მდიდარი ღარიბი ჭიათურა - ეს სახელი სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების სერიებიდან ავიღე, რადგან ჩემი მოსაზრების ცენტრალური ხაზი სწორედ ამ სათაურის შინაგან წინააღმდეგობას ეფუძნება.
სათაური ზუსტად გამოხატავს იმ პარადოქსულ და თავის თავში კრიზისის მომცველ მდგომარეობას, რომელშიც ქალაქი უკვე ათწლეულებია, ცხოვრობს, თუმცა იმ ეკონომიკური სისტემის ბატონობის პირობებში, სადაც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება კაპიტალისტური ძალაუფლებრივი ურთიერთობების დღეს უკვე ისტერიულად აჩქარებული განვითარების შედეგია, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა რესურსით მდიდარი ქალაქებისა თუ ქვეყნების დიდი ნაწილი დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
საკმარისია, უბრალოდ, რამდენიმე მაგნიტი ვიპოვოთ პოლიტიკური ისტორიის რუკის ქვეშ, რომელიც რუკის ხილულ მხარეს გეოპოლიტიკურ საზღვრებს ხაზავს, იწყებს ომებს, აფორმებს შეთანხმებებს და ჩვენს ცოდნაში რჩება, როგორც პოლიტიკური ისტორია. უბრალოდ, უნდა გაჰყვე კაპიტალის მოძრაობის ისტორიულ მარშრუტს და ეს მარშრუტი საეჭვოდ დაემთხვევა რუკაზე მოხაზულ პოლიტიკურ ბილიკებს -გაჩვენებს, რატომ შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყნები ღარიბი -კერძო კომპანიების საჯარო ეკონომიკური კოლონიები.
სწორედაც რომ, ჭიათურა არის ქალაქი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მოთხოვნად წიაღისეულს მოიპოვებს და ამუშავებს, შემდეგ კი გააქვს ექსპორტზე. ამ ქალაქში ერთხელ ჩასვლა და მისი დათვალირებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ წიაღისეულის გლობალური მნიშვნელობის მასშტაბები იგრძნო -ჭარბწარმოებისაგან, პირდაპირ შუა ქუჩებში დგას მანგანუმის გორები. „ჯორჯიან-მანგანეზის“ გარდა, აქ დამატებით მუშაობს 50-მდე პატარა კომპანია და პირდაპირ ქუჩებიდან იღებს მანგანუმს, რომელსაც, საბოლოოდ, ისევ ეს ერთი კომპანია იაფად ყიდულობს.
თუმცა მე არ ვაპირებ ამ წერილით კიდევ ერთხელ მოგიყვეთ, თუ რა მძიმე პირობებია ჭიათურაში და ამით მთელი ამ პროცესების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დავიყვანო წმინდად მორალურ პასუხისმგებლობაზე, შეგვეცოდოს ღარიბი მშრომელები, რითაც, როგორც წესი, შემოიფარგლება ხოლმე ქართული მემარცხენე აქტივიზმი, სულ რამდენიმე წლის ორგანიზების გამოცდილება რომ აქვს და თითქმის ნულოვანი ტრადიცია, რომელიც ზურგს გაუმაგრებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ შემთხვევაში, სწორედ რომ, საპირისპირო აუცილებლობას ვხედავ -აუცილებლობას ამ მორალური და ეთიკური იმპერატივის მიღმა მსჯელობისა, იმისთვის, რომ ჭიათურაში მიმდინარე პროცესების არსი და მნიშვნელობა ისე დავინახოთ, როგორც ის სინამდვილეში შეიძლება იყოს -ჩვენი ემოციური თანაგრძნობისა და ეგზოტიკური ეგზალტაციის მიღმა. თანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს რამდენიმეწლიანი გამოცდილება ემპირიულად ადასტურებს, რომ მრავალჯერ მოყოლილი, აღწერილი, გადაღებული და ნანახი მძიმე რეალობა, ადამიანების ყოველდღიური ყოფა, სასაკლაო სამუშაო ადგილები და შიმშილი ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაზე არ მოქმედებს.
