„რა გაწუხებთ?“ - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ სოციალურ კამპანიას იწყებს. ინიციატივასთან დაკავშირებით შედგენილი კითხვარი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით, ვებგვერდზე 1505.ge, ასევე ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინიციატივა უწყებას საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების უფრო ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. მათივე თქმით, პროექტი „რა გაწუხებთ?" მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციის, მათი სურვილების, მოლოდინისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის შეიქმნა.
„საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ, უპასუხონ კითხვებს, რომელიც უშუალოდ ეხება ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ და ვიცოდეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი, რადგან ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნებსა და მოლოდინებს პასუხობს. ჩვენ არ გვჭირდება რეფორმა რეფორმისთვის. საზოგადოებამ უშუალო და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც ეხება გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სფეროში", - ვკითხულობთ ვებგვერდზე 1505.ge.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ინიციატივას გლობალური ალიანსთან ერთად ახორციელებს.