაპირისპირებულ ცნებებს - დემოკრატიასა და ტრადიციებს შორის, რომელებიც რელიგიურ დისკურსშია წარმოდგენილი. ქართველების უმრავლესობა დემოკრატიას უჭერეს მხარს, მაგრამ ეს დემოკრატია უპირობო არ არის: CRRC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც დემოკრატიასთან დაკავშირებული ღირებულებები ტრადიციებს ეჯახება, რესპონდენტები ელიან, რომ მთავრობა პრიორიტეტს თავისუფლების ნაცვლად ტრადიციებს მიანიჭებს. მაგალითად, გამოკითხულთა დიდმა რაოდენობამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ მთავრობამ ტრადიციების საწინააღმდეგო ნებისმიერი ინფორმაციის ბეჭდვა უნდა შეზღუდოს. გამოკითხულთა უფრო ნაკლები რაოდენობა მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნების თაობაზე გამომცემლის პირადი პასუხისმგებლობაა და მთავრობა არ უნდა ჩაერიოს.

მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ. პირველი ის, რომ ეკლესია სულაც არ გახლავთ ჰომოგენური დაწესებულება. მიუხედავად იმისა, რომ სამღვდელოების უმრავლესობა იმეორებს პატრიარქისა და მაღალი საეკლესიო იერარქების მოსაზრებებს, მაინც არსებობენ ინდივიდები, ვისი შეხედულებებიც განსხვავდება დომინანტური ჯგუფისაგან და უფრო ახლოს დგას ლიბერალურ იდეებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ სმე-ს ხელმძღვანელობა  ქადაგებს რამდენიმე პოლიტიკური და სამოქალაქო ღირებულების შესახებ, რომლებიც შეიძლება დემოკრატიზაციას დავუკავშიროთ. მათ შორისაა მოწოდება, რომ ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა კანონების მიღების პროცესში.პატრიარქი საუბრობს განათლებასა  და  შრომის მნიშვნელობაზე, ასევე წესრიგის დაცვის, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემისა და სახელმწიფოს საკუთრების მოფრთხილების შესახებ, რაც კეთილი ნების შემთხვევაში გარკვეულ პირობებს ქმნის ეროვნული დიალოგისთვის ყველა დაინტერესებული მხარის (სახელმწიფო, მართლმადიდებელი ეკლესია, სამოქალაქო საზოგადოება) მონაწილეობით.

სმე- სოციალური და ეკონომიკური საქმიანობა

სმე-ს აქტიურობა სოციალური საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის აღსანიშნავია განათლება, ქველმოქმედება და სოციალური ფონდები. ეკლესია ასევე ჩართულია ბიზნესში. 2014 წლის მონაცემებისა და უახლესი ინფორმაციის მიხედვით, საპატრიარქომ დაარსა სულ ცოტა 84 არაკომერციული იურიდიული ერთეული, მათ შორისაა ოთხი უნივერსიტეტი, ხუთი სასულიერო აკადემია, 25 სკოლა, 8 სოციალური ცენტრი, 16 საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ფონდი და 16 კულტურული და სასულიერო დაწესებულება. მათ შორის არის ათი თავშესაფარი, სადაც  1000-1500 ბავშვი ირიცხება, ასევე საქველმოქმედო ცენტრები ხანდაზმული ადამიანებისათვის ისეთები, როგორიცაა თავშესაფრები და უფასო სასადილოები. საპატრიარქო ასევე მუშაობს სოციალურ თემატიკაზე, მაგალითად აქვს ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი და ასევე ცენტრი სმენის არმქონე ბავშვებისთვის. ამას გარდა, სმე-მ გააფორმა ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროსთან, რათა იმუშაოს პრობაციაში მყოფ  და გათავისუფლებულ პატიმრებთან, რომელთაც საპატრიარქო, მაგალითად, ეკლესიების მშენებლობაზე ასაქმებს.

თუმცა, მწირი ინფორმაცია და ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა ართულებს ეკლესიის მიერ ჩატარებული საქველმოქმედო სამუშაოების შეფასებას. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ეკლესია  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონს იღებდა. 2013 წლის ერთ-ერთი  ანგარიში გვიჩვენებს, რომ საბიუჯეტო გადარიცხვების 75% იხარჯება რელიგიურ განათლებაზე. თუმცა, ანგარიში არ არის დეტალური და თან არ ახლავს სრული დოკუმენტაცია. მეორე მხრივ, იმ თანხებიდან, რასაც საპატრიარქო იღებს მუნიციპალური ფონდებიდან, მხოლოდ 1% იხარჯება სოციალურ პროექტებზე, 19% ეკლესიების მშენებლობასა და მორთულობაზე და 8% - რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო საგნების შენაძენზე. ინფორმაცია დანარჩენი თანხების ხარჯვაზე ამ ეტაპზე  არ არის ხელმისაწვდომი.

