ეს ძველი ამბებია, გამოგონილი ქალაქი, გამოგონილი სამყარო ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ ლიტერატურაში ჩნდება. შეიძლება მანამდეც არსებობდა, ეგვიპტურ ან შუმერულ ლიტერატურაში, თუმცა ამას ვერ ვადასტურებთ. ზუსტი აღმოჩნდა ჰომეროსი, თანაც იმდენად, რომ რაც კი თქვა, ქალაქი იქნებოდა, თუ მდინარე, შლიმანის შრომის შედეგად ყველაფერს მივაგენით. შეიძლება კონკრეტული მეომრისა თუ ფარისთვისაც კი მიგვეკვლია...
გამოგონილი ქალაქი ანტიკურობაშივე გაჩნდა და თანაც ისე, როგორც ის მომავალში ლიტერატურას დასჭირდა. პლატონმა გამოიგონა ატლანტისი, ატლანტიდასაც რომ უხმობენ, და უპირველესად ხაზი გაუსვა იმ მითებს, ქალაქის არსებობას რომ ამტკიცებდნენ. ამ თეორიის მიხედვით, ატლანტისი ევროპასა და ამერიკას შორის უნდა არსებობდეს. ეს ქალაქი პლატონის დრომდე სულ ცოტა ათი საუკუნით ადრე უნდა გამქრალიყო, რა თქმა უნდა, თუკი მის გაუჩინარებას მსოფლიო წარღვნას დავუკავშირებთ.
ვფიქრობ, პლატონს ატლანტისი ზუსტად იმისათვის დასჭირდა, რისთვისაც ანალოგიურ მეთოდს შემდეგ თომას მორი და არაერთი სხვა ავტორი მიმართავს, ანუ პლატონი ქმნიდა სამყაროს, სადაც იყო წესრიგი და ვინაიდან დედამიწის ზურგზე არ არსებობს ასეთი ადგილი, ამისთვის გამოგონილი სამყარო იქმნება.
ამ სამყაროებს განსაკურებულად მიმზიდველი “აურა” აქვთ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ 1541 წელს ცნობილი კონკისტადორი, კიტოს გუბერნატორი, გონსალო პისარო 340 გაწვრთნილი ჯარისკაცითა და ოთხი ათასი ადგილობრივით “ელ დორადოს”, იმ ქალაქის საპოვნელად დაიძრა, ენთუზიასტები დღესაც უშედეგოდ რომ ეძებენ.
შემდგომში “ელ დორადო” - ზღაპრული ოქროს ქალაქი - მთელ მსოფლიო ლიტერატურაში ჩნდება, აქვეა ფრანგული ლიტერატურის ამბებიც - “მთელი ოქრო პერუდან”...
ეს მაგიაა - არსებობს ქალაქები, რომლებიც სხვებს არ ჰგავს, განსაკუთრებულია და შესაბამისად არც ჩანს, უნდა მიაგნო, უნდა იპოვო, აღმოაჩინო.
მაგია კიდევ ისეთი უნდა, სამხრეთ ამერიკულ ლიტერატურას, გამოგონილი სამყაროების მექას რომ ახასიათებს. თავისთავად მაგიური რეალიზმი ოქსიმორონი, “ცხელი თოვლის” მსგავსი სიტყვათშეთანხმებაა. ეს მაგია შეიძლება რომანტიკულადაც იყოს გადმოცემული, მაგრამ მისი ძალა ამ ამბების დამაჯერებლობა, ისე გადმოცემაა, თითქოს ნამდვილი იყოს. დამაჯერებელი კი არა, ზოგჯერ ქუჩაში სიარულისას იმასაც ფიქრობ, რომ რომელიმე არკადიო ან პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია შეგხვდება აუცილებლად. მაკონდოში ხომ მოხვდები და მოხვდები - ყველა გზა ხომ მაკონდოში მიდის.
