Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სადაც მთავრდება კალა და იწყება სოლოლაკი

17 თებერვალი 2016
სოლოლაკისა და კალას გასაყარზე, დადიანისა და ასათიანის ქუჩების კუთხეში მდგარ სახლს მრგვალი ფასადითა და მრგვალი, შეკიდული აივნით, 2016 წელს აღადგენენ. რეაბილიტაციის პროექტი თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, გასულ წელს ICOMOS საქართველომ მოამზადა. ფონდის წარმომადგენელთა განმარტებით,  უახლოეს კვირებში გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სახლი პირვანდელი სახით აღდგება.

ეს სახლი საზღვარზე დგას  - აქ მთავრდება სოლოლაკი და იწყება კალა. მისი კონფიგურაცია ნარიყალას გალავნის ერთ-ერთ ბურჯზეა დაფუძნებული, გალავნის, რომელიც თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩასა და ბარათაშვილამდე ჩამოდიოდა. სახლის ფუნდამენტი აი ამ ბურჯის სიმრგვალეს იმეორებს და ამიტომაა ფასადი არა წახნაგოვანი, სამკუთხედის ფორმის, არამედ მრგვალი“, - ამბობს „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი და განმარტავს, რომ სახლს არქიტექტურის მნიშვნელობის გარდა, ისტორიულ-გეოგრაფიული კონტურებიც აქვს.

მისი თქმით,  დადიანის 34-ში მდებარე ეს სახლი „წმინდად კალას“ სახლია, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მეორე მხარეს, დადიანის 19-ში მდებარე და ახლა უკვე დანგრეული სახლი ორივე უბნის თავისებურებას აირეკლავდა. „კალა ყოველთვის განსხვავდებოდა სოლოლაკისგან. სოლოლაკში ბურჟუაზიული უბანი გაშენდა, განსხვავებული იყო იქ მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა და სახლებსაც გაცილებით მეტი სართული აქვს. ეს სახლი კი ამ განსხვავებას ყველაზე უკეთ გამოკვეთს. ის წმინდად კალას სახლია, მის გადასწვრივ მდებარე სახლისგან განსხვავებით“, - ამბობს ცირა ელისაშვილი. 

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი, რომელმაც პროექტის არქიტექტურულ-მხატვრული რეზიუმე მოამზადა, წერს, რომ დადიანისა და ლ. ასათიანის ქუჩების შესაყართან მდებარე სახლი N 34/17 „განსაკუთრებით თვალსაჩინო და მიმზიდველია“:

„მას გამოარჩევს მრგვალი შეკიდული აივანი, შედარებითი სიძველე და თბილისური საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტა.  თვალსაჩინოა ნაგებობის თავისთავადობა, ხის აივნების დეკორატიული ელემენტების და ღიობების ნალესობით შესრულებული პროფილების დახვეწილი ოსტატობა. მეტად მნიშვნელოვანია სახლის ხუროთმოძღვრულ სხეულში დაცული სხვადასხვა სამშენებლო ფენები და სივრცულ-გეგმარებითი კომპოზიციის ტრანსფორმაცია დროთა განმავლობაში“.

სახლი ორი ფლიგელისგან შედგება. ასათიანის ქუჩისკენ, სახლის კიდესთან ქვედა სართულში სადარბაზოს ხის კარია, ზემოთ კი აივნის ამოშენებული გვერდითი კედელი. თუკი პირველი სართულის „ფანჯრის ღიობები მშვილდა თაღით“ სრულდება, მეორე სართულზე თაღები ნახევარწრიულია. ფასადი შელესილია და ერთმანეთის პარალელური, ჰორიზონტული ზოლებით დაფარული. სართულებს შორის და მეორე სართულის თავზეც ფასადს წვრილფორმებიანი კარნიზი გასდევს.

კვლევის ავტორის თქმით, საცხოვრებელი სახლის საერთო ხუროთმოძღვრული სახის ჩამოყალიბება XIX ს-ის შუა წლებში უნდა დასრულებულიყო. მისი აზრით,  ნაგებობას განსაკუთრებულ და განუმეორებელ სახეს მაინც აივანი სძენს.

ფაქიზად დამუშავებული, ნახევარწრიული შეკიდული აივნის აჟურული მოცულობა ფასადის დიდ ნაწილს იკავებს. გრეხილი სვეტების ზომიერი სიმაღლე და ბიჯი, მათ შორის ჩართული მოაჯირის დაფებისა და რთული კონტურით შედგენილი კილისებრთაღოვანი სვეტთაშორისი „ფარდების“ ზომიერი გამჭვირვალობა, ქვემოდან ძელაკებამოკრული რკალური მოყვანილობის სადა, ყრუ კრონშტეინები, ხვეულებიანი სვეტები, მოაჯირისა და „ფარდებისთვის“ გამოყენებული ფიცრის სისქე, ხის მასალის კარგი ხარისხი და დამუშავების მაღალი ოსტატობა, ორნამენტების ნახატის სისადავე, წრიული მოტივებით შედგენილი ჯვრები“,  - ეს ის თავისებურებებია, რომლების მნიშვნელობაზეც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი თავის კვლევაში მიუთითებს.

ფონდის დაკვეთით შესრულებული პროექტის თანახმად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კუთხის სახლის მეზობლად - დადიანის 32-ში მდებარე სახლსაც. ამ პროექტზე ორგანიზაცია „ინჟინრული აზრი“ მუშაობდა. არქიტექტორი მალხაზ ლეკვეიშვილი ამბობს, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სერიოზულ გამაგრებით-აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.

დადიანი-ასათიანის N34/17-ის ირგვლივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღრიცხული და ძეგლის ნიშნების მქონე სახლები უხვადაა. სპეციალისტების თქმით, ფასადების და ნაგებობების არქიტექტურის გარდა, არანაკლებ საინტერესოა მათი სარდაფები, სადაც ფრაგმენტულად ან ზოგჯერ მთელი სართულის სახითაც გაცილებით ადრეული პერიოდის სამშენებლო ფენებიცაა დაცული - აგურის კედლების შეულესავი წყობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^