ბევრი ქართველი პოლიტიკოსი საუბრობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ. მართლაც, საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც პრორუსულად მიიჩნევა. თუმცა, აქვთ კი მათ რეალური გავლენა საზოგადოებაზე? იღებენ კი ისინი სინამდვილეში ფინანსურ ან სხვა სახის დახმარებას რუსეთიდან? არიან კი ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული რბილი ძალის სტრატეგიის ნაწილი?
დაახლოებით 18 თვის წინ, მას შემდეგ, რაც ყირიმში „პატარა მწვანე კაცუნები“ გამოჩნდნენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მათ ქვეყანაშიც იყენებდა რბილი ძალის მეთოდს. ერთ-ერთი პირველი, ვინც შიშობდა, რომ რუსულ გავლენას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში შეიძლებოდა შემოეღწია, იყო ირაკლი ალასანია - 2014 წლის ბოლომდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2014 წლის სექტემბერში მან ინტერვიუში გვითხრა, რომ საქართველოში 4-6 რუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია და კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხია.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უცხოურ ინსტიტუტებს საქართველოში აქტივობას უადვილებს. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საზოგადოება საკმაოდ ლიბერალური და ღიაა დემოკრატიულობის და სტუმართმოყვარე კულტურის მქონეა. ამასთან, ბოლო პერიოდში ბიუროკრატიული პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია.
საქართველოში ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად სულ რამდენიმე დღე და რამდენიმე მარტივი საბუთია საჭირო. არასამეწარმეო ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ განაცხადის შევსება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 100 ლარის გადახდის ქვითარი, კიდევ რამდენიმე მარტივი საბუთი და ორ სამუშაო დღეში ორგანიზაცია დარეგისტრირებული იქნება.
ორგანიზაციებს ფინანსური წყაროების დეკლარირების ვალდებულება მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისას ან საგადასახადო შემოწმებისას აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში უამრავი ეჭვია უცხოური ფინანსების შემოდინებაზე, არ არსებობს სისტემატური მონიტორინგი და ფინანსების კონტროლის მექანიზმი. კანონის მიხედვით გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები გადასახადისგან თავისუფალი არიან.
ალასანია, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გარკვეული უთანხმოების გამო ხელისუფლება დატოვა, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამ საკითხებზე. 2015 წლის მაისში მოცემულ ინტერვიუში მან ჩვენთან თქვა, რომ იგი ამ თემებზე სხვა მინისტრებს და უსაფრთხოების სამსახურებსაც ესაუბრა. როგორც ალასანიამ გვითხრა, იგი დაინტერესდა, რატომ არ მიმდინარეობდა ფინანსების წარმოშობის შესახებ გამოძიება და წარმოადგენდა თუ არა ეს აქტივობები საქართველოს უსაფრთხოებისთვის გარკვეულ პრობლემას. ჩვენ კომენტარისთვის რამდენჯერმე ვცადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირება. დასაწყისში სატელეფონო საუბარიც შედგა, თუმცა მას შემდეგ არავითარი პასუხი აღარ მიგვიღია ელექტრონულ წერილზე, თუ სატელეფონო ზარებზე.
ალასანიას მემკვიდრემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, თინა ხიდაშელმა გვითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობა მზად არის ყველანაირი ჰიბრიდული ომისთვის, ეს იქნება პროპაგანდასთან ბრძოლა, კიბერომი, თუ სხვა ნებისმიერი სახის ომი, გარდა ჩვეულებრივი, შეიარაღებული დაპირისპირებისა. როგორც მან ნოემბრის ბოლოს ბერლინში მოცემულ ინტერვიუში გვითხრა, რეფორმების და წვრთნების შედეგად უსაფრთხოების სამსახურები კარგად არიან მომზადებული. თუმცა მიღებული ზომების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
სკეპტიციზმი ნატო-სა და ევრო კავშირის მიმართ
თუმცა მინისტრმა დაადასტურა, რომ ხალხში ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი მატულობს. მან განმარტა, რომ მოლოდინები და დაპირებები საკმაოდ არარეალური იყო, არა მარტო ქართველი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც. 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ და დამატებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, ხალხი ბევრად რეალისტი და, აქედან გამომდინარე, სკეპტიკური გახდა.
