Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქის დასასრული

12 თებერვალი 2016

„ქ. თბილისი, ფიროსმანი-კარგარეთელი-აღმაშენებლის გამზირის და მისი განშტოებების -ზაარბრუკენის მოედნის - მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფციის მომზადება“ - ასე ჰქვია თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომლის ჩატარების ვადა 16 დღე იყო, ხოლო კონკურსის პირობებით განსაზღვრული დრო კონცეფციის დამუშავებისთვის კი - 2,5 თვე. ეს უკანასკნელი 16 დეკემბერს ამოიწურა, ე.ი. დამუშავებული კონცეფცია კონკურსის ერთადერთმა მონაწილემ და გამარჯვებულმა, დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“, სულ გვიან, ამ დროს ჩააბარა დამკვეთს, თბილისის განვითარების ფონდს. ამის მერე დაახლოებით 1,5 თვეში აღმაშენებლის გამზირზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ვინც ზედაპირულად მაინც იცნობს ქალაქმშენებლური დაგეგმვისა და ცალკეული შენობა-ნაგებობების პროექტირების პროცესს, მის საფუძველზე შექმნილი დოკუმენტაციის შემადგენლობას, ვინც იცნობს ამ დოკუმენტების ლეგიტიმაციის საქმისწარმოებას, რომლის საბოლოო შედეგი მშენებლობის ნებართვის გაცემაა, აუცილებლად დაინახავს, რომ ზემოთ აღწერილი სრულიად შეუძლებელია, უფრო სწორად, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დაგეგმვისა და პროექტირების სამუშაოების დიდი ნაწილი ან საერთოდ არ ჩატარდება, ან იმდენად ზედაპირულად გაკეთდება, რომ სავალალო შედეგებს გამოიწვევს.

ვინც ასეთ რამეს არ იცნობს, მათთვის ამ პროცესის ძალზე ზოგად სურათს დავხატავ იმის წარმოსადგენად, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ეს  ტერიტორია ისეთი დიდი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომ მისი განვითარების ძირითადი მიმართულებები აუცილებლად მთელი ქალაქის კონტექსტში მიწათსარგებლობის გეგმით უნდა განისაზღვროს. ეს უკანასკნელი კი მუშავდება და ქალაქს დამტკიცებული სახით ყველაზე ადრე 2017 წლის ზაფხულში ექნება.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მმართველობამ მიზნად დაისახა კონკურსის მეშვეობით მიეღო თბილისის ცენტრალური არეალის ერთი ნაწილის კომპლექსური განვითარების კონცეფცია, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, სივრცით-ესთეტურ, მემკვიდრეობის დაცვით, ტექნიკურ-ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო ასპექტებს (იხ. კონკურსის ტექნიკური დავალება). ასეთი სიდიდის, მნიშვნელობის და სირთულის არეალისთვის მისი განვითარების ამოცანების გამოკვეთა და გადაჭრა კონცეფციის დონეზეც კი, მაშინ როცა არ არსებობს მიწათსარგებლობის გეგმის მიერ დადგენილი ქალაქის ცენტრის განვითარების ზოგადი სტრატეგია, სულ ცოტა ნახევარი წლის სამუშაოა. ამ ეტაპის დასრულებით უნდა გამოიკვეთოს ძირითადი საყრდენი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაშენიანების გეგმების და საჭიროების შემთხვევაში მათ ფარგლებში კონსერვაციის გეგმების შედგენას. შესაძლოა, სპეციალისტთა ნაკლებობის გამო მთელი ეს არეალი ასეთი გეგმებით ვერ დაიფაროს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მაინც მათ საფუძველზე უნდა დადგინდეს მშენებლობის უფლებების გაცემის პირობები. მხოლოდ ამის მერე უნდა შედგეს ცალკეულ ახალ ნაგებობათა აშენების ან არსებულთა რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროექტები და გაიცეს მშენებლობის ნებართვები.

დაგეგმვის, პროექტირების და საქმისწარმოების აქ ზოგადად აღწერილ პროცესს, რაც აუცილებელია მშენებლობის სოლიდური, საიმედო, ნორმებთან და შესაბამის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მყოფი მომზადებისთვის, სულ ცოტა წელიწადნახევარი მაინც დასჭირდებოდა. მხოლოდ ამის მერე იქნებოდა შესაძლებელი მშენებლობის დაწყება.

