Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული სკოლის მთავარი ამოცანა მესტიიდან ახალქალაქამდე

08 თებერვალი 2016

რომ ვიკითხოთ, რა არის სკოლის მთავარი ამოცანა, სხვადასხვა პასუხს მივიღებთ. შესაძლოა, ყველა პასუხისგამცემს საკუთარი ვერსიაც კი გააჩნდეს.

ეს პასუხები შეჯამებული და განზოგადებულია დოკუმენტში, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია. ამ წერილში ვისაუბრებ მიზანზე, რომელიც ჩემი თვალსაზრისით აღმატებულია ყველა მიზანთან შედარებით. ეს მიზანია ქართველი მრავალეთნიკური ერის ფორმირება, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორც ქართველი მრავალეთნიკური ერის წევრების ჩამოყალიბება.

ესაა ქართული სკოლის უპირველესი მიზანი, ამოცანა, ფუნქცია. სხვა ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ამ მიზანს.

დიახ, დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას მთავარი გამოწვევა: საკუთარი მოქალაქეები გააერთიანოს ერთ მთლიან ორგანიზმად. ორგანიზამად, რომლისთვისაც  მისი ნებისმიერი წევრის ინტერესი იქნება უზენაესი ღირებულება.

ამ მიზნის მისაღწევად ძლიერი ინსტიტუციებია აუცილებელი.  სწორედ ასეთი შეუცვლელი ინსტიტუციაა დღევანდელობაში საჯარო სკოლა. და, შესაბამისად, სკოლამაც არ შეიძლება დაისახოს უფრო უზენაესი და სანუკვარი მიზანი, ვიდრე საკუთარი კურსდამთავრებულის ქართველი მრავალეთნიკური ერის წევრად ჩამოყალიბებაა. ამ მიზნით უნდა იყოს განმსჭვალული მისი კურიკულუმი. ეს მიზანი სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული სკოლის თითოეულ პედაგოგს.

კიდევ ვიმეორებ, ქართველი კურსდამთავრებული და-ძმური, მშობლიური სიყვარულით უნდა იყოს განმსჭვალული მისგან ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული თანამოქალაქის მიმართ. ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ეთნიკური ნიშნით განსხვავებულობაზე ვსაუბრობ.

ამ თვალსაზრისით არაა სახარბიელო მდგომარეობა დღევანდელ ქართულ სახელმწიფოში. რა დასამალია და, ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების გარკვეული ნაწილი (რამდენი, ზუსტად მე არ ვიცი - არ ჩამიტარებია საჭირო კვლევა.) ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მენტალურ მოქალაქეებად უფრო მიიჩნევენ თავს, ვიდრე საკუთარი საქართველოისას. მოკლედ, ქართული სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა ეს მოქალაქეები თავის სრულფასოვან წევრებად ჩამოაყალიბოს. მოქალაქედ ჩამოყალიბება კი აღზრდა-განათლების სფეროა, მისი საქმეა.

ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ფუნქციობს. მან მაღალ დონეზე უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი საგნის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლება. ამ მიმართულებით სხვა წერილში ვისაუბრებ კიდევ. ახლა ერთ ფაქტორზე მინდა შევაჩერო ყურადრება.

ეს ფაქტორია ეთნიკურ ქართველთა განათლებისა და თვითშეგნების ხარისხი. მანამდე მინდა გავიხსენოთ ერთი ისტორიული გამოცდილება და მაგალითი. 1989 წელს საქართველო დადგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე. ეს ამოცანა იყო ახალი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლად დაფუძნება.  გვქონდა შემდეგი მოცემულობა: საქართველოში ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები, ბერძნები და სხვა მცირერიცხოვანი ერების წარმომადგენლები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა სამი ავტონომიურ-ადმინისტრაციული წარმონაქმნი. გადამწყვეტ უმრავლესობას შევადგენდით ეთნიკური ქართველები. ჩვენ გვსურდა ახალი ქართული სახელმწიფო შეგვექმნა ჩვენ, ქართველებს და დანარჩენ უმცირესობებს ამ სახელმწიფოში ისე ეცხოვრა, როგორც ჩვენ გადავწყვეტდით. მეტიც, ჩვენ მოვინდომეთ მოცემულობის შეცვლაც კი. მაგალითად, მოვინდომეთ გაგვეუქმებინა საქართველოში არსებული ავტონომიური წარმონაქმნები, რომელიღაც ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები გადაცხოვრებულიყვნენ მათ ისტორიულ სამშობლოში... ვისაც ასაკი ხელს უწყობს, ადვილად გაიხსენებს ასეთ სურვილებს. ისინი კი, ვინც არ მოსწრებიან მღელვარე ოთხმოციანებს, დაგუგლვით გავლენ ფონს ასეთი სურვილების არსებობის დასადასტურებლად.

ასეთი მიდგომების შედეგად რასაც მივაღწიეთ, ვხედავთ: ჩვენ დღეს ვეღარ ვაკონტროლებთ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებისას მოხაზულ საზღვრებს. იმ საზღვრებს, რომლებიც სრულიად მსოფლიომ გამონაკლისის გარეშე აღიარა ჩვენი ტერიტორიების შემომფარგვლელად.