მაკონდოზე სულ ის ჩემი მეგობარი მახსენდება, ერთ-ერთ სტატიაში რომ აღვნიშნე, რომანების დასაწყისები ზეპირად იცის-მეთქი. “მარტოობის ასი წელიწადის” საკმაოდ დიდი მონაკვეთი იცოდა კარგად, და როცა რომელიმე შეკრებისას თუ მეგობრების წრეში დაასრულებდა პასაჟს სიტყვებით - “Это была в Макондо”, ყველა ღელავდა მაკონდოზე, ქალაქზე, რომელიც არავინ იცოდა, არსებობდა თუ არა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ არაკატაკაში, რომელიც მარკესმა სამყაროს ცენტრად აქცია, არსებობს ასეთი პატარა დასახლება. გადმოცემის მიხედვით, თუ არაკატაკადან, ე.წ. ბანანის მხარეში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიის მიმართულებით წახვალ, ბანანის ზონასა და სიენაგას შორის არის პატარა დასახლება, სახელად მაკონდო, საიდანაც უკან ვერავინ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ამ დასახლებას არანაირი კავშირი არ აქვს გაბოს მიერ შექმნილ სამყაროსთან, ქალაქთან, რომელიც პირველად მწერლის 40-50-იანი წლების მოთხრობებში ჩნდება.
“მარტოობის ას წელიწადში”, გამოგონილ სამყაროში, მაკონდო XIX საუკუნის 40-იან წლებში იბადება და XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ მთელ საუკუნეს ძლებს. ამ საუკუნის განმავლობაში დასახლებაში ექვსი თაობა შეიცვლება.
ექვსი თაობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. ბერძნულ მითოლოგიას თუ გადავხედავთ, აქ არის ოთხი თაობა: ქაოსიდან ჩნდება წესრიგი, შემდეგ მოდის ურანოსი, კრონოსი და ბოლოს ზევსი. ადამიანები მეხუთე თაობაში ჩნდებიან, ხოლო ოქროს ადამიანების გადაგვარება და დაცემა, მათი რკინის ადამიანებად ქცევა მეექვსე თაობაში ხდება. აი ეს იცის მარკესმა!
მას შეეძლო ნებისმიერი ქალაქი აეღო და გაენადგურებინა ისე, როგორც რომი დაანგრია და მოსპო ლუიჯი პირანდელომ. ეს ცალკე ხელოვნებაა. თუმცა მაკონდო გაბოს ერთი მთავარი რამის სათქმელად დასჭირდა - ექვსი თაობა, განვითარებაც და გადაგვარებაც, თუმცა უკანასკნელი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, სამყარო უკეთესი იქნებოდა. აი ამ ტრაგიკული აზრის თქმა სურდა მარკესს. პატარა მაკონდოს ისტორია კოლუმბიის ისტორიის ერთ-ერთი საუკუნე არ გეგონოთ - ეს მთელი სამყაროს ისტორიაა.
სამხრეთ ამერიკელები საერთოდ ზღაპრული ხალხია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლობა აქვთ და თანაც ამტკიცებენ, რომ სამხრეთ ამერიკულ საფუძვლებზე დგანან, მაშინ როდესაც რეალურად ევროპულს ეყრდნობიან. ვფიქრობ, ეს ამბები ალეხო კარპენტიერიმ მოიფიქრა. საერთოდაც, ამ საქმეში ლიდერი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები იყო. გამოგონილი სამყარო, ქალაქი აქაური მწერლების ფანტაზიის ნაყოფია, და რაც უფრო სამხრეთით მივდივართ, ეს გამოგონება ფანტასტიკურ დონეს აღწევს.
ამ მწერალთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი - ხულიო კორტასარი - ქალაქებს სხვანაირად იგონებდა. მისი ერთი პერსონაჟი ერთდროულად კვდება ევროპის ქალაქის სუფთა ჰოსპიტლის სარეცელზე და აცტეკების მსხვერპლშესაწირ ქვაზე. ასეთი რამ მოიფიქრა კორტასარმა, მანვე გვაჩვენა ერთი ადამიანი ორ ქალაქში. რაც უნდა ერქვას, ლიმა, პარიზი თუ სხვა, მათი თანადროულობა ამ ქალაქებს გამოგონილი სამყაროს ნაწილად აქცევს.
გამოგონილია თითოეული ქოხი, რომლიდანაც პერსონაჟი ისეთ კაცთან გამოდის და შედის, რომელმაც თავის ნაწარმოებს გამოგონება, ფიქცია დაარქვა. მოცულობით დიდი წიგნები არ დაუწერია ყველა დროის ყველაზე დიდ სამხრეთ ამერიკელ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს.
