Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან - ყველაფერი სასამართლოს შესახებ

11 თებერვალი 2016

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი და ხმაურიანი პროცესები  მიმდინარეობს საერთო სასამართლოების ირგვლივ. არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას და  კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კი შიგნით არსებულ პრობლემებზე  ხმამაღლა  საუბრობს.  ამასთან,  2015 წელს განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი უწყების, შსს-სა და პროკურატურის რეფორმით არც საზოგადოებაა  კმაყოფილი. რატომ დაიძაბა ვითარება სასამართლო სისტემაში და სად არის გამოსავალი, ამის შესახებლიბერალიიურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

 

 

რატომ აღმოჩნდნენ ნინო გვენეტაძე, იუსტიციის საბჭო და მოსამართლეები სხვადასხვა მხარეს?

ისინი ერთი სისტემის ნაწილი არ არიან. გვენეტაძე არის სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული, ე.წ. სასამართლო წმენდის მსხვერპლი. სანიმუშოდ დაისაჯა ის და მასთან ერთად უზენაესი სასამართლოს რამდენიმე   ყველაზე გამორჩეული, ყველაზე განათლებული და სასამართლო კორპუსისთვის აღიარებული მოსამართლე. მიზანი ის იყო, რომ ამ აქტით სისტემაში დარჩენილები, ტერორის ქვეშ ყოფილიყო. ამიტომ ყველა უცებ დაექვემდებარა პოლიტიკურ წნეხს.

წარმოიდგინეთ, როცა ეს სტაგნირებული პროცესი ამდენი ხნის მანძილზე თუხთუხებდა მიწის ქვეშ და შემდეგ, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდა და  პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლება იგრძნეს, ამ ვულკანმა ამოხეთქა. თან ისეთი ძალით, რომ საზოგადოება შეიძლება დაბნეულიც იყოს.

ნინო გვენეტაძე და მისი რამდენიმე კოლეგა იმ გადაწყვეტილებების მსხვერპლნი არიან, რომელმაც ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია. ამას ადასტურებს 215 ადამიანის საქმე და ეს სია ამით არ მთავრდება, მინიმუმ 10-ჯერ მეტია. ყველა ეს გადაწყვეტილება სისტემაში დარჩენილმა მოსამართლეებმა მიიღეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამავდროულად ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი, გონიერი და კარგად განსწავლული იურისტები არიან, უზარმაზარი პრაქტიკით და გამოცდილებით. ისინი ყველაზე უკეთ გრძნობენ, რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმისთვის, რაც ნებით თუ უნებლიეთ ჩაიდინეს. ამიტომ ასეთ ვითარებაში ისინი ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ამ პასუხისმგებლობისგან თავი დაიხსნან.

ამიტომ ეს ხალხი ჩამოყალიბდა კასტად, რომელსაც აქვს ერთი ძალიან მკაფიო ინტერესი - გადაირჩინოს თავი და გადაარჩინოს თავის მდგომარეობაში მყოფი პირი. ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფი და საზოგადოებამ შეიძლება კარგადაც არ იცის, რა სახიფათონი არიან, იმიტომ, რომ ისინი უნებურად სასამართლოს საბოტაჟს უწყობენ, არ არიან მიუკერძოებელი მოსამართლეები და ვერ ქმნიან დამოუკიდებელ სასამართლოს, ურომლისოდაც სახელმწიფო ვერ შედგება.

ახლა გვენეტაძესა და მოსამართლეებს შორის აშკარა უფსკრულია, რაც კოტე კუბლაშვილის თავმჯდომარეობისას არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ნინო გვენეტაძე უფლებამოსილებით ბევრად განსხვავდება კუბლაშვილისგან. კუბლაშვილი ერთდროულად ხუთ თანამდებობას ითავსებდა, ის იყო - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ის წყვეტდა დევნის აღძვრის საკითხებს იუსტიციის საბჭოს შიგნით, თავმჯდომარეობდა დევნის პროცესს და ნიშნავდა მოსამართლეებს. მის ხელში ისეთი იარაღი  იყო თავმოყრილი, საერთოდ უპატივცემულოდ რომ ყოფილიყო რომელიმე მოსამართლე განწყობილი, იძულებული იყო თავიდან ბოლომდე დამორჩილებოდა მას და პატივისცემა გამოეხატა. ამიტომ კუბლაშვილი მოჩანდა როგორც პატივსაცემ და მოსამართლეების სათავეში მდგომ პიროვნებად.

