„გაზპრომთან“ მოლაპარაკების დაწყებიდან ოთხი თვე გავიდა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა შედეგით დასრულდება ის. ენერგეტიკის მინისტრის მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამმა რამდენიმე ვერსიამ, ფარულად დაწყებულმა მოლაპარაკებამ და „გაზპრომთან“ დაკავშირებით არასასიამოვნო გამოცდილებამ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების ნაწილს კვლავ რუსეთის მარწუხებქვეშ მოხვედრის შიში გაუჩინა. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ „გაზპრომთან“ 2003 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამაში სახიფათო არაფერია. სატრანზიტო საფასურის შესახებ რუსული კომპანიის „ულტიმატუმისა“ და საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებაში მისი წილის 20%-მდე გაზრდის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების საფრთხეს ვერ ხედავს.
ენერგეტიკის მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება რომ არა, შესაძლოა, საზოგადოებას ასეთი რეაქცია არ ჰქონოდა და თანამშრომლობის მეცამეტე წელსაც უხმაუროდ ჩაევლო.
პირველი ეჭვი 2015 წლის 25 სექტემბერს ბრიუსელში „გაზპრომის“ პრეზიდენტის, ალექსეი მილერისა და კახი კალაძის შეხვედრას მოჰყვა. ქართულმა საზოგადოებამ ამ შეხვედრის შესახებ რუსული მედიისგან შეიტყო. მას შემდეგ უწყების ხელმძღვანელთა მხრიდან არაერთი ვერსია მოვისმინეთ. კახი კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საგნად ენერგობაზრის დივერსიფიკაცია, კომერციულ გაზზე მოთხოვნის გაზრდა, ბუნებრივი აირის დეფიციტი და სომხეთში გაზის ტრანზაქციის საფასურის საკითხი დაასახელა. თუმცა კითხვები ყველა ამ ვერსიასთან დაკავშირებით არსებობს.
მთავრობის წევრთა პოზიციების პირველი აცდენა ენერგობაზრის დივერსიფიცირებას უკავშირდება, როცა კახი კალაძის განცხადებას მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უპასუხისმგებლო უწოდა და ყოველგვარი დივერსიფიკაცია გამორიცხა. როგორც ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა, არავითარ დივერსიფიკაციასა და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ეს არის სრული აბსურდი და მოსახლეობა ნუ შეჰყავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შეცდომაში“, - განაცხადა მან.
თუმცა ენერგეტიკის სამინისტროსა და „გაზპრომის“ მოლაპარაკების საგანი მართლაც ენერგობაზრის დივერსიფიცირება რომ იყოს, საინტერესოა, ამას ქართული მხარე რუსეთის ხარჯზე რატომ ცდილობს?! მიუხედავად კალაძის განცხადებისა, რომ ამ მიზნით მოლაპარაკებები ირანთანაც აქტიურად მიმდინარეობს, ჯერჯერობით, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რასაც ვერ ვიტყვით „გაზრომის“ შემთხვევაში - ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, მოხმარებული გაზის საერთო რაოდენობის 12%-ის ნაცვლად რუსული გაზის წილი 20%-მდე გაიზრდება. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ზრდის ტენდენცია.
2015 წელს სოციალურმა სექტორმა (მოსახლეობა და თბოსადგურები) ბუნებრივი აირის 55% გამოიყენა, ხოლო კომერციულმა სექტორმა - 43%. გაზის მომწოდებელთა შორის აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ პირველ ადგილზეა. მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წელს გაფორმდა და სოციალური სექტორის გაზმომარაგებას სწორედ ის უზრუნველყოფს. 2015 წელს მოხმარებული 2,403 მლნ მ3 გაზიდან აზერბაიჯანული გაზის წილი 88%-ია. რაც შეეხება რუსულ გაზს, სომხეთში გაზის ტრანზაქციის სანაცვლოდ საქართველომ წლიური 10%-ის სახით 2014 წელს 267.77 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღო.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. წარსულში რუსეთის მხრიდან გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების არაერთი მაგალითი არსებობს. საქართველომ მისგან მომდინარე რისკი თავის თავზე 2006 წელს გამოსცადა, როდესაც რუსეთმა ელექტროენერგიისა და გაზის მოწოდება შეუწყვიტა. მაშინ საქართველო რუსულ გაზზე 99%-ით იყო დამოკიდებული.
მოგვიანებით იგივე ბერკეტი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგაც გამოიყენა. „გაზპრომმა“ უკრაინის პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ ქვეყანას ჯერ გაზის საფასური 268 დოლარიდან 485-მდე გაუზარდა, შემდეგ კი საერთოდ შეუწყვიტა.