ეს დამატებითი მიზეზია, რატომაც რუსული ინსტიტუტები შეიძლება საქართველოში წარმატებას აღწევდნენ. მოსახლეობის ბოლო გამოკითხვებიც ამას ადასტურებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დასმულ შეკითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, დადებით პასუხების პიკი ბოლო სამი წლის განმავლობაში 2013 წლის ნოემბერში იყო (85%), მაგრამ ბოლო გამოკითხვაში, 2015 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 69%-მდეა შემცირებული. ამავე დროს უარყოფითი პასუხი მცირედით, მაგრამ მაინც მატულობს. დროის ამ პერიოდში 10%-ზე ნაკლებიდან 21%-მდე მიაღწია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, რომ მიზეზებზე საუბარი რთულია გამომდინარე იქიდან, რომ გამოკითხვები არ პასუხობს შეკითხვას - რატომ? „ჩვენ არ გვაქვს კვლევის მტკიცებულებები, თუმცა ფოკუსჯგუფებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეული კავშირი. ხალხი, რომელიც ინფორმაციას იღებს რუსული მედიიდან, უფრო ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას” უჭერს მხარს. დამატებით მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი და არასაკმარისი ინფორმირებულება დასავლური სტრუქტურების შესახებ.
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძეც საყურადღებოდ მიიჩნევს ბოლო კვლევების ტენდენციებს. მისი თქმით, გასულ წლებში მხარდაჭერის მაღალი პროცენტულობა ემოციური ფონით იყო განპირობებული. ახლა ემოციები განელდა და მხარდამჭერებს შორის მხოლოდ მყარი და გაცნობიერებული პოზიციის მქონენი დარჩნენ. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს მხარდამჭერები, რომლებსაც გაანალიზებული და გაცნობიერებული არჩევანი აქვთ გაკეთებული”.
„ანტიდასავლური კამპანია ბოლო პერიოდში მუდმივად მატულობს. რუსული პროპაგანდა აზიანებს ჩვენს დასავლურ გზას“. მისი თქმით, ხსენებული კამპანია სამი ტიპის მითზეა დამყარებული: ეკონომიკური, პოლიტიკური და ღირებულებითი. არაინფორმირებული საზოგადოება, რომელშიც განათლების დონეც არ არის მაღალი, ადვილად იჯერებს ამ მითებს. რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნის პრობლემაა, მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსული ტელე-მედია, რომელიც პირდაპირ დეზინფორმაციას ავრცელებს.
ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ევრაზიული არჩევნის პოპულარიზაციას
და მართლაც, საქართველოში არის რამდენიმე პრორუსულად მიჩნეული არასამთავრობო ორგანიზაცია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთი პროექტის (damoukidebloba.com) ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით ფუნქციონირებს ორი მთავარი ორგანიზაცია, რომლებთანაც დაკავშირებულია რამდენიმე ქვეორგანიზაცია და მედია საშუალება. ეს ორგანიზაციებია ევრაზიის ინსტიტუტი და ევრაზიული არჩევანი.
ევრაზიის ინსტიტუტი
ევრაზიის ინსტიტუტი ჯერ კიდევ 2009 წელს დააფუძნა გულბაათ რცხილაძემ. იგი ერთ-ერთი პროექტის „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ დირექტორიცაა. რცხილაძე 50 წლამდე იქნება. გერმანიის პოლიტიკური ფონდის გრანტით მან განათლება გერმანიაში მიიღო და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, შევარდნაძის აპარატში მუშაობდა. სტუმრებს საკუთარ ოფისში იღებს, ქალაქის ცენტრში. სრულყოფილად საუბრობს გერმანულად. მის სამუშაო მაგიდაზე ჰენრი კისინჯერის „დიპლომატიას“ და, ე.წ. წმინდა გიორგის ლენტებს შენიშნავთ.
