სასამრთლოში ყოფილი დირექტორის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათია კაჭარავა იცავდა.
კაჭარავას თქმით, გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა. გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მოპასუხე მხარეს 14 დღის ვადაში მისი გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.
“მოსამართლემ ბათილად ცნო სამინისტროს გადაწყვეტილება დიმიტრი მეჭურჭლიშვილის შემდეგ ეტაპზე არგადაყვანის ნაწილში. მან სწორედ ამ ნაწილში ცნო ბრძანება კანონშეუსაბამოდ და სამინისტროს ამ საკითხის ხელახალი განიხილვა დაავალა. მეორე მოთხოვნაც გვქონდა - გვინდოდა, საბჭოს წინაშე პირდაპირ წარდგენა დაევალებინა, მაგრამ სასამრთლომ ჩვენი მოთხოვნის ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება თვითონ ვერ მიიღო და უთხრა სამინისტროს, რომ რადგან ეს მათი კომპეტენციაა, ხელახლა იმსჯელონ ამ თემაზე”, - განუცხადა თათია კაჭარავამ „ლიბერალს“.
თათია კაჭარავას თქმით, მათ სასამართლოს არაერთი მტკიცებულება წარუდგინეს. კერძოდ მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ დიმიტრი მეჭურჭლიშვილის შემდეგ ეტაპზე არგადაყვანა მის კომპეტენციას არ უკავშირდებოდა და სამინისტრო პოლიტიკური მოტივით დევნიდა სკოლის დირექტორს.
“სასამართლოს წარვუდგინეთ გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერი. ჩვენ ვამბობდით, რომ მეჭურჭლიშვილმა გასაუბრების ეტაპზე სათანადო უნარები აჩვენა და მისი კვალიფიკაცია დადგენილ სტანდარტს შეესაბამება, რაც სამინისტრომ უგულვებელყო.
ამასთან საუბარი ეხებოდა დევნის ფაქტებს და ვსაუბრობდით სახელმწიფოს დევნის რეალურ მიზეზებზე, რომ ის კონკურსიდან გამოთიშეს არა მისი არაკვალიფიციურობის გამო, არამედ იმის გამო, რომ არ შეასრულა სამინისტროს არაკანონიერი მოთხოვნა, კერძოდ, არ გაათავისუფლა სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც შემდეგ უკვე დიმიტრი მეჭურჭლიშვილის შემცვლელმა, დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა გაათავისუფლა. რომელ არგუმენტებს მიანიჭა სასამართლომ უპირატესობა ეს გამოჩნდება მის გადაწყვეტილებაში, რომელიც 2 კვირაში გადმოგვეცემა”, - განაცხადა თათია კაჭარავამ.
განათლების სამინისტროს იურისტის გიორგი შეშაბერიძის თქმით, ჯერ სამინისტროს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.
"ჯერ წავიკითხავთ მოსამართლის დასაბუთებას, არგუმენტებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით", - განუცხადა "ლიბერალს" გიორგი შეშაბერიძემ.
2014 წელს განათლების სამინისტრომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ორეტაპიანი იყო - ტესტირება და გასაუბრება. გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ 2014 წლის 29 ივლისს მინისტრმა სანიკიძემ საბჭოებისთვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორების შესახებ ბრძანება გამოსცა. საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა დიმიტრი მეჭურჭლიშვილი. სიტუაციის გასარკვევად და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მაშინ სკოლის თანამშრომლებმა და მშობლებმა მინისტრთან შეხვედრა ითხოვეს. შეხვედრა შედგა და როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილე მშობელმა მაშინ “ლიბერალს” განუცხადა, მინისტრის თქმით, მას არ მოეწონა მეჭურჭლიშვილის ხედვა სკოლის განვითარების შესახებ.
დიმიტრი მეჭურჭლიშვილი 2014 წელს ამბობდა, რომ ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის პედაგოგის დათო ფერაძის გამო დასაჯა, რომელიც მაშინ ჯერ ისევ სკოლაში ისტორიის საგანს ასწავლიდა და რომლის გათავისუფლებასაც, დიმიტრი მეჭურჭლიშვილის თქმით, განათლების სამინისტროს გენისპექცია უკვე რამდენიმე თვეა სთხოვს.
„რამდენჯერმე დამიბარეს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში და მთხოვდნენ მიმეღო გადაწყვეტილება დათო ფერაძის გათავისუფლების შესახებ. მე დათოს ვერ გავათავისუფლებდი - ის სერთიფიცირებული მასწავლებელია, უყვარს ბავშვებს და მოთხოვნადი პედაგოგია. სამუშაო საათების შემდეგ მას მე აზრის გამოთქმას ვერ ავუკრძალავდი“, - ამბობდა მეჭურჭლიშვილი 2014 წლის ივლისში.
მალევე დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა მიმართა საქალაქო სასამრთლოს და მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქალაქო სასამართლომ 2014 წელს საქმე განხილვაში მიიღო და 116-ე საჯარო სკოლაში დირექტორის შესარჩევი კონკურსი საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.
ამის შემდეგ დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან ორი გაფრთხილება მიიღო. გენინსპექცია მეჭურჭლიშვილს ფინანსური საკითხების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავებოდა. საქმის წარმოება სამინისტრომ ანონიმური წერილის საფუძველზე დაიწყო. ორივე გაფრთხილება გასაჩივრებულია სასამართლოში და უახლოეს მომავალში სასამართლო იმსჯელებს რამდენად კანონიერად მიეცა სკოლის ყოფილ დირექტორს გაფრთხილება.
ორი გაფრთხილების მიღების შემდეგ კი 2015 წლის მაისში დიმიტრი მეჭურჭლიშვილი თამარ სანიკიძემ სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა და დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა, რომელმაც დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სკოლიდან გაათავისუფლა ისტორიის მასწავლებელი დავით ფერაძე.