საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასამდე საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებების ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებისთვის მისაღები არაა. “ლიბერალი” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას ესაუბრა.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, 2017 წლიდან სრულ პროფესორებსა და მთავარ მეცნიერ- თანამშრომლებს ხუთ წელიწადში ერთხელ ატესტაციის გავლა მოუწევთ. ატესტაციით, ამ პირებმა თანამდებობასთან შესაბამისობა უნდა დაადასტურონ. ატესტაციის კრიტერიუმებსა და ჩატარების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სამეცნიერო კვლევით ერთეულებთან თანამშრომლობით 2016 წლის ბოლომდე შეიმუშავებენ.
სიახლეა ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სრული პროფესორი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი უვადოდ აირჩევა. აქამდე, პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად დაინტერესებული პირები ხუთ წელიწადში ერთხელ გასაუბრებაზე გადიოდნენ და კონკურსში მონაწილეობდნენ. უკანასკნელი ცვლილებების შედეგად კი ერთხელ არჩეულ სრულ პროფესორს 5 წელიწადში ერთხელ შესარჩევი კონკურსის ნაცვლად ატესტაციის გავლა მოუწევს, სადაც უნდა დაადასტუროს, რომ აღნიშნულ თანამდებობას შეესაბამებიან და ღირებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან. იმ შემთხვევაში თუ ეს შესაბამისობა ატესტაციის შედეგად არ დადგინდა, მათი თანამდებობაზე ყოფნის საკითხი გადაიხედება და ის შესაძლოა ვაკანტური გახდეს.
პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასევე განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.
რაც შეეხება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას, მისი დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები.
საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა ცვლილებების შემუშავებაში ჩართული პირები დღეს ამბობენ, რომ საკომიტეტო მოსმენებისას კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, მიღებული ცვლილებები კი პირველი ვერსიისგან განსხვავდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, მართალია, სამინისტრომ პარლამენტს რექტორთა საბჭოსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა, თუმცა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებისას კანონპროექტში ცვლილებები შევიდა, პარლამენტმა კანონპროექტი თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით განსხვავებული სახით დაამტკიცა.
უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, ყველა უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელი წინააღმდეგი იყო, რომ პროფესორის თანამდებობა უვადო გამხდარიყო. მისი განმარტებით, ასეთი რეგულაცია კონკურენციას შეზღუდავს.
"დღემდე აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდებოდა. გარკვეული პერიოდულობით უნივერსიტეტში ვაკანსია ჩნდებოდა. დაინტერესებული პირები კონკურსში ერთვებოდნენ, ამგვარად არსებობდა კონკურენცია. ხუთ წელიწადში ერთხელ ატესტაციის გავლა კონკურენტული შერჩევა არ არის, ეს უფრო ფაქტის კონსტატაციაა, რომ პირი ხუთი წლის გასვლის შემდგომაც კვლავ აკმაყოფილებს სტანდარტს. შეიძლება, ამ კადრზე უკეთესი კადრი უნივერსიტეტის გარეთ იყოს, ატესტაციის პირობებსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ ვაკანსიის არქონის გამო კონკურსში ვეღარ ჩაერთოს. შეიძლება ოპონენტმა თქვას, რომ უნივერსიტეტებმა ატესტაციის ისეთი წესი უნდა შეიმუშაონ, რომ პროფესორებისთვის თამასა აწიონ. ცხადია, ამგვარი ატესტაცია განუხორციელებელი არ არის, მაგრამ ძნელი იქნება".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ცვლილებამ, რომლის შედეგადაც სრული პროფესორის თანამდებობა უვადო გახდა, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა პრაქტიკულად შეზღუდა.
"რატომ უნდა იყოს მხოლოდ ექვსწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების მქონე ადამიანი, თუნდაც მეცნიერების მოცემულ დარგში გარკვეული დამსახურების მქონე, უკონკურსოდ მუდმივი პროფესორი? კანონის მიხედვით ის 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, ატესტაცია, რომლისთვისაც მივიღებთ საკმაოდ მაღალ სტანდარტს დაძლია ამ პროფესორმა, უგრძელდება კონტრაქტი, მაგრამ შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდა მოდის (მაგალითად, იქნებ ჩვენს თანამემამულეს უნდა საზღვარგარეთიდან რომ დაბრუნდეს), რომელსაც სტაჟიც აქვს და მაჩვენებლებიც ამ სტანდარტზე ორჯერ და სამჯერ უფრო მაღალი, პროფესორის ვაკანსია კი უნივერსიტეტს მისთვის აღარ ექნება. ეს ჩანაწერი ერევა საუნივერსიტეტო საქმიანობაში",- განმარტავს ვლადიმერ პაპავა.
