Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოდგმით ვექილი როსარიოს კარგი უბნიდან

02 თებერვალი 2016

ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი? ამ რიტორიკულ, რბილად რომ ითქვას, უცნაურ, უფრო მკაცრად კი, ცოტა არ იყოს სულელურ შეკითხვას, ისე რომ მისთვის არც უკითხავთ, ამ ორიოდე წლის წინათ ხოსეპ გვარდიოლამ უპასუხა: მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მარსელო ბიელსაა.

მარსელო ბიელსა!

სხვანაირად, გიჟი ბიელსა! ასე ეძახიან მას არგენტინაში. უფრო სწორად, ასე შეარქვეს და ყველგან ასე ეძახიან.

საერთაშორისო ფეხბურთის ჩვენებურ მაყურებელს მარსელო ბიელსა ამ საუკუნის დასაწყისიდან ახსოვს, როცა ის არგენტინის ნაკრების სათავეში იდგა და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე, კორეა-იაპონიისკენ გაუძღვა.

იქ არგენტინამ ცუდად ითამაშა, ჯგუფიდან ვერ გავიდა. ბიელსა კი მაინც ყველას დაამახსოვრდა. ის ნერვიულად მიმოდიოდა მწვრთნელისთვის განკუთვნილ მართკუთხედში, წინ წყლით სავსე რამდენიმე ბოთლი მიეყარ-მოეყარა და მათ გასწვრივ პირქუში და დაძაბული გამომეტყველებით, გულზე მძიმედ დაკრეფილი ხელებით სცემდა ბოლთას. ხან ერთ ბოთლს დასწვდებოდა და მოიყუდებდა, ხან - მეორეს, ხან კი - მესამეს, თუ მერამდენეს. ყველას მზრუნველად ახურავდა თავს და კვლავ მიაგდებდა, რათა ახალი აეღო. ტუჩები მოკუმული ჰქონდა და წარბებს ქვემოდან იმზირებოდა.

არგენტინა კი ჩაფლავდა, მაგრამ ბიელსა არ მოხსნეს - კიდევ ორ წელიწადს იყო გუნდის სათავეში, მასთან ერთად ოლიმპიური ოქრო მოიპოვა და კინაღამ კოპა ამერიკაც მოიგო.

მარსელო ბიელსა არცერთი არგენტინული ქალაქის ღარიბ გარეუბანში არ დაბადებულა, არც ჭინჭის ბურთით უთამაშია ფეხბურთი, არც მეზობლის საქათმიდან მოუპარავს კვერცხები და არც და-ძმებს შორის ნამცხვრის ერთი ნაჭრის განაწილების შემსწრე ყოფილა ოდესმე.

ის როსარიოში, იქაურ არცთუ მდიდარ, მაგრამ ცნობილ ოჯახში აღიზარდა და ამ ოჯახის ძველი და თითქოს მარადი ტრადიცია იმით დაარღვია, რომ ჯერ ფეხბურთის პროფესიულად თამაში დაიწყო და მერე პროფესიონალი მწვრთნელი გახდა. თანაც ოჯახურ ტრადიციასაც უგანა, მამა-პაპით "როსარიო სენტრალის" ქომაგ ოჯახს არც ამაში აჰყვა _ პატარაობიდანვე ნიუველს "ოლდ ბოისი" შეიყვარა, ჯერ მისი ფეხბურთელი შეიქნა, მერე კი - მწვრთნელი.

ბიელსების ოჯახს მამა-პაპით იურისტობასთან და პოლიტიკასთან ჰქონდა საქმე: მარსელოს მამაცა და ბაბუაც ვექილები ჰყავდა. მისი ძმა ახლაც პარლამენტის წევრია, და კი ვიცეგუბერანტორი იყო. მოკლედ, აი ასე.

პროფესიონალ ფეხბურთელად ბიელსა დიდხანს არ ყოფილა, ოთხ წელიწადში სულ სამოცდახუთჯერ გავიდა მოედანზე და ერთადერთი გოლი გაიტანა. მერე მწვრთნელობის სწავლას მისდია. ათი წლის თავზე კი მშობლიურ "ნიუველსის" სათავეში მოხვდა. მას ორი წლის განმავლობაში `კლაუსურაც~ მოაგებინა, "აპერტურაც", "ტორნეო ინტეგრასიონიც" და კინაღამ "ლიბერტადორსესის" თასიც ჩაიტანა როსარიოში.

ოცდათხუთმეტიოდე წლის მაღალი, ჩაკეტილად ექსცენტრული, საკმაოდ ახირებული ინტელექტუალისთვის ძალიან კარგი დასაწყისი იყო. თუმცა ბიელსას დიდი ხმაურით არ გაუგრძელებია. არცთუ დიდი წარმატებით მოიარა მექსიკა და ერთი წლით "ველეს სარსფილდის" მწვრთნელი გახდა, რომელიც იმხანად ყოველ წელიწადს რაღაცას იგებდა. გუნდმა ბიელსას ხელშიც მოიგო ერთი "კლაუსურა". ტიტული კარგი იყო, მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელის სახმაურო ფრონტის ხაზი სხვაგან გადიოდა. ამ დროს ის უკვე გიჟი ბიელსა იყო, სრულად გამორჩეული, ორიგინალური ტაქტიკოსი, ნოვატორი, მეთოდოლოგი, იქამდე უცხო სამწვრთნელო მმართველობის დამნერგავი, დეტალების ჭია, დაკვირვებებითა და ანალიზით გამოვსებულდავთრებიანი ვინმე, ვინც გამოაქანეს და პირდაპირ ლა ლიგაში დაპტიჟეს "ესპანიოლის" მწვრთნელად.

