Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კუნძული, რომელიც ჯოჯოხეთს ჰგავს

16 თებერვალი 2016

ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფავორიტები

ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მარკეტინგულად კარგად გათვლილი გახსნის ცერემონიის შემდეგ - კოენების ანეკდოტური, მაგრამ უკვე დამღლელი შავი იუმორით გაწყობილი რეჟისურა, პლუს პუბლიკის საყვარელი 50-იანი წლების ჰოლივუდი თავისი ფერადი ვნებებით, ჯორჯ კლუნი ძველ რომაულ სამოსში და ყოველთვის დაუკრეფავი მარწყვის გემოთი აღბეჭდილი სკარლეტ იოჰანსონი - რთულად მოსანელებელი ფილმების დრო დადგა.

წლევანდელი საკონკურსო ფილმების თემატიკა იმდენად ჭრელი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია წინასწარ რაიმეს განჭვრეტა. მით უმეტეს, რომ ჯერ მხოლოდ საკონკურსო ფილმების მესამედი უჩვენეს. არადა, პრესას სწორედ რეიტინგები აინტერესებს და შეფასებებში ქექვა უყვარს. 

მაღალი შეფასებაც აქვს, მაგალითად, ამერიკელი ჯეფ ნიკოლსის „შუაღამის რეისს“ (Midnight special), რომელიც არცთუ „უხვმოსავლიანი“ რეჟისორის მეოთხე ფილმია. ნიკოლსი უფრო საშუალო არითმეტიკულ არტჰაუზს იღებს, რომელსაც მაყურებელიც ჰყავს და თან ცნობილ საერთაშორისო კინოფესტივალებზეც იწვევენ. სხვათა შორის, მისი წინა ფილმი „თავშესაფარი“ კანის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.

კადრი ფილმიდან "Midnight Special"

...არცთუ სტაბილური ფსიქიკის მქონე მამას სურს განსაკუთრებული უნარების მქონე თავისი შვილი რელიგიური სექტისგან იხსნას. ამავე დროს ბავშვის მიმართ ინტერესს იჩენს ფედერალური გამოძიების ბიუროც, რადგან მას პარანორმალური მოვლენების გამოწვევა შეუძლია. სადღაც ფილმის მესამედის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მამის ფსიქოლოგიური პრობლემები, ბავშვის საოცარი უნარები და ფედერალური ბიუროს მორიგი „ჩათლახობანი“ აუცილებლად გადაიკვეთება და ფინალში ასეც ხდება. მოკლედ, დიდი არაფერი, არტჰაუზისგან შექმნილი პატარა აურზაური თითქმის არაფრის გამო.

გაცილებით საინტერესოა მსახიობთა კასტინგი: რელიგიური სექტის ხელმძღვანელის ეპიზოდურ როლს სახელოვანი დრამატურგი, სცენარისტი და მსახიობი სემ შეპარდი თამაშობს, დედის როლს - ლარს ფონ ტრიერის „მელანქოლიით“ კურთხეული კირსტენ დანტი. თუმცა ფილმში იკითხება ერთი მნიშვნელოვანი თემა - პიროვნების თავისუფლება და მისი კონფლიქტი ამერიკის სპეცსამსახურებთან.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს დოკუმენტური ფილმიც მოხვდა. ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ბერლინის ფესტივალის დირექციამ გამონაკლისი იმიტომ დაუშვა, რომ ფესტივალზე ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის ფილმი - “პინა” ეჩვენებინა. ვენდერსმა მაშინ თავისი ახალი ფილმი თანამედროვეობის გამოჩენილი ქორეოგრაფის, პინა ბაუშის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 2009 წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

ამჯერად, თემა და მიზეზები, რატომ მოხვდა იტალიელი დოკუმენტალისტის, ჯანფრანკო როსის ფილმი “ცეცხლი წყალში” ოფიციალურ კონკურსში, გაცილებით სერიოზულია. რეჟისორმა დაახლოებით ორი წელი გაატარა იტალიის უკიდურეს სამხრეთში, კუნძულ ლამპედუზაზე, სადაც აფრიკიდან ნავებითა და კატერებით ჩამოსულ ლტოლვილთა ნაკადი იყრის თავს. მოვლენებს რეჟისორი 12 წლის ბიჭის, სამუელის თვალით აკვირდება, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირას, კუნძულზე ცხოვრობს. კლდეზე ადის და ზღვაში მოცურავე კატერებსა და გემებს ადევნებს თვალს.

კადრი ფილმიდან "ცეცხლი წყალში"

ფილმის მსვლელობისას ვხვდებით, რომ ეს უკაცრიელი, მაგრამ საოცარი ლანდშაფტით გამორჩეული კუნძული ლტოლვილთათვის სიკვდილ-სიცოცხლის გზაჯვარედინია; ერთგვარი ტესტი გამძლეობაზე – ვინც ამ ჯოჯოხეთს გაუძლებს, გზა ევროპისკენ ხსნილი აქვს! მაგრამ ბევრი კუნძულამდეც ვერ აღწევს და ზღვაში იხრჩობა. სხვებს იტალიასა და ევროპის ჩრდილოეთით გადაადგილება აღარ შეუძლია; მათი დიდი ნაწილი კი ლტოლვილთა სახელდახელო ბანაკებში რჩება და იხოცება...

ჯანფარნკო როსის ფილმში კუნძული ლამპედუზა თანამედროვე ჯოჯოხეთს ძალიან ჰგავს! „ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ვიღონოთ, რომ  კატასტროფა შევაჩეროთ”, – განაცხადა რეჟისორმა ფილმის შემდგომ პრესკონერენციაზე, სადაც მას ჟურნალისტები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

პრესის კიდევ ერთი ფავორიტია რეჟისორ მია ჰანსენ-ლოვეს ფილმი „მომავალი“, რომელშიც მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი, იზაბელ იუპერი ასრულებს. ნატალი ფილოსოფიას ასწავლის პარიზის ლიცეუმში, ჰყავს ქმარი და ორი შვილი. ის ყოველდღიური, მონოტონური, მაგრამ ინტელექტუალური ცხოვრებით ცხოვრობს. ყოველდღე სამსხურში დადის და ახალგაზრდებთანაც საინტერესო ურთიერთობა აქვს...

კადრი ფილმიდან "მომავალი"

ერთ მშვენიერ დღეს ქმარი მოულოდნელად ტოვებს და სხვა ქალთან მიდის. ნატალის ცხოვრებაში გამოფხიზლების პერიოდი დგება: აღმოჩნდება, რომ მეუღლის გარეშე ფული აღარ ჰყოფნის, შვილები ბოლომდე ვეღარ უგებენ, მოსწავლეები, რომელთაც თითქოს უყვარდათ, ფარულად დასცინიან, ხოლო ნატალის ლექციები ძველმოდური ეჩვენებათ.

სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება მადამ იუპერის იუველირული მსახიობური ნამუშევარი. მსახიობი თამაშობს სიბერეშეპარებული ფრანგი ქალის ინტელექტუალურ და ირონიულ დრამას, რომელსაც თავისი პროფესია – ფილოსოფია ყველაზე მეტად ეხმარება გამოფხიზლებასა და წინააღმდეგობების გადალახვაში. “მომავალი” - ეს არის ოდნავ ირონიული და ელეგანტური ფილმი, რომელიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს გამოჩენილი ფრანგი მსახიობის წარმატებულ ნამუშევრად და ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^