პუტინი ევროპასაც დაემუქრა და გააფრთხილა, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გაზმომარაგებას შეუზღუდავს. საუბარია ბუნებრივი აირის იმ მოცულობაზე, რომელსაც ევროპა უკრაინის გავლით იღებს. თუკი ის ამ გაზს უკრაინას მისცემდა, მაშინ რუსეთი გაზმომარაგებას შესაბამისი რაოდენობით შეუმცირებდა.
ჯერჯერობით, რუსეთი ევროპაში გაზის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად რჩება. თუმცა, „როიტერის" ინფორმაციით, 2015 წელს ევროკავშირის ბაზარზე მისი მოცულობა 10%-12%-ით შემცირდა, ხოლო „გაზპრომის“ მთლიანმა შემოსავალმა მესამედით დაიკლო. საკითხავია, როცა ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება, საქართველო რუსული გაზის წილის გაზრდას ან მის ხარჯზე ბაზრის დივერსიფიცირებას რატომ ცდილობს.
იმის გათვალისწინებით, რომ დივერსიფიცირების მიზანი ფასის დარეგულირება და უსაფრთხო ენერგოგარემოს შექმნაა, გაუგებარია, როგორ მოახერხებს ამას საქართველოს ხელისუფლება „გაზპრომის“ მეშვეობით. მოსახლეობისთვის განკუთვნილი აზერბაიჯანული გაზის 1000 მ3-ში საქართველო 120 დოლარს იხდის, თბოსადგურებისთვის კი ფასი 143 დოლარია. მაშინ, როცა ევრაზიული კავშირის წევრი სომხეთი რუსული გაზის 1000 მ3-ში დაახლოებით 160 დოლარს იხდის.
ეკონომისტ რომან გოცირიძის შეფასებით, „გაზპრომი“ რუსეთის ხელში პოლიტიკური იარაღია და ევროპა მისი წილის შემცირებით რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის შეზღუდვასაც ცდილობს.
„ბოლო პერიოდში „გაზპრომი“, როგორც კრემლის პოლიტიკური იარაღი, საკმაოდ დაჩლუნგდა. ამ ფონზე საქართველოს მცირე ბაზარი „გაზპრომისთვის“ ეკონომიკურად უმნიშვნელო, პოლიტიკური თვალსაზრისით კი რეგიონული გავლენის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ბერკეტია“, - აცხადებს რომან გოცირიძე „ლიბერალთან“ საუბრისას.
ბუნდოვანია კომერციულ გაზზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით კალაძის კიდევ ერთი ვერსია. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომერციული სექტორი აბსოლუტურად დერეგულირებულია, ის გაზის მომწოდებელს თვითონ ირჩევს და ფასსა და სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით ხელშეკრულებასაც თავად აფორმებს.
უწყების მიერ დეპუტატ თამარ კორძაიასთვის გაგზავნილი სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე კომერციული სექტორის მიერ მოხმარებული გაზი 374 მლნ მ3-ით გაიზარდა. თუმცა ამავე განცხადებაში მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე „გაზპრომიდან“ კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გეგმავს. ამის მიზეზად მან კომერციული სექტორის დერეგულირება დაასახელა. თუმცა მოგვიანებით კახი კალაძემ აღნიშნა, რომ რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკების მიზეზი სწორედ კომერციულ სექტორში არსებული დეფიციტი იყო.
სწორედ ეს ბადებს ეჭვს. თუკი კომერციული მომხმარებელი გაზის მომწოდებელს თავად უკავშირდება, მაშინ რა საჭირო იყო ამ პროცესში ენერგეტიკის მინისტრის ჩართვა.
მოგვიანებით კახი კალაძემ საერთო დეფიციტზეც დაიწყო საუბარი, მიზეზად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 120 000 ოჯახის გაზიფიცირება და ახალი საწარმოების მშენებლობა დაასახელა. ენერგეტიკის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სოციალური სეგმენტის მიერ მოხმარებული გაზი 2014 წელთან შედარებით 98 მლნ მ3-ით გაიზარდა. მაგრამ თამარ კორძაიასთვის ოქტომბერში გაგზავნილ წერილში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავდა, რომ „გაზპრომიდან“ არც სოციალური და არც კომერციული სექტორისთვის გაზის მიღება არ იგეგმებოდა.
„გუშინ გახმაურებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით „სოკართან“ გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან“, - ასე გამოეხმაურა თამარ კორძაია კალაძის განცხადებას.
ურთიერთწინააღმდეგობრივია ენერგეტიკის მინისტრის, „სოკარის“ ხელმძღვანელისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებიც. კალაძე ამ საკითხზე კომენტარისას ყოველთვის აღნიშნავს, რომ „სოკარს“ ჩვენი დეფიციტის შევსება არ შეუძლია, მაშინ, როცა აზერბაიჯანული მხარე უკვე თვეებია, საპირისპიროს ამტკიცებს. 5-6 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს საქართველოს და მთელი ევროპის სამყოფი გაზი აქვს და კიდევ 100 წელი შეძლებს მათ მომარაგებას.
