Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სს „მინის“ გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად, ქსანში აქცია გაიმართა

13 თებერვალი 2016

დღეს, ქსანში, მინის ტარის ქარხნის გაფიცული მუშების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მუშათა გაფიცვა უკვე 9 დღეა გრძელდება. დღეს მათ პროტესტს სოლიდარობის მიზნით, თვითორგანიზების ქსელი სხვა ორგანიზაციებთან ერთად შეუერთდა.

გაფიცული მუშები ხელფასების 30%-ით გაზრდას, ადგილობრივ და დარგობრივ პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების უფლების მიცემას და ადგილობრივი პროფკავშირებისთვის საწარმოს ტერიტორიაზე საოფისე ფართის გამოყოფას ითხოვენ.

გაფიცვა 5 თებერვალს დაიწყო. მეცხრე დღეა ქარხანაში წარმოება შეჩერებულია. ქარხანაში 220 მუშაა დასაქმებული. ამათგან დაახლოებით 180 გაფიცულია.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც გაფიცულთა მოთხოვნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს.

მისი თქმით, 2014 წლის გაზაფხულზე ქსნის მინის ტარის ქარხანას ორი ღუმელი დაემატა. ღუმელის დამატების შედეგად ქარხანამ პროდუქციის წარმოება ორჯერ გაზარდა, შესაბამისად სამუშაო დატვირთვაც გაიზარდა. მისი თქმით, თითოეული დასაქმებული 42%-ით მეტ პროდუქციას აწარმოებდა, ვიდრე ერთი ღუმელის მუშაობის შედეგად.  თუმცა, ამის მიუხედავად მუშათა რაოდენობა სათანადო ოდენობით არ გაზრდილა. ხელმძღვანელობამ მხოლოდ 40 მუშა დაამატა. დოლაბერიძის თქმით, გასულ წლებში ხელმძღვანელობამ ორ ეტაპად ხელფასებიც მოუმატა დასაქმებულებს, სერთო ჯამში 17%-ით. თუმცა, დასაქმებულები გაზრდილი ინფლაციის პირობებში ხელფასის 30%-ით მომატებას ითხოვენ.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთხოვნას, დოლაბერიძის განმარტებით, ორივე მოთხოვნა, როგორც კოლექტიური ხელშეკრულების დადება, ისე ადგილობრივი პროფკავშირებისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფა ყველა დამსაქმებლის საკანონმდებლო ვალდებულებაა.

ზურაბ კარაპეტოვი 17 წელია ქარხანაში  ზეინკლად მუშაობს. მისი თქმით, გაფიცვას წინ კომპანიის ადმინისტრაციასთან ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა.

მოლაპარაკებები გასული წლის დეკემბერში  გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. კომპანიის დირექტორმა, ვალდებულება აიღო, რომ  ამა წლის 15 იანვარს მოსამატებელი ხელფასის პროცენტსა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო თარიღს იტყოდა, პროფკავშირებისათვის ფართის მიცემის საკითხსაც გადაწყვეტდა. თუმცა, შეხვედრა 15 იანვარის ნაცვლად, 28 იანვარს შედგა, სადაც დირექტორმა განაცხადა, რომ მუშათა მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები  არ გააჩნდა. რაც, გახდა კიდეც 5 თებერვალს გაფიცვის დაწყების მიზეზი.

მცირე ხელფასზე ამახვილებს ყურადღებას დარინა ტოტოევი, რომელიც 10 წელია ქარხანაში მუშაობს. ქარხანაში დასაქმებული ქალები ძირითადად,  ხარისხის კონტროლის განყოფილებაში მუშაობენ, რაც ღუმელიდან გამოსული ბოთლების შემოწმებას და წუნის აღმოჩენას გულისხმობს. რაც შეეხება სამუშაო გრაფიკს, დარინა ტოტოევი დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს, მეორე დღეს კი საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე. მომდევნო ორი დღე კი ისვენებს. ერთი ღუმელიდან ერთი ცვლის განმავლობაში (12 საათი) შესამოწმებელ მანქანაზე დაახლოებით 176868 ბოთლი გამოდის. დასაქმებულების საშუალო ხელფასი 430 ლარიდან-600 ლარამდე მერყეობს.

გაფიცულ მუშებს აქციაზე სოლოდარობა გამოუცხადა ტყიბულელმა მეშახტეებმა, რკნიგზელთა ახალი პროფკავშირის, თბილისის სოლიდარობის ქსელის, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის, მწვანე მუშტის, ახალგზრდა მწვანეების, ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და europien.ge-ს წარმომადგენლებმა. თვითორგანიზების ქსელის წარმომადგენელი, ალექსანდრა აროშვილი ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემების წინაშე არაერთი მუშა დგას საქართველოში:

"იგივე სიტუაციაა ზესტაფონში, ჭიათურაში, რუსთავში. ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ამ მხრივ კრიზისია. კომპანიები არ მიდიან დათმობებზე, არ ზრდიან ხელფასებს, არ აფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს. არათუ არ გამოყოფენ პროფკავშირებისთვის სამუშაო ფართს, მუშების დევნასაც აგრძელებენ. ვხედავთ, რომ ამ პირობებში გაძლიერდა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთს. ამგვარი თანადგომა შრომითი უფლებების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია".

გუშინ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია გაფიცულ მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შეხვდა. ადმინისტრაციამ მუშებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა გაფიცულები არ დათანხმდნენ.

გაფიცვის მიუხედავად, მუშათა მცირე ნაწილს 9 თებერვლის ჩათვლით, საწარმოს წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, რომ ღუმელის გაჩერება არ დაეშვათ, რაც საწარმოს პარალიზებას მინიმუმ სამი თვით გამოიწვევდა. თუმცა, გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო, მუშებმა ეს პასუხისმგებლობა მოიხსნეს და მუშაობა  შეწყვიტეს. გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგად, ისინი დათმობაზე წავიდნენ და 9 ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს იკავებს, ქარხანაში დაბრუნდა. გუშინდელ შეხვედრაზევე მუშებისთვის ცნობილი გახდა, რომ 16 თებერვალს კომპანიის სათავო ოფისიდან წარმომადგენლები ჩამოვლენ და გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

მინის ქარხანამ "ქსნის მინის ტარის ქარხნის" სახელწოდებით ფუნქციონირება  1987 წელს დაიწყო. 1997 წელს კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი თურქულმა სამრეწველო ჰოლდინგმა "ში შე ჯამ-მა" შეიძინა, რომელიც,  მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ექვსეულში შედის 2 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური გაყიდვების მოცულობით და  60-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

სააქციო საზოგადოება "მინას"- ქსნის მინის ტარის ქარხნის მენეჯერი მარინა ზუბაშვილი განმარტავს, რომ ადმინისტრაციას გაფიცულ მუშებთან უწყვეტი კომუნიკაცია აქვს და ცდილობენ, რომ საწარმოს გამართული ტექნიკური სტრუქტურა და თითოეული სამუშაო ადგილი მაქსიმალურად შენარჩუნდეს. "ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, როცა შევჯერდებით ორივე მხარე გავაჟღერებთ ამ შეთანხმების შედეგებს." ზუბაშვილი მოლაპარაკებების დასრულების  კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.

მუშების თქმით, კი გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^