Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლილის სურნელი

01 თებერვალი 2016

ედი რედმეინი და ალისია ვიკანდერი ფილმში „გოგონა დანიიდან“

მაშ ასე, არტჰაუზული  დრამატიზმით ნაკვები ფილმი „გოგონა დანიიდან“, რომელიც გასულ წელს ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალების ფავორიტი გახდა და „ოსკარის“ რამდენიმე ნომინაციაშიც მოხვდა, უკვე თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ შეგიძლიათ ნახოთ. სწორედ არტჰაუზისა და კოსტიუმირებული კინემატოგრაფის სარისკო ლაბირინთებში   გამოვლილმა ბრიტანელმა რეჟისორმა, ტომ ჰუპერმა („მეფის სიტყვა“, „განკიცხულნი“, “წითელი მტვერი“) სცადა თავის ახალ ფილმში ტრანსგენდერისა და არტსალონების  თემები ისე მოხდენილად და არტისტულად შეეჯვარებინა, რომ გეგონებათ ადამიანებს, რომლებსაც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში სქესის შეცვლა მართლა სურდათ, სულ მცირე გიჟებად ან არანორმალურებად არ მიიჩნევდნენ. სწორედ ამ თემაზე  დაწერა თავის დროზე რომანი დევიდ ებერსხოფმა (სახელწოდებით „გოგონა დანიიდან“), რომელიც ჰუპერის ფილმს დაედო საფუძვლად.

ეინარ ვეგენერს, დანიელ მხატვარსა და ტრანსგენდერს, რომელმაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, დრეზდენში სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, ედი რედმეინი თამაშობს. იმდენად ყოჩაღად, რამდენადაც საკუთარი ინტუიცია, გაბედულება და ცოტათი გამომშრალ-სპარტანული ბრიტანული სკოლა ავალდებულებს. ასე თუ ისე, რედმეინი „ოსკარის“ პრეტენდენტ საუკეთესო მამაკაც მსახიობთა ხუთეულშია. თუმცა მარტო ის როდი აღმოჩნდა კინოაკადემიის ყურადღების ცენტრში. ალისია ვიკანდერი, რომელიც ვეგენერის ცოლს, გერდას თამაშობს, ასევე „ოსკარზეა“ წარდგენილი. მაგრამ ძალიან დამაბნეველი და უცნაურია - რატომ მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში? თუ ვინმე იმდენად ინტრიგანი აღმოჩნდება, რომ ვიკანდერის გამოჩენას ეკრანზე თუნდაც ქრონომეტრაჟით გაზომავს, აღმოაჩენს, რომ მისი როლი დენი რედმეინის როლზე ნაკლები ხანგრძლივობის სულაც არ არის.

შედარებით წვრილი „ვარსკვლავთმრიცხველებისთვის“ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოდური და თმაგადაგლეისლი მათიას შონარტსის გამოჩენა ეინარ ვეგენერის ყოფილი მეგობრისა და არტდილერის  როლში. ასევე ჯონი დეპის ახალი მეუღლის, ემბერ ჰერდის არტისტული გაელვებანი, რომელიც გერდას ქარაფშუტა მეგობარს თამაშობს. ასე რომ, ზოგჯერ არტჰაუზმაც ზუსტად იცის, ვინ, სად და რატომ უნდა დაასაქმოს.  

უცნაური ამბავი ასე იწყება: გერდა ვეგენერი, რომელიც ძირითადად, ბალერინებს ხატავს, მეუღლეს მოულოდნელად ქალის წინდებში პოზირებას შესთავაზებს. ეინარი უჩვეულოდ აღიგზნება ამის გამო და მალე ჩუმ-ჩუმად არა მარტო წინდების, არამედ ცოლის პერანგების ჩაცმასაც იწყებს. ამას მოჰყვება კაბები, პარიკები, მაკიაჟი... და ცოლ-ქმარი მალე მიღებებსა და კარნავალებზეც ერთად იწყებენ სიარულს. შემდეგში „თამაში“ თანდათან უფრო რთულდება და ერთ დღესაც გერდა აღმოაჩენს, რომ ეინარმა ლილი ელბე დაირქვა და კაცის მაგივრად უკვე „მასთან“, ლილისთან ცხოვრობს.

ფილმის მეორე ნახევარში მაყურებელი გერდას ფსიქოლოგიური დრამის მოწმეა, რადგან ეინარის ქალად ტრანსფორმაციის თანამონაწილეც ხდება და პირველი მსხვერპლიც;  საკუთარ ინტერესებზე მაღლა კი მეუღლეს აყენებს. ალისია ვიკანდერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ზუსტად და გაბედულად თამაშობს. გერდაში შინაგანი ენერგია და მოულოდნელი უშუალობა, სიფაქიზე და სილაღე ერთმანეთს ავსებს. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რედმეინი ამ ფონზე გაცილებით სქემატურად და მოსაწყენად გამოიყურება.  თუმცა ეს უფრო სცენარის ბრალია: ფილმის მეორე ნახევარში, როცა უკვე გასაგები ხდება მისი პერსონაჟის ბედი, გასაგები ხდება თამაშის ხერხიც და მანერაც. ფინალში კი უბრალოდ ვაკვირდებით, რა კარგად შეუძლია რედმეინს წამწამების ხშირად და ტრაგიკულად დახამხამება.

ტომ ჰუპერმა ძალიან კარგად იცის კოსტიუმირებული ფილმის კეთება და ისიც, თუ როგორ უნდა გააღიზიანოს მაყურებელი ისე, რომ მის გემოვნებას არ ავნოს. ამაში მსახიობების გარდა, მას კარგად გაწვრთნილი ოპერატორი, დენი კოენიც და „ახალ მორიკონედ“ შერაცხული კომპოზიტორის, ალექსანდრ დესპლას სენტიმენტალური მუსიკაც გვარიანად ეხმარება. და თუმცა „ოსკარი“ მსახიობებისთვის არც ისე ახლოა, „გოგონა დანიიდან“  სხვადასხვა კინოფესტივალებზე პრიზების მოსაპოვებლად აუცილებლად იბრძოლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^