ცხადია, ეს შედეგი ჩვენი საუკუნოვანი მტრის მიერაა განპირობებული, მაგრამ ჩვენ ჩვენს სიგლახაკეზე ვთქვათ.

აქედან გამომდინარე, სკოლას მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კი არ აქვს ეს სახელმწიფოებრივი ფუნქცია, არამედ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ადგილებშიც. შეიძლება ითქვას, უფრო მეტი დატვირთვა აქ უნდა ჰქონდეს. ქართული კურიკულუმი საქართველოს უმცირესობათა შესახებ ცოდნის მატარებელი უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქეები კარგად უნდა იცნობდნენ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს მათი წარმომავლობისდა მიუხედავად. კი ბატონო, მნიშვნელოვანია ჰალოგენების რიგის ელემენტების თუ ფუკოს კანონების ცოდნა, მაგრამ ერთმანეთის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, სამწუხაროდ ჩვენი კურიკულუმები სცოდავს. ეგ კი არადა, სხვადასხვა მხარის ქართველობის შესახებ არ ექმნებათ მოსწავლეებს სათანადო წარმოდგენა.

ცოდნის მიღება, ინფორმაციის ათვისება პირველი რიგის ამოცანაა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შეგნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე ვიმუშაოთ.

ჩვენ ყველამ ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ საქართველოს პატრიოტი ეთნიკური სომხები თუ ეთნიკური რუსები, ეთნიკური აზერბაიჯანელები თუ ეთნიკური ბერძნები და სხვა. უნდა მივიღოთ ზუსტად ისეთივე პატრიოტებად, როგორიც ეთნიკური ქართველები არიან.

ჩვენ სხეულიდან უნდა გამოვიწუროთ ისეთი აზრები, როგორიცაა: „თუ არ მოგწონს აქ ცხოვრება, წადი შენს სამშობლოში...“ „ისეთი წესებით უნდა იცხოვროთ, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ...“

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ წესები, რომლის მიხედითაც უნდა ვიცხოვროთ ჩვენს სამშობლოში, ერთად უნდა დავადგინოთ საერთო მოცემულობის ფარგლებში. მოცემულობის, რომელიც განსაზღვრულია ქართული სახელმწიფოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით (დამოუკიდებლობის აქტი, კონსტიტუცია).

ასეთი შეგნების ჩამოყალიბება შესაძლებელია (აუცილებელიცაა) საქართველოს ისტორიიდან მოხმობილი მაგალითების სიღრმისეული და მრავალმხრივი ინტერპრეტაციით. მაგალითისა და განსჯისთვის შემოგთავაზებთ საყოველთაოდ ცნობილი ერთი ისტორიული ფაქტის განსხვავებულად განხილვას. ეს ისტორიული ფაქტი ერთი შეხედვით მხოლოთ ეთნიკურ ქართველთა, მეტიც, მხოლოდ მართლმადიდებელ ქართველთა „კუთვნილებაა“. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, ეს ამბავი, ეს ნარატივი ქართული მრავალეთნიკური სამყაროს დამახასიათებლად, შესაბამისად, ქართველი მრავალეთნიკური საზოგადოების ძველისტორიულ მაგალითადაც შეიძლება წარმოვისახოთ.

 1225 წელს ტფილისი ააოხრა ჯალალ ედ-დინმა. ქართული საისტორიო წყაროს ცნობით მან სიონს გუმბათი მოანგრია, ზედ დაჯდა და ყველა ტფილისელი გაწყვიტა, ვინც ქრისტიანული სიწმინდეები არ შეურაცხყო. მოკლულთა რიცხვმა 100 ათასს მიაღწიაო, გვაუწყებს წყარო. ასევე სწავლობენ მას ქართული სკოლის მოსწავლები  ამ სკოლებში სწავლების ენის განურჩევლად.

მინდა დავსვა შეკითხვა, რათა დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ: დაღუპულთაგან რამდენი იქნებოდა მუსლიმი, იუდეველი, სომეხთა ეკლესიის წევრი? რასაკვირველია ბევრი. ისევე, როგორც ქართველი მართლმადიდებელი არ იკადრებდა სხვა რელიგიის სიწმინდის შეურაცხყოფას, ზუსტად ასევე, ბევრი არამართლმადიდებელი შეეწირებოდა ტფილისის ამაოხრებლის კაპრიზს.

შესაბამისად, ასი ათასი ტფილისელი მოწამის ხსენების დღე დღესაც შეიძლება ერთობლივად აღნიშნოს სხვადასხვა რელიგიის მიმდევარმა მოქალაქეებმა...

შევაჯამოთ: ქართულმა საგანმანათლებლო სისტემამ და პირველ რიგში სკოლებმა მიზნად უნდა დაისახოს ქართველი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება. შედეგად ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა უკუვაგდოთ ჩვენი ისტორიული შიში განსხვავებულობის მიმართ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ მრავალფეროვნების, და მათ შორის ეთნიკური მრავალფეროვნების, სიმდიდრე ქართული სახელმწიფოსთვის.

უფრო უკეთესად რომ ვთქვა, ჭკუის მოხმარების შემთხვევაში, ჩვენი მრავალფეროვნება - ჩვენი სიმდიდრე, ხოლო ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაში იქნება.

ავტორის შესახებ: პედაგოგი, მარნეული, სოფ. შაუმიანის მე-3 საშუალო სკოლა

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^