ჰიბრიდული სახელმწიფო - კოსტაგუანა გამოიგონა ჯოზეფ კონრადმა, ქვეყანა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს ნიშანს ატარებს - აქ იმართება კარნავალები, კარგი ჰაერია და ადგილობრივზე უკეთეს ხორცს ვერსად ნახავთ.
საერთოდ ბევრი დაწერილა იმაზე, თუ რა საჭიროა სამყაროს, ქალაქის გამოგონება. ფაქტი კი ერთია, გამოგონილ სამყაროს დიდი ხიბლი აქვს - ცენზურას იოლად უვლის გვერდს და დროისა არ ეშინია. მარკესსაც, ასტურიასსაც, ფუენტესსაც, კარპენტიერსაც სამყაროების გამოგონება იმისთვის დასჭირდათ, რომ არსებობდა რეჟიმები, რომლებიც ვერ იღებდნენ ვერანაირ კრიტიკას. ეს საკითხი ქართველებს კარგად გვესმის, “სამოსელი პირველიც” ხომ გამოგონილი სამყაროა, თანაც ზუსტად “იქაური”. მოგეხსენებათ კანუდოსი ცნობილი ისტორიული ამბავია, ოღონდაც აქ მწერალმა ჭკვიანურ ხერხს მიაგნო - უცხოელები ქართველები არიან, ქართველები - უცხოელები, ყველაფერი გასაგებია.
გამოგონილი სამყარო, გამოგონილი ქალაქი და პერსონაჟები ლიტერატურის არსია. ლიტერატურაში ქალაქს გინდა თბილისი დაარქვი, გინდა ქუთაისი, ის მაინც გამოგონილია, ის ის მაინც არ არის, რაც რეალურად გვაქვს. მაკონდოს გამოგონებისთვის მსოფლიომ ძეგლი უნდა დაუდგას მარკესს - სისხლის აღრევის შიშმა და არასწორმა საფუძველმა შექმნა ქალაქი, რომელმაც კინაღამ იხსნა სამყარო, თუმცა საფუძველი საფუძველია და ამიტომაც იგი დაინგრევა. ამ ნაწარმოებში ყველაზე დიდი ბედნიერებაც სწორედ ის არის, რომ უბედურება მოხდა და გამოგონილი დამთავრდა.
სამხრეთ ამერიკულ ლიტერატურაში კრეატიულობის ეს უზარმაზარი ნაკადი, რაც სრულიად უცხო იყო ევროპულისთვის, ვეებერთელა იმპულსად იქცა, რომელმაც ევროპაში სწორედ მაშინ შემოაღწია, როდესაც რომანი აქ სულს ღაფავდა. სამხრეთ ამერიკელებმა მისი რეალობის მაგიაში გადატანა შეძლეს და როდესაც ეს ევროპაში მოხვდა, მან გამოფხიზლება, ახალი ფორმების ძიება დაიწყო, თანაც ისე, რომ სამხრეთ ამერიკული ლიტერატურისთვის არ მიებაძა.
როდესაც ჰომეროსი ილიონს, ანუ ტროას აღწერდა, მისთვის ეს ქალაქი გამოგონილი იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ამბებიდან სულ მცირე ოთხასი წელი იყო გასული. მიუხედავად ამისა, ჰომეროსი წერს, როგორც ამ ომის თანამედროვე. ეს არის საიდუმლო, რომელიც მისგან სამხრეთ ამერიკულმა ლიტერატურამ ისწავლა. ეს ლიტერატურა აღწერილ ამბებთან არც დროში და არც სივრცეში დისტანცირებული არ არის. ეს არის მისი განსაკუთრებული ძალა. საოცარია, როგორ ხერხდება მკვდარი ძროხის ისე წარმოჩენა, თითქოს ავტორი აშკარად ადგილზე იმყოფება. ამ გამოგონილ სამყაროებში ჩვენც ნამდვილად ადგილზე ვართ.
ეს ავტორები ადამიანის წარმოსახვის უნარს, აინშტაინის სიტყვებით, “ცოდნაზე მნიშვნელოვან” რამეს ენდობიან და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებულს, ყოველთვის გამოგონილი ქალაქი ჯობია, ანუ ქალაქი თბილისი გალაკტიონის ლექსში “თბილისი”, ბევრად სჯობს იმ არქიტექტურულ “საოცრებას”, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.