გვენეტაძე მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. მას ერთადერთი ხმა აქვს, რომელიც გადამწყვეტი არ არის. ამიტომ ნინო გვენეტაძეს დღეს მოსამართლეებზე გავლენის მოსახდენად არანაირი საკანონმდებლო  ბერკეტი არ აქვს, გარდა მოსამართლეების მხრიდან კოლეგიალურობისა და კეთილი ნებისას.

დიდი განსხვავებაა მოსამართლე კუბლაშვილსა და მოსამართლე გვენეტაძეს შორისაც. კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოში  იმისთვის დაინიშნა, რომ მოსამართლეებისთვის ეხელმძღვანელა და  სასამართლოების შიგნით პოლიტიკური ნება გაეტარებინა. მაშინ, როცა გვენეტაძე იქ დამოუკიდებელ მოსამართლედ მივიდა და, რა თქმა უნდა, არ ცდილობს, ვინმეს რამე მოახვიოს თავს. იმიტომ, რომ მას ძალიან კარგად ესმის, რომ თითოეული მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს და თვითონ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს.

მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც შეჩვეულია იმას, რომ ინსტრუქციებს ზემოდან აძლევენ, კარნახობენ, რა გააკეთონ და,  ე.წ. გაიდლაინებს უწერენ, ახლა  გათავისუფლებული აღმოჩნდნენ, მაგრამ მათ არც შინაგანი განწყობა და მზაობა აქვთ და არც გამოცდილება, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები მიიღონ. ამიტომ ეს დაბნეულობა კორპუსში აგრესიად გადაიქცა, რადგან აღარ ჰყავთ უფალი, რომელიც დაიცავს და დაიფარავს მათ და უცებ კუბლაშვილის ნაცვლად გამოეცხადათ მურუსიძე, რომელმაც საჯაროდ დაიფიცა, რომ თუ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩევდნენ, ის მოსამართლეების მიმართ არცერთ დევნას არ აღძრავდა და ის ამ პირობას იცავს. ამიტომ მურუსიძე გახდა ფენომენალური ძალისა და უფლებამოსილების მოსამართლე, მიუხედავად იმისა, სად იჯდება ის, უზენაესში თუ სააპელაციო სასამართლოში.

ამან სახელმწიფოსთვის სრულიად ანომალური და საშიში ვითარება  შექმნა, მოსამართლეთა კორპუსი თავისი დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად კარგად ორგანიზებულ ბანდასავით იქცევა. ამ მოსამართლეების უმთავრეს ნაწილს 10-წლიანი ვადა უმთავრდება. ამის შემდეგ ისინი შეიძლება გადაინიშნონ გამოსაცდელი ვადით, რის შემდეგაც უვადოდ დაინიშნებიან. ახლა ისინი ცდილობენ, რომ ეს დანიშვნა ნებისმიერ ფასად მიიღონ, რადგან სამუდამოდ მოსამართლეობა ნიშნავს სამუდამო ინდულგენციას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან.

ამიტომ იუსტიციის საბჭოში ეს გარიგებები რომ რეალურად განხორციელდა, ამას არც იუსტიციის საბჭოს წევრები მალავენ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ახლა შეშინებული უნდა იყოს. ახლა შეიქმნა კრიტიკული ვითარება, როცა არავის აქვს ფორმალური ძალაუფლება, რომ გავლენა მოახდინოს ან ყველაზე, ან უმრავლესობაზე. არაფორმალურად შეიქმნა მურუსიძე, რომელიც თავისი უზნეო და არაეთიკური ქცევებით დანაშაულებრივად ამყარებს ამ ინსტიტუტს.