მისი თქმით, უნივერსიტეტში არსებობდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც მხოლოდ იმ პროფესორებთან გაფორმდებოდა კონტრაქტი, რომელსაც სულ ცოტა პროფესორის ყველაზე მაღალ თანამდებობაზე 15-წლიანი მუშაობის გამოცდილება ექნებოდა. ასევე, აღნიშნული თანამდებობა არანაკლებ სამჯერ ექნებოდა კონკურსით დაკავებული. ექნებოდა ციტირების მაღალი ინდექსი. მისი განმარტებით, ამ მოდელით თითოეულ ფაკულტეტზე პროფესორების შეზღუდული რაოდენობა იქნებოდა.
ვლადიმერ პაპავა პრობლემას ხედავს ატესტაციის ჩატარების ვადებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, იგი ატესტაციის ჩატარების მომხრეა, მაგრამ ეს პროცედურა გონივრულ ვადებში უნდა ჩატარდეს. პაპავა ამბობს, რომ მეცნიერებმა სერიოზული დაფინანსება მხოლოდ 2015 წლიდან მიიღეს. მისი განმარტებით, სულ ცოტა სამი წელი უნდა იყოს გასული აღნიშნული დაფინანსების პირობებში, რომ მეცნიერების მუშაობის შედეგები ჩანდეს: "გარდა ამისა, პოლიტიკურად მცდარია, ატესტაცია საარჩევნო წელს ჩაატარო. ატესტაციას შეიძლება თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვეს. როგორც წესი, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გონიერი პოლიტიკოსები საარჩევნო პერიოდში არ იღებენ. ამდენად აღნიშნული ვადები პოლიტიკურად მცდარია, შინაარსობრივად გაუაზრებელია".
გარდა ატესტაციის საკითხისა, ვლადიმერ პაპავა სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.
უფრო კონკრეტულად კი, კანონის თანახმად, უნივერსიტეტთან არსებულ დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტებს აკადემიურ საბჭოში ერთი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე მეტი, 14 ინსტიტუტი აქვს შეერთებული. უნივერსიტეტში დღეს მოქმედი აკადემიური საბჭო 15 წევრისაგან შედგება. პაპავას განმარტებით, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების დამატებით საბჭოს წევრთა რაოდენობა ორმაგდება, ამას ემატება 7 ფაკულტეტისგან თითო წარმომადგენელი. მისი თქმით, ამ რაოდენობის წევრებისგან შემდგარი საბჭო აბსოლუტურად მოუქნელი იქნება.
პაპავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების გამო პრობლემა შეექმნა თსუ-ის პოსდოქტორანტურის ინსტიტუტს. პოსტდოქტორანტურა თსუ-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. სპეციალურად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უკვე დაიცვეს დისერტაცია, სამეცნიერო კვლევის გაგრძელების სურვილი აქვთ, მაგრამ აკადემიური საქმიანობა, ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაიწყეს.
კანონის თანახმად, პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს ორი წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ირჩევს.
ამდენად, პოსტდოქტორანტურა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განხორციელდება და არა უნივერსიტეტში, რადგან უნივერსიტეტს არ აქვს სამეცნიერო საბჭო.
პაპავას თქმით, უნივერსიტეტს აქვს უფლება და შეუძლია, რომ დოქტორანტურა ჰქონდეს, დააცვევინოს პირს ხარისხი, ხოლო ამ ხარისხის დაცვის შემდეგ იმის გამო, რომ პოსტდოქტორანტურა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში განხორციელდება, მასთან უკვე ვეღარ იმუშავებს.
"გამოგვივიდა კურიოზული სიტუაცია. უნივერსიტეტში ერთ-ერთი ძლიერი სკოლა ბიოლოგების სკოლაა, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტის შემადგენლობაში არ არის ბიოლოგიის ინსტიტუტი. გამოდის, რომ ბიოლოგიაში დოქტორის ხარისხს დავაცვევინებთ, მაგრამ პოსტდოქტორანტურაში ბიოლოგი ვერ გვეყოლება ჩვენთან არსებულ ინსტიტუტებში, იმიტომ რომ ასეთი ინსტიტუტი არა გვაქვს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა სხვა უნივერსიტეტებში, რომლებსაც ასევე აქვთ დოქტორანტურები, მაგრამ არა აქვთ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები, ეს ჩანაწერი შეცდომაა და უნდა გასწორდეს", - ამბობს პაპავა.
პაპავას თქმით, უნივერსიტეტში უკვე მუშაობენ პროექტზე, რომელშიც საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შეხედულებები იქნება ასახული: "ჩვენ დავაყენებთ ჩვენს წინადადებას, მთავრობასაც მივმართავთ და პარლამენტსაც. გამოვაქვეყნებთ ჩვენს პროექტს, დავიწყებთ განხილვას, ვნახოთ რა შედეგი მოჰყვება ამას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ სირთულეების წინაშე ვდგავართ".
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინე დარჩია განმარტავს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით პროფესორებსა და უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს საქმიანობის უფრო მდგრადი გარემო და სტაბილური პირობები ექმნებათ, ვინაიდან შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად მუდმივი კონკურსების გავლა აღარ დასჭირდებათ. მისი თქმით, ატესტაცია იქნება ერთგვარი გარანტი იმისა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სტაბილურად განვითარდეს.