მე არ ვაპირებ, ვაკრიტიკო ისინი ამის გამო, მეტიც, ვეცდები, გამოვავლინო ის გარემოებები, რაც მათ ამ გაუცხოებისაკენ უბიძგებს. სამწუხაროდ, ჩვენზე არ მოქმედებს ეს ბრუტალურობა, კაპიტალიზმის პერვერსიის უკიდურესი ფორმა, მის გარშემო წარმოქმნილი აზრობრივი ველი კი ერთგვარ სინდისზე აგდებას წააგავს, რომ ადამიანი, რომელსაც უჭირს, უნდა გვეცოდებოდეს და მხარი დავუჭიროთ, როცა სინამდვილეში, არ გვეცოდება. ამ მორალურ მოთხოვნას, არათუ რაციონალური, ობიექტური საფუძველიც აღარ აქვს, რადგან გვავიწყდება, რომ ყოველდღე ვუყურებთ და ვკითხულობთ -მსოფლიოს ნახევარს იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც 62 უმდიდრეს ადამიანს, მაგრამ ეს არ გვადარდებს; ვხედავთ, როგორ აღმოვჩნდით ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე კერძო კომპანიების თვითნებობის გამო; როგორ იყინებიან დევნილი ბავშვები ევროპული ქვეყნების საზღვრებთან; როგორ აუპატიურებს ხალხის მასა ქალს შუა ქუჩაში; როგორ აჭრიან თავებს უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, თავიანთი ხალხის უსაფრთხოებისთვის მებრძოლ ქურთებს; როგორ მარხავენ მათ ცოლებსა და პატარა შვილებს ჯგუფ-ჯგუფად ცოცხლად, იმიტომ რომ კაპიტალის მფლობელთა ინტერესებში არ შედის, დაცული იყოს ეს ხალხი, მხოლოდ იმიტომ რომ საჭიროა მათი ველურად წარმოჩენა ცივილიზებულ დასავლეთთან მიმართებაში, ვიცით როგორ ყიდიან ქურთ ქალებს მონებად შავ ბაზარზე, ვუყურებთ როგორ შიმშილობენ ქალაქები სირიაში. ჩვენს ხელთ ყველაფერია -ძალადობის, დომინაციისა და დამორჩილების მთელი ფოტო, ვიდეო, აუდიოარქივი, პირდაპირი ტრანსლაცია. სხვა დროს კი, ქუჩაში სიარულისას, უკვე ათწლეულებია ვუყურებთ, როგორ გვთხოვენ ფულს ყინვაში ასფალტზე მწოლიარე შიშველი ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები, მეძუძური უსახლკარო დედები და ასე შემდეგ, და მაინც, არაფერი ხდება ამის საწინააღმდეგოდ. ეს ნიშნავს, რომ არ ვაღიარებთ ამ რეალობას -რადგან მეორე მხარეს, ასევე ჩვენს თვალწინ, არსებობს დიდი კორპორაციები ლამაზი არქიტექტურითა და ინტერიერით, გემრიელი ფასტფუდები, ბანკები სამოთხისმაგვარი მომავლის გარანტიებით, ნეოლიბერალური განათლება, ტანსაცმლის ბრენდები, უახლესი ტექნოლოგიები, წარმატების მითები, კორპორაციული ეთიკა, რომანტიკული დისკურსი, ხელოვნების რეაქციული ინდუსტრია, ჰიპსტერული რეპრეზენტაციის მთელი სპექტრი და იდენტობის პოლიტიკა, რაც საშუალებას გვაძლევს, ის გავხდეთ, ვინც გვინდა.
