ბოლო დროს ატეხილი შფოთვა „მე და საზოგადოების“ საგნობრივი სტანდარტის შესახებ გულგრილს ვერ დატოვებს ქართული საზოგადოების წევრებს. ცხადია, საკუთარი, მყარი პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული მასწავლებელთა კოჰორტასაც.
კოჰორტა ისე ვახსენე, სიტყვად. არ ვგულისხმობ, რომ ყველა მასწავლებელმა, როგორც ერთმა უნდა ჩამოასხას ერთი სწორი შეხედულება და გულში ამოიჭდოს-მეთქი. მაგრამ ყველა მასწავლებელს ამ საკითხზე უნდა გააჩნდეს მკაფიო პოზიცია. მთავარია შეხედულების მკაფიოობა, სიცხადე და ამ შეხედულების თამამად, დაურიდებლად გამოთქმა, გამოხატვა.
დაურიდებლად გამოხატვა, გაბედულად თქმა და არა იწილო-ბიწილო, ოცობოდია, მიეთ-მოეთი:
„იცით, რას ვფიქრობ? მგონი ჯერ... რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ... მე არ მინდა ამ საკითხზე ჩემი გაუცნობიერებელი პოზიცია... უნდა გავითვალისწინოთ, რომ...“ ასეთი მერყევი პოზიციები ჯერ საკუთარი თავის მოტყუებაა და შემდეგ ყველა დანარჩენის.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებები (ვგულისხმობ სახელმწიფო დაწესებულებების მაღალი თანამდებობის პირებს) ენათა ჩლექით ელაპარაკებიან აგრესიულ, მატყუარა, ფსევდოპატრიოტული და ფსევდოკონსერვატული ღირებულებების მატარებელ პერსონებს. საშიში არაა ბრჭყვიალა სახელების სიმრავლე (ვგულისხმობ გაუცნობიერებლად რაღაც წერილზე სამარცხვინოდ ხელის მომწერებს). ამ ტყუილით მოგროვებული სიმრავლის თუ შეგვეშინდება, მაშინ რაღა უნდა ვქნათ ეშმაკის წინაშე, რომლის სახელიც ლეგიონია?!
ჩვენ ცხადად უნდა განვაცხადოთ, რომ ვაღიარებთ ადამიანთა თანასწორობას. შესაბამისად, ყველა, ნებისმიერი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან რაგინდარა მაიდენტიფიცირებელი ნიშნით, დაცული უნდა იყოს აგრესიისგან, დისკრიმინაციისგან, დამამცირებელი მოპყრობისა თუ შეურაცხმყოფელი შეხედულებისგან. როდესაც განსხვავებულობაზე ვსაუბრობ, სხვათა შორის ვგულისხმობ სექსუალურ ორიენტაციასაც.
მე მიმაჩნია, რომ განსხვავებულებისადმი პატივისცემა და მისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება სწორედაც რომ სასკოლო ამოცანაა. მეტიც, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ამის მისაღწევად რაიმე საგნის სწავლების შემოღებაა საკმარისი. მიმაჩნია, რომ საგნის შემოღება და მისი სწავლება მთავარიც კი არაა. მაგრამ ამ მიზანზე და მისი მიღწევის ერთ-ერთ საშუალებაზე - საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლებაზე უარის თქმა იქნება სამარცხვინო უკან დახევა დემაგოგიური და ფსევდოპატრიოტული ძალის წინაშე.
შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ სამინისტრომ ან ცალკეულმა პიროვნებებმა არ ისაუბრონ და არ იდისკუსიონ/იდებატონ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებთან თუ ინსტიტუციებთან. პირიქით. ამ დიალოგის დროს ყველამ უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე, პირდაპირობა, პატიოსნება.
ბოლო დროს ატეხილი შფოთვა არ შეეხება მხოლოდ ერთი საგნის, ან მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევას. ეს ეხება ჩვენს დიად პერსპექტივასაც, ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მომავალსაც. რა დასამალია, რომ რუსული ორბიტის მოტრფიალე ძალები, პიროვნებები და ორგანიზაციები სწორედ ამ კონტექსტში ლანძღავენ ევროპულ არჩევანს: „მამათმავლების ევროპა გაგვრყვნის...“
ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ასეთი ეშმაკეული ძალები დღეს გაიტანენ თავისას, მიაღწევენ იმას, რომ: „საგანი „მე და საზოგადოება“ არ უნდა ისწავლებოდეს იმიტომ, რომ იგი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ასწავლის ჩვენს შვილებს!“
ეს ნიშნავს იმას, რომ:
დღეს ჩვენ უარს ვამბობთ ევროპულ ორიენტაციაზე. ხვალ ჩვენ გავწევრდებით რუსევრაზიულ ჭაობში. ზეგ კი ეს ძალები აღმოფხვრიან რა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე განსხვავებულობის ნიშანს, დაგვიდგენენ მორიგ წესებს:
„არ შეიძლება ამა და ამ ფილმის ყურება!"
"არ შეიძლება ამა და ამ წიგნის წაკითხვა!"
"მე ოთხი მილიონი ჩაგირიცხეთ ბიუჯეტში! ევროპაში წვალებით, სიმწრით ნაშოვნი ოთხი მილიონი. ამიტომაც...
არ მომწონს მარჯვნივ თმაგადავრცნილები!"
"აიკრძალოს მარცხენა საჩვენებელ თითზე თვლიანი ბეჭდების ტარება!"
"მხოლოდ უთვლო!!!“
ავტორის შესახებ: პედაგოგი, მარნეული, სოფ. შაუმიანის მე-3 საშუალო სკოლა