იუსტიციის საბჭოს  ფართო უფლებამოსილება იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონში შეტანილი ცვლილებებით მიენიჭა.  როგორ ფიქრობთ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რაღაცები სწორად ვერ გათვალა თუ გამიზნულად მიანიჭა  მას ასეთი უფლებამოსილება?

არ მგონია ვინმე თავისი თავის ისეთი მტერი იყოს, რომ ასეთი მექანიზმი განზრახ შეექმნა. უბრალოდ მოხდა ის, რაც უკვე ბევრჯერ მოხდა საქართველოში - ის, რაც მუშაობს ევროპაში, მუშაობს აშშ-ში, არ მუშაობს საქართველოში. იმიტომ, რომ ჩვენი რეალობა და სპეციფიკა არ არის ხოლმე გათვალისწინებული, ასევე არაა გათვალისწინებული, რომ ჩვენი საჯარო მოხელე და მაღალი თანამდებობის პირი შეიძლება იყოს უსინდისო და ყველაფერზე ხელისმომწერი. ამის გამო ვდგებით მერე ფაქტის წინაშე.

კანონში მიღებული ცვლილებების შედეგად საბჭო ახალი დაკომპლექტებულია და ახლა კვლავ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ კიდევ თუ არ შევიდა კანონში ცვლილებები და ეს შემადგენლობა თუ დარჩა, დაღუპულები ვართ. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“  ამბობს, რომ  მონიტორინგი დაიწყოს და ვიდრე კანონში ცვლილება არ შევა, მოსამართლედ არავინ დაინიშნოს. ამასობაში სასამართლოში საქმეები გროვდება, რადგან მოსამართლეთა ნაწილს ვადა გასდის.

მურუსიძე  ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მოსამართლეებს იმის გამო ვერ ნიშნავდნენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები ვერ თანხმდებოდნენ. მისი არჩევის დროს კი მათ  საერთო პოზიცია ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, რის გამო გახდნენ ისინი ერთსულოვნები და ხომ არ ნიშნავს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა ხელისუფლების მხარდაჭერასაც?

მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა რომ ხელისუფლების ინტერესი იყო, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირით თქვა. მან სცადა, მურუსიძე მსხვერპლად წარმოეჩინა  და თქვა, რომ ის არის სისტემის მსხვერპლი. მე მეგონა, რომ ის ამას არ იტყოდა და ჩვენ ანალიზით მივხვდებოდით, რომ ივანიშვილისგან გარანტიები რომ არ ჰქონოდათ, მურუსიძე ამდენ ხმას ვერ მიიღებდა. მან ეს პირდაპირ თქვა და ვერც მიხვდა რა ქარიშხალი გამოიწვია ამით საზოგადოებაში.

საქმე ძალიან მარტივადაა, მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებს განიხილავს, სადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავების ბედი საბოლოოდ წყდება. ამიტომ ივანიშვილის სიმპათიები მურუსიძის მიმართ სრულიად გასაგებია. ეს ხელისუფლების კი არა, ივანიშვილის პირადი ჩარევით და მხარდაჭერით მოხდა. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან ყველა სხვა ჭორი და ვარაუდი თვითონ გამორიცხა თავისი განცხადებით.

ჩვენ მივიღეთ ვულკანი, რომელიც წელს ოქტომბერ-ნოემბერში უნდა აფეთქდეს, როცა საარჩევნო დავები დაიწყება. ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, რომ არჩევნები გააყალბოს და სასამართლოში თუ გაიქცევი, იქ დაგხვდება მურუსიძე და დაემშვიდობე სამართლიანობას. ამას ნამდვილად მოყვება ქუჩაში გამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც თვალში ნაცრის შეყრას გადაყლაპავს. ეს შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, სამოქალაქო ომში და უბედურებაში.

ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რომ სასამართლოებში საქმის ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით  განაწილების პროგრამის დანერგვა ხელოვნურად ჭიანურდება, რათა  საარჩევნო დავა სასურველ მოსამართლეს დაეწეროს. თქვენთვის რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. რადგან სხვაგვარად სასამართლოს თავმჯდომარე ხდება ჩვეულებრივი მოსამართლე, რომელიც ვერავისზე გავლენს ვერ მოახდენს და ვერავის დაკვეთას ვეღარ შეასრულებს.

