2015 წლის ივნისიდან თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლენა ასკურავამ სამსახურიდან 41 თანამშრომელი გაათავისუფლა. ასკურავა ამბობს, რომ თანამშრომლებმა სამსახური თავისი ნებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ყოფილი თანამშრომლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ - მათი თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებები ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოტყუებით დააწერინეს. მათ ადგილზე კი, იმავე დღეებში მათთვის უცნობი, ახალი კადრები მოიყვანეს(41-ივე ვაკანტურ ადგილზე ახალი თანამშრომლების დანიშნვნა კონკურსის გამოცხადების გარეშე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით მოხდა). “ლიბერალი” ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებულ ოთხ თანამშრომელს ესაუბრა, მათ ჩვენთან დეტალურად გაიხსენეს გათავისუფლებასთან დაკავშირებული დეტალები. სასამართლოს ოთხივე მათგანმა მიმართა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით.
ლენა ასკურავა, მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2015 წლის ივნისში დაინიშნა. მისი წინამორბედი ციალა კალმახელიძე იმავე წლის მარტში აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. აუდიტი ყოფილ დირექტორს ბიბლიოთეკის ქონების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაში ედავებოდა. დასკვნის მიხედვით, კალმახელიძეს ერთ-ერთი ფილიალის კუთვნილი ფართი იჯარით ჰქონდა გაცემული, მეორე ფილიალის მესამე სართულის რვა ოთახი კი მან ბიბლიოთეკის სოციალურად გაჭირვებულ თანამშრომლებს დაუთმო. ქალებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ ჰქონდათ. დასკვნაში საუბარია არამიზნობრივად დახარჯულ 9380 ლარზე, რომელიც ფილიალში შესახლებული თანამშრომლების კომუნალურ გადასახადებს მოხმარდა. კალმახელიძესთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლდნენ დირექტორის მოადგილე, კადრების განყოფილების უფროსი და მთავარი ბუღალტერი.
ლენა ასკურავა დღემდე ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მთავარ ბიბლიოთეკას დღეს 540-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც თბილისში 42 ფილიალში მუშაობენ.
თამარ კობახიძე - სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 11 სექტემბერი
მთავარი ბიბლიოთეკის ყოფილი ბუღალტერი თამარ კობახიძე გვიყვება, რომ 2015 წლის 11 სექტემბერს, სამსახურში ჩვეულებისამებრ გამოცხადდა. კორიდორში დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ვეშაპიძე შეხვდა და უთხრა, მთავარი ბუღალტრის ნატო ზუმბაძის კაბინეტში გამოცხადებულიყო. თამარ კობახიძის თქმით, ოთახში შესვლისთანავე ზუმბაძემ თამარ კობახიძის დეიდის შეურაცხყოფა დაიწყო, რომელიც მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე 2015 წლის ივნისამდე მუშაობდა და დირექტორმა ლენა ასკურავამ დაკავებული თანამდებობიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
როგორც კობახიძე ჰყვება, მთავარი ბუღალტრისთვის ცნობილი იყო, რომ მისი დეიდა არ ეთანხმებოდა აუდიტის დასკვნას და ამ მიზნით მერიიდან შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. სწორედ ეს გახდა მთავარი ბუღალტრის ნატო ზუმბაძის უკმაყოფილების მიზეზი და ამ მიზეზითვე კობახიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.
“ნატომ მითხრა, გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ლენა ასკურავა ძალიან გაბრაზებულია და სასწრაფოდ განცხადება დაწერე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებო, ოღონდ გამაფრთხილა, ამის შესახებ არავისთან თქვაო”, - იხსენებს 11 სექტემბრის დღეს კობახიძე და ამბობს, რომ მთავარ ბუღალტერთან შეხვედრას კადრების უფროსი ოთარ ჯანელიძე და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ვეშაპიძეც ესწრებოდა.
ნატომ მათ თავისი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ მოუყვა და უთხრა, რომ სამსახურის გარეშე ვერ დარჩებოდა: ”მთავარი ბუღალტერი ცოტა მოლბა და მითხრა, ნუ გეშინია, შენ დეიდაშენს დაელაპარაკე, მე ამ განცხადებას შევინახავ და როგორც კი მოგვარდება სიტუაცია, ეგრევე დავხევო. აბა 9 თვის შვილს მშიერს ხომ არ დაგიტოვებთო”.
