დღესდღეობით ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საქართველოში ცხრამეტი დღის ცენტრი ფუნქციონირებს. მათ შორის ცამეტი თბილისშია. დღის ცენტრების ბენეფიციარებს ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად 11-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ეს ვაუჩერი 100%-ით იფარება, დანარჩენებისთვის კი - 75%-ით. დედაქალაქში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისის მერიამ 25%-იანი თანაგადახდის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო.
ორგანიზაციას - “კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” - თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დღის ცენტრი აქვს, სადაც 54 ზრდასრული (18 წელს გადაცილებული) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი დადის. ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო აქტივობის პარალელურად ამ ადამიანებს შრომითი თერაპიის გავლაც შეუძლიათ. შვიდ სხვადასხვა ოთახში დღის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიდის. ზოგი ხეზე, ზოგიც თექაზე მუშაობს. ხატავენ, ღებავენ და ამ ნივთებს გამოფენებზე ყიდიან. სხვები სტამბაში რვეულებს აწყობენ. ხანდახან კერძო კომპანიების შეკვეთებზე მუშაობენ, თუმცა ეს არაა სოციალური თერაპიისთვის შემოსავლის გარანტირებული ალტერნატიული წყარო.
წლების განმავლობაში სერვისს ორი დიდი დონორი ორგანიზაცია აფინანსებდა: Bread for the world-ი და ჩეხეთის დიაკონია. Bread for the world-მა თავისი სტრატეგია შეცვალა და სერვისების დაფინანსებაზე უარს ამბობს. ჩეხეთის დიაკონიის შინაგანაწესით კი ერთ ორგანიზაციასთან 3 წელიწადზე მეტს არ თანამშრომლობენ. ამიტომ სოციალური თერაპიის სახლი მხოლოდ სახელმწიფოს ვაუჩერის დაფინანსებაზე რჩება.
თორნიკე რაზმაძე “კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” ორგანიზაციის მენეჯერია. ამბობს, რომ ბენეფიციარზე განსაზღვრული 11 ლარი მხოლოდ ბენეფიციარების ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას და კომუნალურ გადასახადებს ყოფნის, სახელფასო ხარჯებს კი ვეღარ ფარავს. ამის გამო შესაძლოა, რამდენიმე თვეში დღის ცენტრი დაიხუროს.
“სახელმწიფოს მიერ მოცემულ 11 ლარს რამდენიმე წლის წინ შესაძლოა, ბევრი სხვა ხარჯიც დაეფარა, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, ფაქტობრივად შეუძლებელია დღის ცენტრის ასეთ პირობებში არსებობა. მაგალითად, იანვარში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კვებაზე, კომუნალურ გადასახადებსა და ტრანსპორტირებაზე გამოყოფილი თანხიდან მხოლოდ 400 ლარიღა შემოგვრჩა. ამით კი, ცხადია, 24 თანამშრომლის ხელფასებს ვერ დავფარავთ”, - ამბობს თორნიკე რაზმაძე. აქვე აღნიშნავს, რომ, სახელმწიფო დაფინანსების გარდა, სხვა ალტერნატიული წყაროების მოძიება მარტივი არაა. ამიტომ სახელმწიფომ ვაუჩერში ბენეფიციარების სოციალური აქტივობების დაფინანსებაც უნდა გაითვალისწინოს.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების ფუნქციონირება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კერძო ინიციატივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, ბევრი დღის ცენტრი დონორი ორგანიზაციების გარეშე დარჩეს და ერთ დღესაც აღმოაჩინონ, რომ სახელმწიფოს მიერ მიცემული ვაუჩერით ფუნქციონირება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენი გათვლებით, იმისთვის, რომ ჩვენმა ცენტრმა თავისი ფუნქციის გაგრძელება სრულყოფილად შეძლოს, ვაუჩერი უნდა გაორმაგდეს”.
მისივე განმარტებით, სოციალური თერაპიის სახლი არაა თავშესაფარი. ესაა გარემო, სადაც ადამიანები ყოველდღიურად სამუშაო პროცესში ჩართული და სხვადასხვა სოციალური აქტივობით დაკავებული არიან.
”ჩვენთან, ძირითადად, მძიმე ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები დადიან. ზოგიერთი მათგანი 20-30 წლის განმავლობაში სახლში იყო გამოკეტილი. მათი სხვაგან დასაქმების შანსები ძალიან მცირეა. აქ კი თავს სასარგებლოდ თვლიან, შრომობენ და ამის შედეგს ხედავენ”.
თორნიკე რაზმაძის თქმით, ხელფასების გასაცემად საჭირო ბიუჯეტი ცენტრს იმ შემთხვევაში გაუჩნდება, თუ ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი თანხა თვეში 400 ლარი იქნება. დღესდღეობით ეს თანხა ერთ ბენეფიციარზე თვეში დაახლოებით 260 ლარია.
სოციალური თერაპიის სახლი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებას განაგრძობს. ეს თანხა კი ცენტრს დაახლოებით სამი თვე ეყოფა, შემდეგ კი, თანამშრომლები ხელფასის გარეშე დარჩებიან.
ორგანიზაციის მენეჯერის ინფორმაციით, მათ რამდენიმე კერძო კომპანიას თითო ბენეფიციარის 400 ლარით დაფინანსება სთხოვეს. თუმცა ამ დროისთვის ჯერჯერობით ერთადერთმა კერძო კომპანიამ გამოთქვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სერვისის დაფინანსების სურვილი.
თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, ამ ადამიანების დაფინანსება მხოლოდ ერთ სახელმწიფო სტრუქტურაზე არ იყოს დამოკიდებული: ”ბევრ ქვეყანაში ასეთ დღის ცენტრებს ადგილობრივი თვითმმართველობები სრულად ან თანადაფინანსებით ეხმარებიან. თუმცა ჩვენთან ამის საშუალება არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკულ დონეზე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს”.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსის, მაია ბუჩუკურის განმარტებით, 2016 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტით 80 დღის ცენტრის ბენეფიციარის დაფინანსებაა განსაზღვრული. ამიტომ ამ დროისთვის ვაუჩერის გაზრდის შესაძლებლობა არ არსებობს.
რაც შეეხება კონკრეტულად სოციალური თერაპიის სახლს, სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ აქტიურად უნდა გააგრძელონ დონორი ორგანიზაციების მოზიდვა:
“სამინისტრო დღის ცენტრებს, რომელიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მხოლოდ რამდენიმე კომპონენტში აფინანსებს. ესაა ყოველდღიური ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება, საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კულტურულ-სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულ სამედიცინო-ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება. რაც შეეხება სხვა სოციალურ აქტივობებს, როგორიცაა სამუშაო თერაპია, ამისთვის დონორი ორგანიზაციების მოძიებაა საჭირო”, - ამბობს მაია ბუჩუკური.
მისივე განმარტებით, ბენეფიციარს ვაუჩერი 12 თვის განმავლობაში ენიშნება და მისით სარგებლობა ნებისმიერ დღის ცენტრში შეუძლია:
“ამიტომ, ყველაზე ცუდი სიტუაციაც რომ წარმოვიდგინოთ და ვთქვათ, რომ შესაძლოა სოციალური თერაპიის სახლი დაიხუროს, მის ბენეფიციარებს ვაუჩერი მაინც უნარჩუნდებათ და შეუძლიათ, ნებისმიერ სხვა დღის მომსახურების სერვისში გადასვლა”, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მასალა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