თეა წულუკიანის ინიციატივაზე რას იტყვით? მან უცებ შეიცვალა აზრი და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე უარი თქვა.

გამოსაცდელ ვადაზე ხელაღებით არავინ ამბობს, რომ ცუდია. ევროსტრუქტურებიც არ იტყოდნენ ამას ცალსახად, რადგან გერმანიაში არის ასეთი მოდელი. იმის თქმა, რომ ვისაც 10-წლიანი სტაჟი აქვს, იმათ გამოსაცდელი ვადა არ დასჭირდებათ, პირდაპირ ამყარებს ჩემს ვარაუდს, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამომტან მოსამართლეებს სამუდამო ინდულგენცია მიეცეთ. ამაზეც კი მიდის ხელისუფლება, ოღონდ მოსამართლეებმა მათ საარჩევნოდ მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ეს ყველაფერი ხომ სასამართლოს დამოუკიდებლობას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს?

ეს არის ორმხრივი გარიგება. იმიტომ, რომ იურისტებზე უკეთ არავინ იცის, შეთანხმებისა და გარიგების დადების წესი და პროცედურა.  ეს არის სისხლით დაწერილი გარიგება ხელისუფლებასა და სასამართლო კორპუსს შორის. უბედურება ისაა, რომ ეს ყველა ჩვენგანს საშინელებას გვიქადის. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარიგება ჩავშალოთ.

როგორია ამაში საზოგადოების როლი, როგორ შეუძლია მას ვითარების შეცვლა?

ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო, როგორია ამის წინააღმდეგ ბრძოლა და როგორ შეიძლება ეს შედეგიანი იყოს. მაგრამ ვფიქრობ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე.

საარჩევნო წელს ვინც დაგვპირდება, რომ ამ გარიგებას არ შეასრულებს და ვინც მოსამართლეთა კორპუსთან ასეთ შეთანხმებაში არ იქნება ჩართული, იმათ მივცემთ ხმას. იმიტომ, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს. ესაა ერთადერთი გამოსავალი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა პარასკევს ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტი ვერ შეიკრიბა, მაშინ როცა სიტუაცია ფეთქებადია და ასეთი გადაუდებელია საკანონმდებლო ცვლილებები.

ვინც დაგვპირდება, რომ სამართლიანობას აღადგენს და ამის მექანიზმს გვეტყვის, ვინც რეალურად დაგვარწმუნებს, რომ ამის გამკეთებელია, ვინც დაგვპირდება, რომ მურუსიძის სამფლობელოს დაშლის და სასამართლოს ნამდვილად დამოუკიდებელს გახდის, მას მივცემთ ხმას. პირველ რიგში სწორედ ეს საკითხები უნდა მოვთხოვოთ კანდიდატებსა  და პოლიტიკურ პარტიებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ბოლო პერიოდში მწვავე განცხადებებით გამოირჩევა. მან სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე საუბარი ღიად დაიწყო. რით ახსნით მის ამგვარ საქციელს?

მე რომ ვთქვი, რომ მოსამართლეები ყველაფერზე წავლენ, ამის საუკეთესო მაგალითი მამუკა ახვლედიანია. ამ საყოველთაო ანომალიურ სიტუაციაში ის კიდევ უფრო ამოვარდნილია, რადგან თავმჯდომარეობის ვადა გასდის ისეთ სასამართლოში, რომელიც საკვანძო და ყველაზე დიდი სასამართლოა საქართველოში. ის ყველაფერზე მიდის, ესაა ქარიშხლის პირველი ტალღა და სხვა ტალღები მომავალშია მოსალოდნელი. იმის მაგიერ, რომ ხელისუფლება ამისთვის ემზადებოდეს და ვულკანის ჩაცხრობას ცდილობდეს, პარლამენტში ვერ იკრიბებიან.

ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება აქვს. იმ ქვეყნებში, სადაც სასამართლო მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, სისტემაში არსებულ  პრობლემებზე  კეთდება თუ არა მსგავსი საჯარო განცხადებები მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების მხრიდან?