თამარის მონაყოლის მიხედვით, მასთან შეხვედრის პარალელურად, გვერდით ოთახში მისი ქმარი დაიბარეს, რომელიც ამავე ბიბლიოთეკაში ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი იყო. თამარმა და გრიგოლ აკოფაშვილმა ერთმანეთი ბიბლიოთეკაში გაიცნეს და მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
“ჩემი ქმარი გააფრთხილეს, არავის უთხრა, რომ განცხადებას წერ. როგორც კი თამარის დეიდასთან საქმეს მოაგვარებთ, განცხადებას დავხევთ და სამსახურში აღგადგენთ ორივესო”.
კობახიძემ და მისმა ქმარმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს. რამდენიმე საათში ისინი კადრების უფროსმა ოთარ ჯანელიძემ ოთახში დაიბარა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელმოწერილი ბრძანება გადასცა:
“მაშინღა მივხვდით, რომ მოგვატყუეს და უკან აღარ მიგვიღებდნენ”, - ამბობს თამარი. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, 14 სექტემბერს მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას სამსახურში აღდგენის მოთხოვნით განცხადება ჩააბარა, თუმცა ზეპირი პასუხით მას უარი უთხრეს. მის ადგილზე კი 14 სექტემბერსვე უკვე ახალი თანამშრომელი მიიღეს.
თამარ კობახიძესა და გრიგოლ აკოფაშვილს ადვოკატი უკვე აყვანილი ჰყავთ და სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებენ:
“ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ვართ. თვეების ბავშვი გვყავს. მე და ჩემი ქმარი მოულოდნელად სამსახურის გარეშე დავრჩით. ეს მარტივი არაა. მოვტყუვდით, მაგრამ ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი უფლებები”, - ამბობს კობახიძე.
ანასტასია ბექაური - სამსახურიდან წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 16 სექტემბერი
“გთხოვთ, გამათავისუფლოთ სამსახურიდან”, - ამ შინაარსის განცხადება ახლაც შენახული აქვს ბიბლიოთეკის შესყიდვების სამსახურის ყოფილ სპეციალისტს ანასტასია ბექაურს. მისი ინფორმაციით, 16 სექტემბერს კადრების უფროსმა ოთარ ჯანელიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ მისთვის თანამდებობა უნდა შეეცვალათ, საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვების განყოფილების მთავარ სპეციალისტად უნდა დაენიშნათ, ამისთვის კი საჭირო იყო ორი განცხადების დაწერა - სამსახურიდან გათავისუფლების და მიღების შესახებ:
“თან გამაფრთხილა, სხვებს არ უთხრა, რომ ვინმეს არ ეწყინოსო”.
ანასტასია ბექაური ამბობს, რომ იმავე დღეს მის ადგილზე სხვა პირი დაინიშნა, რომელიც მანამდე ბიბლიოთეკაში არ მუშაობდა. თვითონ კი 22 სექტემბრამდე მაინც დადიოდა სამსახურში და ელოდებოდა, როდის გადაიყვანდნენ დაპირებულ თანამდებობაზე.
ამ პერიოდში დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ვეშაპიძე გარდაიცვალა და მის ადგილზე კადრების უფროსი ოთარ ჯანელიძე დაინიშნა. ანასტასია იხსენებს, რომ ჯანელიძე 22 სექტემბერს კორიდორში შეხვდა და გააფთხილა, რომ სამსახურში მანამდე არ გამოცხადებულიყო, სანამ არ დაუძახებდნენ. რამდენიმე დღეში პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან ანასტასია ბექაურის დისშვილი, ანა წიკლაურიც გაუშვეს:
“ანას ბიულეტენის მისატანად ნოემბერში დავბრუნდი ბიბლიოთეკაში, იმ იმედით, რომ ჩემს სამსახურში დაბრუნების საკითხსაც გავარკვევდი, მაგრამ ოთარ ჯანელიძემ და მთავარმა ბუღალტერმა ყველაფერი გარდაცვლილ ზვიად ვეშაპიძეს დააბრალეს და აღდგენაზე უარი მითხრეს”. ანასტასიამ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. პროცესი ჯერ არ დანიშნულა.