ბარსელონაში იყო და "ესპანიოლს" წვრთნიდე, გვარიანად უმადური საქმეა. თუმცა ბიელსა, უკვე ევროპაში იყო, უკვე დიდ ლიგაში. სწორედ ამ დროს არგენტინის ნაკრებიდან დანიელ პასარელა გაუშვეს და ხულიო გორნდონამ და მისმა საბჭომ გადაწყვიტეს, რომ ნაკრები მომავლის კაცისთვის, მარსელო ბიელსასთვის ჩაებარებინათ.

ბიელსამ `ესპანიოლი~ მიატოვა და არგენტინაში უდიდეს თანამდებობაზე - ალბასელესტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეუდგა მუშაობას. მან ოთხ წელიწადს ამზადა ნაკრები და შედეგი კი ყველაზე უარესი მიიღო. თანაც მსოფლიო ჩემპიონატის წინა წელიწადს ბიელსა მსოფლიოს წლის მწვრთნელად აღიარეს.

ნაკრებიდან ის უტიტულოდ მაინც არ წამოსულა. თუმცა მეორე მსოფლიო ჩემპიონატისთვის აღარც ენდნენ და თითქმის პირდაპირ არგენტინიდან ჩილეში გადაბარგდა იქაური ნაკრების თავკაცად.

ბიელსას ჩილე ალბათ ბევრს ახსოვს სამხრეთ აფრიკაში. ეს იყო სრულიად მოულოდნელი და ძლიერი ფეხბურთი, რა თქმა უნდა, იქამდე, სანამ ფეხბურთელები ქაჩავდნენ. ბიელსას ხელში ჩილემ იმდენი უცნაურობა გამოიარა, მისი ფეხბურთის ისტორიას რომ არ ახსოვდა. იმდენი სასიხარულო და სამწუხარო ამბავი მოხდა პირველად, რომ ეს კაცი იქ ნამდვილ ეროვნულ გმირად გამოცხადდა.

ასე ჩანდა, რომ ბიელსა წლევანდლამდე უნდა ყოფილიყო ჩილელთა მწვრთნელად, მაგრამ თანამდებობა ხუთი წლის წინათ დატოვა, რახან ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარედ ის კაცი არ აირჩიეს, ვისაც ის უჭერდა მხარს. მერე იყო ორი სეზონი ბილბაოს "ატლეტიკში" და ახლა, სულ ბოლოს ერთი სეზონი სრულდება `მარსელში~, საიდანაც, როგორც ამბობენ, ბიელსა მალევე წავა.

ეს არის სულ.

თითქოს ეს არის სულ. სადღაც წარმატება, სადღაც დიდი წარუმატებლობა, ვითომდა არც ტიტულების ხვავი და მაურინიო-გვარდიოლობა. კი, უცნაური პერსონაჟი, ნიჭიერი, საქმის ფანატიკოსი, პედანტიც კი, მომთხოვნი, მკაცრი, ჯიუტი. და განა ცოტაა ასეთი? უამრავი.

ბიელსა არასდროს იძლევა ექსკლუზიურ ინტერვიუებს, ამიტომ მისი პრესკონფერენციები ხშირად სამ-ოთხ საათს გრძელდება ხოლმე. ის ზუსტად და ამომწურავად პასუხობს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ისე წვრილად იცის ფეხბურთი და მასთან დაკავშირებული ყველა მეცნიერება, რომ პირს დაგაღებინებს. და განა ცოტაა ასეთი? ახლავე ჩამოვთვლით.

ოღონდ, საქმე მაინც სხვაა.

მარსელო ბიელსა არის ადამიანი, რომელმაც შექმნა თავისი საფირმო ტაქტიკა, რომელსაც დღეს უამრავი მწვრთნელი მისდევს მსოფლიოში ან ცდილობს, რომ მისდიოს. მისი საფეხბურთო აზროვნების გავლენა დღევანდელ ფეხბურთზე უზარმაზარია.

უსმენ ამ კაცს და გგონია, რომ მართლა გიჟია, მაგრამ თანდათან ხვდები, რომ ის უბრალოდ გენიოსია. ასე ამბობენ.

მისი ფეხბურთი, თუ ის უმაღლეს დონეზე შესრულდა, სრულიად წარმოუდგენელია. ერთ წამს შვიდი კაცი ჰყავს შენს საჯარიმოში და ბურთს როგორც კი დაკარგავს, სანამ მის საჯარიმოსთან მიიტან, იქ უკვე თერთმეტი კაცი გელოდება. ეს უპირატესად ფიზიკური ფეხბურთია და მისი მიღწევა მხოლოდ ბიელსას სათამაშო ნახაზის საშუალებითაა შესაძლებელი.

რა აღარ ყოფილა, 2-3-5, დუბლ-ვე, 4-2-4, 4-3-3, 4-4-2, 3-5-2, 3-2-4-1 და სხვა უამრავი, თავისი ვარიაციებითა და ათასი რამით. ბიელსასი კი გახლავთ 3-3-3-1.

ამ ნახაზის მოქმედებაში ხილვა, ძალიან შთამბეჭდავია. ჩილის ნაკრები მას გასაოცრად ასრულებდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველა, ვისაც ბიელსას ხელში უთამაშია და მერე მწვრთნელობას გაჰყოლია, სწორედ მის მოწაფედ თვლის თავს. ამბობენ, რომ დღევანდელი იდეალური გუნდი, სწორედ ბიელსას ფეხბურთისა და კატალონიურ-ესპანური ტიკი-ტაკას ნაზავი უნდა იყოს.

რას ფიქრობს ამაზე ბიელსა, უცნობია. საერთოდ, კი ცნობილია, რომ ის ფიქრობს. და მაგრებს. უბრალოზე ეგ არ დაიხარჯება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^