ეს სტანდარტი ჩვენთანაც არსებობს და მოქმედებს. მაგრამ როცა კანონმდებელი უფლებებს უკვეცავდათ, როცა აშკარა ზეწოლას განიცდიდნენ  და აშკარად უკანონო გადაწყვეტილებებს აწერდნენ ხელს, მაშინ ჩვენ ამაზე მოსამართლეებისგან არაფერი გვსმენია.

მე მხვდებიან ქუჩაში მოქალაქეები, რომელებიც გაოცებულები არიან მოსამართლეების მიერ  ტელევიზიით გაკეთებული საჯარო განცხადებებით, მათი საუბრის მანერითა და ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებით. ეს არ შეესაბამება ადამიანის წარმოდგენას ნორმალური მოსამართლის შესახებ.

თუ ხელისუფლება სიტუაციას არ გამოასწორებს, მაშინ მოსამართლეები კიდევ უფრო მოძლიერდებიან.

მოსამართლეთა საგამოცდო  ტესტების გატანა ბოლო  დროის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, რომ ამ ფაქტს თავად იუსტიციის საბჭო იძიებს? ინტერესთა კონფლიქტი  ხომ არ არის?

ფორმალურად ინტერესთა კონფლიქტი, რა თქმა უნდა, არის. მაგრამ ეს არის განსაკუთრებული ორგანო, რომელსაც შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავისი შიდა ამბები ჯერ მოიკვლიოს და თუ საჭიროა, შემდეგ  მიმართოს მთავარ პროკურატურას.

თუმცა მე ვფიქრობ, ახალ  მთავარ პროკურორს, რომელიც განსაკუთრებულად დავნიშნეთ და ასეთი უფლებამოსილებებით აღვჭურვეთ, თავისი ინიციატივით უნდა დაეწყო გამოძიება, როცა მედიით ამის შესახებ გაიგო. მაგრამ ხედავთ, რომ დუმს და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. ეჭვი მაქვს, რომ ძალიან კარგად იციან, რაც მოხდა.  მე ვფიქრობ, გაირკვევა, რომ არაფერიც არ მომხდარა. იმიტომ, რომ ერთ კანდიდატზე  დავრწმუნდით, რომ თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის კვალობაზე  100 ქულის მოგროვება შეეძლო. ამიტომ შეიძლება  არაფერიც არ მომხდარა, მაგრამ ეს გაუგებრობა, ეჭვები და უსაგნო საუბარი ჩრდილს აყენებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა  და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლეებს ეს აწყობთ, რათა საზოგადოების მხრიდან შეიქმნას დამოკიდებულება, რომ არცერთი არაფრის გამკეთებელი არ არის.

მე მგონია, იქ რომ ასეთი ალიაქოთი ყოფილიყო, ამას აქამდე თვითონაც გამოიძიებდნენ. უბრალოდ ამ მომენტით ისარგებლა მამუკა ახვლედიანმა, რომ  ყურადღება მიიპყროს და თავი წარმოაჩინოს, როგორც სამართლიანობისთვის თავდადებულმა მოსამართლემ და საკუთარი სახელი კიდევ ერთხელ გააჟღეროს საზოგადოებაში, თითქოს ის არის ახლა ამ ყველაფრის წინააღმდეგი და სხვა დანარჩენები უარესები არიან. ეს თამაში და პიარ-კამპანიაა.

თუკი ტესტების გატანის შემთხვევები დადასტურდა, რა მოჰყვება ამას?

შედეგები უნდა გაუქმდეს და გამოცდა ხელახლა უნდა ჩატარდეს.  ცხადია, იმ კანდიდატებს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება, შეიძლება ეს არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მათ მაინც არ უნდა მიეცეთ ხელახალი მონაწილეობის უფლება. ასეთი ადამიანები სამუდამოდ უნდა იყვნენ დისკვალიფიცირებულები, რომ სისტემაში შესვლა არ შეეძლოთ.

წარსულში ყველა აკრიტიკებდა სასამართლოს და უნდობლად  იყო განწყობილი მის მიმართ. იმ პრობლემების მიუხედავად, რაზეც ზემოთ  ვისაუბრეთ, არის თუ არა სასამართლოში დადებითი ძვრებიც ბოლო წლების განმავლობაში?