ამიტომ, მე არ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, რომელიც რეალური მფლობელია ამ სიმდიდრის -ამაზე უკვე ბევრჯერ დაიწერა და ითქვა, ეს ყველამ იცის, შედეგი კი, მაქსიმუმ შეცოდებისა და ლიბერალური თანაგრძნობის არაფრისმომტანი ელემენტებია, მუშათა კლასის რომანტიზების მავნე პრაქტიკა. კრიტიკულობის უკიდურეს წერტილად, რომელიც შეძლებდა, გამოსავალი ეჩვენებინა ჩვენთვის, სწორედ ამ ხალხისა და ამ ქალაქში არსებული სიმდიდრის დაპირისპირების ანატომიის აღწერა მესახება, რის შემდეგაც ერთი შეხედვით პარადოქსული სათაური „მდიდარი ღარიბი ჭიათურა“ -ლოგიკურად ადეკვატური ხდება. ამ ქალაქის სიმდიდრისა და სიღარიბის პოლუსური თანაარსებობა, სწორედაც რომ კანონზომიერია, რადგან რაც არ უნდა არ აღიარებდეს მსოფლიო, ისტორიული წინააღმდეგობა შრომასა და კაპიტალს შორის გრძელდება და ჭიათურაშიც, მსხვილი კაპიტალისტის ხელში არსებული საერთო სიმდიდრე სწორედ მშრომელ ხალხს უპირისპირდება. აქ ყოველდღიურობაში ხდება ცხადი, როგორ მოქმედებს შენს საწინააღმდეგოდ შენი შრომა და რა შედეგი აქვს დაქირავებულ შრომას ველურ კაპიტალიზმში, რის ახსნასაც რამდენიმე წელი ვცდილობდით სტატიებით, თარგმანებით, ლექციებით, საჯარო გამოსვლებით, აქციებით, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში, ეს უცხო ენა იყო იმ საზოგადოებისათვის, ვინც გვისმენდა. მაგრამ იმ ხალხისთვის, რომელიც ამ პრაქტიკაში ყოველდღიურადაა ჩართული, ამას ახსნა არ სჭირდება. სწორედ ამ წერტილიდან შემოვატრიალებ მსჯელობას და უკვე პრაქტიკაში დანერგილი „შეცოდების“ საპირისპიროდ, იმ ღირსებებზე ვისაუბრებ, რაშიც მათ ჩამოვრჩებით და რაც ამ მოძრაობებს (ადგილობრივ მუშათა კოლექტივებს), დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, საქართველოს ყველაზე პროგრესულ ნაწილად აქცევს.
პროგრესულობა ისტორიული აწმყოს დანახვაა შენიღბული რეალობის მიღმა, მომავლის საფრთხეების პროგნოზირება, რაც ამ ადამიანებს ყოველგვარი სპეციფიკური ცოდნის გარეშე აქვთ, სწორედ მათი უშუალო მატერიალური რეალობიდან გამომდინარე. სიტყვით გამოსვლისას ისინი ხშირად საუბრობენ ტენდენციებზე, რომლებზეც წერენ მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსი ეკონომისტები -რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლასობრივი დინამიკის სპეციფიკას -თავად მატერიალურმა პროცესებმა გამოავლინოს, თუ ვინ არის სინამდვილეში რევოლუციური სუბიექტი, ავანგარდი -იქ, სადაც ყველა სხვა კლასი „რევოლუციური“ რეპრეზენტაციითაა გაჟღენთილი და „პროგრესულობის“ სიმულაციას თავხედურად გვთავაზობს სწორედ რომ უკვე ჩავლილი, რეგრესული -ლიბერალური სულისკვეთებით. ცხადია, ამ ტენდენციაში მიამიტურად არ ვგულისხმობ ჭიათურელი მაღაროელების მთელ ერთობას, ან ჭიათურის მთელ მოსახლეობას, არამედ იმ ნაწილს, რომელიც დღეს გაცნობიერებულად იბრძვის თავისი და თანაქალაქელების უფლებებისთვის და ამ ბრძოლით პროგრესულად იბრძვის თანამედროვე ეკონომიკური რეალობის დესტრუქციული პრაქტიკის წინააღმდეგ -ვგულისხმობ „ჭიათურის გაერთიანებული პროფკავშირის“ წევრ მუშებს, რომელთა აქციასაც დავესწარი 21 იანვარს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში მათ არ უდგას მხარში ჭიათურის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ რაც გაცილებით სასიხარულოა, მათ გვერდით დგანან სხვა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები ზესტაფონის ფეროს ქარხნიდან, ტყიბულის შახტებიდან, ქსნის მინისტარის საწარმოდან, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიდან და სხვა საწარმოებიდან, ასევე „მემარცხენე ახალგაზრდების“ ძალიან მცირე ნაწილი თბილისიდან. ეს მოძრაობაც, მემარცხენე სტუდენტური მოძრაობების