Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უხილავი პანდემია გზებზე

01 თებერვალი 2016

2016 წლის 29 იანვარს წალენჯიხაში, ლია-ჯვარის გზის მონაკვეთზე, ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე დღით ადრე 22 იანვარს გომბორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი კი დაშავდა. 18 იანვარს ქარელის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა და 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მეორე დღეს კასპში ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ვარკეთილში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რუსთავში ფეხით მოსიარულე 20 წლის გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა და ბათუმში ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნული შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო ორი ქალბატონი და ორი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

სამწუხაროდ, ამ ყველა ზემოთ მოყვანილ ტრაგედიებზე ინფორმაცია და საზოგადოების რეაქცია სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება - ამ დროისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები უცნობია და მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქართველოს გზებზე ტრაგიკულად დასრულებული საგზაო შეჯახებების რაოდენობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თითქოს ყველა შევეჩვიეთ ამ ყველაფერს და პასიური მაყურებლის როლში ვართ. ადამიანების ნაწილი ამას მძღოლის ქცევას, მის ბედს უკავშირებს და აფასებს, როგორც ფატალურს. თითქოს ამის აცილება შეუძლებელი იყო და ეს ყოველივე მისი ბედისწერა იყო.

მრავალი საგზაო შეჯახებას ღმერთის ხელს და მის დასჯას უკავშირებს. ლეგენდარულმა ავტომბრბოლელმა მიხეილ შუმახერმაც კი ერთხელ თქვა: ,,ნუ ივლი შენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად“. საგზაო მოძრაობაში მონაწილე მძღოლების, ქვეითების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საგზაო შემთხვევა მძღოლის ან ქვეითის მიზეზით მოხდა და მას პირადად მომავალში ასეთი რამ არ შეეხება. აღნიშნული მცდარი მიდგომაა, რადგან საგზაო მოძრაობაში მარტო ჩვენ არ ვართ ჩართული. მისი უსაფრთხოება სხვა ადამიანის ქცევაზე, მანქანის, ინფრასტრუქტურის გამართულობაზე და უამრავი ფაქტორის ერთმანეთთან ურთერთქმედებაზეა დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ჩვენ მანქანას ვატარებთ, სხვებზეც ვართ პასუხისმგებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოძრაობაში მონაწილე სხვა პირების პატივისცემა და გზების გაზიარება. 

ავტომობილების რაოდენობის მატებისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველოში გზებზე ტრავმულმა და ფატალურმა შემთხვევებმა პანდემიის ხასიათი მიიღო და ქუჩებში გადაადგილებისას დაუცველობის გრძნობა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ჩვენთან საგზაო შეჯახებას საგზაო შემთხვევას ეძახიან, რაც იმთავითვე არასწორია.

გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკვე კარგა ხანია ის აღიარებულია, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემა და ყველას მოუწოდებენ, რომ ტერმინი შემთხვევა, შეჯახებით შეცვალონ, რათა ყველამ გაიაზროს, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე.

საქართველოში არავის უჩნდება შეკითხვა, რატომ იხდის მთავრობა, ბიზნესი და ოჯახები ასეულობით მილიონ ლარს საგზაო შეჯახების შედეგად ტრავმირებულთა რეაბილიტაციისთვის, მაშინ როცა მცირე დანახარჯებითაა შესაძლებელი ამ ოჯახური ტრაგედიებისა და სახელმწიფოსთვის დიდი დანახარჯების თავიდან აცილება? რატომ რჩება უამრავი ოჯახი მარჩენალის გარეშე; რატომ არის საქართველოს ქალაქებში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ნახევარი ქვეითი? რატომ იღებს ათასამდე მოზარდი ტრავმას, მათ შორის მძიმეს, რაც მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას? რატომ არის რომ რეაბილიტირებულ გზებზე, სადაც ბოლო 10 წელიწადში მილიარდზე მეტი ლარი ჩაიდო, საგზაო შეჯახების ასეთი რაოდენობა? რატომ მოდის ავარიების 40%-მდე ახალბედა მძღოლებზე, რომლებიც პირველი ორი წელია ატარებს მანქანას? რატომ არის ჩვენ ქალაქებში პრიორიტეტი მანქანების და არა ბავშვების ჩქარა გადაადგილება? რატომ არის, როცა მოსახლეობის 68% NDI უკანასკნელი გამოკითხვებით მხარს უჭერს მანქანების ვარგისიანობაზე პერიოდულად ტექნიკური შემოწმების აღდგენას და მსოფლიოში ერთ-ერთი დაბერებული ავტოპარკის განახლებას? მაგრამ პოლიტიკოსების ნაწილი ყველაფერს ცდილობს, რომ ეს პროცესი არ დაიწყოს.

საინტერესოა, რატომ არაფერს ამბობს ტურიზმის დეპარტამენტი, როცა საქართველოში შემოსული ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა და თავს დაუცველად გრძნობს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილებისას. რატომ არის, როცა ქვეყანაში არსებობს უამრავი სააგენტო, საბჭო, ზოგჯერ ორი და დუბლირებული, და არ არსებობს საგზაო უსაფრთხოებასა და ტრანსპორტზე ერთი პასუხისმგებელი მაკოორდინირებელი ორგანო და შესაბამისად, ამ სფეროს მოწესრიგების სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაში ჩართული იქნება როგორც მთავრობის ყველა ინსტიტუტი, ისე ბიზნესის, არასამთავრობოების, მედიის და საზოგადოების დიდი ნაწილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის არა ხელისუფლების აქტიურობა, არამედ საზოგადოების ინერტული დამოკიდებულის შეცვლა და დარწმუნება, რომ ყველას აქტიურობით, ჩართულობით, გზებზე მონაწილე პირების განათლებით ჩვენ შეგვიძლია ამ ეპიდემიის შეჩერება. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო გუდაურში იანვარის დასაწყისში მომხდარი ფაქტი, როცა პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე შეჯახებას მეექვსე საავტორო სკოლის 12 წლის მოსწავლე სალომე ტატიშვილი ემსხვერპლა. სასრიალო ტრასაზე მას 19 წლის ბიჭი დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. აღნიშნული ტრაგედია მთელი ქვეყნის სატკივარი გახდა, ერთი კვირის განმავლობაში მედია, ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და უბრალოდ მოქალაქეები ყველა ერთხმად ითხოვდა ტრასებზე წესრიგის დამყარებას და შედეგმაც არ დააყოვნდა.

საზოგადოების, მედიის ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება და სამთო-სათხილამურო კურორტებზე ახალი მოთხილამურე პატრულის პროექტი დაიწყო. უკვე რამდენიმე კვირაში სათხილამურო ტრასებზე მოთხილამურე პატრულები გამოჩნდნენ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა წესრიგი და უსაფრთხოება ზამთრის სათხილამურო ტრასებზე. შეუძლებელია საქართველოს გზებზე პანდემიის შეჩერება, თუ ჩვენ ისევ სტატისტის როლში დავრჩებით და ცნობილი მწერლის პერეფრაზირება რომ მოვახდინო, ,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ მონაწილე გმირებად ვიქცევით. ჩვენ ყველამ ჩვენს თავში და მერე საზოგადოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი პანდემია და მასთა გამკლავება შესაძლებელია. პანდემიის ვაქცინა კარგა ხანია შექმნილია და მუშაობს, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. თავის მხრივ, საქართველო ვერ გახდება წარმატებული, კომფორტული და უსაფრთხო ქვეყანა, თუ მან თავი ვერ გაართვა ამ გამოწვევას, როგორც ეს უამრავმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^