რა თქმა უნდა არის, მე ყველას მიმართ არ ვამბობ ამას.  მე ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავდაუზოგავად შრომობს სასამართლოში. მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შეიცვალა. მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთა წაკითხვისას  მიხვდები, რომ  კარგი მოსამართლეები გვყავს და კარგი გადაწყვეტილებებიც გამოაქვთ. მე მინდა, რომ მედიამ ასეთი მოსამართლეები საზოგადოებას გააცნოს, რადგან საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ უნდობლობა ძალიან საშიშია. ჩვენ თუ გვექნება განცდა, რომ სასამართლოში სამართალს ვერ მივაღწევთ, აღარც მივმართავთ მას და სხვა ინსტიტუტით ჩავანაცვლებთ. წარსულში ეს იყო ქურდული სამყარო, უფრო შორეულ წარსულში უხუცესთა საბჭო, თუ კიდევ იქით გადავედით, რაღა გვინდა ევროკავშირში და 21 საუკუნეში.  თუ ჩვენ ცივილიზებული სახელმწიფოს შექმნა გვინდა,  სასამართლო სისტემას ალტერნატივა არ აქვს.

აქვს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობის პერსპექტივა უახლოეს პერიოდში? ხედავთ თუ არა პოლიტიკურ ნებას, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს?

მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ პარლამენტში მოიძებნებიან ის ადამიანები, ვისაც ესმის სიტუაციის სირთულე და საშიშროება. იმედია გამოვლენ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით. თუმცა რა დროში მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი. მგონია, რომ საბოლოოდ გააცნობიერებენ ადამიანები, რომ ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უნდა შეხედონ.

სასამართლოს სიტუაციის გაუმჯობესების შანსი ცხადია აქვს, იმიტომ, რომ ძალიან კარგი მოსამართლეები გვყავს, გვყავს კანდიდატები, რომლებიც ძალიან კარგი იურისტები არიან და ღირსეული მოსამართლეები იქნებიან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიტუაცია ძალიან საშიში და საგანგაშოა, პოლიტიკური ნების და შესაბამისი დროული ქმედების შემთხვევაში ყველაფრის გადარჩენა შეიძლება.

რაც შეეხება სამართალდამცავებთან დაკავშირებულ პრობლემებს...  წარსულში ადამიანებს ციხეებში აწამებდნენახლა იქ უკეთესი ვითარებაა, თუმცა არაადამიანურმა  მოპყრობამ  ქუჩებსა და პოლიციის განყოფილებებში გადმოინაცვლა.  ბოლო წლებში  პოლიციას ფიზიკურ ზეწოლაში  ბევრი ადამიანი ადანაშაულებს. რას უკავშირებთ მზარდ ტენდენციას და ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?

ყველგან, კარგ დემოკრატიულ ქვეყნებშიც პოლიციელების მხრიდან არის გადაცდენებიც  და მძიმე დანაშაულებსაც ჩადიან. მაგრამ იქ სასამართლო სისტემა ისე კარგად ფუნქციონირებს, რომ ასეთი დანაშაულები და გადაცდომები სასამართლოში თავის ადგილს პოულობს და საკადრის პასუხს იღებს. იმის გამო, რომ ჩვენ სასამართლო სისტემა არ გვივარგა, ასეთი ფაქტები დაუსჯელი რჩება. თუ არც სასამართლოა და არც  შიდა დისციპლინა, მაშინ ასეთი ამბები გაგრძელდება და უფრო საშიშ ხასიათს მიიღებს.

ამიტომ სასამართლოს კარგი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ  სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულზე მოახდინოს რეაგირება, არამედ ფიზიკურ პირებს შორის კონფლიქტზეც. თორემ  ადამიანი თუ იძულებული გახდა, თვითონ აღასრულოს სამართალი, ერთი ნაბიჯი გვაკლია იქამდე, რომ ბანანის რესპუბლიკა გავხდეთ.