თბილისის განვითარების ფონდის ეს ინიციატივა, თავისი ხასიათით შეესაბამება ევროპაში გავრცელებულ ქალაქის უბნების სანირების, ანუ გაჯანსაღების პრაქტიკას. ასეთი ღონისძიებისთვის, რომელიც ქალაქმშენებლურ დაგეგმვას, შენობა-ნაგებობათა პროექტირებას და მათ საფუძველზე მშენებლობას მოიცავს, იქ 10-15 წელია განსაზღვრული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს სამუშაო ევროპაში გაცილებით მაღალეფექტურად და ამდენად სწრაფად კეთდება, ვიდრე ჩვენთან, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორაა აცდენილი რეალობას თბილისის მმართველობის განცხადება, რომელიც ამ უზარმაზარი ტერიტორიის გაჯანსაღება-რეაბილიტაციას 3 წელიწადში გვპირდება.

ბოლოს და ბოლოს ყველა თბილისელისთვის ნათელია, რომ ასეთი აქციონიზმი ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთი იარაღთაგანია, წინასაარჩევნო ღონისძიებათა რიგში ეწერება და ქალაქგანვითარების რეალური გაჯანსაღების სურვილთან არავითარი კავშირში არ არის.

ცხადია, ასეთ პირობებში პროექტირების რამდენადმე მაინც დამაკმაყოფილებელ დონეზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს. აქ ერთი მაგალითით ბევრის დანახვა შეიძლება. საზოგადოება ამ კონცეფციას თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ერთი ანიმაციით იცნობს, რომლის შინაარსობრივი და ვიზუალური დონე ყოველგვარ კრიტიკაზე დაბლა დგას. საფიქრებელია, რომ კონცეფციის ავტორების კვალიფიკაცია და პროფესიული დონეც შესაბამისია, რადგან აღმაშენებლის გამზირის განვითარების აქ წარმოდგენილი მოდელი საზოგადოებრივი სივრცის ფუნქციისა და როლის სრულ არცოდნას გამოხატავს. მის მიხედვით აღმაშენებლის გამზირის ერთ დიდ მონაკვეთზე დაგეგმილია სატრანსპორტო მოძრაობის გაუქმება და ამ სივრცის „შარდენის ქუჩის ყაიდაზე“ მოწყობა. ქალაქის საზოგადოებრივი სივრცე, რომლის ერთი კომპონენტი ქუჩაა, თავისი არსით ყველა მოქალაქის მიერ თანასწორი და თავისუფალი გამოყენებისთვისაა განსაზღვრული. ამისთვის მისი არსებობის აუცილებელი პირობაა ყოველმხრივი მრავალფეროვნება, რაც არა მარტო გამოყენებათა მრავალფეროვნებაში, არამედ მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობაშიც უნდა გამოიხატებოდეს. როგორც ჩანს, კონცეფციის ავტორებს ქალაქგეგმარებისა და არქიტექტურის ამ განზომილებაზე არავითარი წარმოდგენა არ აქვთ და ვერ ხედავენ, თუ როგორი ერთფეროვანი, უინტერესო და სოციალურად არაჯანსაღი სივრცეა შექმნილი შარდენის ქუჩაზე და მის გარშემო.

ჩვენში სამწუხარო რეალობა ჩამოყალიბდა - ქალაქმშენებლური დაგეგმვისა და საპროექტო სამუშაოებს აკეთებენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც ამ საქმის არავითარი კომპეტენცია არ გააჩნიათ და ამას აღწევენ მხოლოდ ოპორტუნიზმით, უფრო მეტიც სახელისუფლებო წრეებთან გარიგებებით.

სანამ ამ რეალობაში ვიცხოვრებთ, მოქალაქეებს მოუწევთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ხელისუფალთა მიერ გატარებულ ქალაქგანვითარების ანტისაზოგადოებრივ პოლიტიკას მხარს დაუჭერენ ამ პოლიტიკით ხელის მომთბობი, ეგრეთ წოდებული, „სპეციალისტები“. შედეგი ქალაქის, მისი სივრცეების, მისი ცხოვრების ყაიდის ნგრევის გაგრძელება იქნება.

ქალაქის დასასრული შორს აღარაა.  

 

 

ზურაბ ბაქრაძე - ქალაქმგეგმარებელი

თბილისი, 12.02.2016

 

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^