დასკვნა და რეკომენდაციები

ნათელია, რომ სმე-ს იდეოლოგიის რამდენიმე ასპექტი უფრო  ეწინააღმდეგება, ვიდრე ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს. ქართულ საზოგადოებაში ეკლესიის დიდი ავტორიტეტი და ძლიერი პოზიცია გვაფიქრებინებს, რომ ის უმნიშვნელოვანესია მისი დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის პროცესებში ჩართვა. არ უნდა მოხდეს სმე-ს იზოლირება ქვეყნის განვითარების და დასავლეთთან ინტეგრირების გზაზე.  მაგრამ ამავე დროს, ეკლესია უნდა ჩაერთოს ისე, რომ პროცესებზე დადებითი გავლენა იქონიოს. ეკლესიას საკმარისზე  დიდი ძალაუფლება აქვს იმისთვის, რათა მართოს ხალხის აზრი, ასევე შეუძლია მოსახლეობის ორგანიზება ისე, რომ შედეგად რაღაც შეიცვალოს,  რასაც თავის მხრივ,  ცვლილებები მოაქვს საზოგადოებრივ დონეზე. არსებობს რამდენიმე გზა იმისათვის, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა და მთავრობამ ეს დადებითად გამოიყენონ. თუმცა, ლიბერალურ დემოკრატიასთან ეკლესიის დამოკიდებულების გათვალისწინებით საპატრიარქოსთან მუშაობა გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს. თეორიულად, თანამშრომლობა შეიძლებოდა შემდგარიყო მთავრობის ან სამოქალაქო საზოგადოების მიერ ფორუმის ორგანიზებით, სადაც დიალოგში ჩაერთვებოდნენ ღია ჯგუფები სმე-დან და სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეკლესიასთან და სამღვდელოების მაღალ იერარქიასთან კომუნიკაციის ღია საშუალებების შენარჩუნება, ძირითადად იმისათვის, რომ მათ ინფორმაცია მივაწოდოთ და ჩავრთოთ ისეთ დისკუსიებში, რომლებიც საფუძველს ჩაუყრის ურთიერთგაგებას დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ.

რეალურად, მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გარკვეული ინსტიტუციონალური ურთიერთობა უკვე არსებობს, თუმცა, ის  ამ ანგარიშში დასახულ მიზნებს არ ემთხვევა. 2012 წელს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებული საკითხების მოსაგვარებლად, სადაც შედიან სამღვდელოებისა და მთავრობის წევრები. მაგრამ მისი სამუშაო ჯგუფები ფოკუსირებულნი არიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზღვარგარეთ არსებული ტაძრების სტატუსის დადგენა და კულტურის ძეგლების შესწავლა. არსებობს კიდევ ერთი ორგანო - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც  2014 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ პრემიერ-მინისტრს  რჩევები მიაწოდოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ. მათი პროექტები ჯერ არ არის დაზუსტებული და მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა ეკლესიის იერარქებთან, უცნობია, რამდენად ინფორმაციულია ეს შეხვედრები ეკლესიისთვის – კერძოდ კი, ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას ეხება. ასევე გაურკვეველია რა ფორმით და რამდენად ხშირად იმართება ეს შეხვედრები.

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ქართულ სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  დემოკრატიზაციის პროცესებში ჩართონ:

1. სახელმწიფო და სმე უნდა ჩაერთონ ინსტიტუციონალიზებულ დიალოგში, რათა  მოხდეს სმე-ს ინფორმირება სახელმწიფო ხედვებისა და მიზნების შესახებ:

•          პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა დაგეგმოს   ყოველწლიური შეხვედრები ეკლესიის მესვეურებთან, სადაც განიხილავენ ეკლესიისა  და სახელმწიფოს ურთიერთობებს ან სხვა საჯარო ინტერესის მქონე რელევანტურ საკითხებს;

•          საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უნდა დაიწყონ შეხვედრები ეკლესიის მაღალ იერარქებთან, რათა გაუზიარონ დამოკიდებულებები/მოსაზრებები საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შესახებ და გაცვალონ ინფორმაცია. 

2. ევროკავშირის სათანადო სტრუქტურების წარმომადგენლები და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა იყვნენ ჩართული მუდმივი დიალოგის პროცესში, რათა ეკლესიას ჰქონდეს პირდაპირი ინფორმაცია საქართველოს მომავალი განვითარებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ:

•          საქართველოში მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე უნდა მიიწვიონ ეკლესიის იერარქები რელიგიურ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, რათა არ მოხდეს სმე-ს გაუცხოვება. ეს უზრუნველყოფს ევროპის იმიჯის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს სწორი ინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის ღირებულებების შესახებ.

•          ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში ჩამოსვლისას უნდა გამართონ პატრიარქთან დიალოგი ზუსტად ისევე, როგორც ესაუბრებიან საქართველოს მთავრობას, რათა ქართულმა ეკლესიამაც მიიღოს ინფორმაცია. 

3. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის  უნდა დაიწყოს დიალოგი საზოგადოებრივ და სათემო საკითხებთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ სფეროებში გაიზარდოს ეფექტურობა:

•          საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ეკლესიასთან ერთად იმუშაონ რიგ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე (სანიტარული პირობების გაუმჯობესება, მწვანე საფარის მოვლა, სხვა საერთო ყოფითი პრობლემები), მათ შორის განათლებასა და განვითარებისთვის თანხების მოძიებაზე.

•          საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ ეკლესიასთან ერთობლივ ღონისძიებებს და ჩაუტარონ ტრენინგები მოსახლეობას სხვადასხვა უნარ-ჩვევების შესასწავლად, აგრეთვე დაეხმარონ პროფესიების ათვისებაში, რადგან ეკლესია უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს, მაგალითად აქვს კურსები სხვადასხვა ხელობის შესასწავლად.

4. სახალხო დამცველის აპარატმა უნდა წამოიწყოს მუდმივმოქმედი დიალოგი  სმე-სა და საქართველოში არსებული დენომინაციების წარმომადგენელთა შორის,  რათა მათი ურთიერთობა გაუმჯობესდეს, ხოლო დაპირისპირება - შემცირდეს.

 

სალომე მინესაშვილი - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^