შსს-სა და პროკურატურის რეფორმა , რომელზეც ხელისუფლება სიამაყით საუბრობს, საზოგადოებაში კრიტიკას იმსახურებს. ამ რეფორმების მერე იქცა თუ არა თქვენთვის შსს იმ ორგანოდ, რომელიც მოქალაქეების უფლებებსა და უსაფრთხოებას დაიცავს და პროკურატურა იმ უწყებად, რომელიც ყველა საქმეს ეფექტურად და დროულად გამოიძიებს?

არამც და არამც არ იქცა ამ ორგანოებად. მე პირადად ვარ დანაშაულის მსხვერპლი, გამქურდეს, გურიაში ჩემი სახლიდან მთელი წლის თხილის მოსავალი წაიღეს. მაგრამ არც პოლიცია იძიებს, ვინ ჩაიდინა და პროკურატურასაც არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი, რომ დამნაშავე დასაჯოს.

ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა ეს ამბავი და საზოგადოებაში ამან შეშფოთება გამოიწვია. ქუჩაში ხალხი მხვდებოდა და მეუბნებოდა, შენ თუ ეს გაგიბედეს და დამნაშავე არ დაიჭირეს, ჩვენ რაღას გვიზამენო.

ასეთი კონკრეტული ფაქტები საგამოძიებო ორგანოებისა და პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორს ძალიან სერიოზულად აზიანებს. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, ვინც ამ სამსახურებს ხელმძღვანელობენ. რეფორმები ტარდება, მაგრამ მე, როგორც რიგითი მოქალაქე ვამბობ, რომ არაფერი შეცვლილა. წინა ხელისუფლების დროს მანქანა მომპარეს და საქმე არავის გაუხსნია. ახლაც ასე გრძელდება.

მე ვფიქრობ, ხელისუფლება იმით უფროა დაკავებული, რომ ევროკავშირისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რეფორმების შესახებ კანონსა და პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებები თავის მოსაწონებლად ანგარიშებში აღწეროს. რეალურად ადგილზე და ქვეყანაში ვითარება უცვლელია. ლამაზი ანგარიშები ყოველთვის რეალობას არ ასახავს.

დაცულად ვინ გრძნობს დღეს თავს? -  არავინ.  ეს არის მაჩვენებელი იმისა, როგორ მუშაობს პოლიცია, პროკურატურა და რა შედეგი გამოიღო რეფორმებმა.

საერთო  ვითარება რომ შეაფასოთ, თქვენთვის, როგორც უფლებამდაცველისთვის, რა შეიცვალა 2012 წლიდან დღემდე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?

ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილებები არ არის იმდენად ხარისხობრივად  შესამჩნევი და რაოდენობრივად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე ვიგრძნოთ.  ცხადია, ციხეებში  სისტემური არასათანადო მოპყრობა და წამება აღარ ხდება. მაგრამ ეს დანაშაულები, რომლებიც მოხდა, სათანადოდ არ არის გამოძიებული და დამნაშავეებიც არ არიან სათანადოდ  დასჯილები. ეს კი დანაშაულის განმეორების შანსს ზრდის და ამ დანაშაულის ამოძირკვის შესაძლებლობას ანულებს.

მეორე, სასამართლოში მდგომარეობა აშკარად გაუარესდა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლეების ეს საყოველთაო დარაზმული ინსტიტუციური ამბოხი და საბოტაჟი თვალსაჩინოა. მართალია, არც ადრე იყო სასამართლო ის ადგილი, სადაც კანონიერი  გადაწყვეტილებები გამოდიოდა. მაგრამ ახლა  კოლაფსური სიტუაციაა შექმნილი. ამას სასწრაფოდ უნდა გამოსწორება. მიდინარე რეფორმებს  ის შედეგი არ მოაქვს, რაც საზოგადოებას უნდა.  

შედეგებს რომ ვერ აღწევს ხელისუფლება, ამას ჩვენ ყველაფერზე ვგრძნობთ. ის რომ ციხეში უფრო კარგი პირობები  აქვს ადამიანს, ვიდრე გარეთ, ეს საგანგაშოა. ადამიანი თავისუფლებაში შიმშილობს, არ აქვს ჭერი და ურჩევია ციხის საკანში იჯდეს. ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^