მსგავსად, ახლა იდგამს ფეხს, რამდენიმე წელია -რადგან ჯერ ისევ არსებობს ყვითელი პროფკავშირები, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი არაჯანსაღი რეფლექსიები თანასწორობისა და სოლიდარობის მიმართ, ათასგვარი ძალაუფლებრივი ინტერესები, თუმცა ეს ჯგუფები მაინც დაიბადა, რაშიც ერთმნიშვნელოვნად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების პრინციპულობას წლების განმავლობაში და მისი დარგობრივი მეტალურგიული პროფკავშირის საქმიანობას ბოლო წლებში. ეს ჯგუფები იბადება საერთო მოძრაობად და მუდმივი წინააღმდეგობის პროცესშია რამდენიმე მიმართულებით -დამსაქმებლებთან, სხვა პროფკაშირებთან, ხშირად მათ თანამშრომლებთან ან მოსახლეობასთან. რაც მთავარია, აქ იბრძვიან აქტივისტი ქალები, რომლებიც კაცებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ და სწორედ ამ მატერიალური რეალობის გაცნობიერების საფუძველზე ახერხებენ, გვაჯობონ სამოქალაქო ორგანიზების, წინააღმდეგობის, ფემინიზმის პრაქტიკაში დანერგვის პირველი ნაბიჯების სახით, ამიტომ არ მოვერიდები რადიკალურ განაცხადს იმის შესახებ, რომ დღეს ეს ყველაზე პროგრესული ნაწილია ქართული საზოგადოებისა, ხოლო ჩვენ, შეიძლება ითქვას, ახლა გამოცდას ვაბარებთ, თუ რა ვისწავლეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში -ვისწავლეთ თუ არა სოლიდარობა მორალური თანაგრძნობის მიღმა, ანუ სოლიდარობის ნამდვილი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს ბოლომდე დავუდგეთ მათ გვერდით -სოციალური ინტერესებისათვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, ისედაც მცირერიცხოვანი მემარცხენე აქტივისტების დიდ ნაწილს ის დაემართა, რაც კანონზომიერი იყო ასეთ პატარა ქვეყანაში ახლად გაჩენილ ჯგუფებს დამართნოდა. დიდი სისწრაფით დაგროვილმა ცოდნამ გასაქანი ვერ იპოვა, ასახულიყო პრაქტიკაში და ამიტომ ჭიათურის, კაზრეთისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების პრობლემები „ინფანტილურ მემარცხენეობად“ დარჩა, სოლიდარობის უნიჭო პრეცედენტებად, რომელიც ამ აბსტრაქტულ და არარეალურ წინააღმდეგობებზე ორიენტირებულ საზოგადოებაში იმდენად რეალურია, რომ ხშირად კომიკურ სახეს იღებს. ამიტომ, აქტივისტების დიდმა ნაწილმა უფრო აკადემიური მუშაობა ამჯობინა და ჭიათურაში აქციაზე წასვლა და მსგავსი სახის აქტივიზმი მხოლოდ მოხალისეობრივ საქმედ ან ჯერ კიდევ მუშათა კლასის რომანტიზების ინფანტილურ აქტებად მიიჩნია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის წმინდა რეაქციონიზმი, რაც, თავის მხრივ, ურთულებს ამ მოძრობას გაფართოების გზას (მუშათა მოძრაობას), ამ ტიპის რეაქციონერულობა, სწორედ რომ, ისტორიული პროგრესულობის შესაძლებლობის გზებს კეტავს, რადგან გვავიწყებს, რომ დღეს ჩვენ ვართ ისტორიული აქტორები, ამ ხალხთან დგომას კი დღეს არსებითი მნიშვნელობა აქვს ახალი ლოკალური და ავთენტური მოძრაობების განვითარებისა და აქტუალური და საჭირო ცოდნის დაგროვებისათვის.
მიუხედავად ამ ტენდენციებისა, არსებობს „სოლიდარობის ქსელი“, რომელმაც გააფართოვა შრომითი ურთიერთობების თემატიკა, სერვისის სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე მუშაობით, არსებობს ძლიერი და მებრძოლი პროფკავშირები და იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების ბრძოლისგან მაინც მივიღებთ მაგალითს, როგორ შევქმნათ სოლიდარობის ნამდვილი პრეცედენტები და ეს მოძრაობები გაფართოვდება, რადგან შეუძლებელია, საქართველოში არ გაფართოვდეს მემარცხენე მოძრაობა, სწორედ რომ ჩვენი უშუალო მატერიალური და სოციალური სინამდვილიდან გამომდინარე -ეს ბრძოლა კი სულ მცირე მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მდიდარი ჭიათურა არ გახდება, მართლაც, მდიდარი.