ხვთისო მესხიძე - სამსახური დატოვა პირადი განცხადებით, 2015 წლის 25 სექტემბერი
ხვთისო მესხიძე მთავარი ბიბლიოთეკის კადრების განყოფილებაში 25 სექტემბერს დაიბარეს. შეხვედრას მაშინდელი კადრების უფროსი ოთარ ჯანელიძე ესწრებოდა. მესხიძის ინფორმაციით, ჯანელიძემ უთხრა, ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციაა, ყველა წერს გათავისუფლებაზე განცხადებას, მაგრამ ეს ფორმალური მხარეაო:
“სხვების განცხადებებიც კი მაჩვენეს, ნუ ნერვიულობ, შენ ისეთი თანამშრომელი ხარ, არ დაგკარგავთ. უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო, ცვლილებებია ბიბლიოთეკაშიო”, - იხსენებს მესხიძე და ამბობს, რომ მეორე დღესვე ოთარ ჯანელიძემ ისევ დაიბარა კაბინეტში და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელმოწერილი განცხადება გადასცა.
“კამათი მოგვივიდა, გამოვედი, პირადი ნივთები ჩავალაგე და წამოვედი. სულ ახლახან ჩემი გათავისუფლების შესახებ განცხადების ასლი გამოვითხოვე, მაგრამ ისიც არ მომცეს”.
ხვთისო მესხიძე სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. ამბობს, რომ სამსახურიდან მზაკვრულად და მოტყუებით გამოუშვეს, ამიტომ დავას სასამართლოში გააგრძელებს.
…
მთავარი ბიბლიოთეკის ახლანდელი მენეჯმენტის მიმართ პრეტენზიები მოქმედ თანამშრომლებსაც აქვთ. 2016 წლის 11 იანვარს მთავარი ბიბლიოთეკის წერეთლის ფილიალის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორის ლენა ასკურავას სახელზე წერილი გაგზავნეს, სადაც თანამშრომლები დირექტორისგან ბიბლიოთეკაში მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ: “რატომ მოხდა ბიბლიოთეკის სტრუქტურის შეცვლა თანამშრომლებთან შეუთანხმებლად და დაგვისახელეთ, რომელმა კომისიამ მიიღო ამ ცვლილებებში მონაწილეობა?” განცხადებაში ასევე ეწერა, რომ უკვე ექვსი თვეა, საბიბლიოთეკო გაერთიანება პარალიზებულია - არ შემოდის წიგნები, იგნორირებულია მრავალი საყოფაცხოვრებო წვრილმანი.
წერეთლის ფილიალის ხელმძღვანელი ელენე კასრაძე ამბობს, რომ მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ლენა ასკურავა მიზანმიმართულად ასუსტებს საბიბლიოთეკო საქმიანობას.
“ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ჩვენი ბიბლიოთეკა სრულ იზოლაციაშია, ისევე როგორც ფილიალის ბევრი თანამშრომელი. უბრალოდ ბევრი ამაზე ღიად ვერ საუბრობს, სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. სპეციალურად არ გვიგზავნიან წიგნებს, შეგვიმცირდა ფინანსები. ამით უნდათ, რომ ფილიალების საბიბლიოთეკო საქმიანობა დასუსტდეს და გათავისუფლების მიზეზი ჰქონდეთ”,- ამბობს ელენე კასრაძე.
“ლიბერალი” შეეცადა გასაუბრებოდა ლენა ასკურავას მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ოთარ ჯანელიძეს და თანამშრომლების გათავისუფლების დეტალები უშუალოდ მასთან გადაემოწმებინა, თუმცა ჯანელიძესთან ინტერვიუზე მთავარი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ უარი გვითხრა და შეხვედრა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ლენა ასკურავასთან შედგა.
მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლენა ასკურავა ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს. ამბობს, რომ თითოეული მათგანი პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან. თუმცა, მაგალითად, ბუღალტრის თამარ კობახიძის მიმართ არსებულ პრეტენზიებს არ მალავს და ამბობს, რომ მას დაკავებული თანამდებობა უნდა დაეტოვებინა:
“თამარ კობახიძე თავისი დეიდის, ელენე წიკლაურის დავალებებს ასრულებდა, რომელსაც მერიის აუდიტის სამსახურმა სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოუჩინა. ჩემთან მისი განცხადება შემოვიდა, სადაც სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ამიტომ არც დავფიქრებულვარ”, - ამბობს ასკურავა. რაც შეეხება კობახიძის ქმარს, რომელიც ასევე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ქმარმა კობახიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და ამიტომ დატოვა თანამდებოდა: ”ქმრის მიმართ კიდევ შეიძლებოდა კეთილი ნება გამოგვეხატა და დაგვებრუნებინა ბიბლიოთეკაში, მაგრამ თამარის მხრიდან გარკვეულ შანტაჟს ჰქონდა ადგილი”.
ყოფილი თანამშრომლების მიერ “ლიბერალისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მათზე კადრების უფროსი ზვიად ვეშაპიძე, მთავარი ბუღალტერი ნატო ზუმბაძე და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ ჯანელიძე ზეწოლას ახდენდნენ და სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას სთოვდნენ, ლენა ასკურავა ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მის ყურამდე არ მისულა. მასთან მხოლოდ განცხადებები შევიდა.
“ვინ ვის რას კარნახობდა და აწერინებდა, არ ვიცი. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ ყოფილ თანამშრომლებს შეუძლიათ შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართონ და დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე”.
რაც შეეხება კიდევ ერთ გათავისუფლებულ თანამშრომელს, ანასტასია ბექაურს, მასზე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდა და ისევ მოძველებული სტანდარტებით მუშაობდა:
“ბიბლიოთეკა ცოცხალი ორგანიზმია, მუდამ განახლება სჭირდება. ანასტასიას კი არ ჰქონდა შესაბამისი უნარ-ჩვევები, არ იცოდა კომპიუტერით მუშაობა, მასთან ბევრი შენიშვნა გვქონდა ”.
რაც შეეხება წერეთლის ბიბლიოთეკის ფილიალის თანამშრომლების განცხადებასა და ხელმძღვანელის ელენე კასრაძის პრეტენზიებს, ლენა ასკურავას თქმით, კასრაძეს გარკვეული პირადი მიზნები ამოძრავებს: ”აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა კასრაძის მეუღლე, ამიტომ ქალბატონ ელენეს სხვა მიზნები აქვს. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ მათ წიგნებს არ ვწავდით, ტყუილია. ჩვენ 50 ათასი ლარის ღირებულების წიგნი შევიძინეთ და იანვრიდან მათი დარიგება დავიწყეთ”.
…
2015 წლის ივნისიდან მთავარი ბიბლიოთეკიდან სხვადასხვა მიზეზით სულ 55 თანამშრომელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 41-მა ადამიანმა, დანარჩენი კი მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.
“ლიბერალი” გათავისუფლებულ ოთხ თანამშრომელს ესაუბრა. სცადა მათი მონაყოლის იმ პირებთან გადამოწმება, ვინც ყოფილი დასაქმებულების ინფორმაციით, ბიბლიოთეკის დატოვების მიზნით მათზე ზეწოლას ახდენდა. თუმცა ადმინისტრაციის გადაწვეტილებით ამავე ფაქტებზე დასმულ შეკითხვებს ბიბლიოთეკის გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლენა ასკურავა პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ არაფერი სმენია და ყოფილ თანამშრომლებს ურჩევს, ამაზე სამართლებრივად იდავონ.
რამდენად კანონიერად მოხდა ბიბლიოთეკის თანამშრომლების გათავისუფლება და ადგილი ჰქონდა თუ დასაქმებულების შრომის უფლებების დარღვევას? - ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. იქამდე კი ყოფილი თანამშრომლები კიდევ ერთხელ უარყოფენ სამსახურის ნებაყოფლობით დატოვებას და აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ დანარჩენი ყოფილი თანამშრომლებიც იმავე გზებით გაათავისუფლა, თუმცა მათი უმრავლესობა საჯაროდ აღარ საუბრობს. ეჭვებს ისიც იწვევს, რომ ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებისთანავე, მათი პოზიციები სხვა ადამიანებმა დაიკავეს, რომლებიც მანამდე ბიბლიოთეკაში არ ყოფილან დასაქმებული.