შემდეგ ჯერზე სასტუმრო მარიოტში, ქალაქის ცენტრში შევხვდით. საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს თავს ამ გარემოში. თავიდან რამდენიმე ადამიანმა დაიწყო აქტიურობა და როგორც ამბობს, წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ საშიშიც იყო, რადგან ნებისმიერი, ე.წ. პრორუსული ქმედება თუ განცხადება სამშობლოს ღალატად ითვლებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ზეწოლა შერბილდა, მაგრამ არ გამქრალა. წინა პერიოდში წარმოუდგენელი იყო ნებისმიერი შეხვედრის თუ შეკრების ორგანიზება კონფლიქტის ზონასთან ახლოს. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია, თუმცა მაინც რჩება დაშინების და დაბრკოლების მცდელობები.
კვლევის მიხედვით, ორგანიზაცია 2012 წლიდან გააქტიურდა. ხშირად აწყობს შეხვედრებს და საზოგადო განხილვებს. 2014 წლიდან ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრებს რუსეთში დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტში, პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირებისა და დარეგულირების ინსტიტუტში, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში, რომელიც პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება და რუსეთის წამყვან პოლიტოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს.
ფინანსური რესურსები
ევრაზიის ინსტიტუტის ფინანსური რესურსები არ არის გამჭვირვალე. მათ ვებგვერდზე არაფერი იძებნება. რცხილაძე ამბობს, რომ პროექტისთვის საკუთარი ბიზნესკომპანიიდან „აგრო-გეოდან“ შემოსულ პირად ფულს ხარჯავს. ასევე დახმარებას იღებს მეგობარი ბიზნესმენებისგან, მაგალითად, ალექსანდრე პაპუკაშვილისგან, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესშია ჩართული, ფლობს კომპანია „ნიჟფარმს“ და რცხილაძის თქმით, დაკავშირებულია გერმანულ კომპანია „სტადასთან“, რომელიც რუსეთში და საქართველოში მოქმედებს. პაპუკაშვილი, როგორც რცხილაძე აღნიშნავს, სააფთიაქო ვაუჩერებით დაეხმარა.
“ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსები. მე ვიყენებ რუსეთში ჩემს კონტაქტებს ჩვენი ქართველი ბიზნესმენებისთვის და ვეხმარები ბაზრების მოძიებაში. ისინი კი შემოწირულობებს აკეთებენ. ეს არის ჩვენი შემოსავალი. წელს განაცხადი გვქონდა შეტანილი გორჩაკოვის ფონდის გრანტის მისაღებად და უარი მივიღეთ ყოველგვარი განმარტების გარეშე. ლეგენდები ჩვენი ფინანსების შესახებ ტყუილია”, - გვიხსნის რცხილაძე ფინანსების შესახებ.
მისი აზრით, გამოკითხვებში ტენდენციების ცვლილება საზოგადოების ევროპული სტრუქტურების მიმართ იმედგაცრუებითაა გამოწვეული. ამას ემატება რუსეთში უფრო რეალური მატერიალური პერსპექტივები. „რა თქმა უნდა, ჩვენი აქტივობების წილიც არის ამ პროცესებში, თუმცა მთავარი ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ თვითონ მოახდინა დასავლური კურსის დისკრედიტაცია.
მომზადებული კვლევის მიხედვით ევრაზიის ინსტიტუტის მთავარი პარტნიორები ქართულ მედიაში არიან: საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, ივერიონი და სხვა. ეს მედია ორგანიზაციები ხშირად ავრცელებენ ანტიდასავლური ხასიათის მასალებს.. ევრაზიის ინსტიტუტის ვებგვერდზე პარტნიორად არის ნახსენები რუსული ორგანიზაცია ლევ გუმილოვის ცენტრი, რომელიც 2011 წელს ევრაზიული ცენტრის მიერ არის დაარსებული მოსკოვში. ცენტრის თავმჯდომარე პაველ ზარიფულინია. იგი ამავე დროს არის საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ხელმძღვანელი, რომლის თავმჯდომარე 2009 წლამდე ალექსანდრე დუგინი იყო. ლევ გუმილოვის ცენტრის ფინანსური წყაროებიც გაურკვეველია.
ევრაზიული არჩევანი
არჩილ ჭყოიძეს, ევრაზიული არჩევანის დამფუძნებელს საკუთარ ოფისში შევხვდით, ზაარბრუკენის მოედანთან ახლოს. მისაღები, სადაც ინტერვიუ ჩავწერეთ, ღარიბულად იყო მოწყობილი. ჭყოიძე საკმაოდ ახალგაზრდაა, უყვარს ლაპარაკი, ხმამაღლა და ემოციურად საუბრობს, თუმცა სწორხაზოვნად და მშრალად. მისი თანადამფუძნებელია ბორის მანჟუკოვი, რუსული ტელეარხის „მირის“ ქართული ფილიალის რედაქტორი.
ევრაზიული არჩევნის მთავარი შემოთავაზება ევრაზიულ სავაჭრო გაერთიანებაში გაწევრიანებაა, რაც ვაჭრობის სფეროს წაადგება და ხელს შეუწყობს მის წევრებთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას სავაჭრო გადასახადების გარეშე. როგორც ჭყოიძე ამბობს, ეს სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან.
ევრაზიული არჩევნის ფინანსური წყაროები ბუნდოვანია. ისინი ახსენებენ შემოწირულობებს, გრანტებს და ა.შ. მაგრამ არსად აქვეყნებენ რამე კონკრეტულ ინფორმაციას.
ჭყოიძე ღიად საუბრობს რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ იდეოლოგთან, ალექსანდრე დუგინთან საქმიან და მეგობრულ ურთიერთობაზე. იგი ასევე არის ერეკლე მეორის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომლის წესდების მიხედვით ორგანიზაციის მთავარი მიზნები არის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების ხელშეწყობა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. ამ ორგანიზაციის ქმედებების უმრავლესობა მიმართულია საზოგადოების განწყობის რელიგიური ფასეულობების გამოყენებით მობილიზებისკენ და მანიპულაციისკენ.
2015 წლიდან ევრაზიული კავშირის და ერეკლე მეორის საზოგადოების წამოწყებულია ინტერნეტტელევიზია - პატრიოტი TV, რომელსაც დღემდე აქტიურად იყენებენ თავიანთი გზავნილების გასავრცელებლად.
ერეკლე მეორის საზოგადოება თანამშრომლობს ფონდ რუსულ სამყაროსთან. მათ ერთად გახსნეს რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსული სამყარო 2007 წელს პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი ბრძანებით დაფუძნდა. თანადამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები. ფონდი პირდაპირ ფინანსდება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. ჭყოიძის თქმით, კურსის ფარგლებში სტუდენტები ასევე რუსულ ლიტერატურას და რუსეთის სახელმწიფოს ისტორიას სწავლობდნენ.
თუმცა ჭყოიძემ უკვე დატოვა ევრაზიული არჩევანი და, როგორც ის ამბობს, ახალ თავმჯდომარეს მალე აირჩევენ. თვითონ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა - ნეიტრალური ევრაზიული საქართველო. თავმჯდომარეც თვითონ არის. პარტია გეგმავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. პარტიის მიზანი იქნება დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის ოქროს შუალედის მოძებნა და სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება. პარტია თვლის, რომ არცერთი უცხოელი ჯარისკაცი ან სამხედრო ბაზა არ უნდა არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე, არც ნატოსი და არც რუსეთის.
ჭყოიძე იმედოვნებს, რომ პარტიისთვის ფინანსების მობილიზებას წევრები შეძლებენ. ოფისების გახსნას საკუთარ საცხოვრებლებში გეგმავს. იგი ამბობს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ქართველ ბიზნესმენთან, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებენ, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. რაც შეეხება ფინანსების უცხოეთიდან მიღებას, პოლიტიკური საქმიანობისთვის უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენება კანონით აკრძალულია და ჭყოიძე ამბობს, რომ იგი კანონის დარღვევას არ აპირებს.
გორჩაკოვის ფონდი
ცალკე განხილვის თემა უნდა იყოს გორჩაკოვის ფონდის აქტიურობა საქართველოში, რომლის პირდაპირი ფუნქციაა რუსული რბილი ძალის გავრცელება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. იგი 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა და ყველაზე ღია ინსტიტუტია ზემოთ ნახსენებთა შორის. მის მრჩეველთა საბჭოში შედიან სერგეი ლავროვი, კონსტანტინე კოსაჩევი და ბიზნესმენები ვაგიტ ალეკპეროვი (ლუკოილი), სულეიმან კერიმოვი, ალექსეი მორდაშოვი და სხვები. გორჩაკოვის ფონდს სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავს პარტნიორები. საქართველოში მათი პარტნიორი ისტორიკოს ზაზა აბაშიძის დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრია. აბაშიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის წევრი იყო, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
გორჩაკოვის ფონდი სხვა ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს, მაგალითად, ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიური სახლი. მათი ერთობლივი პროექტის შესახებ კავკასიური სახლის წარმომადგენელს და პროექტის კოორდინატორს, ანა დვალს ვესაუბრეთ.
კავკასიური სახლის პროექტი ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის 2011 წელს დაიწყო საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 2008 წლის ომის შემდეგ ყველანაირი კავშირი გაწყდა, მათ შორის - დიპლომატიურიც. პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო დიალოგის დაწყება. 2011 წლიდან დღემდე 15-მდე შეხვედრა და ვიზიტი ჩატარდა, მათ შორის ოთხი თუ ხუთი - მოსკოვში. სამიზნე ჯგუფს 35 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენს. მონაწილეები არიან ახალგაზრდა მკვლევრები, პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და სხვები.
პროექტი ორი ნაწილისგან შედგება: ერთ შემთხვევაში რუსი ექსპერტები ხვდებიან ქართველ წარმომადგენლებს: მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპუტატებს. ეცნობიან მიმდინარე ცვლილებებს და რეფორმებს. მეორე შემთხვევა მონაწილეებს შორის პირდაპირ დიალოგს გულისხმობს.
მონაწილეებს ღია შერჩევით და ინსტიტუტების რეკომენდაციებით არჩევენ, მაგალითად: კარნეგის ცენტრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია ან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. მონაწილეობენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები: ნეზავისიმაია გაზეტას, იზვესტიას, ასევე ქართული მედიის: ნეტგაზეთის, ლიბერალის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა ორგანიზაციების ჟურნალისტები.
დვალი ამბობს, რომ რუსეთში შეხვედრების ორგანიზება არ არის მარტივი. ამაში გორჩაკოვის ფონდი ეხმარებათ: “ისინი გვიგზავნიან მოსაწვევებს, ისინი გეგმავენ შეხვედრებსაც. შევხვდით მაგალითად კარასინს და ლავროვს. ზაფხულში ვიმყოფებოდით მოსკოვში და გროზნოში”.
“შეხვედრების თემატიკა საკმაოდ ჩვეულებრივია. ოფიციალური პირები ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებენ, თუმცა გვეძლევა კითხვების დასმის საშუალება ეკონომიკურ თუ სხვა ურთიერთობებზე. ძირითადად მთავრობის მხარდამჭერ ექსპერტებს ვხვდებით - სერგეი მარკედონოვს და სხვებს. გორჩაკოვის ფონდი შეხვედრების დღის წესრიგს ადგენს. შესაბამისად, არ გვეძლევა საშუალება ოპოზიციურ პირებთან შეხვედრის და მათი აზრის მოსმენის”.
დვალის თქმით, მათი გზავნილები იგივეა, რაც მედიაში ისმის. ისინი ამბობენ, თუ საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება უნდა, რუსეთს უნდა ელაპარაკოს. ისინი შედარებით შეგუებულები არიან ევროკავშირისკენ მისწრაფებას, მაგრამ ბევრად ხისტად აღიქვამენ ნატო-ს და მის სამხედრო ბაზებს. ყველა შეხვედრაზე აღნიშნავენ, რომ ნატო-სკენ სვლა მძაფრ რეაქციებს გამოიწვევს. მაგალითად, სერგეი მარკოვმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის გადაჭრის პირდაპირი გზა ევრაზიული კავშირია.
პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა საქართველოში თებერვალში ჩატარდება. რუსეთში ვიზიტები კი მათზეა დამოკიდებული და უახლოეს მომავალში დაგეგმილი არ არის, როგორც დვალი ამბობს.
უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიური სახლის გორჩაკოვის ფონდთან თანამშრომლობა მიზნად მხოლოდ სამოქალაქო დიალოგის დანერგვას ისახავს და არა რუსული ნარატივის პოპულარიზებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ ნდობა ყველაზე მაღალია. ამასთან, მართლმადიდებლური ტრადიციები და ეთიკური ღირებულებები, რომლებიც საერთო აქვს ყველა მართლმადიდებლურ და მათ შორის რუსეთის ეკლესიას, ზოგადად, გარკვეული სახით ეწინააღმდეგება, ეგრეთ წოდებულ, გარყვნილ, თანამედროვე ევროპული საზოგადოების ღირებულებებს. ამ ღირებულებების შესახებ მითებით მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება აქტიურად გამოიყენება სკეპტიკური განწყობის გასაძლიერებლად. გოცაძე ამბობს, რომ საინფორმაციო შეხვედრებზე ხშირად ისმის კითხვები, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების და მათი უფლებების შესახებ.
დასავლურ და ანტიდასავლურ ორიენტაციებზე მსჯელობა ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იქნება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. ბევრ ამომრჩეველს არც აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რადგან პროდასავლურ პარტიებს, მაგალითად, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ნდობა დაკარგული აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრორუსულ ორგანიზაციებზე დაკვირვება და მათი აქტივობების მონიტორინგი.
შეჯამებისთვის
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული სპეციალური პოლიტიკისა და მისი გატარების მცდელობისა, ქმედებები რამდენიმე მიზეზის გამო არ არის ეფექტური: შექმნილი სტრუქტურები განიცდიან ადამიანური რესურსის სიმცირეს, თანამშრომელთა ცოდნა და ინფორმირებულობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სრულიად არ არსებობს შეთანხმებული პოზიცია, ე.წ. მესიჯ-ბოქსი. შეინიშნება ხელისუფლების შტოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა.
ჩხიკვაძის აზრით, საჭიროა მარტივი და გასაგები გზავნილების და განმარტებების მიცემა იმის შესახებ, თუ რის მიღებას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან და რისი გადახდა მოგვიწევს მისაღებად. ხელისუფლება ძირითადად სარგებელზე და უპირატესობებზე ლაპარაკობს და არა გასატარებელი რეფორმებისა და ვალდებულებების შესახებ. მესიჯ-ბოქსი არ უნდა იყოს პროპაგანდული, თუნდაც პოზიტიურად. გზავნილები უნდა იყოს ობიექტური, შეთანხმებული და ინფორმაციული.
[1] https://idfi.ge/en/russian-influence-of-georgian-ngos-and-media