იმავეს იმეორებს მამედოვიც, რომელიც განმარტავს, რომ წელიწადში 8-9%-იან ზრდას გეგმაში წინასწარ ყოველთვის ითვალისწინებენ და ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შეძლებენ. მამედოვის ინფორმაციით, ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა მათ საკმარისი რესურსი აქვთ და ამ პერიოდში მიწოდებასაც ზრდიან. ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია არც მას შემდეგ შეუცვლია, რაც „სოკარმა“ ზამთრის პერიოდში გაზის მიწოდების 50 მლნ მ3-ით ზრდის შესახებ განაცხადა.
პოლიტიკოსთა და ექსპერტთა შეშფოთებას იწვევს კალაძის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ტრანზიტის საფასურს ეხება. თამარ კორძაიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსადმი“ მიწერილ წერილებში აღნიშნული იყო, რომ კალაძე-მილერის შეხვედრის მიზეზად გაზის ტრანზაქციის საფასური სახელდებოდა. რუსეთიდან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ საქართველო, უკვე წლებია, გატარებული გაზის 10%-ს იღებს. კალაძემ აღნიშნა, რომ რუსული მხარე ყოველ წელს ამ მაჩვენებლის 7-8%-მდე ან უფრო ქვევით დაწევას მოითხოვს. წელს კი მათ „ულტიმატუმი“ წამოაყენეს და ნატურის ნაცვლად ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა მოითხოვეს.
ეკონომისტი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ სატრანზიტო საფასურის ფულადი ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ზარალს ნიშნავს. ის არ ეთანხმება რუსეთის არგუმენტს, რომ მონეტარულ ანაზღაურებას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.
„აზერბაიჯანი ნახიჭევანისათვის გაზის მიწოდების სანაცვლოდ ირანს უტოვებს უპრეცედენტოდ დიდ მოცულობას - გატარებული გაზის 15%-ს. ორ მხარე შორის შეთანხმება ყოველთვის სპეციფიკურია და არანაირ საერთაშორისო სავალდებულო სტანდარტებს არ ექვემდებარება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არც ახლა დათმოს პოზიციები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიანი და გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,- ამბობს გოცირიძე.
გაურკვეველი მიზეზების გამო, „გაზპრომსა“ და საქართველოს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ დასრულდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ ავსტრიიდან დაბრუნებული კახი კალაძის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, „გაზპრომის“ ულტიმატუმს საქართველო თავისას უპირისპირებს. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, მას სურს, თანხობრივი ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველომ ისეთივე მოგება მიიღოს, როგორსაც ნატურით ანაზღაურებისას იღებდა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში ეროვნულ ინტერესებს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებია გათვალისწინებული. ალასანია იმასაც აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის გარეშე ქვეყანაში არაფერი წყდება და კალაძე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებდა.
„გაზპრომთან“ მოლაპარაკება არანაირად არ იყო არგუმენტირებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებით. ამასთან, ფარულად და ჩვენს ზურგს უკან მიმდინარეობდა. ენერგეტიკის სამინისტროსგან სამი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, რაც აშკარად ბადებს ეჭვს, რომ აქ არა ეროვნული, არამედ ვიღაცის პირადი ან პოლიტიკური ინტერესია გათვალისწინებული“ - აღნიშნავს ალასანია „ლიბერალთან“ საუბრისას.
„გაზპრომთან“ დაკავშირებით, პოლიტიკურის გარდა, ივანიშვილის ბიზნესინტერესებსა და რუსულ კომპანიაში მის წილზეც საუბრობენ. თუმცა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ თავისი წილი დიდი ხნის წინ გაყიდა.
„მე „გაზპრომში“ აღარ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ამ კომპანიის აქციები ყველა ბირჟაზე იყიდება - დილით შეგიძლიათ იყიდოთ და იმავე საღამოს რეალიზაცია გაუკეთოთ. ოდესღაც, 7 წლის წინ ვთქვი, რომ მქონდა 1%. დიდი ხანია, მისი რეალიზაცია მოვახდინე და საკმაოდ სარფიანად გავყიდე“ - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ენერგეტიკის სამინისტროს ვერსიები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. კალაძის განცხადება, რომ საქართველო „გაზპრომთან“ 2003 წლიდან თანამშრომოლობს, არც ისე კარგი არგუმენტია. რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება 2003 წელს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ზურაბ ჟვანია მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის იმპიჩმენტზეც კი საუბრობდა. ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ქართულ ენერგობაზარზე „გაზპრომის“ შემოსვლაში რუსეთის პოლიტიკური მიზნები და მისგან მომდინარე საფრთხე დაინახეს. როგორც შემდეგ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, არც შემცდარან. საინტერესოა, ამჯერად რა შედეგით დასრულდება არასანდო „გაზპრომისა“ და ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკება.