Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერნეტბაზარი - რამდენად რეალურია რუსული საფრთხე

10 თებერვალი 2016

“კავკასუს ონლაინი” დავალიანების გამო საცალო ბაზრის სეგმენტს სავარაუდოდ “მობიტელს”, ანუ “ბილაინს” მიყიდის. თავისუფალი დემოკრატების მტკიცებით, რუსული კომპანიის მიერ ინტერნეტბაზრის ხელში ჩაგდება მომხმარებლების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათი მოვალეობა რუსეთის ინტერვენციის საკითხის განხილვა არ არის და გადაწყვეტილებას ბაზრის სეგმენტის გასხვისებაზე, კონკურენტული ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე მიიღებენ.

9 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეხვედრა გაიმართა, რომელიც “მობიტელის” (ბილაინის) მიერ “კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტის შეძენას ეხებოდა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საცალო სეგმენტის გასხვისების მიზეზად “კავკასუს ონლაინის” 86$ მილიონიანი (210 მილიონი ლარი) ვალი სახელდება.

“მობიტელს” არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი მონაცემები. კომისიის მოთხოვნით რუსულმა კომპანიამ აქტივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია სამი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს. მომდევნო შეხვედრა 10 მარტსაა დანიშნული, რომლის შემდეგაც საკითხს ამ უწყებაში განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვადას დათქვამენ.

ხელშეკრულების მიხედვით “კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის გასხვისების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში რუსულმა კომპანია “მობიტელმა” 210 მილიონი ლარის ვალდებულება 2032 წლამდე უნდა დაფაროს.

საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის თქმით, რამდენიმე საკითხი განხილვის პროცესშია და არსებობს ისეთი პრობლემური თემები, როგორებიცაა სერვერების განთავსების ლოკაცია, საკაბელო შეერთება და სხვა, თუმცა ამ ეტაპზე არსებობს იმის გარანტია, რომ “კავკასუს ონლაინი” ევროპასთან საქართველოს დამაკავშირებელ “ფოთი-ვარნის” ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ ხაზს არ გაყიდის:

“კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს, რომ კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის თემაზე განხილვა არ მიმდინარეობს. საუბარია საცალო სეგმენტის გასხვისებაზე. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მძიმე პასუხი მაქვს. ვერც დღეს და ვერც მომავალში, საფრთხის რისკებს ვერ გამორიცხავს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ვერც ერთი ქვეყანა. თუმცა რისკების შემცირებაზე, ერთი მხრივ, უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო თავისი საკანონმდებლო ნორმებით და მოთხოვნებით, მეორე მხრივ, თავად კომპანიები, რომლებმაც ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ”, - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაგისტრალის გაყიდვაზე საუბარი არ მიდის და საქმე მხოლოდ საცალო ბაზარს შეეხება, “თავისუფალი დემოკრატები”ამ პროცესში რისკებს მაინც ხედავენ. მათი წარმომადგენელი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საცალო ბაზრის სეგმენტის შესყიდვით, “მობიტელს” წვდომა გაუჩნდება ქართული კომპანიებისა და მომხმარებლების იმ ინფორმაციაზე, რომელიც ვირტუალურ სივრცეში არსებობს:

“შესაძლებელია ამ წუთას არ მიდის მოლაპარაკებები მაგისტრალის გასხვისებაზე, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. შემიძლია ხაზგასმით გითხრათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ “მობიტელის” დაინტერესება საცალო ბაზარზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ მაგისტრალური საკაბელო ინფრასტრუქტურის შესყიდვის თაობაზე მიიღო შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ ბილაინი დიდი ხანია ფუნქციონირებს, ახლა მობილურთან ერთად ეს კომპანია ინტერნეტკომუნიკაციებშიც შემოვა და მომხმარებელი უფრო მეტად დაუცველი გახდება”.

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საცალო ბაზრის შეძენის შემთხვევაში “მობიტელს” წვდომა გაუჩნდება მომხმარებლების შესახებ ინტერნეტში არსებულ ინფორმაციასთან, თუმცა წვდომასთან ერთად, კომპანიას ვალდებულებებიც გაუჩნდება.

“რისკები არსებობს, მაგრამ ამასთან ერთად თითოეულ ოპერატორს აქვს ვალდებულებები, რომ დაიცვას მომხმარებელი ნებისმიერი არასანქცირებული წვდომისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “მობიტელს” ჩაბარებული აქვს მობილური ბაზრის ინფორმაცია, მათ შორის მობილური ინტერნეტის. საცალო ბაზრის შეძენა “მობიტელის” მიერ არსებითად სიტუაციას არ ცვლის იმიტომ, რომ ეს კომპანია საქართველოში დიდი ხანია უკვე საქმიანობს და ახლა ბევრად უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე საცალო ბაზრის შემთხვევაში ეყოლება. თუ მოსმენის სურვილი არსებობს, ამას საცალო ბაზრის ქონა-არქონა არ სჭირდება”.

“კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანიას არ სურს პოლიტიკაზე აპელირება, მაგრამ ცხადია, თუ ბაზრის ეს წილი არ გასხვისდა, 200 ათასი მომხმარებელი უინტერნეტოდ დარჩება”.

მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების თქმით,  მათ არ სურთ, რომ კონკურენტული ბაზარი დაიკარგოს. ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა დაიფაროს:

“ჩვენი მოვალეობაა მოვიკვლიოთ მონოპოლიის საფრთხე და უზრუნველვყოთ კონკურენტული ბაზრის არსებობა. კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხზე, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის. ქვეყნის უსაფრთხოება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. არ არის ეს ის ადგილი, სადაც რუსეთის ინტერვენცია შეიძლება განვიხილოთ”, - განაცხადა კომისიის წევრმა, გიორგი ფრუიძემ.

“კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის შესყიდვაზე საუბარი“მაგთიკომთანაც” მიდიოდა, თუმცა როგორც კომპანიის იურისტი, დავით ძიძიგური აცხადებს, ნოემბრის შემდეგ ამ საკითხზე მოლაპარაკებები აღარ წარმოებს. ამის მიზეზად კი ის “ასტრონომიული თანხა” დაასახელდა, რომელიც “კავკასუს ონლაინმა” ტრანზაქციის სანაცვლოდ “მაგთიკომს” მოსთხოვა:

“მაგთიკომს ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან მიღებული აქვს თანხმობა აქტივის შეძენის თაობაზე. ეს აქტივი ძალაშია და ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ “კავკასუს ონლაინთან”.

3 თებერვლის მონაცემებით, “კავკასუს ონლაინის” წილის 19.8%-ს“ნელგადო ლიმითედი” ფლობს. ამ კომპანიის მეწილეები კი არიან რევაზ ელიავა, ხვიჩა მაქაცარია და დავით ზურაბიშვილის კომპანია  “ნექსუს გროუპ ლიმითიდ”. 36.2%-ს“ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქი” ფლობს. 44%-ს კი - გროუზ მასტერ ჰოლდინგი.

“კავკასუს ონლაინის” დირექტორი ნიკოლოზ ჭიაურელია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი - ხვიჩა მაქაცარია. ხვიჩა მაქაცარია ამ კომპანიის გარდა, “მობიტელის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სიაშიცაა.

“მობიტელის” წილის 20%-ს ფლობს “მირენ ინვესტი”, 29%-ს - “ინვესტიკო ალიანსე” და 51%-ს -  “ვოთერთრაილ ინდასტრიზი”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^